მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ვალდებულებითი სამართლის ზოგადი საკითხები
Tagged: ვალდებულებითი, კრედიტორი, მოვალე, მოთხოვნის უფლება
- This topic has 33 replies, 4 voices, and was last updated 8 years ago by
BLH.
-
AuthorPosts
-
სექტემბერი 17, 2014 at 09:20 #2566
ივერიელი
Participantამ თემაში განვიხილავთ ვალდებულებითი სამართლის ზოგად საკითხებს, როგორიცაა ვალდებულების ცნება, მისი წარმოშობის წყაროები, ვალდებულებითი სამართლის პრინციპები, პირთა სიმრავლე ვალდებულებით ურთიერთობაში და ა.შ.
სარჩევი:
ვალდებულებითი ურთიერთობის ცნება
ვალდებულებითი ურთიერთობის კლასიფიკაცია
კეთილსინდისიერების (გულისხმიერების) პრინციპი
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
სახელშეკრულებო წესების გავრცელება არასახელშეკრულებო ურთიერთობებზე
მაისი 17, 2015 at 22:06 #27842BLH
Keymasterვალდებულებითი ურთიერთობის ცნება
“ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.” (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი).
ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერერთობის მხარეები არიან ერთი მხრივ მოვალე, რომელსაც გააჩნია ვალდებულება და მეორე მხრივ კრედიტორი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნის უფლება. მოვალის ვალდებულება ყოველთვის შეესაბამება კრედიტორის მოთხოვნის უფლებას. არ არსებობს ვალდებულება მოთხოვნის უფლების გარეშე და შესაბამისად არ არსებობს მოთხოვნის უფლება, ვალდებულების გარეშე.
მაგ: სესხის ხელშეკრულებით მსესხებელს გააჩნია ვალდებულება გამსესხებლის მიმართ დააბრუნოს სესხი, აღნიშნულ ვალდებულებას შეესაბამება გამსესხებლის მოთხოვნის უფლება – მოითხოვოს სესხის დაბრუნება.
ამდენად, ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში, კრედიტორი, ვალდებულების არსებობის საფუძველზე, უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს ამ ვალდებულების შესრულება.
კრედიტორის მოთხოვნის უფლება გულისხმობს მის უფლებამოსილებას, სასამართლოს მეშვეობით, იძულებითი ღონისძიებების გატარებით, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.
მაგ: თუ მსესხებელი არ დააბრუნებს სესხს, გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა იძულებითი წესით.
ვალდებულებითი ურთიერთობა ფარდობითი (რელატიური) ურთიერთობაა, რაც გულისხმობს იმას, რომ კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მხოლოდ მოვალისგან, იგი ვერ მოითხოვს ვალდებულების შესრულებას სხვა პირისაგან.
მაგ: გამსესხებელი უფლებამოსილია მხოლოდ მსესხებლისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.
მაგ: გამყიდველი უფლებამოსილია მხოლოდ მყიდველისაგან მოითხოვოს ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდა.
ვალდებულებით ურთიერთობაში მონაწილეობენ მხოლოდ კრედიტორი და მოვალე, ეს არ გამოირცხავს, რომ ან ერთ, ან მეორე მხარეს რამდენიმე პირი იყოს. მაგ: სოლიდარული მოვალეები, სოლიდარული კრედიტორები.
კრედიტორი ან მოვალე შეიძლება იყვნენ, როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები, ისე პირთა გაერთიანებები, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდულ პირს (ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი).
ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს შესრულება, რომელიც შეიძლება გამოიხატოს, როგორც აქტიური მოქმედებით („მოქმედების შესრულებით“), ისე უმოქმედობითაც („მოქმედებისგან თავის შეკავება“) მაგ: ქირავნობის საგნის უდიერათ მოპყრობის შეწყვეტის მოთხოვნა.
შესრულებაში გარკვეული შედეგი იგულისხმება. მაგ: ნივთის გადაცემა, ფულის გახადა, ქონებისთვის ზიანის მიყენების შეწყვეტა და ა.შ.
შესრულებას კრედიტორისთვის ყოველთვის უნდა მოჰქონდეს გარკვეული სარგებელი, კანონი არ ამბობს, რომ ეს სარგებელი მაინდამაინც ქონებრივი, მატერიალური ხასიათის უნდა იყოს. თუმცა აუცილებელია, შესრულება განსაზღვრული ან განსაზღვრებადი იყოს, რათა შესაძლებელი გახდეს მისი აღიარება ვალდებულებით ურთიერთობის საგნად. (შესრულება ყოველთვის კონკრეტული შინაარსის მატარებელი უნდა იყოს) ეს იმიტომაცაა აუცილებელი, რომ კრედიტორს შეეძლოს სარჩელში კონკრეტული მოთხოვნის სახით ასახოს შესრულება.
მაისი 17, 2015 at 23:06 #33478BLH
Keymasterვალდებულებითი ურთიერთობის არსი
(სუსგ. № ას-1147-1394-05)
“ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა, ამიტომ მას ფარდობითი ურთიერთობა ეწოდება. აბსოლუტური (სანივთო) უფლებებისაგან განსხვავებით, სადაც უფლებამოსილ პირს შეუძლია ნებისმიერი ხელმყოფისაგან თავის დაცვა, ვალდებულებით ურთიერთობებში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. კრედიტორს შეუძლია მხოლოდ მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. „მოთხოვნა“ ვალდებულებითი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, ჯერ უნდა გაირკვეს მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.”
მაისი 19, 2015 at 22:29 #27891Crassus
Participantვალდებულების წარმოშობის წყარო
ვალდებულების წარმოშობის სამი წყარო შეგვიძლია გამოვყოთ:
1) გარიგების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები– ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას კერძო სამართლის სუბიექტების ნების საფუძველზე.
ცალმხრივი გარიგება– მხოლოდ ერთი პირის ნების გამოვლენიდან გამომდინარე წარმოიშობა ვალდებულება, მაგ: ლეგატი.
ორმხრივი გარიგება– ორმხრივ გარიგებას წარმოადგენს ხელშეკრულება, მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულება, ქირავნობა, იჯარა, ჩუქება და ა.შ. ასეთი ვალდებულება წარმოიშობა ორი მხარის მიერ ნების გამოვლენისა და მათ შორის კონსესუსის საფუძველზე.
მრავალმხრივი გარიგება– ვალდებულება წარმოიშობა რამდენიმე სუბიექტის მიერ ნების გამოვლენის საფუძველზე, მაგ: პარტნიორთა გადაწყვეტილება, კორპორაციის საქმიანობასთან დაკავშირებით.
2) კანონისმიერი ვალდებულებები– კანონისმიერი ვალდებულებები არის ისეთი ვალდებულებები, რომლებიც პირდაპირ კანონიდან გამომდინარეობს, მაგ: დელიქტები, უსაფუძვლოდ გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებები და ა.შ.
3)წინარე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება
ზოგიერთი ხელშეკრულების დადების წინ მოსამზადებელი პერიოდი უძღვის. ხელშეკრულების დასადებად აუცილებელი მასალების, პროექტების, ბიზნესგეგმების მომზადების სახით.
თუ მოხდა ისე, რომ მხარეთა ნების საფუძველზე განხორციელდა ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაოები და ერთ-ერთი ხელშეკრულების მხარის ბრალეული ქმედებების შედეგად ხელშეკრულება არ დაიდო, მაშინ ხელშეკრულების მომზადების საფუძველზე წარმოშობილი ხარჯები უნდა აანაზღაუროს ამ მხარემ.
მაგ: პირს დაგეგმილი აქვს სახლის აშენება, იგი დაუკავშირდა კომპანიას და გამოხატა ნება ხელშეკრულების დადების შესახებ, თუმცა სურს, რომ სანამ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება, კომპანიამ წარადგინოს შეთანხმებული პროექტის ნიმუშები და განახორციელოს სხვა წინარე მოქმედებები სახლის აშენების მომზადებასთან დაკავშირებით.
კომპანიამ მოამზადა პროექტი და განახორციელა სხვა მოსამზადებელი ნაბიჯები, რაშიც გასწია 2.000 ლარის ხარჯები, ხოლო დამკვეთმა გადაწყვიტა სხვასთან დაედო ხელშეკრულება და უარი განაცხადა ხელშეკრულების დადებაზე ამ კომპანიასთან.
ამ შემთხვევაში დამკვეთი ვალდებული იქნება აანაზღაუროს გაწეული ხარჯები 2,000 ლარის ოდენობით.
მაისი 19, 2015 at 22:30 #33482BLH
Keymasterვალდებულების წარმოშობის სახელშეკრულებო საფუძველი
(სუსგ. № ას-163-860-03)
დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხეს ნივთს (სიგარეტს) გადასცემდა შემდგომში რეალიზაციის მიზნით, ე.ი. მათ შორის არსებობდა ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სამოქალაქო–სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც გათვალისწინებულია სკ–ს 319-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა 709-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა. პალატა თვლის, რომ აღნიშნული კვალიფიკაცია (დავალების ხელშეკრულება)მიესადაგება მხარეთა შორის არსებულ ვალდებულით–სამართლებრივ ურთიერთობას, რეალურად კი მათ შორის არსებობდა პროდუქციის რეალიზაციის შესახებ მომსახურეობის ხელშეკრულება, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია არსებობდეს სკ–ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამართლებრივი საფუძველი — ვალდებულება და ამ ვალდებულების დარღვევა.
მაისი 19, 2015 at 22:30 #33484BLH
Keymasterვალდებულების წარმოშობის კანონისმიერი საფუძველი
საქმე № ას-1333-1562-05
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.ს–ძეს ნ.ე–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 11000 ლარის გადახდა და 1998წ. 24 დეკემბერს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.საქმეზე დაიწყო იძულებითი აღსრულება, რომელიც შეჩერდა ი. ს–ძის განცხადების საფუძველზე.
2005წ. 1 თებერვალს ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ე–ძემ ი. ს–ძის მიმართ და მოპასუხისაგან მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება და აღნიშნული ვალდებულების დროული შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება სამართალწარმოების შემადგენელი ნაწილია. გადაწყვეტილების აღსრულება წარმოადგენს სამართალწარმოების უმნიშვნელოვანეს ეტაპს. იგი მხარის დარღვეული ინტერესის აღდგენის ბოლო საფეხურია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ან აღსრულების გაჭიანურება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების არსს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს. სკ–ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულებას წარმოშობს ხელშეკრულება, დელიქტი, უსაფუძვლო გამდიდრება ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ სწორედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის „კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძველს“, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით პირს კონკრეტული მოქმედების განხორციელების (თანხის გადახდის, ნივთის გადაცემის და ა. შ.) ვალდებულება ეკისრება და იგი სამართლებრივი ურთიერთობის მოვალე ხდება, კრედიტორს კი მის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშობა. სკ–ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომლის ძალითაც კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულების არსებობა კი მისი შესრულების აუცილებლობასაც გულისხმობს.
მართალია, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა სასამართლო აღმასრულებლის უფლებამოსილებაა, მაგრამ ეს ვერ გაათავისუფლებს მოვალეს დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან. მოვალე უშუალოდაა პასუხისმგებელი ვალდებულების შესრულებაზე.
სკ–ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ პირველადი მოთხოვნების დარღვევა კი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, ხოლო, ვინაიდან, არსებობს ფულადი ვალდებულება, კრედიტორს სკ–ის 403‑ე მუხლის საფუძველზე შეუძლია გადაცილებული ვადისათვის მოითხოვოს კანონით გათვალისწინებული პროცენტი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების აღსრულება არ გაჭიანურებულა, რადგან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის უფლება მხარეს მინიჭებული აქვს კანონით.
მართალია, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სამართალწარმოების განახლების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნა არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურებას, აღნიშნული მხარისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზაციაა, მაგრამ საქმის წარმოების შეჩერება ვერ მიიჩნევა ვალდებულების შესრულებად.
მაისი 19, 2015 at 22:35 #33480BLH
Keymasterხელშკრულების მომზადების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება
(სუსგ. № 3კ-1156-02)
დადგენილია, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება სესხის ხელშეკრულების დადებაზე. სესხის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად მხარეთა შორის გაფორმდა მოძრავი ქონების გირავნობის და უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულებები, მაგრამ შემდგომში სესხის ხელშეკრულება მხარეთა შორის არ დაიდო და სესხი არ გაიცა, რის გამოც მოსარჩელემ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავალის სახით.
სკ–ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 317–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, შესაბამისად მოპასუხეს ვალდებულებაც არ წარმოშობია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სკ–ის 317-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად 316-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით ვალდებულება შეიძლება ხელშეკრულების მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას, ხოლო 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოცემულ საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელე სკ–ის 317-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხეს ხელშეკრულების დადება, მაგრამ მოსარჩელე არ მოითხოვს ხელშეკრულების დადებას, იგი მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას,რაც დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება, რადგან როგორც აღინიშნა მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულება არ დადებულა და შესაბამისად ვალდებულებაც არ წარმოშობია. მოპასუხეს წარმოეშვა მხოლოდ ხელშეკრულების დადების ვალდებულება, რომლის შესრულებასაც მოსარჩელე არ მოითხოვს.
მაისი 20, 2015 at 00:22 #27893ივერიელი
Participantვალდებულებითი ურთიერთობის კლასიფიკაცია
ვალდებულებითი ურთიერთობა შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი(მრავალმხირივი).
ცალმხრივი ვალდებულებითი ურთიერთობის დროს ერთ მხარეს აქვს მხოლოდ ვალდებულება, ხოლო მეორეს მხოლოდ მოთხოვნის უფლება.
მაგ: სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებელს გააჩნია სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, ისე, რომ მას არ გააჩნია რაიმე ვალდებულება მსესხებლის მიმართ, ხოლო მსესხებელს გააჩნია სესხის დაბრუნების ვალდებულება, ისე, რომ მას რაიმეს მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.
ორმხირვი(მრავალმხრივი) ვალდებულებითი ურთიერთობის დროს ორივე მხარეს აქვს, როგორც ვალდებულება ისე მოთხოვნის უფლება.
მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, მყიდველს გააჩნია, როგორც ნასყიდობის ღირებულების გადახდის ვალდებულება, ისე ნასყიდობის საგნის მოთხოვნის უფლება, ხოლო გამყიდველს ნასყიდობის საგნის გადაცემის ვალდებულებასთან ერთად გააჩნია ნასყიდობის ღირებულების მოთხოვნის უფლება.
შესრულების მოვალეობები შეიძლება დაიყოს პირველად და ნაწარმოებ შესრულების მოვალეობად. მაგ: გიორგიმ ისესხა ირაკლისგან 10.000 ლარი. სესხის დროულად დაუბრუნელობისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით გადახდა.
ამ შემთხვევაში ძირითადი ვალდებულებაა სესხის დაბრუნების ვალდებულება, ხოლო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იქნება ნაწარმოები ვალდებულება.
ვალდებულებები შეიძლება დაიყოს ძირითად და დამატებით ვალდებულებებად.
ძირითადი ვალდებულებები– მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულბიდან გამომდინარე ნივთის გადაცემა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის დაბრუნება.
დამატებითი ვალდებულებები– მაგ: ნივთის შეფუთხვა, ნივთის დამონტაჟება, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდა და ა.შ.
მაისი 20, 2015 at 18:04 #27905ივერიელი
Participantკეთილსინდისიერების (გულისხმიერების) პრინციპი
კეთილსინდისიერების პრინციპი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია კერძო სამართალში, მათ შორის ვალდებულებით სამართალში. ზოგადი მითითება კეთილსინდისიერების პრინციპზე გაკეთებულია სამოქალაქო კოდექსის მე-8.3 მუხლში, ხოლო ვალდებულებით ურთიერთობაში ამ პრინციპის არსებობაზე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 316.2-ე მუხლი:
„თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.“ (სკ. 316.2)
„სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.“ (სკ. 8.3)
მნიშვნელოვანია ასევე სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე მუხლის დებულება, რომ „ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას“. ამ დებულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების განუყოფელი ნაწილია სუბიექტის კეთილსინდისიერად მოქმედება.
მაგ: „A“-მ იყიდა „B“-სგან ავტომობილი, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა წაეყვანა. დაიწყო სეტყვა და დაზიანდა აღნიშნული ავტომობილი, თუმცა „B“-ს შეეძლო მიეღო ზომები აღნიშნული ზიანის აღსაკვეთად, თუმცა ვინაიდან მანქანა მისი აღარ იყო მან ეს არ გააკეთა. ამ შემთხვევაში მან დაარღვია კეთილსინდისიერების ვალდებულება „A“-ს მიმართ.
კეთილსინდისიერების შეფასებისას მხედველობაში მიიღება:
ა) სამართლის ზოგადი პრინციპები.
ბ) ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
გ) სამოქალაქო ბრუნვის წეს-ჩვეულებები.
კეთილსინდისიერების პრინციპის ფუნქციები:
I. სახელშეკრულებო პირობის კორექტირება, გაუქმება, შეზღუდვა. მაგ: ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისთვის. (სსკ 346-ე მუხლი);
II. ხარვეზის შევსება. მაგ: “თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.” ( სსკ 325-ე მუხლი );
III. სახელშეკრულებო პირობების განმარტება. მაგ: ხელშეკრულებები უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბრუნვის ჩვეულებების მხედველობაში მიღებით (გერმანიის სკ 157-ე მუხლი).
ივნისი 15, 2015 at 13:32 #33483BLH
Keymasterკეთილსინდისიერების (გულისხმიერების ) პრინციპი
(სუსგ. № ას-7-362-07)
კასატორის საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოდავე მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის განმსაზღვრელ დოკუმენტებში — 2003 წლის 15 იანვრის ხელშეკრულებასა და 2003 წლის 18 თებერვლის შეთანხმების ოქმით კასატორის ვალდებულებას წარმოადგენდა რა მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემული სახაზო–საკაბელო წყვილების დაზიანების საკონტროლო ვადებში აღდგენა, საკონტროლო ვადის ხანგრძლივობა დაზუსტებული არ არის, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ გაუთვალისწინებია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის ამგვარი პოზიცია არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული ნორმები სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს აკისრებს თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერ განხორციელებას, განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინონ ერთმანეთის ქონებისა და უფლებების მიმართ, კერძოდ, მე-8 მუხლის მესამე ნაწილით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ზოგად დათქმას და ვრცელდება მთელ კერძო სამართალზე. სამოქალაქო კოდექსი უზრუნველყოფს რა მხარეთა ნებას ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალ განსაზღვრაში, ამასთანავე, თვითნებობის უფლებას მხარეებს არ აძლევს და ხელშეკრულების თავისუფლება სახელშეკრულებო სამართლიანობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
კერძო სამართლის სუბიექტთა მიერ ხელშეკრულების პირობების სამართლიან განსაზღვრას და მხარეთა უფლებების დაბალანსებას უზრუნველყოფს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლი, რომლის ძალითაც, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ–ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ მოდავე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება და დანართი ნამდვილად არ მოიცავს მითითებას შესრულების ზუსტ ვადაზე (საკონტროლო ვადაზე), მაგრამ ხელშეკრულების ეს ხარვეზი მხარეს არ აძლევს უფლებას, არამართლზომიერად გამოიყენოს თავისი უფლება, ვინაიდან კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ვალდებულება ყოველ მხარეს აკისრებს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილი). ასეთი გულისხმიერება უნდა გამოიხატოს სწორედ იმაში, რომ თუკი მხარეთა შორის არ მომხდარა შეთანხმება ხელშეკრულების რომელიმე პირობაზე ან არსებობს ბუნდოვნობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი პირობა სამართლიანად უნდა
განისაზღვროს და ყველა მხარე კეთილსინდისიერად და პატივისცემით უნდა მიუდგეს სხვის უფლებებსა და ქონებას. ამდენად, ხელშეკრულების პირობის დაუზუსტებლობა ან მისი გაუთვალისწინებლობა მხარეს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს და ასეთ შემთხვევაში ხარვეზის აღმოფხვრა ხელშეკრულების შემვსები განმარტების მეშვეობით უნდა მოხდეს.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.