მოდური ბრენდების მფლობელი Alibaba–ს ყალბი საქონლის რეალიზაციისთვის უჩივის

Alibabaფრანგულმა ჰოლდინგურმა ჯგუფმა Kering SA–მ, რომელიც პრემიუმ–კლასის ბრენდებს ფლობს, Alibaba–ს წინააღმდეგ აშშ–ის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ჩინური ინტერნეტ–გიგანტი საკუთარი სავაჭრო პლატფორმის საქონლის კონტრაფაქტული პროდუქციის გაყიდვაში დაადანაშაულა.

სარჩელი აერთიანებს ისეთი ბრენდების პრეტენზიებს, როგორიცაა Gucci, Balenciaga, Yves Saint Laurent (YSL) და სხვა. მოსარჩელეთა განცხადებაში აღნიშნულია, რომ Alibaba და მასთან დაკავშირებული კომპანიები ხელს უწყობს კონტრაფაქტული პროდუქციის გაყიდვას საკუთარ ინტერნეტ–პლატფორმებზე.

გასული წლის ივლისში იგივე შინაარსის სარჩელი Kering–მა შეიტანა, მაგრამ ორ კვირაში, Alibaba–სთან მოლაპარაკებების შემდეგ უკანვე გაიტანა. თუმცა ამჯერად ფრანგულმა ჰოლდინგმა ყურადღება გაამახვილა Alibaba–ს საიტებზე იმ ალგორითმების გამოყენებაზე, რომლებიც მომხმარებელს ეხმარება ყალბი პროდუქციის მოძიებაში, ასევე კონტრაფაქტის გამყიდველებისთვის ლოგისტიკური და სხვა სახის სერვისების მიწოდებაზე.

Kering-ი აცხადებს, რომ Gucci–ს ჩანთები Alibaba–ს პლატფორმაზე იყიდება თანხად, რომელიც ორი დოლარიდან იწყება, ორიგინალური ნაწარმის ღირებულება კი მინიმუმ 795 დოლარია.

Alibaba-მ 18 მაისს განაცხადა, რომ Kering–ის ახალი სარჩელი უსაფუძვლოა, და გეგმავს მის გასაჩივრებას.

იანვარში ჩინეთის ხელისუფლებამ ინტერნეტ–გიგანტი Alibaba Group Holding Ltd. ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციისადმი ზედმეტად რბილ მიდგომებში, მექრთამეობაში და სხვა უკანონო ქმედებებში დაადანაშაულა.

Alibaba-ს მიმართ გაჩნდა ეჭვები, რომ ელექტრონული ვაჭრობის მთავარი მოედანი, Taobao გადატვირთულია გაყალბებული პროდუქციით. ხელისუფლება აღნიშნავს, რომ Alibaba თვალს ხუჭავდა აღნიშნული პლატფორმის საშუალებით ყალბი სიგარეტების, ალკოჰოლის გაყიდვაზე, ასევე იარაღის ბრუნვაზე და სხვა აკრძალული პროდუქციის რეალიზაციაზე.

თავად კომპანია ამტკიცებს, რომ წელიწადში 16,1 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს Taobao-სა და Alibaba.com–ზე კონტრაფაქტთან ბრძოლაში.

Alibaba უმსხვილესი ჩინური ჰოლდინგია, რომელიც ჩინეთში ელექტრონული ვაჭრობის 80%–ს აკონტროლებს. უახლესი ინფორმაციით, Alibaba Group–ის კაპიტალიზაცია 204 მილიონ დოლარს აღწევს.

წყარო: კომერსანტი