Forum Replies Created

Viewing 10 posts - 531 through 540 (of 606 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: სამეწარმეო სამართალი #28809
    BLH
    Keymaster

    მეწარმე სუბიექტების მოკლე დახასიათება

    მეწარმე სუბიექტი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც განურჩევლად საწარმოს სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. მეწარმე სუბიექტთა მიმართ ქართული კანონმდებლობა numerous clauses პრინცპს იყენებს. ანუ ამომწურავად ჩამოთვლის მეწარმე სუბიექტებს.

    ინდივიდუალური მეწარმე ფიზიკური პირია, რომელიც რეგისტრირებულია სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით. იგი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. (იხ. სტატია ინდ. მეწარმეზე)

    სხვა საწარმოები იყოფა ამხანაგობისა და კაპიტალური ტიპის საწარმოებათ:

    სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი (პარტნიორი) ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამერაწმეო საქმიანობას და საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს, როგორც სოლიდარული მოვალე- მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ (მუხ.20.1). გარდა ფიზიკური პირისა, შეიძლება იყოს იურიდიული პირიც.

    კომანდიტური საზოგადოება (კს) ამხანაგობის ტიპის საზოგადოებაა, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. მასში ორი ტიპის პარტნიორი შეიძლება იყოს: ა. კომანდიტები: მათი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება განსაზღვრული საგარანტიო თანხით. ბ. კომპლემენტარები: მათი სამართლებრივი მდგომარეობა, ფაქტობრივად იგივეა, რაც სპს-ს პარტნიორისა.

    კაპიტალური საზოგადოებები – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება და კოორპერატივი.

    შპს არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება ერთი პირსაც შეუძლია.

    სააქციო საზოგადოება- კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში.

    სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისთვის.

    კოოპერატივი -შედგება წევრთა შეუზღუდავი რაოდენობისგან და მიზნად ისახავს საკუთარი წევრების სამურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, მათი ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28919
    BLH
    Keymaster

    ნასყიდობასა და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას შორის განსხვავება

     

    სუსგ. № 3-992-02

     

    სკის 941- მუხლის თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა, გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). ამავე კოდექსის 477- მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

     

    აღნიშნული ნორმების თანახმად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან, პირველ რიგში, განსხვავდება სუბიექტური შემადგენლობის მიხედვით. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები არიან მყიდველი და გამყიდველი, ხოლო სამისდღეშიო ხელშეკრულების მხარეებიმარჩენალი და სარჩენი. მეორე რიგში, მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაყიდ ნივთზე წარმოეშობა საკუთრების უფლება და შეუძლია, ნაყიდი ნივთი განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით კი სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. მესამე რიგში, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ერთერთი თავისებურება მდგომარეობს, აგრეთვე, იმაში, რომ იგი არის სასყიდლიანი და მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით, მაგრამ იგი არსებითად არ მოიცავს ისეთ პირობას, როგორიცაა ფასი და ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით არ ხასიათდება გადასაცემი ქონების ეკვივალენტურობით.

     

    სარჩოს ოდენობა, რომელსაც სარჩენი ღებულობს მარჩენალისაგან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება მნიშვნელოვნად გადააჭარბოს კიდევაც ქონების ღირებულებას (რაც აიხსენება იმით, რომ რჩენა განსაზღვრულია სარჩენის სიცოცხლის ვადით, თუმცა მხარეები შეიძლება განსაზღვრულ დროზეც შეთანხმდნენ).”

     

     

    in reply to: სამეწარმეო სამართალი #28806
    BLH
    Keymaster

    სამეწარმეო საქმიანობის ცნება

    მეწარმეთა შესახებ კანონის 1.1 -ე მუხლის თანახმად: „სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა,რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად“.

    მართლზომიერება – სამეწარმეო საქმიანობა არ უნდა ეწინაამღვდეგებოდეს სამართლის ნორმებს,ზნეობის წესებს, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და საჯარო წესრიგს. მაგ: ნარკოტიკით/იარაღით ვაჭრობა, ასევე პროსტიტუცია ვერ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობად.

    არაერთჯერადობა – სამეწარმეო საქმიანობა მოიცავს განგრძობად ქმედებათა ერთობლიობას, რომელთა მიზანია მოგების მიღება. მაგ: ერთჯერადათ მანქანის ჩამოყვანა და გაყიდვა უფრო მაღალ ფასში არ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობად.

    ორგანიზებულობა -მეწარმემ უნდა მოირგოს მეწარმეთა შესახებ კანონით დადგენილი რომელიმე სამართლებრივი ფორმა. ჰქონდეს კანონით გათვალისწინებული მართვის ორგანოები, რეგისტრირებული იყოს რეესტრში.

    დამოუკიდებლობა – მეწარმე სუბიექტი არის დამოუკიდებელი სამოქალაქო-სამართლებრივი სუბიექტი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც კანონით არ არის აკრძალული. მას აქვს დამოუკიდებელი ქონება, დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა, იგი დამოუკიდებელია პარტნიორებისა და აქციონერებისაგან.

    მოგების მიზანი -მეწარმისთვის მნიშვნელოვანია არა მისი საქმიანობის სფერო, არამედ შედეგი- სისტემატიური მოგების მიღება.

    in reply to: სამეწარმეო სამართალი #28800
    BLH
    Keymaster

    კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამიჯვნა

    ერთ–ერთი მთავარი განსხვავება საჯარო და კერძო იურიდიულ პირებს შორის, მათ დაფუძნებაშია.

    კერძო იურიდიული პირი იქმნება დამფუძნებლის ან დამფუძნებლების ნების არსებობისას, მისი უფლებაუნარიანობა იწყება სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მომენტიდან.

    საჯარო იურიდიული პირი იქმნება კანონის საფუძველზე. უფლებაუნარიანობა წარმოიშვება წესდების დამტკიცებასა და წარმომადგენობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნისა თუ არჩევის მომენტიდან.

    სსკ–ის 24.3-ე მუხლის მიხედვით „საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები“.

     

    in reply to: სამეწარმეო სამართალი #28799
    BLH
    Keymaster

    იურიდიული პირის ცნება

    იურიდიული პირის ცნებას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც:

    „იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი , საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზაციული წარმონაქმნი , რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს,დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასაუხედ.“

    იურიდიული პირი იქმნება ინდივიდის თუ ინდივდთა ნების გამოვლენის და ამ ნების სათანადო სახელმწიფო რეგისტრაციის საფუძველზე.

    იურიდიული პირი იქმნება  „განსაზრვრული მიზნის მისაღწევად“ დამფუძნებლები და წევრები ზუსტად ამ მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან და მის რეალიზებას ერთობლივად ახორციელებენ. ეს მიზანი შეიძლება იყოს, როგორც გარკვუელი მოგების მიღება (სამეწარმეო იურიდიული პირები), ისე არასამეწარმეო მიზნები, მაგ: ქველმოქმედება(არასამეწარმეო იურიდიული) პირები.

    იურიდიული პირი არის ორგანიზაციული წარმონაქმნი– იურიდიული პირი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმით. განსაკუთრებით ეს ეხება კერძო იურიდიულ პირებს. ყველა იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს კანონით განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურა–მართვის ორგანოები., ამ ორგანოების მეშვეობით ახორციელებს საქმიანობას იურიდიული პირი.

    იურიდიული პირი დამფუძნებელებსა და წევრებისგან დამოუკიდებლად ერთვება კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში: დებს გარიგებებს, გამოდის სასამართლოში. იგი დამოუკიდებელი სამოქალაქო სუბიექტია და მისი ყოველი მოქმედება არის დამოუკიდებელი იმ პირებისაგან, რომელმაც დააფუძნეს.

    იურიდიული პირის საქმიანობის მომწესრიგებელი წესდებით და კანონმდებლობით, რომლითაც განისაზღვრება მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ორგანოები და მათი საქმიანობის წესი.

    ამავდროულად აღსანიშნავია, რომ იურიდიული პირის ქონება გამიჯნულია, მისი დამფუძნებლების ქონებისაგან და მას დამოუკიდებელი საკუთრების უფლება გააჩნია მათზე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ იურიდიულ პირს აქვს დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა.

    აღსანიშნავია, რომ თვითონ იურიდიული პირი არავის საკუთრება არ არის. დამფუძნებლებს ეკუთვნის მხოლოდ ამ იურიდიული პირის წილები ან აქციები. მაშინაც როცა საქმე სსიპ-თან გვაქვს, რომლის ერთადერთ დამფუძნებელს სახელმწიფო წარმოადგენ, ქონების მესაკუთრე მაინც იურიდიული პირია.

    დამოუკიდებელი ქონების არსებობა უკავშირდება იურიდიული პირის დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. ზოგადი პრინციპის თანხმად, იურიდიული პირი კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს თავისი ქონებით და არა მონაწილეების ქონებით.მოთხოვნები იურიდიული პირის დამფუძნებლებისა თუ წევრების მიმართ შეიძლება მხოლოდ მიმართული იყოს მათ კუთვნილ წილზე (გაკეთებულ შესატანზე, აქციებზე).თუმცა არსებობს გამონაკლისები, რაც დაკავშირებულია ცალკეული იურიდიული პირის ბუნებიდან, ასევე როცა იურიდიული პირის შეზღუდული პასუხისმგებლობა გამოყენებულია არამართლზომიერად მეწილის/აქციონერის მიერ.

    in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #34352
    BLH
    Keymaster

    სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი მიმოხილვა

    1. რა არის ხელშეკრულება?  ხელშეკრულება არის ორი პირის მიერ დადებული შეთანხმება (გარიგება), რომელსაც მოყვება სამართლებრივი შედეგი, ანუ ხელშემკვრელ მხარეებს წარმოეშობათ უფლებები და მოვალეობები.

    მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით, მხარეებს (მყიდველს და გამყიდველს) წარმოეშობათ შესაბამისი უფლება-მოვალეობები. გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საგანი და მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, ხოლო მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ანაზღაურება და მოითხოვოს ნასყიდობის საგნის მისთვის გადაცემა.

    ამდენად, ხელშეკრულება არის ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი წყარო, რომელსაც შეესაბამება კრედიტორის მოთხოვნის უფლება.

    ცალმხრივი ხელშეკრულება– ერთ მხარეს წარმოეშობა მხოლოდ ვალდებულება, რომელიც შეესაბამება მეორე მხარის მოთხოვნის უფლებას.

    მაგ: სესხის ხელშეკრულების დადების დროს, მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს მიღებული სესხი,ისე, რომ მას არ გააჩნია არაფრის მოთხოვნის უფლება, ხოლო გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის დაბრუნება, ისე რომ მას არ აკისრია არანაირი ვალდებულება.

    ორმხრივი ხელშეკრულება- ორივე მხარეს წარმოეშობა, როგორც ვალდებულება, ისე მოთხოვნის უფლება (მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულება. იხ. ზემოთ მაგალითი).

    2. ხელშეკრულების დადება – ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან მის ყველა არსებით პირობაზე, შესაბამისი ფორმით.

    არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის საგანზე და ფასზე.

    მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერი ფორმით დადონ ხელშეკრულება, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    3. ხელშეკრულების შესრულების პირობები– ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელდეს მხარეთა ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.   მაგ: (ვალდებულების შესრულების დრო, ადგილი, წესი და ა.შ.)

    მხარეების შეთანხმება სარგებლობს უპირატესი ძალით, კანონის დისპოზიციური ნორმების მიმართ, თუმცა კანონის იმპერატიული ნორმების შეცვლა არ შეიძლება მხარეთა შეთანხმებით.

    4. სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა– მხარეების მიერ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, ისინი იმყოფებიან სახელშეკრულებო შებოჭვის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ იტყვიან ცალმხრივად თავიანთ ვალდებულებებზე უარს და ვერ შეწყვიტავენ სახელშეკრულებო ურთიერთობას. მაგ: (მსესხებელი ვერ იტყვის უარს სესხის დაბრუნებაზე, მოიჯარე ვერ იტყვის უარს იჯარაზე ვადაზე ადრე და ა.შ.).

    სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა ხდება, ვალდებულების შესრულებით, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და კანონით განსაზღვრული სხვა პირობების დადგომისას.

    5. ხელშეკრულების ვადამდე მოშლა/გასვლა – ზემოთ მოყვანილი ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი, როცა ხელშეკრულების მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს სახელშეკრულებო ურთიერთობა. ასეთი საფუძვლები შეიძლება იყოს განსაზღვრული როგორც კანონით (მაგ: სამოქალაქო კოდექსის 398-ე და 399-ე მუხლები) ისე მხარეთა შეთანხმებაში.

    BLH
    Keymaster

    ბრალი

    სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი პასუხისმგებელია ზიანის მიყენებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს მისი ბრალი, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა (მაგ: 999-ე, 1000-ე და სხვა მუხლები).

    აღნიშნული გამონაკლისი შემთხვევების თაობაზე მითითებას აკეთებს სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის დანაწესი:

    „მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.“

    განზრახვის ცნება -განზახ მოქმედებს ის, ვინც აცნობიერებს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბუნებას და სურს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა- პირისთვის ზიანის მიყენების სახით (პირდაპირი განზრახვა) ან პირს გაცნობიერებული აქვს მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბუნება და გულგრილად ეკიდება შედეგის დადგომას. (არაპირდაპირი განზრახვა).

    გაუფრთხილებლობის ცნება -გაუფრთხილებლობით მოქმედების ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას. პირი ვალდებულია გამოიჩინოს იმგვარი ყურადღებიანობა, რასაც გამოიჩენდა საშუალო გონიერი ადამიანი მის ადგილას.

    გაუფრთილებლობა სამოქალაქო კოდექსში იყოფა უხეშ და მარტივ გაუფრთხილებლობად. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. მარტივი გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის ვინც აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს შედარებით დაბალი დონით.

    ბრალის სხვადასხვა ფორმის განსხვავება უმნიშვნელოვანეს პრაქტიკულ როლს თამაშობს, აღნიშნულთან დაკავშირებით შეიძლება საკმაოდ ბევრი ნორმის მოყვანა, მაგ: სამოქალაქო კოდექსის 395.2-ე, 415-ე, 1005-ე და ა.შ. მუხლები. ყველა ამ ნორმის მიხედვით, აუცილებელია ბრალის ფორმის ზუსტად დადგენა, რათა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა/მისადაგება.

    BLH
    Keymaster

    მიზეზობრივი კავშირი

    მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების უშუალო შედეგს.

    თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი). ასეთ შემთხვევაში ზიანის რისკი კრედიტორზე და მოვალეზე პასუხისმგებლობის პროპორციულად გადანაწილდება.

    სსკ-ის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულებების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხოლო სსკ-ის 412- ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

    მეცნიერებამ მიზეზობრივი კავშირის მრავალი თეორია შეიმუშავა (აუცილებელი და შემთხვევითი მიზეზობრივი კავშირის თეორია; შესაძლებლობისა და სინამდვილის თეორია; ექვივალენტურობის თეორია; უშუალო მიზეზეობრივი კავშირის თეორია და ა.შ.).

    საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უპირატესობას ანიჭებს უშუალო მიზეზობრივი კავშირის თეორიას, ანუ პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან ანუ დამდგარი ზიანი დარღვეული ვალდებულების რეალური და მოსალოდნელი შედეგია და მისი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასთან ობიექტური გადმოსახედიდან დასტურდება.

    სავარაუდობა სახეზეა, თუ შედეგის დაშვება შეგნებული მოვალის პერსპექტივიდან ობიექტურად შესაძლებელი იყო.მაშასადამე, უშუალო ანუ ადექვატური მიზეზობრიობის თეორიის თანახმად, შედეგის მიზეზად ერთი პირობაც საკმარისია, თუ ის ქმნის შედეგის დადგომის ობიექტურ შესაძლებლობას ანუ მიზეზობრივი კავშირის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოვლენებს შორის ობიექტური კავშირის არსებობას და იმას, რომ მიზეზსა და შედეგს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან.ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

    ამასთან დაკავშირებით წესები იგივეა, რაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებისას (მაგ.სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი აბზაცი). მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ე.წ. ექვივალენტური კაუზალობა არ არის საკმარისი (რომის სამართლიდან მომდინარე ამ ფორმულის მიხედვით სამართლებრივი ფიგურა ”მიზეზი” (მართლსაწინააღმდეგო მოქმედება) შედეგის (ზიანი) თვალსაზრისით მაშინ არის კაუზალური, თუ მის გარეშე შედეგი არ დადგებოდა)).

    აქედან გამომდინარე, ექვივალენტურობის თეორია იზღუდება ცნებით შერაცხადობა, შედეგად საუბარია ადექვატურ კაუზალობაზე. ეს უკანასკნელი სახეზეა, როცა ხდომილება (მართლსაწინააღმდეგო ქმედება) ობიექტური თვალსაზრისით ზოგადად და არც თუ მთლად თავისებური, უჩვეულო და ობიექტურად გათვალისწინებული გარემოებებიდან გამომდინარე საიმისოდ გამოდგება, რომ გამოიწვიოს დამდგარი შედეგი(ზიანი).

    BLH
    Keymaster

    მიზეზობრივი კავშირი

    სასამართლოს მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, აუცილებელია არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, მოპასუხე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

    სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით „ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.“

    აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იყენებს ადეკვატური მიზეზობრიობის თეორიას, იგივე უშუალო მიზეზობრიობის თეორიას. ადეკვატურია ისეთი მოქმედება, რომლის გარეშეც ზიანი არ დადგებოდა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რომ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედება,ზიანი არ დადგებოდა იმ ფორმით, იმ დროს და იმ ადგილას, როგორც იგი დადგა.

    როდესაც ზიანი დგება არა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, არამედ მომეტებული საფრთხის რეალიზაციის შედეგად, ასეთ შემთხვევაში მომეტებული საფრთხის წყაროდან მომავალი საფრთხის რეალიზაცია უნდა იყოს მიზეზობრივ კავშირში დამდგარ ზიანთან, რათა მასზე პასუხისმგებელ პირს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.

    მაგ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე, 1000-ე და ა.შ. მუხლები.

    აღნიშნულის შესახებ არაფერია ნათქვამი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, თუმცა ევროპული მოდელური კოდექსი (DCFR) უთითებს ამის თაობაზე.

    „A person causes legally relevant damage to another if the damage is to be regarded as a consequence of:

    1. That person’s conduct; or
    2. A source of danger for which that person is responsible.” (VI.–4:101)”

     

    BLH
    Keymaster

    მართლწინააღმდეგობა

    მართლსაწინააღმდეგოდ ქმედება ნიშნავს, სამართლებრივი დანაწესების დარღვევას. მაგ: საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში განსაზღვრული საგზაო წესების დარღვევა. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განსაზღვრული წესების დარღვევა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხორციელება.

    ყველა ასეთ შემთხვევაში, პირი მოქმედებს მართლსაწინააღმდეგოდ, თუმცა ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მართლწინააღმდეგობის ცნება უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, იგი მოიცავს, ნებისმიერ დარღვევას, რომელიც არ არის განსაზღვრული კანონმდებლობით, თუმცა ლახავს საზოგადოებრივ მართლწესრიგს.

    ამდენად, შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მართლსაწინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ირღვევა სამართლებრივი ნორმა, თუმცა ასევე შესაძლებელია დაირღვეს ჩვეულებაც (სამართლით დაურეგულირებელი) წესი, რომელიც განაპირობებს ქმედების მართწინააღმდეგობას.

    მოვალე ბრალეულად დაარღვევს თავის ვალდებულებებს თუ ბრალის გარეშე, ვალდებულების დარღვევა მაინც მართლსაწინაამღვდეგო იქნება.

    სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოვალე მართლსაწინაამღვდეგო ქმედებით არღვევს კონტრაჰენტის რელატიურ უფლებებს, ხოლო არასახელშეკრულებო(დელიქტურ) ურთიერთობებში ირღვევა აბსოლუტური უფლებები.

    მართლსაწინაამღვდეგო ქმედება შესაძლებელია, მოიცავს, როგორც აქტიურ მოქმედებას, ისე უმოქმედობასაც.

    სამოქალაქო სამართალი იცნობს მართლწინააღმდეგო ქმედების გარეშე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ასეთი შემთხვევები შეგვიძლია დავახარისხოთ ორ პირობით კატეგორიად:

    1) მართლზომიერი ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ასეთი შემთხვევები გვაქვს უფლების განხორციელების დროს, აუცილებელი მოგერიება(116), უკიდურესი აუცილებლობა (117) თვითდახმარება (118).

    2) მომეტებული საფრთხის რეალიზაციის დროს დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. მაგ: სკ-ის 999-ე მუხლი, ავტომობილის ექპსლოატაციის დროს დამდგარი ზიანი იმით ხასიათდება, რომ იგი არ არის გამოწვეული მძღოლის ქმედებით, არამედ იგი გამოწვეულია ადამიანის მიერ უკონტროლი მოვლენით, ანუ რა ღონეც არ უნდა მიიღოს ადამიანმა იგი ვერ აღკვეთავს ზიანის დადგომას.

Viewing 10 posts - 531 through 540 (of 606 total)