Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterრა თქმა უნდა არ აქვს ბანკს არაფრის მოთხოვნის უფლება, სამოქალაქო კოდექსის 393-ე, 394-ე და 396-ე მუხლებიდან გამომდინარე. არც ხელშეკრულების მოშლის უფლება არ აქვს.
BLH
Keymasterწილის გამოყოფა შპს-დან (ას-75-408-09)
შპს-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა მოითხოვა მისი წილის პროპორციულად შპს «ს-დან» უძრავ-მოძრავი ქონების გამოყოფა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დ. ხ-ძის მოთხოვნა, მისი წილის პროპორციულად შპს «ს-დან» უძრავ-მოძრავი ქონების გამოყოფის თაობაზე, უსაფუძვლოა.
აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად დ. ხ-ძე «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-14 მუხლის მე-13 პუნქტს მიიჩნევს, რომლის მიხედვითაც, საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა საკუთარი სამართლებრივი ფორმით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლი საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევებს აწესრიგებს და დ. ხ-ძის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული არ არის. რაც შეეხება პარტნიორისათვის წილის შესაბამისად საწარმოს საკუთრებიდან უძრავი ქონების გამოყოფას, აღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად, კასატორის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.
BLH
Keymasterსოლიდარული კრედიტორები
თუ ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორი უარს იტყვის მოვალის წინაშე მოთხოვნაზე, მაშინ მოვალე თავისუფლდება მხოლოდ იმ ნაწილის გადახდისაგან, რომელიც მოცემულ კრედიტორს ერგებოდა.
მაგ: „A” და “B“ არიან სოლიდარული კრედიტორები, მათ წინაშე „C”-ს აქვს ვალდებულება 20.000 ლარის ოდენობით. „A” უარის იტყვის თავის მოთხოვნის უფლებაზე. ასეთ შემთხვევაში „C” ვალდებული იქნება “A”-ს წილის გამოკლებით განახორციელოს ვალდებულების შესრულება, თუ კრედიტორების წილი მოთხოვნაში იყო თანაბარი, მაშინ „C”-ს ვალდებულება შემცირდება 10.000 ლარამდე.
მოვალეს არ შეუძლია ერთ-ერთი კრედიტორის მიმართ გამოიყენოს ისეთი ფაქტები, რომლებიც სხვა კრედიტორთანაა დაკავშირებული.
მაგ: „A”-ს აქვს ვალი 10.000 ლარის ოდენობით ორი სოლიდარული კრედიტორის წინაშე, რომელთაგან ერთ-ერთის მიმართ ხანდაზმულობის ვადა გავა. ასეთ შემთხვევაში მეორე კრედიტორის მიმართ ხანდაზმულობის გასვლის ფაქტის გამოყენება ვერ მოხდება.
სოლიდარული კრედიტორი, რომელმაც მოვალისაგან მთლიანად მიიღო შესრულება, მოვალეა გადაუხადოს დანარჩენ სოლიდარულ კრედიტორებს მათი კუთვნილი წილი.
მაგ: “A”-ს აქვს ვალი ორი სოლიდარული კრედიტორის მიმართ 10.000 ლარის ოდენობით. მან თავისი ვალდებულება შეასრულა ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორის – B-ს მიმართ და გადასაცა მას 10.000 ლარი. ეს უკანასკნელი ვალდებული იქნება გადასცეს მეორე სოლიდარულ კრედიტორს „C”-ს თავისი კუთვნილი წილი.
სოლიდარულ კრედიტორებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის სხვა რამ არ არის დადგენილი.
თითოეული სოლიდარული კრედიტორის წილი განისაზღვრება კანონით ან ხელშეკრულებით. მოთხოვნის სოლიდარუობა არ ნიშნავს, რომ არ არსებობს წილი ან მისი განსაზღვრის წესი. მთავარი თვისება სოლიდარული უფლებამოსლებისა ისაა, რომ სოლიდარული კრედიტორი მოვალის წინაშე უფლებამოსილია არამარტო თავის წილზე, არამედ სხვების წილზეც, საერთოდ მთლიან მოთხვონაზე. სწორედ ამ უკანასკნელ უფლებაში ვლინდება სოლიდარული უფლებამოსილების იმანენტური თვისება.
BLH
Keymasterსოლიდარული კრედიტორები
სამოქალაქო კოდექსის 455-ე მუხლი აფუძნებს სოლიდარული კრედიტორების ცნებას:
„თუ რამდენიმე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულს შეუძლია მთლიანი შესრულების მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულია მხოლოდ ერთჯერადად შეასრულოს, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულად უფლებამოსილ პირებს _ სოლიდარულ კრედიტორებს.“
აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, სოლიდარული კრედიტორები არიან მაშინ, როდესაც არსებობს რამდენიმე ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელშიც მონაწილეობს რამდენიმე კრედიტორი და თითოეული უფლებამოსილია მოვალისგან მოითხოვოს მთლიანი შესრულება, ხოლო მოვალის მიერ ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორისათვის ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს მას დანარჩენი კრედიტორების წინაშე ვალდებულებისაგან.
მაგ: „A“-მ დააზიანა ავტომობილი, რომელიც „B” და „C”-ს თანასაკუთრებაში იყო. მოცემულ შემთხვევაში „B” და „C” არიან სოლიდარული კრედიტორები “A”-ს მიმართ, ხოლო “A”-ს ვალდებულება ითვლება შესრულებულად, ერთ-ერთის მიმართ ვალდებულების შესრულების შედეგად.
სოლიდარული უფლებამოსილების წარმოშობის საფუძვლებია:
ა) ხელშეკრულება – სოლიდარული უფლებამოსილება შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერი ხელშეკრულებით, თუ ურთიერთობის ბუნება არ ეწინააღმდეგება სოლიდარული უფლებამოსილების წარმოშობის შესაძლებლობას.
ბ) კანონი – საანდერძო დანაკისრი(სკ-ის 1383),როდესაც მამკვიდრებელი საანდერძო დანაკისრით ავალებს მემკვიდრეს,რომ მან თავის სამ მეგობარს გადასცეს 9000$. სამივე მათგანს წარმოეშობა სოლიდარული უფლებამოსილება.
გ) ვალდებულების საგნის განუყოფლობით – როგორც სანივთო, ისე ვალდებულებით ურთ-ში. მაგ: ვინმემ დააზიანა რამდენიმე პირის თანასაკუთრებაში არსებული ნივთი, ასეთ ვითარებაში თითოეულ მათგანს წარმოეშობა სოლიდარული უფლებამოსილება.
BLH
Keymasterსოლიდარული ვალდებულებანი
წილადი ვალდებულებისგან განსხვავებით, სოლიდარული კრედიტორის მოთხოვნა აღიქმება ყველა სოლიდარული კრედიტორის მოთხოვნად და შესაბამისად, სოლიდარული მოვალის ვალი- ყველა სოლიდარული მოვალის ვალად.
მიღებულია სოლიდარული ვალდებულების სამი სახე :
აქტიური სოლიდარული ვალდებულება მაშინაა, როცა მხოლოდ მოთხოვნის უფლების მხარეზეა პირთა სიმრავლე,
პასიური– როცა, მხოლოდ სავალო ვალდებულების მხარეზეა პირთა სიმრავლე,
შერეული სოლიდარული ვალდებულება გვაქვს მაშინ, როცა პირთა სიმრავლეს ერთდროულად ადგილი აქვს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეზე.
BLH
Keymasterზოგადად, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს სარჩელის შეტანა, მოვალეთა საკუთრების უფლების აღიარებით და ვალდებულების იძულებითი აღსრულების შესახებ, თუმცა თუ სამკვიდრო არ მიუღია არც ერთ მემკვიდრეს, მაშინ იგი სახელმწიფოზე გადადის და შესაბამისად სახელმწიფოსგან უნდა მოხდეს ვალის დაბრუნების მოთხოვნა სამკვიდროს მოცულობის შესაბამისად.
ხშირია კიდე ისეთი შემთხვევები, როცა მემკვიდრეებს საკუთარი ვალი აქვთ და არ ირეგისტრირებენ სამკვიდროს, რათა საკუთარი ვალების გამო არ მოხდეს სამკვიდრო ქონების იძულებითი რეალიზაცია.
BLH
Keymasterწილადი ვალდებულება
თითოეული კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს შესრულება მხოლოდ თავისი წილის ფარგლებში და თითოეული მოვალე ვალდებულია შეასრულოს მხოლოდ თავისი წილის ფარგლებში.
მაგ: გარდაიცვალა “A”, რომელსაც დარჩა სამკვიდრო 50.000 ლარის ოდენობის და ამავდროულად “B”_ს მიმართ ვალდებულება 20.000 ლარის ოდენობით. „A”-ს სამკვიდრო გადავიდა მის პირველი რიგის მემკვიდრეებზე „C” და „D”-ზე, თითოეულმა მიიღო 25.000 ლარის ოდენობის სამკვიდრო.
მოცემულ შემთხვევაში მათ გააჩნიათ წილადი ვალდებულება „A”-ს მოვალის მიმართ, მიღებული სამკვიდროს ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად, ანუ თითოეულის ვალდებულების მოცულობა შეადგენს 10.000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში თითოეული მოვალის ვალდებულება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, მაგ: თუ „C”-მ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება, “B” ვერ მოითხოვს მისი ვალდებულების „D”-სგან შესრულებას.
BLH
Keymasterკრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში
როგორც უკვე აღინიშნა, ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები არიან, ერთი მხრივ კრედიტორი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნის უფლება და მეორე მხრივ მოვალე, რომელსაც გააჩნია ვალდებულება. შესაძლებელია, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს გამოდიოდეს ერთი ან ერთზე მეტი სუბიექტი.
როდესაც ერთ-ერთ მხარეს მაინც, გამოდის ერთზე მეტი სუბიექტი, ასეთ შემთხვევაში გვაქვს კრედიტორთა ან/და მოვალეთა სიმრავლე.
სუბიექტთა სიმრავლის დროს ვალდებულებით ურთიერთობებში, ვხვდებით ორი სახის ურთიერთობებს: წილადი ვალდებულებებით ურთიერთობა, სოლიდარული ვალდებულებითი ურთიერთობა.
BLH
Keymasterერთი სარკმლის პრინციპი
ადმინისტრაციული წარმოების წესი, როდესაც ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი თავად უზრუნველყოფს დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებას.
დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადასტურება დაკავშირებული უნდა იყოს ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან. ამ პირობების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების მოპოვება უშუალოდ უნდა ემსახურებოდეს ლიცენზიის ან ნებართვის მიღების მიზანს;
BLH
Keymasterდამატებითი ლიცენზიისა და ნებართვის შემოღების დაუშვებლობა
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონი განსაზღვრავს ლიცენზიებისა და ნებართვების სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, შესაბამისად დაუშვებელია სხვა საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტით განისაზღვროს დამატებითი ლიცენზიები და ნებართვები.
დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ისეთი ვალდებულების შემოღება, რომელიც გულისხმობს რაიმე საქმიანობაზე ან ქმედებაზე შინაარსობრივად სალიცენზიო ან სანებართვო რეჟიმის დაწესებას ან რაიმე სახით ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის აუცილებლობას.
-
AuthorPosts
