რას ნიშნავს მცირე მეწარმეობა?

wave-small-biz-love-it

რას ნიშნავს მცირე მეწარმეობა?

მცირე მეწარმეობა, ისევე როგორც მიკრო მეწარმეობა, წარმოადგენს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის სახეობას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ზოგადად ფიზიკური პირი საშემოსავლო გადასახადს იხდის 20%-იანი განაკვეთით, მცირე მეწარმის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში მისი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 1%-მდე შემცირდება.

მეწარმე ფიზიკური პირი უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს შემოსავლების სამსახურს, რომელიც გასცემს  მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.

მცირე ბიზნესის სერთიფიკატის გაცემის პირობა:

შემოსავლების სამსახური გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს თუ მეწარმე ფიზიკური პირი აკმაყოფილებს სამ პირობას:

1. ფიზიკური პირი რეგისტრირებულია ინდ.მეწარმედ (გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა);

2.მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 ლარს.

3. მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობა არ ხვდება მთავრობის 415-ე დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებს შორის, რომლის დროსაც აკრძალულია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება.

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი:

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება:

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას.  (იხ. საქართველოს კანონი „ნებართვებისა და ლიცენზიების შესახებ“)

2. საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება).

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.

5. სათამაშო ბიზნესი.

6. პერსონალით უზრუნველყოფა.

7. აქციზური საქონლის წარმოება.

დაბეგვრის პირობები:

მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა და იმ შემოსავლისა, რომელიც ზოგადი წესით იბეგრება.

ზოგადად მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, იბეგრება 1 პროცენტით.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

შემოსავლები, რომლებიც არ იბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით:

შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის  რეჟიმით  და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში:

1. ქონების იჯარით გაცემა.

2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.

3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები.

4. ჩუქება.

5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზაციით:

ა) უძრავი ქონება;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება;

გ) ფასიანი ქაღალდები.

6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი.

7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.

8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი.

10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.

11. პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა;

ბ) პირმა ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის დასრულებამდე მიმართა;

გ) პირი ახორციელებს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას;

დ) პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის.

მსგავსი სტატია:  რა არის მიკრო მეწარმეობა?