Viewing 10 posts - 1 through 10 (of 48 total)
  • Author
    Posts
  • #1621
    BLH
    Keymaster

    უსაფუძვლო გამდიდრება

    ამ თემაში განვიხილავთ უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის უსაფუძვლო გამდიდრებასთან გათანაბრების შემთხვევბსაც, ურთიერთმიმართებას დელიქტებთან და ა.შ.

    სარჩევი:

    1.ზოგადი საკითხები:

    ზოგადი ინფორმაცია უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ

    უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მიზანი 

    უსაფუძვლო გამდიდრების სუბსიდიური ბუნება

    2. უსაფუძვლო გამდიდრების სპეციალური შემთხვევები

    ვალდებულების გარეშე გადაცემულის უკან დაბრუნება (სკ-ის 976-ე მ.)

    გადაცემული ქონების უკან დაბრუნების დაუშვებლობა   (სკ-ის 977-ე მ.)

    სამუდამოდ შეძენილად მიჩნეულ ქონებაზე გაწეული ხარჯები (სკ. 980-ე მ.)

    უსაფუძვლო გამდიდრება და ზიანის ანაზღაურება (სკ. 981 მ.)

    სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგები (სკ-ის 982-ე მუხლი)

    შესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ (სკ-ის 983-ე მუხლი)

    შეცდომით სხვის ვალების გასტუმრება (სკ-ის 986-ე მუხლი)

    შეცდომით ხარჯების გაწევა სხვა პირის ქონებაზე (სკ-ის 987-ე მ.)

    არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის უსასყიდლოდ განკარგვა (სკ.990 მ.)

    #1622
    BLH
    Keymaster

    ზოგადი ინფორმაცია უსაფუძვლოდ გამდიდრების შესახებ 

    უსაფუძვლოდ გამდიდრება გვაქვს მაშინ, როცა ერთი პირის ქონებრივი ზრდა ხდება მეორე პირის ქონების შემცირების ხარჯზე და აღნიშნული ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

    მაგ: როცა შეცდომით ერთი პირი ჩაურიცხავს მეორე პირს ფულს ბანკის ანგარიშზე, ამ შემთხვევაში ის პირი, რომელიც შეცდომით ღებულობს ფულს წარმოადგენს უსაფუძვლოდ გამდიდრებულს, იმ პირის ხარჯზე, რომელმაც დაუშვა შეცდომა.

    ხოლო უსაფუძვლოდ დაზოგვა გვაქვს მაშინ, როცა ვთქვათ პირი შეცდომით გაისტუმრებს სხვა პირის ვალს.

    ორივე შემთხვევაში, პირი, რომლის ხარჯზეც მოხდა უსაფუძვლოდ გამდიდრება უფლებამოსილია მოითხოვოს იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იქნებოდა უსაფუძვლოდ გამდიდრებამდე.

    სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი წარმოადგენს უსაფუძვლოდ გამდიდრების ზოგად ნორმას, რომლის საფუძველზეც შეიძლება მოთხოვნის დაყენება უსაფუძვლოდ გამდიდრებული პირის მიმართ, რომ მან აღადგინოს სტატუს კვო. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 976-990-ე მუხლები შეიცავს უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებულ სპეციალურ შემთხვევებს.

    #35289
    BLH
    Keymaster

    უსაფუძვლოდ გამდიდრების ინსტიტუტის მიზანი

    (სუსგ. № ას-456-805-07)

    „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს უსაფუძვლოდ, უსამართლოდ შეძენილი ქონების ამოღება ანუ სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა, გაუმართლებლად შეძენილ ქონებაში იგულისხმება შეღავათის, უპირატესობის, უფლების ამოღება, ე.ი. ქონებრივი ნამატის ამოღება იმ პირის სასარგებლოდ, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა და არა ქონებრივი დანაკლისის შევსება ანუ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია არსებობდეს ქონების გადაცემის ფაქტი, რასაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი).”

    #2836

    უსაფუძვლო გამდიდრების სუბსიდიური ბუნება

    (N-ას- 1249-1269-2011)

    უზენაესი სასამართლოს განმარტება, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების სუბსიდიურ ბუნებასთან დაკავშირებით:

    “უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლოდ გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.”

    აღნიშნული განმარტება გაზიარებული იქნა სხვა საქმეშიც. (სუსგ №ას-305-287-2014 )

    #28555
    BLH
    Keymaster

    სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილი

    ვალდებულების გარეშე გადაცემულის უკან დაბრუნება

    „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

    ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

    ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.“

    მოცემულ ნორმაში განსაზღვრულია უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთი სპეციალური შემთხვევა, რომელიც პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გვხვდება, კერძოდ ეს ისეთი შემთხვევაა, როცა ერთი პირი ვალდებულების შესრულების მიზნით მეორე პირის მიმართ განახორციელებს შესრულებას, თუმცა ობიექტურად მას აღნიშნულის ვალდებულება არ გააჩნია, შესაბამისად შესრულების მიმღები უსაფუძვლოდ მდიდრდება.

    მაგ: მარიამმა ნიკასთან დადო მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირად და გადაიხადა 10.000 დოლარი. ასეთ შემთხვევაში ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება იქნება ბათილი, რადგან ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუცილებლად წერილობითი ფორმით.

    რა სამართლებრივი საფუძვლით შეუძლია მარიამს დაიბრუნოს ნიკასთვის გადაცემული 10.000 დოლარი?

    მარიამის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იქნება სწორედ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი.

    განხილული მაგალითის ფარგლებში ჩვენ მიმოვიხილეთ ისეთი სიტუაცია, როცა გარიგება თავიდანვე არ არსებობდა, იგი საერთოდ არ არსებობდა ბათილობის გამო. გარდა ასეთი შემთხვევისა, სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი მოიცავს სხვა შემთხვევბსაც:

    1. ვალდებულება არ არსებობს, თუმცა სახეზე არ გვაქვს გარიგების ბათილობა – მაგ: სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც: „გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.“
    1. ვალდებულება წარმოიშვა, თუმცა შემდგომში შეწყდა. მაგ: ნიკას აიძულეს ჩუქების ხელშეკრულებით გადაეცა მარიამისთვის 10.000 დოლარი. ასეთ შემთხვევაში გარიგება ნამდვილი იქნება, თუმცა ნიკას ექნება მისი გაბათილების მოთხოვნის უფლება სკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით.

    თუ ნიკა ამ უფლებას გამოიყენებს, მას უფლება ექნება სკ-ის 976-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს მისთვის 10.000 დოლარის დაბრუნება.

    იმ პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით განსაზღვრული „საფუძვლის გარეშე“ შესრულება, ეწოდება ვითომ-კრედიტორი, რომელიც ვალდებულია დააბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული საგანი, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ფული, ისე სხვა მოძრავი ნივთი.

    სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით:

    „ვითომ-კრედიტორი“ ვალდებულია დააბრუნოს აგრეთვე ვალდებულების შესრულების ანგარიშში მიღებული თანხა ან სხვა ქონება, თუ ვალდებულების საწინაამღვდეგო ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე მისგან მეორე მხარისთვის რაიმე მოთხოვნის წარდგენა.

    ამ შემთხვევაში ფაქტობრივად არ არსებობს ვალდებულება, ანუ შესაგებელმა გამორიცხა ვალდებულება.

    #29477
    Crassus
    Participant

    ვალდებულების გარეშე გადაცემულის უკან დაბრუნება (სკ-ის 976-ე მუხლი)

    (სუსგ. N-ას-1237-1087-2010 )

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივარი, ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი მომსახურების ანაზღაურების თაობაზე არ დააკმაყოფილა. პალატის განმარტებით, სადავო ხელშეკრულების გარდა, მხარეთა შორის სხვა ხელშეკრულებებიც იყო გაფორმებული, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებში არ მითითებულა, თუ კონკრეტულად რომელი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულდა ვალდებულება. გარდა ამისა, სადავო მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: მოპასუხის მხრიდან, როგორც წერილობით, ისე ზეპირად აღიარებულია ფაქტი, რომ მან მოსარჩელისაგან მიიღო ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სატელეფონო მომსახურება.

    მართალია, შემდგომ, სააპელაციო საჩივარში მოპასუხემ უარყო მითითებული ფაქტი, მაგრამ მას არ მიუთითებია აღიარების გამაქარწყლებელ იმ გარემოებებზე, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 133-ე მუხლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ მიიღებს მოპასუხის მიერ აღიარების უარყოფას. ხელშეკრულების გარეშე გადაცემულის უკან დაბრუნების შესაძლებლობას ითვალისწინებს სკ-ის 976-ე მუხლი.

    ამავე კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო, მაშინ მიმღებმა უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია გადაცემული საგნის (გაწეული სატელეფონო მომსახურების) უკან დაბრუნება, მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს მიღებული საქონლის ღირებულება.

    #28558
    BLH
    Keymaster

    სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილი:

    “უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:

    ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან

    ბ) გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან

    გ) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა

    დ) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.”

    მოცემულ ნორმაში განსაზღვრულია ამომწურავი გამონაკლისი შემთხვევები, როცა მიუხედავად იმისა, რომ სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სახეზეა ვითომ-კრედიტორის გამდიდრება, მას მაინც არ ეკისრება უსაფუძვლოდ მიღებულის დაბრუნების ვალდებულება. განვიხილოთ თითოეული შემთხვევა:

    1.შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს- უნდა გადაწყდეს კონკრეტული შემთხვევებიდან, შეესაბამება თუ არა შესრულება ზნეობრივ მოვალეობებს, მაგალითად, როდესაც ნათესავი, მიუხედავად ვალდებულების არ ქონისა ეხმარება მეორე ნათესავს, რომელიც ავად არის. ასეთ შემთხვევაში იგი ვერ დაეყდნობა სკ-ის 976-ე მუხლის პირველ ნაწილს და ვერ მოითხოვს გადაცემული სარჩოს უკან დაბრუნებას. (ას987945-2013)

    2. ხანდაზმულობის ვადის გასვლა- უმნიშვნელოვანესი შემთხვევაა, როდესაც მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასულია და მოვალე ხანდაზმული მოთხოვნის მიუხედავად ასრულებს ვალდებულებას, მაგ: სესხის დაბრუნების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გავიდა, თუმცა მსესხებელი მაინც დაუბრუნებს ნასესხებ თანხას გამსესხებელს. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვერ მოითხოვს ამ თანხის უკან დაბრუნებას უსაფუძვლოდ გამდიდრების საფუძვლით.

    3.ვალდებულების მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელმა შეგნებულად გადასცა ქონება და ანგარიში არ გაუწევია იმისათვის, არსებობდა თუ არა ის საფუძვლები, რომლებიც მას გადაცემული ქონების უკან გამოთხოვის შესაძლებლობას მისცემდა.

    4.ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას, თუ მოთხოვნა გადაცემული ქონების უკან დაბრუნების თაობაზე ეწინაამღვდეგება ბათილობის შესახებ სამართლებრივ ნორმათა დაცვით ფუნქციას. მაგ: პირმა ბანკიდან გამოიტანა კრედიტი შვილისათვის ქორწილის გადასახდელად. კრედიტის ვადა განისაზღვრა ხუთი წლით. ქორწილის გადახდის შემდეგ გაირკვა,რომ ამ მიზნისათვის არ შეიძლებოდა კრედიტის გაცემა და საბანკო კრედიტის მიმღებმა მიღებული თანხა უნდა დააბრუნოს, მაგრამ არა ერთდროულად და მოთხოვნისთანავე, არამედ ნაწილ-ნაწილ ხუთი წლის განმავლობაში, რადგან მისი, როგორც კრედიტის მიმღების ინტერესები უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე საკრ. დაწესებულებისა.

    #30053
    BLH
    Keymaster

    სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლი

    გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის დაუშვებლობა

    “პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს.”

    მაგ:  „ა“-მ დაწერა ანდერძი, რომლითაც იგი უტოვებდა მეზობელ „ბ“-ს თავის ბინას. „ბ“-მ გაარემონტა აღნიშნული ბინა „ა“-ს სიცოცხლეში, იმ მოტივით, რომ იგი მას დარჩებოდა. მოგვიანებით „ა“-მ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ბინა გადასაცა თავის დისშვილს „გ“-ს.

    ასეთ შემთხვევაში „ბ“ უფლებამოსილია სკ-ის 977-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს ბინაზე გაწეული რემონტის ხარჯების დაბრუნება.

    “უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:

    ა) მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო და გადამცემმა ეს იცოდა,

    ან

    ბ) გადამცემმა მიზნის მიღწევას არაკეთილსინდისიერად შეუშალა ხელი.”

    #30055
    Crassus
    Participant

    გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის დაუშვებლობა(სკ- 977-ე მუხლი)

    (სუსგ. N-ას-1049-983-2010 )

    მერიამ გაიღო მოქალაქის ბინაზე ხარჯები, იმ მიზნით, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში მერიის საკუთრებაში გადავიდოდა აღნიშნული უძრავი ქონება, რომელსაც მუზეუმის ფუნქცია ჰქონდა, რის შესახებაც მოქალაქემ შეადგინა ანდერძი.

    საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს.

    აღნიშნული ნორმა ადგენს შესრულების კონდიქციის ერთერთ შემთხვევას შესრულების დაბრუნებას მიზანთან შეუსაბამობის გამო. ამ ნორმის საფუძველზე, პირს შეუძლია უკან გამოითხოვოს ქონება, რომელიც სხვა პირს იმ ვარაუდით გადასცა, რომ ეს უკანასკნელი განსაზღვრულ მოქმედებას შეასრულებდა, ამასთან 977ე მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნა ცალმხრივ მიზანს ითვალისწინებს, რომელიც შესრულების მიმღებს მხედველობიდან არ უნდა გამოჰპარვოდა, ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე, მოქალაქისთვის იმთავითვე ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ მერია კონკრეტულ დანახარჯებს სადავო ქონების საკუთრებაში მიღების ვარაუდით ახორციელებდა.

    საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს გარემოება სათანადოდ არ არის გამოკვლეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. კერძოდ, ამ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ყველა ხარჯი, რომელიც მერიამ გაიღო, რემონტის ხარჯების ჩათვლით, მუზეუმის ნორმალური ფუნქციონირებისა და მისი ვიზუალური მხარის სათანადო მდგომარეობაში მოყვანის უზრუნველყოფას ემსახურებოდა. რემონტის ხარჯების გაღების დროისათვის და შემდგომი სამი წლის განმავლობაშიც კი შესაბამისი მუზეუმი ფუნქციონირებდა, ამასთან, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ იკვეთება, სააპელაციო სასამართლოს ასევე უნდა ემსჯელა, რამდენად მართებულია 977-ე მუხლის საფუძველზე თანხის დაბრუნების მოთხოვნა დასაჩუქრებული პირის მიმართ.

    #29654
    Crassus
    Participant

    სამუდამოდ შეძენილად მიჩნეულ ქონებაზე გაწეული ხარჯები

    სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლი (სუსგ. N-ას-1245-1265-2011)

    სააპელაციო სასამართლომ, საჩივრის განხილვისას არასწორად გამოიყენა სკ-ის 980-ე მუხლი, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ნივთი არ იძლევა იმის ობიექტურ შესაძლებლობას, რომ პირს იგი სამუდამოდ შეძენილად მიეჩნია, რადგან ასეთ ჩანაწერს საჯარო რეესტრი არ იძლევა, შესაბამისად, მოცემული დავის რეგულაცია მითითებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, დაუშვებელია.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: განსახილველ საქმეზე სრულად გამოირიცხება სკ-ის 980-ე მუხლის გამოყენება. ეს ნორმა გამოიყენება მაშინ, თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით.

    ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შესაბამისი წესები, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება უნდა დაიდოს რთული წერილობითი ფორმით, რასაც უნდა მოჰყვეს მისი რეგისტრაცია. ამ მოთხოვნათა დაუცველობა, სკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, იწვევს ხელშეკრულების ბათილობას. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სსკ-ის 987-ე მუხლით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სხვის ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ფარგლები.

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 48 total)
  • You must be logged in to reply to this topic.