მოწმის დაკითხვის წესი სამოქალაქო პროცესში

witnessმოწმის დაკითხვის წესი სამოქალაქო პროცესში

სამოქალაქო პროცესის ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობით, მოწმედ შეიძლება გამოძახებული იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც შეუძლია მიაწოდოს სასამართლოს ცნობები საქმის გარემოებების შესახებ.

მოწმე არ შეიძლება იყოს:

1) პირი, რომელსაც თავისი ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია სწორედ აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება.

2) სასულიერი პირები- იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს.

3) წარმომადგენლები სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე, ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა მათ მიერ წარმომადგენლის მოვალეობის შესრულებისას.

4) მედიატორი- მედიატორის მოვალეობის შესრულებისას გაგებული გარემოებების შესახებ.

მოწმედ დაბარებული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, კერძოდ მოწმის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი დაჯარიმდება 50 ლარით. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მოწმის იძულებითი მიყვანა.

ამავდროულად ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისი, კერძოდ ჩვენების მიცემაზე უარი შეუძლია თქვან:

ა) მხარეთა მეუღლეებმა;

ბ) ახლო ნათესავებმა – შვილები, შვილიშვილები, ძმები, დები, მშობლები, მშვილებლები, შვილობილები, მზრუნველები, მეურვეები, ბებიები, პაპები;

გ) პირებმა, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ვალდებულნი არიან დაიცვან საიდუმლოება, თუ ისინი განთავისუფლებულნი არ არიან ამ მოვალეობისაგან.

მათ შეუძლიათ უარის თქმა მხოლოდ მაშინ, თუ:

1) ჩვენების მიცემა გამოიწვევს მოწმის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.

ან/და

2) მიაყენებს მათ ქონებრივ ზიანს.

მაგ: მოპასუხის მეუღლეს შეუძლია უარი თქვას ჩვენების მიცემაზე იმ გარემოების შესახებ, რომლითაც დასტურდება ფაქტი, რომ მისი მეუღლის უხეში გაუფთხილებლობის შედეგად მიიღო მძიმე სახის სხეულის დაზიანება მოსარჩელემ ან რომ მისი მეუღლის განზრახ ქმედებას მოჰყვა მოპასუხის ქონების დაზიანება.

როგორც წესი მოწმის დაკითხვა ხორციელდება სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მაგრამ მოწმე შეიძლება დაიკითხოს მის ადგილსამყოფელზეც, თუ არსებობს კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევები. მაგალითად, ავადმყოფობის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს.

მოწმეები უნდა დაიკითხონ ცალ-ცალკე, რათა მათ არ მოახდინონ გავლენა ერთმანეთზე ჩვენების მიცემისას. ასევე ისინი სხდომის დამთავრებამდე უნდა იმყოფებოდნენ დარბაზში, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მათი განმეორებით დაკითხვა ან სხვა მოწმეებთან დაპირისპირება.

მოწმე დაკითხვის დაწყებისას თავის ვინაობას აფიქსირებს, ხოლო სასამართლო აფრთხილებს მოწმეს, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს არასწორი ჩვენების მიცემას. ამის შემდეგ მოწმე გადმოსცემს რაც მან იცის საქმის გარემოებების შესახებ, რის შემდეგაც იწყება შეკითხვების მიცემის პროცესი.

პირველად შეკითხვას სვამს ის მხარე, რომელის ინიციატივითაც დაიბარეს მოწმე, შემდგომ მოწინააღმდეგე მხარე.შეკითხვების მიცემის რიგითობა არ ვრცელდება მოსამართლზე, მას შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწმეს ნებისმიერ დროს, მათ შორის პირველმა.

მოწმე ჩვენებას აძლევს ზეპირად, მაგრამ მას შეუძლია ისარგებლოს ჩანაწერებით, თუ მისი ჩვენება დაკავშირებულია რაიმე ციფრობრივ ან სხვა ძნელად დასამახსოვრებელ ცნობებთან. ეს ჩანაწერები მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება დაერთოს საქმეს.

მხარის შუამდგომლობით და მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა.

მხარეს შეუძლია უარი თქვას იმ მოწმის დაკითხვაზე, რომლის გამოძახებასა და დაკითხვაზე თვითონ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე. მეორე მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რომ გამოცხადებული მოწმე დაკითხულ იქნეს, ხოლო თუ დაკითხვა დაწყებულია, – გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში მოწმე უნდა დაიკითხოს.