Viewing 10 posts - 31 through 40 (of 136 total)
  • Author
    Posts
  • #1555
    BLH
    Keymaster

    გეთანხმები,  ახლა წარმოვიდგინოთ 1160-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ჩანაწერი რომ არ არსებობდეს საერთოდ. ამ შემთხვევაში მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი რა იქნებოდა?

    #1557

    ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ გამიჯნა ერთი მხრივ სარგებლის მოთხოვნის უფლებისა და მეორე მხრივ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლები.

    1160-ე მუხლით განსაზღვრულია, თანასაკუთრების გასხვისებით მიღებული სარგებლის ნახევრის მოთხოვნის უფლება.

    მაგ: თუ ბინის გაყიდვა მოხდება 20.000 $-ად, მაშინ მეუღე უფლებამოსილია 1160-ე მუხლის მიხედვით მოითხოვოს 10.000 $.

    ხოლო, იმ შემთხვევაში, როცა მეუღლე ითხოვს ზიანის ანაღაურებას, იმ გარემოებების არსებობის პირობებში, რომ თანასაკუთრება საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად გასხვისდა, მაშინ უკვე გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი და 979-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

    მაგ: ბინის ღირებულებაა 100.000 დოლარი, მისი გასხვისება ხდება 40.000 დოლარად ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან. ამ შემთხვევაში მიღებული სარგებლის ნახევარი იქნება 20.000 დოლარი, ხოლო ფაქტობრივი ზიანი – 50.000 დოლარი, რისი ანაზღაურების სამართებრივი საფუძველი იქნება სწორედ 982-ე მუხლის პირველი და 979-ე მუხლის მე-2 ნაწილები.

    #1562

    აი კიდევ ერთი განმარტება 982-ე მუხლის თაობაზე უზენაესი სასამართლოს მიერ, საქმე   № ას-472-448-2013  

    “ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით, კერძოდ, განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

    განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს  გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.

    აქედან გამომდინარე, ამ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით.

    იმის გათვალისწინებით, რომ ი. კ-ის მიერ ნ. ა-ის საკუთრებაში არსებული ბინის უკანონო მფლობელობის გამო, ამ უკანასკნელმა დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა,  მას  უფლებას აძლევს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.”

    #1576
    BLH
    Keymaster

    რომელი ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელდეს 1160-ე მუხლის მესამე ნაწილით გათალისწინებულ მიღებულ სარგებელის მოთხოვნის უფლებაზე?

    #1579

    მოდი სანამ მაგაზე პასუხს გაგცემ იმაზე შევთანხმდეთ, რომ სამოქალაქო კოდექსის 133-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა შორის მოთხვონებზე ხანდაზმულობა შეჩერებულია, სანამ ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან, ანუ განქორწინების რეგისტრაციის მომენტამდე.

    “მუხლი 133. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება ქორწინების განმავლობაში

    სანამ ქორწინება არსებობს, მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება. იგივე წესი მოქმედებს მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე.”

    რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლს: ” მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.” 

    ხოლო იქვე გვაქვს 1171-ე მუხლი, რომელიც გვეუბნება, რომ  “განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.”

    აქედან გამომდინარე, ვინაიდან თანასკუთრების განკარგვიდან მიღებული სარგებლის გაყოფა წარმოადგენს თანასაკუთრების გაყოფას, უნდა ვიფიქროთ, რომ სამ წლიანი ხანდაზმულობა ვრცელდება აღნიშნულ მოთხოვნაზე.

    #1582
    BLH
    Keymaster

    გეთანხმები ყველაფერში.

    #4263
    BLH
    Keymaster

    მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის ხანდაზმულობა

    სუსგ. №ას-531-505-2013

    ფაქტობრივი გარემოებები: “ბ”-სთან ქორწინების პერიოდში “ა”-მ შეიძინა შპს-ს 25% წილი. განქორწინებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა “ა”, რომელმაც შპს-ში თავისი 25%-იანი წილი უანდერძა თავის ძმას.

    ანდეძის მიუხედავად, მთლიანი სამკვიდრო დაისაკუთრა “ა”-ს შვილმა, რომლის კანონიერი წარმომადგენელი იყო “ბ”… “ა”-ს ძმამ შეიტანა სარჩელი, მემკვიდრედ ცნობისა და შპს-ში წილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

    “ბ”-მ შეიტანა დამოუკიდებელი სარჩელი, როგორც მესამე პირმა და მოითხოვა შპს-ს 25% -იანი წილის ნახევარი, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებად ცნობა, თუმცა “ა”-სგან განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან უკვე სამი წელი იყო გასული.

    “ბ” ამტკიცებდა, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო და ხანდაზმულობის ვადა უნდა წარმოშობილიყო არა განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან, არამედ იმ მომენტიდან, როცა ცნობილი გახდა “ა”-ს ძმის პრეტენზია აღნიშნულ ქონებაზე. (ეს პოზიცია გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ).

    უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილება:

    “საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური მომენტი განქორწინების რეგისტრაციაა, ვინაიდან, განქორწინებული მეუღლეებისათვის იმთავითვე ცნობილი უნდა იყოს მოთხოვნის უფლების არსებობის თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარეებს შორის ქონებრივი დავის არსებობა-არარსებობა ერთ-ერთი კრიტერიუმია, რაც განსაზღვრავს განქორწინების საკითხის გადაწყვეტის წესს.”

    “სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ “ა” განქორწინებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა და სადავო ქონება “ბ”-ს შვილმა მიიღო მემკვიდრეობით, ამდენად, “ბ”-ეს წილის მოთხოვნის უფლების ინტერესი არ გააჩნდა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ამ მოსაზრებას და მიუთითებს, რომ “ბ”-ის მოთხოვნის უფლებაზე გავლენას არ ახდენს სამკვიდროს მისი შვილის მიერ მიღების ფაქტი. “ბ” და მისი შვილი დამოუკიდებელი პირები არიან, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართლებრივი ინტერესებით, შესაბამისად, ქონების მისი შვილისთვის მიკუთვნება ვერ უზრუნველყოფს “ბ”-ის კანონიერი ინტერესების დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ “ბ”-ე მცირეწლოვანი შვილის კანონიერი წარმომადგენელია. ამ გარემოების გათვალისწინებით, მართალია, სადავო ქონებას მართავდა “ბ”, მაგრამ იგი მოქმედებდა მისი შვილის და არა საკუთარი ინტერესების შესაბამისად.”

    #2554
    Edika
    Participant

    თანასაკუთრების გაყოფა, მეუღლის გარდაცვალების შემდგომ

     

    გარდაიცვალა ქმარი. გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ ცოლმა მოითხოვა ერთაც ცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების იდეალური წილის გამოყოფა (1171-ე მუხლით დადგენილი წესით). არის თუ არა ხანდაზმული მოთხოვნა

    #2555

    სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლი არარელევანტურია ამ შემთხვევაში, რადგან ეხება მხოლოდ განქორწინების გზით ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში თანასაკუთრების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობას, ხოლო ამ შემთხვევაში სახეზეა გარდაცვალებით ქორწინების შეწყვეტა, ამიტომაც უნდა გავრცელდეს 10 წლიანი ზოგადი ხანდაზმულობის ვადა აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

    #2561
    Edika
    Participant

    მე ის უფრო მიკვირს 1171-ე მუხლი სახელდობრ განქორწინებას რატომ ეხება, ანუ ამ საფუძვლით ქორწინების შეწყვეტას. ხომ შეიძლება იყოს ზოგადად ქორწინების შეწყვეტა?

Viewing 10 posts - 31 through 40 (of 136 total)
  • You must be logged in to reply to this topic.