საპოლიციო პრევენციული ღონისძიებები – პირის მოწვევა პოლიციაში

interrogation-roomპირის მოწვევა პოლიციაში

პირის მოწვევა გულისხმობს პოლიციელის უფლებას, გასაუბრების მიზნით, შეტყობინებით მოიწვიოს პირი პოლიციაში.

რა შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს პირი პოლიციაში?

პირი შეიძლება მოწვეულ იქნეს პოლიციაში, თუ:

1.არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს აქვს საჭირო ინფორმაცია, რომელიც პოლიციას თავისი ფუნქციის შესრულებაში დაეხმარება;

მაგ: არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რომ პირს გააჩნია გარკვეული ცნობები შესაძლო სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შესახებ.

2.ეს აუცილებელია სხვა პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განსახორციელებლად.

ფორმალური მხარე:

შეტყობინებისას პირს აუცილებლად უნდა განემარტოს მოწვევის საფუძველი.

მოწვევის შესახებ შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს, რომ პოლიციაში გამოცხადება და პოლიციის დატოვება ნებაყოფლობითია. ეს იმას ნიშნავს, რომ პირი არ არის ვალდებული გამოცხადდეს პოლიციაში და მის უარს გამოცხადებაზე არ შეიძლება მოყვეს რაიმე პასუხისმგებლობა.

პირის მოწვევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი სამსახურებრივი მოვალეობების თავისებურებები და პირადი ცხოვრების ინტერესები.

არასრულწლოვნის მოწვევა დასაშვებია მხოლოდ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.

მოწვეულ პირთან გასაუბრების შესახებ დგება გასაუბრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მოწვეული პირი, ხოლო თუ მოწვეული პირი არასრულწლოვანია − აგრეთვე მისი თანმხლები მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი, და ოქმის შემდგენი პოლიციელი.

მოწვეულ პირთან გასაუბრების ოქმში უნდა მიეთითოს გასაუბრების ადრესატი, გასაუბრების საფუძველი, მოწვეული პირისთვის მისი უფლებების განმარტების შესახებ და სხვა ფაქტობრივი გარემოებები.

მოწვეული პირის მიერ გასაუბრების ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მოწვეულ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.

პოლიციაში ყოფნის ხანგრძლივობა:

მოწვეული სრულწლოვანი პირის პოლიციაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს, ხოლო არასრულწლოვნისა – 2 საათს.

განსხვავება მოწვევის ტიპებს შორის

პირის მოწვევის განსხვავება სისხლის სამართლებრივი დაკითხვაზე მოწვევისაგან

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლიდან გამომდინარე, პირი შეიძლება დაიკითხოს მოწმის სახით პროკურორის ან გამომძიებლის მიერ სისხლისამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით.

ასეთი დაკითხვის დროს, დასაკითხი პირი ვალდებულია გამოცხადდეს შესაბამის საგამოძიებლო უწყებაში და მისცეს ჩვენება, განსხვავებით პოლიციის მიერ პრევენციული ღონისძიების ფარგლებში პირის მოწვევისაგან, რაზეც ამ სტატიაში ვისაუბრეთ.

პირის მოწვევის განსხვავება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის პოლიციაში მიყვანისგან

განსხვავება აქაც ის არის, რომ პირის მოწვევისგან განსხვავებით, სახეზეა  ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და პოლიცია უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწერსიგის დაცვის მიზნებიდან გამომდინარე იგი სავალდებულო წესით მიიყვანოს პოლიციაში, მაგალითად ოქმის შევსება ვერ ხორციელდება ადგილზე და პოლიციაში ოქმის შესავსებლად (ასევე ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის 243-ე მუხლით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის)