Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterმიკუთვნებითი და აღიარებითი სარჩელი
(საქმე ას-55-54-2014)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას, აუცილებელია, არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ, რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას.
აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი, ანუ მიღწევადი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი, – სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას სარჩელი თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე. ამდენად, მატერიალურ-სამართლებრივი უფლების დაცვა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, მაგრამ ასეთი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. ამასთან, სარგებელი უნდა იყოს რეალური, ხელშესახები, მიღწევადი და დამოკიდებული არ იყოს სამომავლო, უცნობ მოვლენებზე, მით უმეტეს, აღნიშნული არ უნდა წარმოადგენდეს ნებაზე დამოკიდებულ პირობას.
BLH
Keymasterკეთილსინდისერი იპოთეკარი
ამ პოსტში საუბარი იქნება კეთილსინდისიერი იპოთეკარის ინტერესებზე, როდესაც მიუხედავად რეესტრის ჩანაწერისა, იპოთეკის საგნის მესაკუთრე აღმოჩნდება არაუფლებამოსილი.
მაგ: ერთ-ერთ საქმეზე (იხ.სუსგ№ას-259-246-2015) დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2012 წლის 16 ნოემბერს “A”-სა და „B”-ს შორის დაიდო ქ. ბათუმში მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.
ნასყიდობის საგანი აღირიცხა „B” (მყიდველის) საკუთრებად, თუმცა დარჩა „A”-ს (გამყიდველის) მფლობელობაში;
2013 წლის 19 ნოემბერს „B”-სა და “C”-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა ზემოთ აღნიშნულ ბინაზე იპოთეკით. („C”-მ შეიძინა იპოთეკის უფლება).
2014 წლის 20 მაისს, სასამართლომ დააკმაყოფილა „A”-ს სარჩელი და ბათილად სცნო 2012 წლის 16 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება.
„A”-მ ასევე მოითხოვა „B” და „C”_ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილება არის მართებული, შემდეგი დასაბუთებიდან გამომდინარე:
მართალია „B” არ იყო უფლებამოსილი, სხვის ქონებაზე დაედო გარიგება, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება. ამ თვალსაზრისით, არსებობს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც:
„საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპი კი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ამგვარი უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად საჯარო რეესტრი ერთის მხრივ სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო მეორეს მხრივ იგი სრულ კონსესუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან. კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც რეესტრში რეგისტრირებული უფლება არ შეესაბამება ამ უფლების ნამდვილ შინაარსს, ხოლო მესამე პირისათვის ეს ფაქტი უცნობია…
ვის უნდა მიენიჭოს უპირატესობა მესაკუთრეს თუ შემძენს და რა შემთხვევაში თითოეულს. ანუ იცავს თუ არა მსგავს სიტუაციაში შემძენს რომელიმე ნორმა, რაც დააბრკოლებდა სარჩელის დაკმაყოფილებას. მესამე პირთა დაცვის გარანტიები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. მოცემული ნორმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, როგორც მესამე პირთა დაცვის საშუალებას, ამასთან, უშვებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ხარვეზის შესაძლებლობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, იცავს ისეთ შემძენს, რომელიც ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.
შემძენის ინტერესების დაცვის გარანტიებს შეიცავს ასევე სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
აღნიშნული კონფლიქტი კანონმდებელმა სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების მიხედვით, შემძენის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რაც ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრეს აქვს უფლება შესაბამისი საზღაური მოითხოვოს არამართლზომიერი გამსხვისებლის მიმართ, ხოლო კეთილსინდისიერ შემძენს უნარჩუნდება საკუთრების უფლება“;
„სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი კლასიკური გაგებით, შეეხება რეესტრის ჩანაწერის იმგვარ უზუსტობას, როდესაც შემძენი წინდახედულობის გონივრულ ფარგლებში გამსხვისებლის უფლებას ნამდვილად მიიჩნევს, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს ნორმა ასევე არეგულირებს იმგვარ ურთიერთობებს, რომლებიც შეეხება ქონებაზე რეგისტრირებულ ვალდებულებებსაც, ანუ ამ ნორმათა ანალიზით, შეიძლება დავასკვნათ, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების უფლებრივ მდგომარეობას, შემძენს, თავის უფლების დასამტკიცებლად, შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც სინამდვილეში არასწორი იყოს რეესტრის მონაცემები, ამ მდგომარეობას არა არსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის არცოდნაში გამოიხატება.
ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ ელემენტებს და ნორმით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე – რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე დაყრდნობისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე უტყუარად უნდა ირკვეოდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე“ (იხ. სუსგ–ებები №ას-189-182-2013, 16 იანვარი, 2014 წელი; №ას-394-373-2013, 20 მაისი, 2014 წელი)
ამდენად, უძრავი ნივთის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც რეესტრში არის რეგისტრირებული, როგორც მესაკუთრე არის ნამდვილი და იპოთეკის უფლების შემძენის ინტერესები არის დაცული, რეესტრის სისწორის პრეზუმფციით. ასეთი ხელშეკრულება შეიძლება გაბათილდეს მხოლოდ შემძენის არაკეთილსინდისიერების დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს, რომელიც ითხოვს იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობას.
BLH
Keymasterანდერძის ფორმა და შედგენის წესი
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ანდერძი შეიძლება შედგეს, როგორც სანოტარო ფორმით, ასევე შინაურული სახით.(იხ. სტატია სრულიად).
BLH
Keymasterსახელმწიფოებრივი უფლებამოსილებები უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე საჯარო მმართველობა, რომელიც სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების კერძო სახეა. მაგ: საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილების განხორციელება სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებაა, მაგრამ არა საჯარო მმართველობის განხორციელება, იგივე სისხლის სამართლებრივი გამოძიების წარმოება სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებაა, მაგრამ არა საჯარო მმართველობის, თუმცა ნოტარიუსის მიერ განხორციელებული ქმედება, რამდენად წარმოადგენს ისეთ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, რომელიც არ არის საჯარო მმართველობის განხორციელება?
ჩემ მიერ მოყვანილ გადაწყვეტილებში, სწორედ ამ საკითხზე მსჯელობდა სასამართლო, წარმოადგენდა თუ არა სამკვიდრო მოწმობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ინდ. აქტს, უზენაესის დასკვნაში ადმინისტრაციული ინდ. აქტად კვალიფიკაციისთვის მას მხოლოდ “ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე” გამოცემის ელემენტი აკლდა.
ჩემი პოზიციაა მაინც, რომ ნოტარიუსი სხვადასხვა ბუნების მქონე სუბიექტია, მათ შორის იგი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ზაკ-ის 2.1-ე მუხლის გაგებით, მაგ: ნოტარიუსი ადმინისტრაციული ორგანოა, როცა ახორციელებს საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციას, ან როცა იგი იურიდიულ ფაქტს ადასტურებს და ა.შ.
BLH
Keymaster@ReneDescartes said: პირველი ელემენტიც არ გვაქვს მანდ. ნოტარიუსი არ არის ადმინისტრაციული ორგანო.
რატომ არა არის ნოტარიუსი ადმინისტრაციული ორგანო?
ზაკ-ის 2.1.ა-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
ხოლო ნოტარიატის შესახებ კანონის მიხედვით:
“ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.”
ამავდროულად, უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაშ (ბს–591-565(გ-08)), განმარტა, რომ “სანოტარო მოქმედების მეშვეობით, ნოტარიუსი ყოველთვის ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.”
BLH
Keymasterიპოთეკის რეგისტრაცია
იპოთეკის უფლება იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. (იპოთეკის რეგისტრაცია).
იპოთეკის ხელშეკრულებაში აღინიშნება უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.
იპოთეკის ხელშეკრულების ფორმა
იპოთეკის ხელშეკრულება ნამდვილია, როდესაც იგი დადებულია წერილობითი ფორმით, ხოლო მხარეების ხელმოწერები დადასტურებულია ნოტარიულად ან რეესტრის თანამშრომლის მიერ იპოთეკის უფლების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრში.
განსაკუთრებული მოთხოვნებია განსაზღვრული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი ვალდებულია განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მოჰყვება მათ მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას.
ასეთ შემთხვევაში, იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ნოტარიუსი უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას.
თუმცა ამ წესიდანაც არსებობს გამონაკლისი, კერძოდ ეს მოთხოვნები არ ვრცელდება კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებებზე. ასეთი პირების მიერ დადებული იპოთეკის ხელშეკრულების არაა სავალდებულო დამოწმდეს ნოტარიულად.
BLH
Keymasterქონებრივი და არაქონებრივი დავა
სააპელაციოს სასამართლოს გადაწყვეტილება N-2ბ/2491-14
“პალატა განმარტავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად – საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე – მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისაკენ მიმართული). არაქონებრივ-სამართლებრივია დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე. ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა კი არის ყველა სხვა ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების საგნების შენარჩუნებით ან ქონებრივი უფლების შეძენით.”
BLH
Keymasterრა თქმა უნდა სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება, სამოქალაქო კოდექსის 1335-ე მუხლისა და 172-ე მუხლის საფუძველზე, ნამდვილ მესაკუთრეს ექნება ქონების გამოთხოვის უფლება.
სამოქალაქო კოდექსის 1335-ე მუხლის მიხედვით სამკვიდროდან ნივთის გამოთხოვის უფლება აქვს ნამდვილ მესაკუთრეს:
ა) თუ მოანდერძემ არასწორად დაუტოვა მემკვიდრეს ნივთი, ამ ნივთის მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს იგი საერთო წესის მიხედვით.
ბ) თუ გარდაცვლილის ქონებაში ფარულად არის სხვა პირის ქონება, აუცილებელია ქონების ამ ნაწილის გამოვლენა და გადაცემა სათანადო პირისათვის.
კეთილსინდისიერი შეიძლება არის იმ კუთხით, რომ არ იცოდა, რომ სხვისი ქონება მიიღო, მაგრამ მოუწევს ამ ქონების დაბრუნება 1335-ე მუხლის მიხედვით. ამ ქონებაზე საკუთრების უფლების შენარჩუნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგა სხვისი ქონება არ შედის მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში, შესაბამისად თუ სამკვიდრო მასაში არ შედის ქონება, ვერც მემკვიდრეობით გადავა მემკვიდრეზე, რაც არ უნდა კეთილსინდისიერი იყოს.
ვერ გამოიყენებ 185-ე მუხლს გამორიცხულია, 1335-ე მუხლი მოქმედებს ყველა ვარიანტში და მოუწევს დაბრუნება, სხვა საკითხია თუ ეს უძრავი ქონება გაყიდა, მაშინ შეიძლება 185-ე მუხლის მიხედვით შემძენმა შეიძინოს საკუთრება ამ უძრავ ქონებაზე, მაგრამ გამსხივსებელმა უნდა აუნაზღუროს ნამდვილ მესაკუთრეს.
BLH
Keymasterდისპოზიციურობის პრინციპი
(სუსგ. N-ას-1158-1178-2011)
სადავოა უსაფუძვლოდ გადახდილი ელექტროენერგიის საფასურის თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე და 377-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს და მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: ზემოთ მითითებული ნორმები დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. სასამართლო შებოჭილია მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნის ფარგლებით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, მოსარჩელეს განმეორებით დაეკისრა იმ თანხის გადახდა, რაც მას ერთხელ უკვე ჰქონდა დაკისრებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
მოპასუხე სადავოდ ხდიდა ასევე მოსარჩელის მიერ ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფაქტს, რომლის მტკიცების ტვირთიც სააპელაციო პალატამ არასწორად დააკისრა მოპასუხეს, მაშინ, როდესაც სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა, ვინაიდან იგი თავის მოთხოვნას, სწორედ, ამ ფაქტობრივ გარემოებაზე აფუძნებდა. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 411-ე მუხლით, მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
BLH
Keymasterსასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა
კანონიერ ძალაში შესრული სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება/დადგენილება სავალდებულოა ყველასთვის.
გადაწყვეტილების სავალდებულოობა ნიშნავს:
ა) გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს/შეიცვალოს რომელიმე სახელმწიფო ორგანოს, ადმინისტრაციული ერთეულის მიერ, იურიდიული პირების და ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ. სასამართლო გადაწყვეტილებათა გაუქმება/შეცვლა/აღსრულება/შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული საფუძვლებითა და წესით.
ბ) ეს ორგანოები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ ყველანაირად სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებას, სასამართლო აღმასრულებლის მოთხოვნები, მიმართული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისაკენ, სავალდებულოა ყველასათვის.
გ) სახელმწიფო/ სხვა ორგანოები ვალდებულები არიან შეასრულონ შესაბამისი მოქმედებანი იმ უფლებათა გაფორმების/რეგისტრაციის მიზნით, რომლებიც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
დ) სასამართლო გადაწყვეტილებათა კანონიერი ძალა და მათი სავალდებულოობა შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ ამ საქმის განხილვაში. გადაწყვეტილების გამოტანა იმ მხარის მიმართ, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება საქმის განხილვის შესახებ, ან რომელიც საერთოდ არ იყო ჩართული ამ საქმეში, არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსსკ-ის 394.ბ-ე მუხლი)
ასეთ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საერთოდ არ იყვნენ ჩაბმული პროცესში მხარეებად ან თუმცა იყვნენ ჩაბმული, მაგრამ არ იყვნენ მოწვეული საქმის განხილვაში. თუ ასეთი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ მათ შეუძლიათ მიმართონ
-
AuthorPosts
