მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის მოტყუება კანონით ისჯება, ჩვენთან ეს სფერო არ რეგულირდება. ბოლო პერიოდში სულ უფრო ბევრი ადამიანი აღნიშნავს უკმაყოფილებით, რომ ზოგიერთ სუპერმარკეტში, ხშირ შემთხვევაში, დახლზე განთავსებულ პროდუქციას სხვა ფასი აქვს, სალაროსთან მისულებს კი რეალურად მეტის გადახდა უწევთ.
წესების შესაბამისად, პროდუქცია დახლზე გაკრული შტრიხკოდის ქვეშ უნდა დალაგდეს, თუმცა მომხმარებელი ამ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალს ყურადღებას არ აქცევს. შედეგი კი ასეთია: მომხმარებელს ჰგონია, რომ შედარებით იაფფასიანი პროდუქტი აიღო, მაგრამ სალაროსთან გაცილებით ძვირს იხდის.
მოლარე დარიგებულია განმარტოს, რომ საქონელს შეცდომით სხვა ფასი დააწერეს, ან ფასდაკლება იყო, რომელიც დასრულდა და ფასების შეცვლა ვერ მოასწრეს. ეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდია. ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელი 30-40 თეთრის გამო პროდუქციას უკან არ აბრუნებს და ყიდულობს.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი პროდუქციის ფასი დახლსა და სალაროსთან ერთმანეთს არ ემთხვევა და რა უფლებები აქვს მომხმარებელს პროდუქციის შეძენისა და მომსახურების დროს?
მომხმარებელს უფლება აქვს შესაბამის ორგანოებს მიმართოს. ეს არის ფინანსური პოლიცია ან მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაცია, რადგან სახეზეა კანონით განსაზღვრული, მომხმარებელთა უფლებების დარღვევა- მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა.
მომხმარებელს აუცილებლად უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, ხარისხის, უსაფრთხოების, შენახვის პირობების, პროდუქტის გამოყენებისა და რა თქმა უნდა, ფასის შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, მაღაზიას პროდუქტის განთავსების ადგილზე მკაფიოდ უნდა ჰქონდეს მითითებული პროდუქტის ფასი. ფასის გამოანგარიშება მომხმარებლისთვის იოლი უნდა იყოს.
განსხვავებული არგუმენტები აქვთ სუპერმარკეტების მენეჯერებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ფასების სხვაობა ტექნიკური შეცდომითაა განპირობებული. ისინი ამბობენ, რომ დოლარის კურსის ცვლილების გამო, მენეჯერები ხშირი გადაფასების გამო, ფასების შეცვლას ვერ ასწრებენ.
დაიცავით საკუთარი უფლებები არაკეთილსინდისიერი კომპანიებისგან, რომლებიც ცდილობენ თქვენ მოტყუებას, ნუ მისცემთ მათ უფლებას გამდიდრნენ თქვენს ხარჯზე.