ქველმოქმედებით მიღებული თანხა საშემოსავლო გადასახადით აღარ დაიბეგრება

mobile-messagingქველმოქმედებით მიღებული თანხა აღარ დაიბეგრება

საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან სამკურნალოდ მიღებულ თანხას სახელმწიფო გადასახადებისგან ათავისუფლებს.

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პირი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მკურნალობის ან სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების მიზნით საქველმოქმედო ორგანიზაციიდან სარგებელს მიიღებს, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება, რაც თანხის 20%-ის დაქვითვისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის. მთავრობის მიერ მიღებული დებულების მოქმედება 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება.

დღეს არსებული კანონმდებლობით კი, ქველმოქმედება რამდენჯერმე იბეგრება, შესაბამისად საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხული თანხის მხოლოდ ნაწილი მიდის ბენეფიციარამდე, ნაწილი კი გადასახადებს ხმარდება.

საინტერესოა სქემა, როცა საქველმოქმედო პროცესში მობილური ოპეტატორები ერთვებიან და ქველმოქმედება მათი ქსელის საშუალებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ დღეს კანონმდებლობა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გაცემულ ნომრებს და ჩვეულებრივ სამომხმარებლო ნომრებს ერთმანეთისგან არ ანსხვავებს და ორივეს ერთნაირი გადასახადით ბეგრავს.

საქველმოქმედო ფონდისათვის გაცემულ ნომრებზე გადარიცხული ყოველი 1 ლარიდან ბენეფიციარი 54 თეთრიდან 75 თეთრამდე იღებს(თანხა სატელეფონო კომპანიების მიხედვით განსხვავებულია), რასაც შემდგომში დამატებით საშემოსავლო გადასახადი ანუ 20% აკლდება. გამოდის, რომ გადარიცხული 1 ლარიდან საბოლოოდ ბენეფიციარი 44-დან 60 თეთრამდე იღებს. 

„დიტო ცინცაძის ფონდის“ დამფუძნებელი კახა ჯანაშვილის  თქმით, ფონდში შესული ყოველი ერთი ლარიდან „ჯეოსელი“ 46 თეთრს აჭრის, „მაგთიკომი“ 40 თეთრს, „სილქნეტი“ 30 თეთრს, „ბილაინი“ კი 25 თეთრს.

მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისულების თაობაზე ჯანაშვილი დადებითად აფასებს, თუმცა, ამ კუთხით არსებულ სხვა პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას.

ჯანაშვილის სურვილია, სახელმწიფომ ის კომპანიებიც წაახალისოს, ვინც საქველმოქმედო ფონდებს ეხმარება.

მობილური ოპერატორების მიერ ჩამოჭრილი თანხიდან ნაწილი გადასახადებს ხმარდება. როგორც „კომერსანტს“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, თითო ზარზე მობილურ ოპერატორებს აქციზის 10%-იანი გადასახადისა და დღგ-ს 18%-იანი გადასახადის გადახდა უწევს.

უწყების საზოგადოებსთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხატია ყურაშვილი აცხადებს, რომ ამასთან ერთად მობილურ ოპერატორებს სხვა ქსელზე ზარის განხორციელება დამატებით 5 თეთრი უჯდებათ, შიდა ქსელში დარეკვისას კი გადასახადი არ მოქმედებს.

გამოდის, რომ 1 ლარიდან მთლიანად გადასახადებში მობილური ოპერატორები 28 თეთრს ხარჯავენ, სხვა ქსელებში ზარის განხორციელების შემთხვევაში ამ თანხას 5 თეთრი ემატება, ანუ სულ 33 თეთრი, დანარჩენი თანხა უშუალოდ მობილურ ოპერატორებს რჩებათ.

კომპანია “ჯეოსელში” აცხადებენ, რომ ლარიანი საქველმოქმედო ზარიდან კომპანია 23 თეთრიან მოგებაზე მუშაობს, დანარჩენს კი აქციზისა და დღგ-ს გადასახადში იხდის.

საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა დღესდღეობით არ ითვალისწინებს ბიზნესის გათავისუფლებას გადასახადებისაგან. თუმცა, მათი ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, რათა კანონში შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ, რასაც კომპანია დადებითად აფასებს.

კომპანია „ბილაინში“ კი აცხადებენ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გაცემულ ნომრებზე თანხა სხვადასხვა ოდენობით იჭრება. თუ თანხა უნდა მოხმარდეს მძიმე სენით დაავადებულ ბენეფიციარს, კომპანია მას თანხის 25%-ს აჭარის, სხვა საქველმოქმედო საქმიანობისთვის – იქნება ეს ეკლესიის მშენებლობა თუ სხვა – თანხას 35% აკლდება.

კანონში არსებულ პრობლემაზე ფინანსთა მინისტრი მიმდინარე წლის ივნისის თვეშიც საუბრობდა. ნოდარ ხადური აცხადებდა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო ზარის ზუსტი მიზნების იდენტიფიცირებას  ვერ ახდენს, შესაბამისად მობილური ოპერატორები  თანხას ერთნაირად იხდიან როგორც ჩვეულებრივი ზარის, ასევე საქველმოქმედო ზარის შემთხვევაში.

“ძალიან რთული თემაა, ჩვენ მზად ვართ, ჩავიხედოთ სიღრმეში, ერთი მინდა გითხრათ, რომ კომპანიები იბეგრებიან მხოლოდ მათ მიერ გაწეული მომსახურებიდან და არა მთელი თანხიდან“, – აცხადებდა ნოდარ ხადური.