Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
ივერიელი
Participantსესხის დაბრუნების ვადები
სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს, როგორც ვადიანი ისე უვადო.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის დაბრუნების ვადაზე შეთანხმება არაარსებითი პირობაა, ანუ მასზე შეუთანხმებლობა გავლენას ვერ ახდენს ხელშეკრულების ნამდვილობაზე. თუმცა აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება დიდი მნიშვნელობის მქონეა, რადგან წარმოშობს გარკველ სამართლებრივ შედეგს. მხარეების მიერ სესხის დაბრუნების ვადაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება ითვლება უვადოთ.
ვადიანი სესხის ხელშეკრულება
სესხის ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ განსაღვრონ სესხის დაბრუნების ვადა. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხი განსაზღვრული ვადის შესაბამისად.
სამოქალაქო კოდექსის 366-ე მუხლში განსაზღვრული ზოგადი წესის მიხედვით, როცა სესხის ვადა განსაზღვრულია, გამსესხებელს არ შეუძლია დადგენილ ვადაზე ადრე მოითხოვოს სესხის დაბრუნება.
ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც განსაზღვრულია სკ-ის 367-ე და 627-ე მუხლებში, რომელთა მიხედვითაც გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, როცა:
1. თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ან ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა სესხის ხელშეკრულების დადებას, მაგრამ გამსესხებლისთვის არ იყო ცნობილი.
მაგ: მსესხებელმა დაკარგა სამსახური, იპოთეკით დატვირთა მთლიანი ქონება, ვერ გადაიხადა ბანკიდან აღებული კრედიტის პროცენტები და ა.შ.
2. მსესხებელმა არ წარმოადგინა ან შეამცირა უზრუნველყოფა.
მაგ: მსესხებელს სესხის უზრუნველყოფისათვის უნდა გაეფორმებინა იპოთეკის ხელშეკრულება და ეს არ გააკეთა.
მაგ: გარდაიცვალა თავდები, დაიკარგა გირავნობის საგანი და ა.შ.
შეუძლია თუ არა მსესხებელს ვადაზე ადრე დააბრუნოს სესხი?
უნდა გამოვყოთ ორი სიტუაცია, როცა სესხი პროცენტიანი და როცა სესხი არ არის პროცენტიანი.
პირველ შემთხვევაში მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია დააბრუნოს სესხი სამოქალაქო კოდექსის 364-ე მუხლისა და 626-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
ხოლო როცა სესხი პროცენტიანია, მისი ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით ან გამსესხებლის თანხმობით.
ვადიანი სესხის შემთხვევაში, სესხიც და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არის განსაზღვრული. (626-ე მუხლი)
უვადო სესხის ხელშეკრულება
სამოქალაქო კოდექსის 365-ე და 626-ე მუხლების მიხედვით უვადო სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში გამსესხებელია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოთხოვოს მოითხოვოს სესხის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დააბრუნოს სესხი.
ასეთ შემთხვევაში გამსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების მოთხოვნისას, მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხი მოთხოვნიდან 3 თვის განმავლობაში.
ივერიელი
Participantსამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის მე-2 ნაწილი
“მუხლი 982. სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგები
1. პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის,გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
2. ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან მოითხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება.”
რა შემთხვევას შეიძლება მოიცავდეს ეს დანაწესი?
მაგ: “ა”-მ მოპარა “ბ”-ს მისი ძველებური ოქროს საათი, რომელიც ამ უკანასკნელს აჩუქა ბებიამ და მიყიდა “გ”-ს, რომელმაც გადაადნო ოქრო და სხვა ნაკეთობა გააკეთა.
ამ შემთხვევაში “ა” და “გ”-ს შორის დადებული მოპარული საათის ნასყიდობის ხელშეკრულება არის ბათილი, სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ოქროს ბეჭდის დაბრუნება შეუძლებელია, “ბ”-ს ისღა დარჩენია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით. ამ შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამდიდრებულია “ა” და მან უნდა აუნაზღაუროს “ბ”-ს მისი ოქროს საათის ღირებულება, სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.
ივერიელი
Participantპროცენტის შემცირება
საინტერესო საკითხია რამდენად შეიძლება მხარეთა მიერ შეთანხმებული სესხის ხელშეკრულების პროცენტის შემცირება. ამასთან დაკავშირებით საინტერესო განმარტება გააკეთა საქალაქო სასამართლომ საქმეზე N2/8039-14 :
„გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში.
შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.
სასამართლოს გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ. სასამართლოს მოსაზრებით ისეთ პირობებში, როცა საქმის მასალებით დადგენილია ფიზიკური პირების მიერ თანხების სესხად აღება ფიზიკური პირისგან, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.“
საკმაოდ საინტერესო განმარტება, რომლის საფუძველზეც მოხდა სესხის ხელშეკრულების სარგებლის (პროცენტის) შემცირება გონივრულ ოდენობამდე. სასამართლომ შეამცირა სესხის პროცენტი 54-ე მუხლზე დაყდნობით, რომლის მიხედვითაც ნაწილობრივ ბათილად ცნო მხარეთა მიერ განსაზღვრული შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი. ვფიქრობ, მას ასევე შეეძლო გამოეყენებინა ანალოგიით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე და 625.1-ე მუხლების მიხედვით მართალია სესხის ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან განსაზღვრონ სესხის პროცენტი, თუმცა მათი თავისუფლება შეზღუდულია კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, იმ ინტერესის შესაბამისად, რაზეც საქალაქო სასამართლომ ისაუბრა ზემოთ მითითებულ საქმეში.
ამდენად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სესხის პროცენტის შემცირების სამართლებრივი საფუძვლებიც და ამ კუთხით სასამართლო პრაქტიკის განვითარების შესაძლებლობაც არსებობს და ვფიქრობ საქალაქო სასამართლომ საკმაოდ თამამი და საინტერესო განმარტება გააკეთა.
ივერიელი
Participantსასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება
მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს სესხის პროცენტი. სესხის პროცენტი წარმოადგენს სარგებელს, რომელიც უნდა გადაიხადოს მსესხებელმა სესხით სარგებლობისთვის.
მაგ: 1000 ლარის სესხი არის აღებული 24 თვის ვადით და განსაზღვრულია წლიური 10% სარგებლი, მაშინ მთლიანი სარგებელი 24 თვისთვის შეადგენს 2 x 100= 200 ლარს და შესაბამისად მსესხებელი ვალდებული იქნება დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა- 1000 ლარი და პროცენტის სახით 200 ლარი.
სესხის სარგებელი არ ვრცელდება ვადაგადაცილებულ პერიოდზე. მაგ: ზემოთ მოცემულ მაგალითში, თუ სესხი დაბრუნდება 30 თვეში, მაშინ ვადაგადაცილებული 6 თვისათვის სარგებლის დარიცხვა არ მოხდება, თუმცა მსგავს შემთხვევაში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს პირგასატეხლო, ასევე სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მოხდეს მიუღებელი შემოსავლისთვის. (ამ საკითხებს დეტალურად განვიხილავთ შემდგომ პოსტებში)
სესხის პროცენტისა (სკ-ის 625-ე მუხლი) და სესხის ვადაგადაცილებისათვის განსაზღვრული პროცენტის (სკ-ის 403-ე მუხლი) გამიჯვნის შესახებ იხ. სტატია https://blh.com.ge/?p=1104
მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ პროცენტი განუსაზღვრელი ოდენობით, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელიც განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც თუ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებით, მაშინ ასეთი სესხის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ნოტარიულად (საჯარო სანოტარო აქტით) და პროცენტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.“
მაგ: ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე 2012 წელს შეადგენდა უცხოურ ვალუტაში 14.1%-ს. შესაბამისად, ზემოთ თქმული ფორმულის მიხედვით, ვიღებთ 14.1 x 2.5 / 12 = 2.9375% თვეში.
აღნიშნული წესის უგულებელყოფით დადებული იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება ბათილია, სკ-ის 54-ე, 62-ე და 327-ე მუხლებიდან გამომდინარე რადგან პროცენტის თაობაზე მხარეთა შეთანხმება წარმოადგენს ასეთი სესხის არსებით პირობას და მხარეები არ დადებდნენ აღნიშნულ ხელშეკრულებას პროცენტის ამგვარად განსაზღვრის გარეშე. (იხ. სუსგას-1260-1501-05 და N-3k/809-01)
ივერიელი
Participantსესხის სარგებელი
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს, როგორც უსასყიდლო, ისე სასყიდლიანი. მოდი განვიხილოთ ჯერ უსასყიდლო სესხის ხელშეკრულების საკითხები და შემდეგ უკვე სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები.
უსასყიდლო სესხის ხელშეკრულება
უსასყიდლო სესხის ხელშეკრულება, სასყიდლიანისგან განსხვავებით არ ითვალისწინებს მსესხებლის მხრიდან გარკვეული სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულებას. სესხის უსასყიდლობა არანაირ გავლენას არ ახდენს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მაგ: „ა“-მ ისესხა „ბ“-სგან 1000 ლარი უპროცენტოდ სამი თვის ვადით. ამ შემთხვევაში „ბ“ -ს აქვს „ა“-სგან 1000 ლარის მოთხოვნის უფლება, მაგრამ თუ „ა“ სამი თვის შემდეგ არ დააბრუნებს სესხს, მაშინ „ბ“-ს სესხის დაბრუნების გარდა, ასევე ექნება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. (ზიანის ანაზღაურების საკითხებს შემდგომ განვიხილავთ).
პროცენტი შეიძლება განისაზღვროს გვაროვნული ნივთების გასესხების დროსაც, მაგ: როცა სესხის საგანია 1000 ტონა კარტოფილი, მაშინ შესაძლებელია სარგებელი (პროცენტი) განისაზღვროს კარტოფილის საბაზრო ფასის მიხედვით ან სხვა მექანიზმებით.
ივერიელი
Participantსესხის ხელშეკრულების გამიჯვნა სესხის შეპირების ხელშეკრულებისგან
სესხის შეპირების ხელშეკრულება ორი ელემენტით განსხვავდება სესხის ხელშეკრულებისგან:
1.სესხის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი სახით, როდესაც სესხის შეპირების ხელშეკრულება მხოლოდ წერილობითი სახით შეიძლება დაიდოს.
ამდენად, სესხის შეპირების ხელშეკრულება, მისი წერილობითი ფორმით დადების გარეშე, არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს და ბათილია, ფორმადაუცველობის გამო. (აქ მუხლის ჩამატება შეიძლება)
2.სესხის შეპირების ხელშეკრულებისგან განსხვავებით, სესხის ხელშეკრულება რეალური ბუნებისაა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გააკეთა განმარტება: (სუსგ. N-3კ-471-03)
სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება ფულის ან ნივთის გადაცემის მომენტიდან (სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი).
იმ შემთხვევაში, თუ სესხის შეპირებაზე შეთანხმდებიან მხარეები, სკ-ს 628-ე მუხლის საფუძველზე დაიდება სესხის შეპირების ხელშეკრულება.
სესხის შეპირების ხელშეკრულებით ერთი პირი პირდება მეორეს, რომ განსაზღვრულ დროში – მომავალში სესხად მისცემს ფულს ან გვაროვნულ ნივთს. ამ ვადის დადგომისას უკვე იდება სესხის რეალური ხელშეკრულება.
ამდენად, სესხის შეპირების ხელშეკრულების მიხედვით, არ ხდება სესხის საგნის მსესხებლისთვის გადაცემა, განსხვავებით, სესხის ხელშეკრულებისგან, რომელიც არ იარსებებს, მანამ, სანამ სესხის საგანი არ გადაცემა მსესხებელს.
ივერიელი
Participantსესხის შეპირება
სესხის შეპირების ხელშეკრულებით, დამპირებელი (მომავალში გამსესხებელი) ვალდებულია გადასცეს სესხი მეორე მხარეს (მომავალში მსესხებელს).
სესხის შეპირება თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების წინარე ხელშეკრულებას, რაც ნიშნავს, იმას, რომ სესხის დაპირების ხელშეკრულებით წარმოიშობა მომავალში, სესხის ხელშეკრულების დადების ვალდებულება და მსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მისთვის სესხის გადაცემა.
სესხის შეპირების ხელშეკრულების არსებობისთვის აუცილებელია:
ა) ხელშეკრულების მხარეების განსაზღვრა.
ბ) ხელშეკრულების ობიექტის განსაზღვრა- რა უნდა გადასცეს დამპირებელმა მეორე მხარეს.
გ) მითითება, რომ სახეზეა სესხის შეპირება და არა მაგალითად ჩუქების შეპირება.
მაგ: თუ „ა“ შეპირდება „ბ“-ს, რომ გადასცემს 10.000 ლარს, დაპირების შინაარსიდან უნდა ირკვეოდეს, რომ აღნიშნული თანხის გადაცემა ხდება მისი უკან დაბრუნების პირობით და არა ჩუქების საფუძველზე.
დ) ხელშეკრულების ფორმა – სკ-ის 628-ე მუხლის მიხედვით სესხის შეპირების ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. ზეპირად დადებური სესხის შეპირების ხელშეკრულება ბათილია.
ივერიელი
Participantბოლო პოსტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე შეგვიძლია შევაჯამოთ სესხის რეალური ბუნების მნიშვნელობა, პროცესუალური კუთხით. წარმოვიდგინოთ ორი შემთხვევა:
1.”A”-მ ასესხა “B”-ს 1000 ლარი, სესხის ხელშეკრულება ზეპირად დაიდო, “A”-მ ბანკის ანგარიშზე ჩაურიცხა “B”-ს თანხა. სესხის ხელშეკრულების მოწმეა “C”.
აღნიშნულ შემთხვევაში თუ “B” არ დააბრუნებს თანხას “A”-მ სასამართლოში სესხის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მის მიერ “B”-სთვის სესხის სახით 1000 ლარის საკუთრებაში გადაცემის ფაქტს, მხოლოდ “C”-ს ჩვენებებით აღნიშნული ფაქტის დადასტურება ვერ მოხერხდება, სკ-ის 624-ე მუხლის მიხედვით. ამდენად, A-მ უნდა წარადგინოს ბანკის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს მის მიერ B-სთვის თანხის გადარიცხვის ფაქტს, რაც საკმარისი მტკიცებულება იქნება სესხის არსებობის დასამტკიცებლად.
2.ახლა წარმოვიდგინოთ იგივე შემთხვევა, მაგრამ მხარეების მიერ იქნა წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე “A” ღებულობს ვალდებულებას “B”-ს გადასცეს 1000 ლარი, ხოლო “B” კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს აღნიშნული თანხა.
მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების წარდგენით სასამართლოში ვერ დადასტურდება სესხის არსებობის და შესაბამისად “B”-ს მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების ფაქტი, ვინაიდან სკ-ის 623-ე, 319-ე მუხლებისა და 54-ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარე ისეთი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ჯერ არ მიღებული სესხის დაბრუნებას არის ბათილი.
ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N- 3კ/1012-01, სადაც სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა
“სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხელშეკრულება არ შეიძლება იყოს მოჩვენებითი ან თვალთმაქცური. არ შეიძლება სესხზე ლაპარაკი, თუ ფული მსესხებელს არ ჰქონდა მიღებული. არარად ჩაითვლება სესხის ხელშეკრულება, თუ დასტურდება მისი უფულობა. ე.ი. არარა იქნება ისეთი გარიგება, როცა მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას კრედიტორს დაუბრუნოს ის, რაც მისგან არ მიუღია.”
ამდენად, იმისათვის, რომ მსგავს შემთხვევაში მოხდეს სესხის ხელშეკრულების არსებობის დადასტურება, საჭიროა სხვა მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც დაადასტურებს “ა”-ს მიერ “ბ”-სთვის სესხის გადაცემის ფაქტს.
სხვა ვითარება იქნებოდა ისეთი სესხის ხელშეკრულების არსებობის დროს, სადაც ეწერებოდა, რომ “ბ” ვალდებულია დაუბრუნოს “ა”-ს მისგან ნასესხები 1000 ლარი.
ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2ბ/3521-13 :
“სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან არცერთს არა აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა, თუმცა, რიგ შემთხვევებში მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თავად მატერიალურ–სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს.
ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე.
სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება მსესხებლისათვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან. სესხის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, გასესხებული თანხის გადაცემის დამტკიცების მოვალეობა აქვს გამსესხებელს.
ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს თანხის გადაცემის და შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს ზეპირი სახის მტკიცებულებებით – მოწმის ჩვენებით, მხარის ახსნა–განმარტებით. ამდენად, კანონმდებელი სესხის ხელშეკრულების წერილობით ფორმას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ხელშეკრულების სადავოდ გახდომისას მხარეთა ინტერესების დაცვა უფრო მეტადაა გარანტირებული, გამსესხებელი – თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითებს წერილობითი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებაზე, მსესხებელმა კი უნდა დაადასტუროს ამ საბუთის უსწორობა“.
ივერიელი
Participantამდენად, ბოლო პოსტში მითითებულ გადაწყვეტილებაში, სასამართლო განმარტავს, რომ როცა არაუფლებამოსილი პირი ასხვისებს ნივთს და ამ ნივთის დაბრუნება შეუძლებელია, რადგან კეთილსინდისიერმა პირმა შეიძინა საკუთრების უფლება მასზე. (ან სხვა გარემოების გამო) ასეთ შემთხვევაში გამოიყენება 979-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სტანდარტი და შესაბამისად, გვაქვს უსაფუძვლო გამდიდრებასთან გათანაბრება, ხოლო იმ პირმა, რომელმაც განკარგა ნივთი, უნდა დააბრუნოს არა მხოლოდ ის სარგებლი, რომელიც ნივთიდან ფაქტობრივად მიიღო, არამედ 979-ე მუხლის მე- 2 ნაწილის მიხედვით, ამ ნივთის ღირებულება.
ახლა იმ მაგალითს, რომ დავუბრუნდეთ, პირმა ხომ განკარგა როიალი 3.000 ლარად, ხოლო როიალი ღირდა 10.000 ლარი… აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მან ფაქტობრივად მიიღო 3.000 ლარი, 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით უსაფუძვლო გამდიდრებასთან გათანაბრებასთან გვაქვს საქმე მთლიანი 10.000 ლარის ფარგლებში.
ივერიელი
Participant@Edika said: სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება, მაგრამ აღსანიშნავია რომ საკრედიტო ხელშეკრულება რომელიც წარმოადგენს იგივე სესხის ხელშეკრულებას შეიძლება არსებობდეს კონსესუალური ფორმითაც.
სხვათაშორისო ძალაინ საინტერესო თემაა სესხის ხელშეკრულების ზოგადი ნორმების შედარება, სპეციალურ სასესხო ურთიერთობასთან, რომელსაც წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობა და ანაბარი.. საკრედიტო და საანაბრო ურთიერთობებზე ვრცელდება სესხთან დაკავშირებული ზოგადი ნორმები, თუმცა კრედიტისა და ანაბრის შემთხვევაში გარკვეული განსხვავებები გვაქვს, რაც უპირველესყოვლისა მდგომარეობს იმაში, რომ ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე აუცილებლად სპეციალური სუბიექტი- ბანკი გვყავს.. ასევე მნიშვნელოვანია, ის რაც შენ აღნიშნე საბანკო კრედიტისა და ანაბარის კონსესუალური ბუნება (ისინი დადებული ითვლება არა ფულის ფაქტობრივად გადაცემის მომენტიდან, არამედ მხარეთა შეთანხმების მომენტიდან), ასევე ამ ხელშეკრულებების ობიექტი არის მხოლოდ ფული და არა გვაროვნული ნივთი და ა.შ.
პ.ს. ამ თემაზე კარგი კვლევის დაწერა შეიძლება.
-
AuthorPosts
