Forum Replies Created

Viewing 10 posts - 491 through 500 (of 606 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: ქირავნობა/იჯარა #29043
    BLH
    Keymaster

    იჯარასა და ქირავნობას შორის განსხვავება

    ქირავნობის ხელშეკრულების მიზანია მხოლოდ მოხმარება, ნივთით სარგებლობა შემოსავლის მიღების გარეშე. იჯარით გადაცემული ქონებით სარგებლობის მიზანია წარმოება, როგორ შემოსავლის მიღებს წყარო და არსებობის ძირითადი საშუალება.

    მიუხედავად ამისა, იჯარა ქირავნობის სახეობას წარმოადგენს, ორივეგან ხდება ქონების მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემა, ორივე ხელშეკრულება სასყიდლიანია და დროებითი. აქედან გამომდინარე საიჯარო ურთიერთობები რეგულირდება ქირავნობის ნორმებით თუ იჯარის სპეციალურ მუხლებში არ არის გათვალისწინებული გარკვეული ურთიერთობა.

    ამ საკითხზე ერთ-ერთ საქმეზე  საინტერესო განმარტება გააკეთა საქალაქო სასამართომ (იხ. სუსგ. ას-1359-1197-2010).

    საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მხარეებს მათ შორის ურთიერთობა მოწესრიგებული აქვთ იჯარის ხელშეკრულების სახელით, მაგრამ, ხელშეკრულების შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ მათ რეალურ მიზანს წარმოადგენდა ქირავნობის ხელშეკრულების დადება, რაც განახორციელეს კიდეც, თუმცა იჯარის სახელწოდებით.

    ხელშეკრულების არსი უნდა განიმარტოს არა ხელშეკრულების სახელწოდების, არამედ მისი შინაარსის მიხედვით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ხელშეკრულების საკანონმდებლო კონსტრუქციასთან. სწორედ ამის მიხედვით უნდა გაიმიჯნოს ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებები. გადამწყვეტი არ არის მხარეთა მიერ შერჩეული სახელწოდება, რომლითაც ისინი მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მოიხსენიებენ.

    ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრისათვის გადამწყვეტია ხელშეკრულების დადების მომენტში მისი შინაარსი. ქირავნობის ხელშეკრულება თავისი თვისებებით რამდენადმე ემსგავსება სხვა ხელშეკრულებებს. ყველაზე მჭიდრო კავშირი კი მას აქვს იჯარის ხელშეკრულებასთან. თუმცა, მათ შორის არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს ხელშეკრულების ამ ორ სახეს. კერძოდ, ქირავნობისგან განსხვავებით, იჯარის ხელშეკრულება მოიჯარეს ანიჭებს დამატებით უფლებას, მიიღოს ნაყოფი (შემოსავალი) ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთიდან, ხოლო მეიჯარეს ეკისრება დამატებითი (გამქირავებლისგან განსხვავებით) ვალდებულება, მთელი საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა.

    იჯარის საგანს უნდა გააჩნდეს გარკვეული სამეურნეო დანიშნულება და იმთავითვე, მხოლოდ და მხოლოდ მეურნეობის სწორად გაძღოლის შედეგად უნდა იძლეოდეს ნაყოფს (შემოსავალს). საამისოდ იგი უნდა იყოს «მზად». თუმცა, თუ მოიჯარის მიერ ხელშეკრულების დადების შემდეგ მოხდება ინვენტარის შევსება ან სხვაგვარი მოდიფიცირება, ეს არ ნიშნავს, რომ ნივთს თავიდანვე არ ჰქონდა უნარი, მოეტანა შემოსავალი და ამით ხელშეკრულების არსი არ იცვლება. ქირავნობა მიმართულია მხოლოდ ნივთისკენ, ხოლო იჯარა ქონებისკენ (ნივთი და უფლება).

    ქირავნობა უზრუნველყოფს მხოლოდ ნივთით სარგებლობას, იჯარა _ ასევე ნაყოფის მიღებას. როდესაც მიწის ან ფართის გადაცემა ხდება სამრეწველო ან თავისუფალი პროფესიული საქმიანობისთვის, იჯარის ხელშეკრულებად მოცემული ურთიერთობა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ მოცემული მიწის ნაკვეთი ან ფართი კონსტრუქციულად განკუთვნილია განსაზღვრული საქმიანობისთვის, ამასთან ისეა მოწყობილი და აღჭურვილი, რომ მისი გამოყენება მაშინვე (იმთავითვე) შესაძლებელია მოგების მიღების მიზნით შემოსავლის მომტანი (შემოსავლიანი, მომგებიანი, მოგების მიღების მიზნით) საქმიანობისთვის. თუმცა, შესაძლოა, ინვენტარი შესავსები იყოს. იჯარისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ ის გარემოება, რომ ფართი (მათ შორის ცარიელი) სამეწარმეო ან პროფესიული დანიშნულებით გამოიყენება. ამას უნდა დაემატოს ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული მოქმედებები. ამგვარად, თუ მოიჯარე ფართს იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის ისე, რომ ხელშეკრულების დადების მომენტში ფართი ან შენობა წარმოადგენდა ცარიელ სათავსს ან სადგომს, ხოლო შემდგომში მოხდა მისი აღჭურვა შესაბამისი ინვენტარით და მასში მეურნეობის გამართვა, აქ სახეზეა ქირავნობის და არა იჯარის ხელშეკრულება. ამდენად, განსახილველ საქმეში სწორედ ასეთი შემთხვევაა წარმოდგენილი.

    in reply to: სამეწარმეო სამართალი #2907
    BLH
    Keymaster

    @Edika said: საწარმოს ბეჭედზე რაო?

    პირველმა ინსტანციის სასამართლომ თქვა, რომ ხელშეკრულება საეჭვო იყო, რადგან ბეჭედის დარტყმა მოხდა ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

    სააპელაციო არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას და თქვა, რომ

    “მ.შ.კ-ის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილ იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულება საეჭვოდ მიიჩნია და მას სავალდებულო ძალა არ მიანიჭა, რამაც გამოიწვია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის არასწორად განმარტება, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე მუხლების, აგრეთვე 319-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოუყენებლობა.”

    “„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი იურიდიული პირის მიერ ნების გამოვლენის გარეგნულ გამოხატულებას ბეჭდის არსებობას არ უკავშირებდა. ამდენად, ბეჭდის არსებობა-არარსებობა გარიგების ნამდვილობაზე  გავლენას ვერ მოახდენდა – აქ გადამწყვეტი იყო სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა, რაც გარიგების ხელმოწერაში გამოიხატებოდა. მოცემულ შემთხვევაში ასეთი ნება გამოვლენილი იყო, რის გამოც ბეჭდის დასმას გარიგების ნამდვილობისათვის სამოქალაქოსამართლებრივი მნიშვნელობა აღარ გააჩნდა.”

    “სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილი მსჯელობა დაეყრდნო, ასევე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსს. ამ ნორმის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნიმუში (ნიმუშები). ამდენად, ცხადი იყო, რომ კანონმდებელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა ხელმოწერას და არა ბეჭედს. “

    in reply to: სამეწარმეო სამართალი #2903
    BLH
    Keymaster

    დირექტორსა და საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულების ბუნება

    (ას -952-910-2013)

    “სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, ხელშეკრულებას ეწოდებოდა „შრომითი ხელშეკრულება“ მაგრამ თავისი არსით იგი წარმოადგენდა ე.წ. „სასამსახურო ხელშკრულებას“, რომელიც ჩვეულებრივ იდება ხოლმე საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განმახორციელებელ პირებთან. კანონმდებლობა ასეთ ხელშეკრულებას ხელშეკრულებათა ერთ, კონკრეტულად განსაზღვრულ კატეგორიას არ მიაკუთვნებს, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგებიან მას. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ხელშეკრულება სრულად შეესაბამებოდა 319-ე მუხლის მოთხოვნებს.”

    აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ამავდროულად განხილულია საწარმოს ბეჭდის იურიდიული და ფუნქციური ძალა.

    in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #2893
    BLH
    Keymaster

    “მუხლი 365. ვალდებულების შესრულება შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის არარსებობისას

    თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.”

     

    თუ სასამართლოები იძახიან, რომ უნდა გამოვიყენოთ 365-ე მუხლი, რადგან არ არის მყიდველის მიერ ფასის გადახდის ვადა შეთანხმებული მხარეებს შორის, მაშინ გამოდის, რომ გამყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება და თუ სასამართლოებმა დაადგინეს, რომ 2001 წლის შემდგომ არაერთხელ მოუთხოვია გამყიდველს ვალდებულების შესრულება, რატომ უნდა დაიწყოს 2006 წლიდან ხანდაზმულობის ათვლა?  არალოგიკურია.

    in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #2888
    BLH
    Keymaster

    სკ-ის 365-ე მუხლის განმარტება (სუსგ. N- ას-48-401-07)

     

    ამ გადაწყვეტილებში განმარტებულია სკ-ის 365-ე მუხლი, კერძოდ მსჯელობა მიდის იმაზე, თუ რა დროიდან წარმოიშვა კრედიტორის მოთხოვნის უფლება, როცა ხელშეკრულებაში პირდაპირ არ არის განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა, ასევე შეზღუდულია თუ არა “გონივრული ვადით”, 365-ე მუხლით გათვალისწინებული კრედიტორის მოთხოვნა…

     

    ფაქტობრივი გარემოებები: 2001 წლის 4 მარტის ხელშეკრულებით შპს “ა”-ს  შპს “ბ”-ს  ფილიალისათვის ერთი თვის ვადაში უნდა მიეწოდებინა საწვავი, სანაცვლოდ, ენერგოკომპანიას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, უნდა გადაეხადა საწვავის ღირებულება. 2001 წლის 20 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით 2001 წლის 5 მარტიდან 20 მარტამდე შპს “აჭარის ე…მ” შპს “მ…საგან” მიიღო 1300 ლიტრი საწვავი. 2006 წლის 23 იანვარს მოსარჩელემ კასატორს წარუდგინა ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც ანგარიშსწორებაზე ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.

     

    სამივე ინსტანციის სასამართლო ერთ აზრზე დგას, რომ ხანდაზმულობის ვადა არ არის გაშვებული და ხანდაზმულობის ათვლა დაიწყო 2006 წლის 23 იანვრიდან. მათი აღნიშნული მოსაზრება ეყდნობა სკ-ს 365-ე მუხლის განმარტებას.

    in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #28410
    BLH
    Keymaster

    ხელშეკრულების ფორმა

    ხელშეკრულების დადებისთვის საჭიროა „საამისოდ გათვალისწინებული ფორმის“ დაცვა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხარეების მიერ დგინდება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კანონის მოთხოვნით.

    მაგ: სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით და დამოწმდეს ნოტარიულად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით და ა.შ.

    in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #28409
    BLH
    Keymaster

    ხელშეკრულების დადების პროცედურა

    როგორც წესი ხელშეკრულების არსებითი პირობები ოფერტში განისაზღვრება, რაც წარმოადგენს მომავალი ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას, სადაც განისაზღვრება ხელშეკრულების არსებითი პირობები.

    ხელშეკრულება, რომ ჩაითვალოს დადებულად საჭიროა მეორე მხარის თანხმობა შეთავაზებაზე (ოფერტზე), რასაც ეწოდება აქცეპტი. საჭიროა მხარეების ნება ემთხვეოდეს ერთმანეთს. ცალ–ცალკე არც ოფერტი და არც აქცეპტი არ იწვევს ხელშეკრულების დადებას.

    ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს სხვა პროცედურითაც: მაგ: როცა იურისტი ან ნოტარიუსი ადგენს ხელშეკრულებას და მხარეები ხელს აწერენ მას, ასეთ შემთხვევაში ოფერტი და აქცეპტი არ გვაქვს.

    in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #28408
    BLH
    Keymaster

    რა არის ხელშეკრულების არსებითი პირობები?

    ხელშეკრულება დადებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.(სკ-ის 327.1.)

    ხელშეკრულების არსებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს კანონით ან მხარეთა შეთანხმებით, ასევე არსებითი პირობები შეიძლება გამომდინარეობდეს კონკეტული ხელშეკრულების არსიდან.

    მაგ: თავდებობის ხელშეკრულების დადებისას, აუცილებელია მხარეები შეთანხმდნენ თავდების პასუხისმგებლობის მოცულობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თავდებობა დადებულად არ ჩაითვლება. აღნიშნული წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ  არსებით პირობას.

    მაგ: ნარდობის ხელშეკრულების არსებითი პირობაა სამუშაოს მოცულობაზე შეთანხმება, რაც გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულების ბუნებიდან.

    მაგ:  მხარეებმა შეიძლება დადონ წინარე ხელშეკრულება, რომელშიც განსაზღვრული იქნება ის არსებითი პირობები, რაზეც ისინი უნდა შეთანხმდნენ ძირითად ხელშეკრულებაში. ამ პირობებზე შეუთანხმდებლობის შემთხვევაში ძირითადი ხელშეკრულება არ ჩაითვლება დადებულად.

    ასეთი მოწესრიგება შეესაბამება ვალდებულებითი სამართლის დისპოზიციურ ბუნებას.

    in reply to: სამეწარმეო სამართალი #2847
    BLH
    Keymaster

    დირექტორსა და  საწარმოს შორის ურთიერთობის ბუნება

    (3/კ259-01 ) და (ას-1634-1533-2012)

    ამ ორი გადაწყვეტილების მიხედვით საზოგადოებასა და დირექტორს შორის (ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის) არსებული ურთიერთობა არ არის შრომით სამართლებრივი, არამედ იგი წარმოადგენს სამეწარმე-სამართლებრივ ურთიერთობას და მასზე ვრცელდება სამეწარმეო-სამართლებრივი ნორმები.

    in reply to: ქირავნობა/იჯარა #29041
    BLH
    Keymaster

    იჯარის ცნება

    სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იჯარის ცნებას:

    იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.

    იჯარისა და ქირავნობის ელემენტები ერთმანეთს ემთხვევა. ისევე, როგორც ქირავნობა, იჯარა არის ორმხრივი, სასყიდლიანი და კონსესუალური ხელშეკრულება, იგივე ითქმის იმ სხვა ელემენტებზეც, რომელთა შესახებაც გვქონდა საუბარი ქირავნობის ცნების განსაზღვრის დროს.

    თუმცა იჯარას გააჩნია გარკვეული თავისებურება, რაც განასხვავებს მას ქირავნობის ხელშეკრულებისაგან, კერძოდ მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს გადასცეს საიჯარო ქონება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, რათა შეიძლებოდეს მისი დანიშნულებით გამოყენება და იჯარის მთელი დროის მანძილზე უზრუნველყოს მისი ასეთ მდგომარეობაში შენახვა,რისთვისაც უნდა შეასრულოს შეთანხმებული მოვალეობები, რათა საიჯარო ქონება ყოველთვის იმყოფებოდეს ვარგის მდგომარეობაში და მოიჯარეს შეეძლოს მისი მიზნობრივად გამოყენება და შემოსავლის მიღება.

    ამდენად, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარე გააჩნია გარკვეული მიზანი, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან, აღნიშნული მიზნის მიღწევაში, მას უნდა დაეხმაროს მეიჯარე, იმ კუთხით, რომ იგი ვალდებულია იჯარის საგანი ამყოფოს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, რაც საბოლოო ჯამში მიმართულია მოიჯარის მიზნების განხორციელებისკენ.

    მაგ: თუ იჯარით გაიცა ავტომობილი, იმ მიზნით, რომ მოიჯარემ გამოიყენოს იგი, როგორც ტაქსი, მეიჯარე ვალდებული იქნება მანქანა ამყოფოს ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში, რათა მოიჯარემ მოახერხოს მისი მეშვეობით ტაქსაობა.

    რაც შეეხება მოიჯარის ვალდებულებას, მან უნდა მოახდინოს შესაბამის ანაზღაურება, ნატურის ან ფულადი სახით.

    იჯარის არსებითი პირობები, იგივეა, რაც ქირავნობის შემთხვევაში.

Viewing 10 posts - 491 through 500 (of 606 total)