რას წარმოადგენს საწარმოს ფილიალი?

careers-in-fluorital-industrial-colors-varnishesსაწარმოს ფილიალი

საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალი რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

უცხოური საწარმოს ფილიალის, რომელიც ექვემდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ფილიალის რეგისტრაციასთან ერთად.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების წარდგენისთანავე  მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი გაატაროს რეგისტრაციაში.

უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის საქართველოში დაარსების შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:

•   განცხადება ფილიალის რეგისტრაციის შესახებ;

•   საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, საწარმოს გადაწყვეტილება ფილიალის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ;

•   საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, კანონით დადგენილი მონაცემები საწარმოსა და მისი ხელმძღვანელის შესახებ.

რა არის ფილიალი? 

ფილიალი განცალკავებული ტერიტორიული ქვედანაყოფია, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ, რომელიც ემსახურება ძირითადი საწარმოს საქმიანობის განხორციელებას და მის ტერიტორიულ გაფართოვებას.

საწარმოს ფილიალი ძირითადი საწარმოსაგან ტერიტორიულად დაშორებულია, მას გააჩნია ორგანიზაციული და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, თუმცა, იგი სამართლებრივად დამოკიდებულია ძირითად საწარმოზე.

აღნიშნული სამართლებრივი მდგომარეობა არ იცვლება მაშინაც, როდესაც სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტი უცხოური საწარმოს ფილიალია. უცხოური საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია არ ემსახურება სამეწარმეო სამართლებრივ კონტექსტში მის ცალკე სამეწარმეო სუბიექტად განხილვის მიზანს.

უცხოური საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია ემსახურება ისეთი მიზნებს, როგორიცაა შიდასახელმწიფოებრივი სამართლის რეგულირების რეჟიმში მოქცევა, გადასახადების გადახდა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და ა. შ., მაგრამ არამცდაარამც ფილიალის სამართალსუბიექტად ქცევას. განსხვავებული მიდგომა, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება საკორპორაციო სამართლის ძირითად პრინციპებს, მნიშვნელოვანი რისკის შემცველია სამოქალაქო ბრუნვაში, როგორც ძირითად საწარმოსა და ფილიალს შორის ურთიერთობის ფარგლებში, ასევე მესამე პირებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც.

განსხვავებულია მიდგომა, როცა უცხოური საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე მისი საქმიანობის განხორციელების მიზნით აარსებს დამოუკიდებელ საწარმოს ამათუიმ დამოუკიდებელ სამეწარმეო სამართლებრივი ფორმით, ასეთ ვითარებაში, საწარმოს სახელწოდებაში შეიძლება ფიგურირებდეს ფილიალი, თუმცა, სამართლებრივ ფორმაში მითითებული იყოს მაგალითად შპს, სს და ა. შ. ასეთ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფუნქციურად უცხოური საწარმოს ფილიალთან, თუმცა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქართველოში დაარსებულ მეწარმე სუბიექტთან, რა დროსაც, იგი სამართალურთიერთობის დამოუკიდებელ სუბიექტად განიხილება და მის მიმართ, ფილიალისათვის დაწესებული სამართლებრივი რეჟიმი არ ვრცელდება.იგივე უნდა ითქვას, უცხო ქვეყნის საწარმოებზე, რომელთა საქმიანობის უწყვეტობის დაურღვევლად მოხდა რეგისტრაციის გადმოტანა საქართველოში (რედომიცილება).

მაგ: როცა უცხოური კომპანია საქართველოში არეგისტრირებს მის წარმომადგენლობას, ფილიალის ფორმით, ასეთ შემთხვევაში ეს ფილიალი განიხილება ამ კომპანიის ნაწილად და იგი არ წარმოადგენს ცალკე სუბიექტს. თუმცა თუ მოხდება ამ წარმომადგენლობის რეგისტრაცია შპს-ს ფორმით, მაშინ იგი ჩაითვლება დამოუკიდებელ სუბიექტად.

აღსანიშნავია, რომ სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით.

მაგ: სარჩელის შეტანა, რომელიც უკავშირდება კომპანია „ტექნობუმის“ ქუთაისის ფილიალში ნაყიდ ტელევიზორს, უნდა მოხდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და არა კომპანიის იურიდიული მისამართის მიხედვით.

სამეწარმეო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის სამეწარმეო სამართლის ფორუმზე.