ონლაინ შეძენილი საქონლის განბაჟების წესი იცვლება

ონლაინ საქონელის განბაჟების წესი იცვლება

რამდენიმე დღის წინ, იმ მომხმარებლებმა, რომლებიც საფოსტო გზავნილებით სარგებლობენ, შემდეგი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს” :

“ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოს საბაჟო კანონში საფოსტო გზავნილების პროცედურებთან დაკავშირებით, ცვლილებების შეტანა იგეგმება. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ ცვლილებებს და გაითვალისწინოთ:

1. თქვენ მიერ გამოწერილი ამანათის დეკლარირება გახდება სავალდებულო და ექნება იურიდიული ძალა;

2. საბაჟო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გააჩეროს ამანათი და გადაამოწმოს მისი ღირებულება;

3. დაუდეკლარირებელი ამანათი გაჩერდება საბაჟოზე და მის მფლობელს ინვოისის წარსადგენად მიეცემა 3-5 დღის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ღირებულების განსაზღვრის მიზნით ამანათს ჩაუტარდება ექსპერტიზა;

4. ექსპერტიზა იქნება ფასიანი და მისი საფასურის დაფარვა დაეკისრება ამანათის მიმღებს – პირს ვის სახელზეც შემოვა ამანათი საბაჟო სივრცეში.

იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის მიმღები დეკლარირების დროს შეგნებულად შეამცირებს ამანათის ღირებულებას (განბაჟების თავიდან ასაცილებლად ან სხვა ნებისმიერი მიზნით) მოხდება სახელმწიფოს მიერ მისი დაჯარიმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

1. აუცილებლად დაადეკლარირეთ ამანათი მის საქართველოში გამოგზავნამდე.

2. დეკლარირება მოახდინეთ ზუსტად, ამანათის ინვოისის შესაბამისად”.

აღნიშნულმა შეტყობინებამ საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია. სიტუაციაში გასარკვევად, “ალიას” საბაჟო დეპარტამენტის მრჩეველი გიგა ჯაკობია ესაუბრა:

– ამ სიახლის შემუშავება იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ საერთო სამართლებრივ ჩარჩოებში მოგვექცია საფოსტო გზავნილებთან დაკავშირებული საკითხები. ყველას ცალ-ცალკე ფორმა ჰქონდა და ჩვენ საერთო ფორმა შევიმუშავეთ.

– საფოსტო გადამზიდავებში არ გამოიწვია უკმაყოფილება ამ სიახლის შემუშავებამ?

– ყველა საფოსტო გადამზიდავთან გავიარეთ კონსულტაცია და ამის საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული. საერთო სისტემა მზადდებოდა და სინქრონიზაციაში უნდა მოხდეს მათი მონაცემები საბაჟო ბაზაში, ყველა ინფორმირებული იყო ამის თაობაზე.

– რას მოიცავს კანონში ცვლილება და კონკრეტულად რა სახის საფოსტო გზავნილებს შეეხება?

– სიახლე არ ეხება ზოგადად საფოსტო გზავნილებს. ეს ეხება, მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ-შესყიდვებს, იმათ ვინც სხვადასხვა ინტერნეტ საიტებიდან ყიდულობს სხვადასხვა პროდუქციას. დეკლარირება ისედაც ხდებოდა, ოღონდ თითოეული საფოსტო გადამზიდველი, თავისი საიტის მეშვეობით არეგულირებდა მაგ ურთიერთობებს თავის მომხმარებლებთან. ამ ეტაპზე სიახლე შემდგომში მდგომარეობს – პრაქტიკულად, რასაც აკეთებდნენ ჩვენი საფოსტო გადამზიდველები, რასაც აკეთებდნენ თავის საიტზე, ანუ დეკლარაციის რა ფორმასაც სთავაზობდნენ მომხმარებელს, რომელსაც ავსებდნენ მომხმარებლები, ამას ჩვენ ყველაფერს საკანონმდებლო ჩარჩოებში მოვაქცევთ და ვაძლევთ კონკრეტულ ფორმას, რომელსაც დავარქვით საბაჟო ღირებულების დეკლარაცია. სწორედ ამ დეკლარაციას შეავსებენ და ეს ფორმა იქნება ყველასთვის საერთო და ეს არ იქნება თითოეული გადამზიდველისთვის განსხვავებული. სიახლე არის მხოლოდ ის, რომ ერთიანი საბაჟო დეკლარაციის ერთიანი ფორმა შემუშავდა. ტერმინი შემოვიდა, ანუ, რასაც აკეთებდნენ მომხმარებლები და ის ადამიანები, რომლებიც საფოსტო გზავნილებთან არიან დაკავშირებული, იგივეს გააკეთებენ.

– ეს სიახლე, ხომ არ გააძვირებს ონლაინ შესყიდვას?

– არანაირად. ჩვეულებრივად, ის პრეფერენციები, რაც არსებობდა წონასთან დაკავშირებით, რჩება აბსოლუტურად იგივე. განსხვავება ის იქნება, რომ დეკლარირების ერთიანი ფორმა იმუშავებს.

– საბაჟო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გააჩეროს ამანათი და გადაამოწმოს მისი ღირებულება – ვკითხულობთ მომხმარებლებისთვის გადაგზავნილ შეტყობინებაში. როგორ დგინდება ეს საჭიროება, ან ვინ ადგენს?

– იმ შემთხვევაში გაჩერდება და გადამოწმდება ამანათი, თუ საფუძვლიანი ეჭვი წარმოიშვა ღირებულებასთან, დასახელებასთან და წონასთან დაკავშირებით. თუ ადამიანმა წიგნი დაწერა და სკანერმა დაფიქსირა მობილური ან სხვა რამ, უფლება აქვს საბაჟოს, ეს ქმედება განახორციელოს.

– როდიდან შევა ძალაში კანონში ცვლილება?

– სიახლე დარეგულირდება მინისტრის ბრძანებით, გაივლის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას და ესაა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ამოქმედდება სიახლე.

– ვინ იმუშავა ამ საკითხზე?

– სიახლეზე იმუშავა საბაჟო დეპარტამენტმა, თბილისის აეროპორტის გაფორმების ჯგუფთან ერთად.

წყარო: გაზეთი ალია