მობილური აპლიკაციის ღირებულება

web-designing-company-changanacherry-kottayam-kerala-delhi

მობილური აპლიკაციის ღირებულება

რა ღირს მობილური აპლიკაციის დამზადება?

მობილური აპლიკაციის ღირებულება ერთ-ერთი ძირითადი საკითხია მის დამზადების საკითხში.

წინა სტატიებში ჩვენ უკვე განვიხილეთ ძირითადი საკითხები მობილური აპლიკაციის დამზადების შესახებ, თუმცა აქამდე არსებითად არ შევხებივართ აპლიკაციის დამზადების ღირებულების საკითხს.

ამ სტატიის წაკითხვის შედეგად, თქვენ ჩამოგიყალიბდებათ ზოგადი შეხედულება, მობილური აპლიკაციების ფასის ფორმირების თაობაზე, რაც დაგეხმარებათ ისეთი რთული საკითხის გადაჭრაში, როგორიცაა შესაბამისი შემსრულებლის შერჩევა თქვენი აპლიკაციის დამზადებისათვის.

შეკითხვა- “რა ღირს მობილური აპლიკაციის დამზადება?” ძალიან აბსტრაქტული და რთულად გასაცემია.

ეს იგივეა, რომ იკითხოთ „რა ღირს ავტომობილი?“ ავტომობილის ფასი ხომ სხვადასხვა ფაქტორებით განისაზღვრება: მოდელი, კილომეტრაჟი, წლოვანება, მდგომარეობა და ა.შ.

ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას მობილური აპლიკაციების შემთხვევაშიც, ფასები მერყეობს რამდენიმე ათასი ლარიდან, ათი ათასობით ლარამდე.

კონკრეტული ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა ელემენტებზე, როგორიცაა დიზაინი, ფუნქციონალი, ინტეგრაციების რაოდენობა, ოპერაციული სისტემა და სხვა. სწორედ ამ ფაქტორების სრულყოფილად გათვალისწინება იძლევა საშუალებას განისაზღვროს მობილური აპლიკაციის ზუსტი ფასი.

მოდით განვიხილოთ აღნიშნული ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მობილური აპლიკაციის ფასზე, ამავდროულად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ დავზოგოთ ფინანსები მობილური აპლიკაციის დამზადებისას.

დაკავშირებული სტატია: როგორ შევქმნათ მობილური აპლიკაცია?

choosing-business-entity-535მიზნის სიცხადე

როდესაც გაქვთ გარკვეული იდეა, მისი რეალობად ქცევისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება კარგად დაამუშავოთ იგი: რა ფუნქციები უნდა გააჩნდეს აპლიკაციას, როგორი უნდა იყოს დიზაინი და სხვა.

მაგალითად, გვყოლია კლიენტები, რომლებსაც გააჩნდათ კარგი იდეები, თუმცა მათ არ ჰქონიათ გაცნობიერებული ამ იდეის ტექნიკური მხარე, ფინანსები და ვადები.

ასეთი საკითხების მიმართ სრული სიცხადის გარეშე, პროექტის დაწყება განაპირობებს უარყოფით შედეგებს, როგორც დამკვეთისთვის, ისე შემსრულებლისთვისაც, ამიტომაც პროექტსა და ფასზე შეთანხმებამდე, მნიშვნელოვანია ღრმად შესწავლილ იქნეს ყველა ის დეტალი, რაც უნდა ახასიათებდეს აპლიკაციას.

company-profile_istock_000014377944smallვინ უნდა დაამზადოს აპლიკაცია?

რა თქმა უნდა პროფესიონალებმა, შეისწავლეთ ბაზარი, დაუკავშირდით ყველა არსებულ კომპანიას, გაეცანით მათ გამოცდილებას, ფასებსა და პირობებს. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა დაამზადოს თქვენი აპლიკაცია.

მცირე რჩევები:

პროექტის მენეჯერი– განსაკუთრებულად დაინტერესდით პროექტის მენეჯერის ვინაობით, მისი გამოცდილებით, გაარკვიეთ რამდენად პასუხისმგებლიანი შეიძლება იყოს იგი. მნიშვნელოვანია ასევე კომუნიკაციის უნარი- პროექტის მენეჯერი გაუგებრად არ უნდა საუბრობდეს, ცხადად უნდა შეეძლოს თითოეული ნიუანსის გადმოცემა.

ფასი– „ყველაზე იაფი-ყველაზე კარგი“, ეს პრინციპი არ მოქმედებს ამ ბიზნესში, თუმცა არც ძვირი ფასი ნიშნავს, რომ საუკეთესო ვარიანტს გთავაზობენ. ამდენად მხოლოდ ფასის მიხედვით ძიება მცდარი გადაწყვეტილებაა.

დიზაინერი და პროგრამისტი– აჯობებს, რაც შეიძლება დეტალურად გაესაუბროთ პროგრამისტებს, დაელაპარაკეთ მათ მიერ გაკეთებულ პროექტებზე და მათ ხედვებზე თქვენი აპლიკაციის დამზადების თაობაზე.

ask-questionsდასვით შეკთხვები

სანამ მობილური აპლიკაციის დამზადებას შეუკვეთავთ, დასვით რაც შეიძლება მეტი შეკითხვა:

რა დაჯდება აპლიკაცია?

რა შედის აღნიშნულ ფასში და რა არ შედის?

რამდენი დრო დაჭირდება აპლიკაციის დამზადებას?

რა შედის ამ ვადაში და რა არა?

რა პროგრამული ენით იქნება დამზადებული აპლიკაცია?

როგორ და რის ხარჯზე შეიძლება ფასების შემცირება?

როგორია აპლიკაციის დამზადების პროცედურა?

და ა.შ.

რაც უფრო მომზადებული და გააზრებული შეკითხვები გაქვთ, მით უფრო მეტი შედეგი მოაქვთ მათ.

ამავდროულად, არ დასვათ შეკითხვა მხოლოდ იმიტომ, რომ დასვათ, მათ გარკვეული ღირებულება უნდა გააჩნდეს, როგორც თქვენთვის, ისე იმ პირებისთვის ვისაც ამ შეკითხვას უსვამთ.

რჩევა:კარგი იქნება თუ თქვენს შეკითხვებზე პასუხის დაფიქსირება წერილობით მოხდება, რადგან აღნიშნული ბევრად გაამარტივებს ურთიერთობას. ამის ყველაზე ეფექტური ფორმაა მემორანდუმის გაფორმება, რომელიც მხოლოდ ინფორმაციული სახისაა და არ წარმოშობს იურიდიულ ძალას. ამავდროულად, თუ ჯერ არ გყავთ არჩეული შემსრულებელი, საკმაოდ ეფექტურია იმეილის მეშვეობით კომუნიკაცია.

160910423-1ზოგადი ინფორმაციის დეტალიზაცია

როდესაც უკვე გეცოდინებათ აპლიკაციის მთლიან ფასი, შეეცადეთ, უფრო დეტალურად გაარკვიოთ რომელი ელემენტი რა ჯდება და რატომ: დაგეგმვა, დიზაინი, პროგრამირება, ატვირთვა, ადმინისტრირება, დატესტვა, და ა.შ.

დასვით უფრო კონკრეტული შეკთხვები:

რა ეღირება აპლიკაციის დამზადების დაგეგმვა?

რა ეღირება დიზაინი?

რა ეღირება პროგრამირება?

არის თუ არა რაიმე დამატებითი ან/და ფარული ხარჯი?

და ა.შ.

თუ არ მოგეწონებათ პასუხები ან თუ მათზე პასუხი საერთოდ ვერ მიიღეთ, აჯობებს სხვაგან ეძიოთ მომსახურება.

პროფესიონალი კომპანია აუცილებლად უზრუნველყოფთ თქვენ ყველა საჭირო ინფორმაციით, აპლიკაციის დამზადების თითოეული ეტაპის შესახებ, ისე რომ თქვენ ინფორმაციის მოძიებაზე და კონტროლზე ფიქრით არ დაიღლებით.

money-habit-richფასის ფორმირების ელემენტები

ხელშეკრულების შედგენის პროცესი

ხელშეკრულების შედგენა უმნიშვნელოვანესი ელემენტია, არა იმდენად ფასის ფორმირების კუთხით, არამედ ორივე მხარის ინტერესების დაცვის კუთხით, კერძოდ სწორედ ხელშეკრულებაში განისაზღვრება რა მოცულობის სამუშაოს გაწევა მოუწევს შემსრულებელს და რა ფასი უნდა გადაუხადოს აღნიშნული მოცულობის სამუშაოში დამკვეთმა.

მობილური აპლიკაციის დამზადების ხელშეკრულება თავისი ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს.

ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანია დეტალურად გაიწეროს მხარეთა ურთიერთობის თითოეული ეტაპი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ტექნიკური დავალების შედგენა, რომელშიც ზუსტად განისაზღვრება დასამზადებელი მობილური აპლიკაციის ყველა ელემენტი.

ტექნიკური დავალება

ზოგადად ტექნიკური დავალების შედგენა ცალკე ფასი ღირს, რაც დამოკიდებულია მობილური აპლიკაციის სირთულეზე.

მარტივი აპლიკაციების შემთხვევაში, ცალკე ფასი არ განისაზღვრება, იგი მოცულია აპლიკაციის მთლიან ღირებულებაში, თუმცა რთული მობილური აპლიკაციების ტექნიკური დავალება შესაძლოა რამდენიმე ათასი ლარიც კი ღირდეს.

ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია პირველ ეტაპზე დაიდოს წინარე ხელშეკრულება, რომლის საგანი იქნება ტექნიკური დავალების შედგენა, რის შემდეგაც დაიდება უკვე ძირითადი ხელშეკრულება მობილური აპლიკაციის დამზადების თაობაზე. გარდა ამისა, შესაძლებელია ტექნიკური დავალება სხვა პირს დაუკვეთოთ, ხოლო აპლიკაციის დამზადება სხვას.

კარგი ტექნიკური დავალება ბევრად გაამარტივებს მთლიან პროცესს. ტექნიკური დავალების შედგენა მობილური აპლიკაციების დამზადებისთვის, იგივეა, რაც არქიტექტურული და კონსტუქციული პროექტის შედგენა სახლის მშენებლობისთვის.

ამდენად, თუ თქვენი მიზანია მრავალფუნქციური აპლიკაციის დამზადება, ნუ დაზოგავთ ფულს კარგი ტექნიკური დავალების შედგენისათვის, რადგან ამ ეტაპზე მცირე თანხის დაზოგვამ, შესაძლოა დიდი თანხით გაზარალოთ შემდგომ ეტაპებზე.

Designer Drawing

დიზაინი

დიზაინი მობილური აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, მისი მნიშვნელობა დამოკიდებულია აპლიკაციის შინაარსზე.

ზოგიერთი აპლიკაციისთვის დიზაინი არის ამოსავალი წერტილი, ხოლო სხვებისთვის დიზაინის მნიშვნელობა შედარებით მცირეა.

ამდენად დიზაინის ღირებულება დგინდება იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული მობილური აპლიკაციისთვის დიზაინი, რა სპეც-ეფექტები უნდა იქნეს გამოყენებული და რამდენად დიდი, მრავალფეროვანი მოცულობის სამუშოს განხორციელება უწევს დიზაინერს.

ჩვენთან აპლიკაციის დიზაინის ღირებულება მერყეობს 500 ლარიდან, რამდენიმე ათას ლარამდე. სამუშაოს სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა რამდენიმე დიზაინერი იყოს ჩართული აპლიკაციის დიზაინის დამზადების პროცესში.

პროგრამისტები

გასაკვირი არ არის, თუ ვიტყვით, რომ რაც არ უნდა კარგად იყოს ორგანიზებული მობილური აპლიკაციის დამზადების პროცესი და რაც არ უნდა კარგი დიზაინის მქონე იყოს აპლიკაცია, მისი ფუნქციური გამართულობისთვის აუცილებელია პროფესიონალი პროგრამისტი.

პროგრამისტების სამუშაოს ღირებულება  დამოკიდებულია სხვადასხვა ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე.

ობიექტური ფაქტორები – რა გამოცდილების მქონეა პროგრამისტი- რამდენი და რა სირთულის აპლიკაცია აქვს გაკეთებული.

სუბიექტური ფაქტორები – რამდენად აფასებს პროგრამისტი თავის თავს.

პროგრამისტების შეფასების დროს მნიშვნელოვანია ასევე იმის გარკვევა, რომელი ოპერაციული სისტემის აპლიკაციებზე აქვს უფრო მეტი ნამუშევარი პროგრამისტს.

ყველა ამ ფაქტორს გათვალისწინებით განისაზღვრება პროგრამისტის ანაზღაურება,თუმცა როდესაც აპლიკაციის დამზადება ხორციელდება კომპანიის მიერ, აღნიშნული საკითხი ნაკლებად აქტუალურია დამკვეთისთვის.

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც დამკვეთი ქირაობს მხოლოდ პროგრამისტს და დიდ ყურადღებას არ აქცევს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა ტექნიკური დავალება, დიზაინი და სხვა, რასაც საბოლოო ჯამში სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს.

ინტეგრაციები

ისეთი ინტეგრაციები, როგორიცაა მაგალითად გადახდის სისტემა, ბუქინგი და ა.შ. განსაზღვრავს მობილური აპლიკაციის დამზადების ძირითად სირთულეს.ინტეგრაციების ოდენობა და სირთულე დიდწილად ახდენს გავლენას მობილური აპლიკაციის ღირებულებაზეც.

გარდა იმისა, რომ ინტეგრაციების განხორციელება ერთ-ერთი რთული ელემენტია მობილური აპლიკაციის დამზადებისას, იგი ამავდროულად საჭიროებს მესამე პირებთან კომუნიკაციას და მათთგან შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მიღებას, რაც შესაძლოა დროში გაიწელოს, მესამე პირების დაუდევრობის ან გულგრილობის გამო, ან შესაძლოა მათ არ გააჩნდეთ ინტეგრაციებისათვის აუცილებელი ტექნიკური მონაცემები.

ტესტირება

მობილური აპლიკაციის დამზადების ბოლო ეტაპია მისი ტესტირება. უნდა შემოწმდეს, რამდენად თავსებადია აპლიკაცია სხვადასხვა ზომის და ფორმის მობილურებისთვის, რამდენად სწორედ მუშაობს ყველა ფუნქცია და ხომ არ არსებობს რაიმე ხარვეზი.

ტესტირების განხორციელება შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, ასევე პირადად ცალკეული მობილური ტელეფონისა და პლანშეტის გამოყენებით.

ატვირთვა

ხშირად მობილური აპლიკაციის ატვირთვის საკითხი არ არის ხოლმე შეთანხმებული, რაც განაპიროებებს გარკვეულ გაუგებრობას.

აპლიკაციის app store-სა და play store-ზე ატვირთვის ეტაპი არანაკლებ მნიშვნელოვანია და საჭიროებს საკმაო ძალისხმევას, განსაკუთრებით IOS-ის აპლიკაციასთან დაკავშირებით.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპის შესახებაც მოხდეს შეთანხმება პროექტის დაწყებისას.

Support-ი

მობილურ აპლიკაციას, განსაკუთრებით რთული ფუნქციების მქონეს, მუდმივად სჭირდება ტექნიკური უზრუნველყოფა, ამავდროულად თუ მობილური აპლიკაციით ხორციელდება ბიზნესი (მაგალითად: ონლაინ შოპის აპლიკაცია), მაშინ აუციელბელია ასევე ბიზნესის ტექნიკური უზრუნველყოფაც.

რა განსხვავებაა ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ბიზნესის ტექნიკურ უზრუნველყოფას შორის?

ტექნიკური უზრუნველყოფა შემოიფარგლება მხოლოდ აპლიკაციის არსებული ფუნქციების სწორედ მუშაობის უზრუნველყოფით, ხოლო ბიზნესის ტექნიკური უზრუნველყოფა მოიცავს ბიზნესის წარმოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას, მაგ: მომხმარებლის ან/და ოპერატორის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, გარკვეული მონაცემების ცვლილებები და სხვა.

როგორც წესი ბიზნესის ტექნიკური უზრუნველყოფა გაცილებით მეტი ღირებულების მქონეა, ვიდრე აპლიკაციის ტექნიკური უზრუნველყოფა, ამიტომაც თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, წინასწარ განსაზღვრეთ ფინანსები და პროცედურული საკითხები ამ მიმართულებით.

 timelimit-300x130ვადების გავლენა ფასზე

აპლიკაციის დამზადების ღირებულებაზე არსებით გავლენას ახდენს შემცირებული ვადები, კერძოდ რაც უფრო სწრაფად სურს დამკვეთს აპლიკაციის დამაზდება, მით უფრო იზრდება ვადები.

მაგალითად, თუ აპლიკაციის დამზადების სტანდარტული ვადა განისაზღვრა ორი თვით, ხოლო დამკვეთს სურს აპლიკაციის დამზადება ერთ თვეში, აღნიშნულმა შესაძლოა განაპირობოს აპლიკაციის ღირებულების 50-80%-ით გაძვირება.

ბოლოსიტყვაობა

ბოლო-ბოლო რა ღირს მობილური აპლიკაციის დამზადება?

აღნიშნულ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია იმ ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, რაც ახდენს მობილური აპლიკაციის ფასის ფორმირებას, ეს არის სამუშაოს მოცულობა, სირთულე, ვადები,ინტეგრაციების ოდენობა, დიზაინის ელემენტები და სხვა.

კომპანია BLH-ში ერთ ოპერაციულ სისტემაზე აპლიკაციის დამზადების მინიმალური ფასი შეადგენს 1500 ლარს, ხოლო აპლიკაციის დამზადების საშუალო ფასები მერყეობს 4-5 ათასის ფარგლებში.

ამავდროულად აპლიკაციის სირთულის გათვალისწინებით მისი დამზადების ღირებულებამ შესაძლოა 100.000 ლარსაც გადააჭარბოს.

გახსოვდეთ ოქროს წესი: განსაზღვრეთ 20%-ით მეტი თანხა, ვიდრე წინასწარ ელოდებით.

მობილური აპლიკაციის შექმნა

გსურთ მობილური აპლიკაციის დამზადება?

იხილეთ ჩვენი მომსახურების გვერდი – მობილური აპლიკაციის დამზადება ან დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას მობილური აპლიკაციების დამზადებასთან დაკავშირებით.

1