დაიბეგრება თუ არა საბანკო დეპოზიტები საქართველოში?

understanding-corporate-financeსაჭიროა თუ არა საბანკო დეპოზიტებიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრა?

ექსპერტების ნაწილი ასეთი ზომის მიღებას აუცილებლად მიიჩნევს, რათა მოხდეს მოსახლეობის თანხების რეალურ ეკონომიკაში ჩადებისა და ალტერნატიული ფინანსური ბაზრის განვითარება.

ექსპერტ ლია ელიავას განცხადებით, იმისთვის, რომ საბანკო სექტორის განვითარება არ გახდეს ეკონომიკისთვის დამაზიანებელი, პირველ რიგში, უნდა შემცირდეს ბანკებში მოსახლეობის ფულადი სახსრების, დეპოზიტების მოცულობა ანუ თანხები, რომლებიც რეალური ეკონომიკიდანაა ამოღებული. ამ მიზნით კი, ელიავას თქმით, საქართველომ უნდა გაიზიაროს ცივილიზებული მსოფლიოს გამოცდილება და დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი დაბეგროს.

იგივე პოზიცია აქვს გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მთავარ რედაქტორს ზურაბ კუკულაძეს, რომლისთვისაც გაუგებარია, ქონების გადასახადის მსგავსად რატომ არ იბეგრება დეპოზიტები, რომელიც ჩვეულებრივი ქონებაა.

მისი თქმით, აღნიშნული გადასახადის შემოღება იქნება სტიმული, რომ ფული გავიდეს საბანკო არხების გარეთ და მოხდეს ალტერნატიული ფინანსური ბაზრის განვითარება.

ამასთან, ბიზნესს უფრო დაბალპროცენტიანი სესხის მიღების რესურსი გაუჩნდება.

კუკულაძე არ გამორიცხავს, რომ ცვლილებამ საბანკო სესხების გაძვირება გამოიწვიოს, მაგრამ ამას დააბალანსებს კონკურენცია.

ექსპერტის თქმით, საბანკო სისტემა რეალურად არის საფინანსო ბაზრის მონოპოლისტი, და ამ მდგომარეობის შეცვლისკენ გადადგმული ერთერთი ნაბიჯი სწორედ დეპოზიტებიდან მიღებული სარგებლის დაბეგვრა იქნება. მისი განცხადებით, ეს ავტომატურად არ გამოიწვევს ალტერნატიული ფინანსური ბაზრის განვითარებას და საკითხისადმი კომპლექსური მიდგომაა საჭირო – ამას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, და ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს მუშაობა.

„სამწუხაროდ, მეორე წელი სრულდება, რაც ფასიანი ქაღალდების ბაზარი გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ. ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს ბიზნესისთვის ფინანსური რესურსის გაიაფების მიმართულებით, და ამ მხრივ მძლავრი სტიმული სწორედ ალტერნატიული ფინანსური ბაზრის განვითარება იქნება, რისთვისაც ერთერთი სტიმული დეპოზიტების დაბეგვრაა“ – აცხადებს კუკულაძე.

მისივე თქმით, ამ ცვლილებით მომხმარებლების უფლებები არ დაირღვევა, რადგან ვისაც დეპოზიტი აქვს, მას გარკვეული შემოსავალი გააჩნია და მათთვის 1%–იანი ბეგარა მნიშვნელოვანი დანაკარგი არ გახდება. ამასთან, დეპოზიტი ინფლაციისგან დაზღვევის მექანიზმი უფროა, ვიდრე ფინანსური სარგებლის მიღების საშუალება.

ექსპერტის განცხადებით, დღეს საბანკო დეპოზიტების საშუალო განაკვეთი 6%–ია, კრედიტების კი 14,5. ამასთან, დეპოზიტების ნაწილის დაკარგვის შემთხვევაში ბანკებს ფულადი რესურსების მიზიდვის პრობლემა არ ექნებათ, რადგან ამას ეროვნული ბანკისა და უცხოური ფინანსური ინსტიტუტებიდანაც შეძლებენ, როგორც კუკულაძე ამბობს, ფინანსური რესურსების მოზიდვის პრობლემის წინაშე  არა საბანკო სექტორი, არამედ ეკონომიკა დგას.

მისი ინფორმაციით, საბანკო დეპოზიტები 13 მილიარდი ლარს შეადგენს, აქედან 67% დოლარშია განთავსებული.

ბანკების ასოციაცია აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას დაგვპირდა და „კომერსანტი“ მის პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება.

საგადასახადო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის საგადასახადო სამართლის ფორუმზე.