მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სახელშეკრულებო სამართალი
- This topic has 48 replies, 5 voices, and was last updated 7 years, 9 months ago by BLH.
-
AuthorPosts
-
სექტემბერი 4, 2014 at 10:26 #2100ივერიელიParticipant
სახელშეკრულებო სამართალი
ამ თემაში განვიხილავთ სახელშეკრულებო-სამართლებრივ საკითხებს, როგორიცაა სხვადასხვა ხელშეკრულების დადების, შესრულების, ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულებიდან გასვლის და შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითები.
სარჩევი:
1.ზოგადი საკითხები
სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი მიმოხილვა;
ხელშეკრულება, როგორც ვალდებულების წარმოშობის საფუძველი;
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი და მისი შეზღუდვა;
უძრავ ნივთზე დადებული ხელშეკრულება;
2. ხელშეკრულების დადება
ხელშეკრულების დადება და სახელშეკრულებო ბოჭვის პრინციპი;
ხელშეკრულების არსებითი პირობები;
ხელშეკრულების ფორმა;
ხელშეკრულების დადების პროცედურა;
წინარე ხელშეკრულება
3. ხელშეკრულების განმარტება
სექტემბერი 4, 2014 at 11:56 #34352BLHKeymasterსახელშეკრულებო სამართლის ზოგადი მიმოხილვა
1. რა არის ხელშეკრულება? ხელშეკრულება არის ორი პირის მიერ დადებული შეთანხმება (გარიგება), რომელსაც მოყვება სამართლებრივი შედეგი, ანუ ხელშემკვრელ მხარეებს წარმოეშობათ უფლებები და მოვალეობები.
მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით, მხარეებს (მყიდველს და გამყიდველს) წარმოეშობათ შესაბამისი უფლება-მოვალეობები. გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საგანი და მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, ხოლო მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ანაზღაურება და მოითხოვოს ნასყიდობის საგნის მისთვის გადაცემა.
ამდენად, ხელშეკრულება არის ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი წყარო, რომელსაც შეესაბამება კრედიტორის მოთხოვნის უფლება.
ცალმხრივი ხელშეკრულება– ერთ მხარეს წარმოეშობა მხოლოდ ვალდებულება, რომელიც შეესაბამება მეორე მხარის მოთხოვნის უფლებას.
მაგ: სესხის ხელშეკრულების დადების დროს, მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს მიღებული სესხი,ისე, რომ მას არ გააჩნია არაფრის მოთხოვნის უფლება, ხოლო გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის დაბრუნება, ისე რომ მას არ აკისრია არანაირი ვალდებულება.
ორმხრივი ხელშეკრულება- ორივე მხარეს წარმოეშობა, როგორც ვალდებულება, ისე მოთხოვნის უფლება (მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულება. იხ. ზემოთ მაგალითი).
2. ხელშეკრულების დადება – ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან მის ყველა არსებით პირობაზე, შესაბამისი ფორმით.
არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის საგანზე და ფასზე.
მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერი ფორმით დადონ ხელშეკრულება, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ხელშეკრულების შესრულების პირობები– ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელდეს მხარეთა ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მაგ: (ვალდებულების შესრულების დრო, ადგილი, წესი და ა.შ.)
მხარეების შეთანხმება სარგებლობს უპირატესი ძალით, კანონის დისპოზიციური ნორმების მიმართ, თუმცა კანონის იმპერატიული ნორმების შეცვლა არ შეიძლება მხარეთა შეთანხმებით.
4. სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა– მხარეების მიერ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, ისინი იმყოფებიან სახელშეკრულებო შებოჭვის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ იტყვიან ცალმხრივად თავიანთ ვალდებულებებზე უარს და ვერ შეწყვიტავენ სახელშეკრულებო ურთიერთობას. მაგ: (მსესხებელი ვერ იტყვის უარს სესხის დაბრუნებაზე, მოიჯარე ვერ იტყვის უარს იჯარაზე ვადაზე ადრე და ა.შ.).
სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა ხდება, ვალდებულების შესრულებით, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და კანონით განსაზღვრული სხვა პირობების დადგომისას.
5. ხელშეკრულების ვადამდე მოშლა/გასვლა – ზემოთ მოყვანილი ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი, როცა ხელშეკრულების მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს სახელშეკრულებო ურთიერთობა. ასეთი საფუძვლები შეიძლება იყოს განსაზღვრული როგორც კანონით (მაგ: სამოქალაქო კოდექსის 398-ე და 399-ე მუხლები) ისე მხარეთა შეთანხმებაში.
სექტემბერი 25, 2014 at 01:46 #28411CrassusParticipantხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი
„კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“ (სსკ 319.I).
სამოქალაქო სამართალი ეფუძნება ნების ავტონომიის პრინციპს, რაც ნიშნავს, კერძო სამართლის სუბიექტთა შესაძლებლობას თავისუფალი ნების გამოვლენით სახელმწიფოსაგან ჩაურევლად მოაწესრიგონ ურთიერთობა ერთმანეთს შორის.
სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ნების ავტონომიის პრინციპის რეალიზება ხდება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მეშვეობით.
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი გულისხმობს მხარის შესაძლებლობას დადოს (ან არ დადოს) ხელშეკრულება, აირჩიოს ხელშეკრულების კონტრაგენტი (მხარე), განსაზღვროს ხელშეკრულების შინაარსი.
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი ორი ელემენტისგან შედგება: ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა (სსკ 319.1)
ხელშეკრულების დადების თავისუფლება–განამტკიცებს იმ შესაძლებლობას, პირმა დადოს ან არ დადოს ხელშეკრულება.ზოგიერთი გამონაკლისის გარდა,კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას. პირი უფლებამოსილია აირჩიოს სახელშეკრულებო კონტრაჰენტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს ალტერნატიული შესაძლებლობა, მაგ: ელექტრო, გაზმომარაგების დროს.
ხელშეკრულების დადების თავისუფლება იმაშიც ვლინდება, რომ მხარეებს შეუძლიათ უარი თქვან ხელშეკრულების შესრულებაზე და შეწყვიტონ იგი, ოღონდ არა ცალმხრივად, არამედ კონსესუსის საფუძველზე.
ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა– ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინაამღვდეგება მას.(319.1.მეორე წინადადება)
სექტემბერი 26, 2014 at 10:05 #28414BLHKeymasterხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვა
იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპირი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო სამართალში, იგი არ არის შეუზღუდავი. ეს შეზღუდვები ეხება, როგორც ხელშეკრულების დადებას, ისე მისი შინაარსის განსაზღვრასაც.
I. ხელშეკრულების დადების თავისუფლების შეზღუდვა– სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს ხელშეკრულების დადების შეზღუდვის რამდენიმე ცნებას.
1) სახელმწიფოს ნებართვის აუცილებლობა ხელშეკრულების დადებისას. (319.1.მესამე წინადადება)
მართალია სამოქალაქო სამართალი კერძო პირთა სამართალია და ისინი დამოუკიდებლად წყვეტენ ერთმანეთთან ურთიერთობას, თუმცა ზოგჯერ ისე ხდება, რომ საჭირო საჯარო ხასიათის ჩარევა(სახელმწიფო ჩარევა ამ კერძო სახის ურთიერთობაში..ასეთი ჩარევის გამოვლინებააა გარკვეულ ხელშეკრულების დადებაზე ნებართვების დაწესება..
მაგ: სახელმწიფოებრივი ნებართვაა სავალდებულო მცენარეთა ჯიშის გასავრცელებლად, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნივთის განკარგვის შემთხვევაში და ა.შ.
მაშასადამე, სსკ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული იყოს სახელმწიფოს ნებართვაზე, ოღონდ ასეთი ნებართვის აუცილებლობა მოწესრიგებული უნდა იყოს შესაბამისი კანონით. ასეთი ნებართვის არ არსებობისას, ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება ნამდვილად.
ბ) ხელშეკრულების დადების ვალდებულება, ე.წ. კონტრაჰირების იძულება(319–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილები..)
კონტრაჰენტის იძულება მიზნად ისახავს იმ პირთა დაცვას, რომელთა უფლებებიც შეიძლება შეილახოს ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობის მქონე საწარმოების ზეგავლენით. როგორც წესი, ასეთი მდგომარეობა უკავიათ რკინიგზის, ფოსტას, ელექტრო და წყალმომარაგების ორგანიზაციებს და ა.შ..
მომხმარებელთა ურთიერთობაში მათ შეზღუდული აქვთ კონტრაჰენტის თავისუფლად არჩევის უფლება. ისინი ვალდებულები არიან დადონ მათთან ხელშეკრულება, მათ ამ ვალდებულებას შეესაბამება მეორე მხარის (მომხმარებლის) უფლება მოითხოვონ მათგან ხელშეკრულების დადება..
მაგ: გაზის მიმწოდებელი კომპანია ვერ ეტყვის უარს მოსახლეს, გაზის მიწოდების შესახებ.
გაზის კომპანიის ეს ვალდებულება გამომდინარეობს, როგორც 319.2. ისე 319.3. მუხლიდან..ანალოგიური ვალდებულება აკისრია ელექტრო და წყალ მომარაგების ორგანიზაციებს. (იხ სუსგ. ას-181-500-05)
კონტრაჰენტის იძულება, ხელშეკრულების დადების ვალდებულებასთან ერთად, უკრძალავს დომინირე პირს „კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები..“
მაგ: შეუსაბამოდ მაღალი ფასი.. ამდენად კონტრაჰენტის იძულება არ შემოიფარგლება მხოლოდ ხელშეკრულების დადების თავისუფლების შეზღუდვით, გარკვეულწილად იგი ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრასაც უკავშირდება.
ხელშეკრულების დადების ვალდებულება გამოიყენება იმ საწარმოების მიმართაც, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ საქონელსა თუ მომსახურეობას. მაგ: სუპერმარკეტს უფლება არ აქვს უარი უთხრას მომხმარებელს, რომელიც შემოსულია კვების პროდუქტების საყიდლად, ავიაკომპანიას არ შეუძლია უარი უთხრას მგზავრს ბილეთის მიყიდვაზე და ა.შ..
ხელშეკრულების დადების ვალდებულების დარღვევა მართლსაწინაამღვდეგო მოქმედებაა და მისი დამრღვევი შეიძლება სასამართლოს წესით იქნეს იძულებული დადოს ხელშეკრულება. ამ დროს შეიძლება წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც.
II. ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების შეზღუდვა
ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრისას თავისუფლება, როგორც წესი იმპერატიული ნორმების საფუძველზე იზღუდება. ერთ შემთხვევაში შეიძლება კანონი ხელშეკრულების ნამდვილობისთვის მოითხოვდეს სპეციალური ფორმის დაცვას.. (მაგ: უძრავი ნივთის ნასყიდობის წერილობითი ფორმით დადება)
სხვა შემთხვევაში შეიძლება ხეშეკრულების შინაარსს აკონტროლებდეს( მაგ: მხარეებს არა აქვთ უფლება გამორიცხონ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუკი ერთ–ერთი მხარე განზრახ არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას..და. ა.შ..
სექტემბერი 27, 2014 at 05:04 #28413BLHKeymasterხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის მიზანია:
- საჯარო ინტერესის დაცვა;
- სუსტი მხარის მინიმალური დაცვა;
- ხელშეკრულების თავისუფლება;
- სამართლებრივი სტაბილურობა;
- სახელშეკრულებო სამართლიანობა.
ევროპის ქვეყნების უმეტესობის კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით) გათვალისწინებულია მხარეთა ურთიერთმოვალეობების აშკარა არაექვივალენტურობის შემთხვევაში გარიგებათა ბათილად ცნობის შესაძლებლობა.
ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვა ხორციელდება:
- საჯარო წესრიგისა და მორალის საწინააღმდეგო გარიგებების ბათილობა;
- სახელმწიფოს ნებართვის (ლიცენზიის) აუცილებლობის დაწესება;
- სავალდებულო ფორმისა და რეგისტრაციის აუცილებლობა;
- კონტრაჰირების იძულება;
- თანაბარი პირობების დაწესების ვალდეულება .
სექტემბერი 28, 2014 at 18:53 #28439BLHKeymasterხელშეკრულების დომინანტი მხარე (N- ას-505-889-06)
უზენაესმა სასამართლომ გააკეთა განმარტება ხელშეკრულების დადების/შინაარსის თავისუფლების შეზღუდვაზე, როცა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე დომინანტური მდგომარეობის მქონეა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი – სს «საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია», რომელსაც დომინირებული მდგომარეობა უკავია ბაზარზე და რომელიც ვალდებულია‚ მომხმარებელს შესთავაზოს სამართლიანი სახელშეკრულებო პირობები და ბოროტად არ გამოიყენოს თავისი ძალაუფლება (სკ-ის 319-ე მუხლის მეორე ნაწილი).
ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ ვითარებასაც, რომ ენერგოკომპანია მომხმარებელთან თავის საქმიანობას ახორციელებს რა ნორმატიული აქტების საფუძველზე, იგი გარკვეულწილად შეზღუდულია და ამ წესებს ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, მომხმარებელს, როგორც ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, ენერგოკომპანიასთან მიმართებაში თანასწორი უფლებები გააჩნია და მას არ შეიძლება მომეტებული ვალდებულება დაეკისროს.
სადავო საკითხის განხილვისას ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მოცემულ შემთხვევაში კონტრაჰენტს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ასეთი საქმიანობის განხორციელების უფლება განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში სახელმწიფოსგან გაცემული სპეციალური ნებართვის საფუძველზე, მხოლოდ მას აქვს მოპოვებული. ბუნებრივია, ასეთი უფლების მოპოვება პრეზუმირებულს ხდის კონტრაჰენტის მზაობას და შესაძლებლობას, ხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს მომხმარებელს და სათანადო ანაზღაურების მიღების მიზნით მომხმარებელთან ერთად იზრუნოს ელექტროენერგიის აღრიცხვის ხელსაწყოების ვარგისიანობაზე. მით უმეტეს, როდესაც ამგვარი მოქმედების განხორციელება (მრიცხველის ბრჯენებით აღჭურვა) სპეციალისტის ჩარევას მოითხოვს. ამდენად, სს «საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია-ს» ელექტროენერგიით მომარაგების ბაზარზე უკავია რა დომინირებული მდგომარეობა, მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები.
სექტემბერი 30, 2014 at 21:56 #34363BLHKeymasterსამართლიანობის პრინციპი
სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის მიხედვით:
„თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.“
სამართლიანობის პრინციპი მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმ სახელშეკრულებო პირობების კანონიერების განსაზღვრის მიმართ, რომელთა დადგენა ხდება, ცალმხრივად, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ.
ამდენად, სამართლიანობის პრინციპი გამოიყენება, როდესაც მხარეებმა (ან შესაძლოა კანონმდებლობიდან გამომდინარე) ღიად დატოვეს გარკვეული სახელშეკრულებო პირობები და მათი განსაზღვრის უფლება მიანიჭეს ერთ-ერთ მხარეს ან მესამე პირს. აღნიშნული პრინციპი გარკვეული მბოჭავი ფუნქციის მატარებელია, რათა არ მოხდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთი სუბიექტის (ან მესამე პირის) მიერ, კაბალური პირობის განსაზღვრა.
მაგ: უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ საქმეში დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც აპელანტის მოთხოვნით შეამცირა სესხის 6%-იანი განაკვეთი 4%-მდე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ “კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი – ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ–ა ს–ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ.” (სუსგ. №ას-663-629-2015).
სამართლიანობის პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის დროს.
სასამართლომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე უნდა დაადგინოს, არის თუ არა კონკრეტული პირობა სამართლიანი, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პირობა არ შეესაბამება სამართლიანობის სტანდარტს, იგი ბათილად უნდა ჩაითვალოს, სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 325-ე მუხლების საფუძველზე.
ხელშეკრულების პირობის განსაზღვრის ორ შემთხვევას ითვალისწინებს:
1.როცა თვით ხელშეკრულების ერთ–ერთი მხარე ცალმხრივად განსაზღვრავს ამ პირობას.
2.როცა მესამე პირს აქვს ასეთი უფლება.
ოქტომბერი 9, 2014 at 16:45 #28402CrassusParticipantხელშეკრულების დადება და სახელშეკრულებო ბოჭვის პრინციპი
ხელშეკრულება ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი ფორმაა. ხელშეკრულება ორი ან რამდენიმე პირის შეთანხმებაა, რომლითაც ისინი კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას ისახავენ მიზნად.
ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება და წარმოიშობა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის სახით, როდესაც მხარეები ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად, მიაღწევენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას (კონსესუს), საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. (სკ. 327-ე მუხლი).
მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდგეგ, მყიდველს წარმოეშობა ნასყიდობის საგნის მოთხოვნის უფლება, ასევე საფასურის გადახდის ვალდებულება, ხოლო გამყიდველს წარმოეშობა საფასურის მოთხოვნის უფლება და ნასყიდობის საგნის გადაცემის ვალდებულება.
ხელშეკრულების დადების შედეგად, მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ბოჭვის მდგომარეობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ცალმხრივად არ აქვთ უფლება უარი თქვან ხელშეკრულებაზე და იმ სამართლებრივ შედეგზე, რაც ამ ხელშეკრულებამ მოიტანა. იმ შემთხვევაში თუ ისინი უარს იტყვიან თავისი ვალდებულების შესრულებაზე, მეორე მხარეს უფლება ექნება სასამართლოს წესით იძულებითი აღსრულების გზით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება.
კანონით ან მხარეთა შეთანხმებით, შესაძლოა გათვალისწინებული იყოს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მხარე უფლებამოსილია სახელშეკრულებო ბოჭვის მიუხედავად, ცალმხრივად უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
ოქტომბერი 9, 2014 at 21:55 #28408BLHKeymasterრა არის ხელშეკრულების არსებითი პირობები?
ხელშეკრულება დადებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.(სკ-ის 327.1.)
ხელშეკრულების არსებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს კანონით ან მხარეთა შეთანხმებით, ასევე არსებითი პირობები შეიძლება გამომდინარეობდეს კონკეტული ხელშეკრულების არსიდან.
მაგ: თავდებობის ხელშეკრულების დადებისას, აუცილებელია მხარეები შეთანხმდნენ თავდების პასუხისმგებლობის მოცულობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თავდებობა დადებულად არ ჩაითვლება. აღნიშნული წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ არსებით პირობას.
მაგ: ნარდობის ხელშეკრულების არსებითი პირობაა სამუშაოს მოცულობაზე შეთანხმება, რაც გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულების ბუნებიდან.
მაგ: მხარეებმა შეიძლება დადონ წინარე ხელშეკრულება, რომელშიც განსაზღვრული იქნება ის არსებითი პირობები, რაზეც ისინი უნდა შეთანხმდნენ ძირითად ხელშეკრულებაში. ამ პირობებზე შეუთანხმდებლობის შემთხვევაში ძირითადი ხელშეკრულება არ ჩაითვლება დადებულად.
ასეთი მოწესრიგება შეესაბამება ვალდებულებითი სამართლის დისპოზიციურ ბუნებას.
ოქტომბერი 9, 2014 at 23:56 #28409BLHKeymasterხელშეკრულების დადების პროცედურა
როგორც წესი ხელშეკრულების არსებითი პირობები ოფერტში განისაზღვრება, რაც წარმოადგენს მომავალი ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას, სადაც განისაზღვრება ხელშეკრულების არსებითი პირობები.
ხელშეკრულება, რომ ჩაითვალოს დადებულად საჭიროა მეორე მხარის თანხმობა შეთავაზებაზე (ოფერტზე), რასაც ეწოდება აქცეპტი. საჭიროა მხარეების ნება ემთხვეოდეს ერთმანეთს. ცალ–ცალკე არც ოფერტი და არც აქცეპტი არ იწვევს ხელშეკრულების დადებას.
ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს სხვა პროცედურითაც: მაგ: როცა იურისტი ან ნოტარიუსი ადგენს ხელშეკრულებას და მხარეები ხელს აწერენ მას, ასეთ შემთხვევაში ოფერტი და აქცეპტი არ გვაქვს.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.