ხარჯთაღრიცხვის იურიდიული მნიშვნელობა
ამ სტატიის მიზანია განსაზღვროს ხარჯთაღრიცხვის იურიდიული მნიშვნელობა, სტატიის წაკითხვის შედეგად მკითხველს ჩამოუყალიბდება ზოგადი წარმოდგენა ხარჯთაღრიცხვის სამართლებრივ ბუნებაზე და ხარჯთაღრიცხვის სწორედ გამოყენების მნიშვნელობაზე.
ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს სპეციალურ დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, როდესაც ხორციელდება რთული სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოიცავს ცალკეულ ეტაპებს, ხასიათდება კომპლექსურობით და მრავალი დეტალით. მაგალითად, ხარჯთაღრიცხვის შედგენა აუცილებელია სამშენებლო მომსახურებებთან დაკავშირებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში.
ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულებას დაერთვის, როგორც დანართი და მისი განუყოფელი ნაწილია, მასში განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და საფასური.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით:
“როცა ნარდობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს რთული სამუშაოების შესრულებას (მაგ. მშენებლობა), ნარდობის ხელშეკრულებას თან უნდა ერთვოდეს სამუშაოთა წარმოების ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია, ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის საჭიროა ხარჯთაღრიცხვის შედგენა (მყარი ან მიახლოებითი). ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები ითვალისწინებენ შემკვეთის მიერ შენობის მიღების ვალდებულებას, რაც მიღება–ჩაბარების აქტებით ხორციელდება.”(საქმე N- ას-842-1201-06).
არსებობს ორი ტიპის ხარჯთაღრიცხვა:
მყარი ხარჯთაღრიცხვა
მყარი ხარჯთაღრიცხვით ზუსტადაა განსაზღვრული სამუშაოს საფასურის მოცულობა. მყარი ხარჯთაღრიცხვისას, საფასური არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა.
არსებობს გამონაკლისი, როცა შეიძლება მისი შემცირება/გაზრდა: მასალების, მოწყობილობების, მომსახურეობის ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდის შემთხვევაში, სამუშაოს შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს ანაზღაურების ოდენობის გაზრდა, ხოლო თუ შემკვეთი უარს იტყვის, მაშინ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი. (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-888-834-2012).
მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა
მიახლობითი ხარჯთაღრიცხვა სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს/შემცირდეს.
თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ წინასწარი შეთანხმებული საზღაური.(ხარჯთააღრიცხვით გათვალისწინებული), გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაზრდილი ხარჯების გათვალისწინება შეუძლებელი იყო. ეს ყველაფერი თითეულ სიტუაციაში კონკრეტულად უნდა დადგინდეს გარემოებებიდან გამომდინარე.
მაგ: მასალის გაძვირება, მუშახელის გაძვირება, სახელმწიფო გადასახადის შემოღება და ა.შ.
ისეთი ხარჯების ზრდის შესახებ, რომელთა წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო, სამუშაოს შემსრულებელმა უნდა დაუყოვნებლივ შეატყობინოს შემკვეთს.
თუ შეტყობინების შედეგად, შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვის უმნიშვნელოდ გადაჭარბებას, იგი უნდა ანაზღაურდეს იმ პირობით, თუ შემკვეთს დროულად ეცნობა.
დავის თავიდან აცილებისთვის ხარჯთაღრიცხვაში შეიძლება გაითვალისწინონ დამატებითი ხარჯების დასაფარი ფულადი რეზერვები.