Forum Replies Created

Viewing 10 posts - 41 through 50 (of 606 total)
  • Author
    Posts
  • BLH
    Keymaster

    რეალაქტის ცნება

     

    (სუსგ. №ბს-243-237(კ-08)

    „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეალაქტი (დეფაქტო მოქმედება, რეალური მოქმედება) არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ.

    საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რეალური მოქმედებისაგან პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ქმედების განხორციელების ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით.

    საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეალაქტის ცნების ქვეშ იგულისხმება ყველა ის მმართველობითი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ (წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ). სწორედ ეს ნიშანი განასხვავებს ამ ინსტიტუტს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივი ფორმებისაგან, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის სწორი კვალიფიკაცია პროცესუალური თვალსაზრისით წარმოადგენს აუცილებელ წინა პირობას სარჩელის სწორი ფორმის განსაზღვრისათვის, ხოლო ადმინისტრაციული სასამართლოს მეშვეობით უფლების დაცვა არ შემოიფარგლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, არამედ მოიცავს ადმინისტრაციულ რეალაქტსაც“.

     

    BLH
    Keymaster

    ადმინისტრაციული აქტის ცნება

     

    საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინება (ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-713-300(კ-05).

     

    „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, ის ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ:

    1. სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო _ ადმინისტრაციული აქტის ავტორი;
    2. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული /საჯარო/ სამართლის კანონმდებლობიდან;
    3. ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისაკენ;
    4. ადმინისტრაციული ორგანოს ეს ღონისძიება /იგულისხმება შემდეგი ელემენტი: „აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს“ / მიმართულია სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ე.ი. ის აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

    ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი პრინციპის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის არჩევანის თავისუფლება. ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების გზით, რომელიც, მისივე აზრით, უფრო ეფექტურია კონკრეტულ შემთხვევაში. ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის თავისუფლების ფარგლები მთავრდება იქ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონი ზუსტად უთითებს მოცემული ურთიერთობისათვის ამა თუ იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების აუცილებლობას ან ეს გამომდინარეობს კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის თავისებურებიდან“.

     

     

     

     

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #35339
    BLH
    Keymaster

    განსჯადობა – სახელშეკრულებო დავების დროს

    (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება № 2ბ/3559-1128)

    „ო. ე.-ს’’ ვალდებულებაა მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდა, თუმცა, ხელშეკრულების შესრულების ადგილად ვერ მიიჩნევა კრედიტორის ადგილსამყოფელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 362-ე მუხლის მიხედვით, ვინაიდან ფულადი ვალდებულების შესრულება, მართალია, ხელშეკრულების არსებითი პირობაა, მაგრამ,  ამავე დროს, არა ძირითადი, არამედ შემხვედრი ვალდებულებაა.

    პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულ უნდა იქნას იმ ვალდებულების შესრულების ადგილი, რომლის შესრულების მიზნებისათვისაც დაიდო ხელშეკრულება.

    მაგალითისათვის, მოცემულ შემთხვევაში, 2008 წლის 28 მაისის ხელშეკრულება დაიდო არა იმ მიზნით, რომ შპს „ს.-ს“ თანხა მიეღო, არამედ იმ მიზნით, რომ „ო. ე.-ს’’ ცემენტი მიეღო. აღნიშნული მიზნით, დაიდო რა ნასყიდობის ხელშეკრულება,  შპს „ს.-ს“ წარმოეშვა ცემენტის მიწოდების, ხოლო „ო. ე.-ს’’ – თანხის გადახდის შემხვედრი ვალდებულება.

    ამდენად, ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დროს ვალდებულებათა დიფერენცირება ძირითად და შემხვედრ ვალდებულებებად, ნათელს ხდის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავების განსჯადობას ძირითადი ვალდებულების მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 362-ე და  386-ე მუხლების სხვაგვარი განმარტება ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავების ორმაგი განსჯადობის სტანდარტს აამუშავებს, ვინაიდან ვალდებულებათა შინაარსიდან გამომდინარე, ვალდებულებები ხელშეკრულების ყველა მხარეს ეკისრება და ზემოაღნიშნული ნორმები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ვინც დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, იმ მხარის ვალდებულების შესრულების ადგილის მიხედვით უნდა განხორციელდეს სამართალწარმოება.

    ამგვარი ლოგიკით, „ს.-ს“ მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დავა თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს, ხოლო „ო. ე.-ს’’ მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში – გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ, რაც განსჯადობის ორმაგი სტანდარტია და არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლიდან.

    აღნიშნული მსჯელობის ნათელყოფის მიზნებისათვის, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვასიტყვით განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელების განსჯადობა დაკავშირებულია ვალდებულების შესრულების ადგილთან და არა ვალდებულების დამრღვევი პირის მიერ შესასრულებელი ვალდებულების შესრულების ადგილთან.

    in reply to: მიწის ლეგალიზაცია #35193
    BLH
    Keymaster

    მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესში ცვლილებები შევიდა

    მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესში ცვლილებები შევიდა

    „ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესში შევიდა ცვლილებები და გარკვეული მიმართულებები გამარტივდა“ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს 21 ივლისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მთავრობის დადგენილების პროექტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით გავიდა.

    „ეს არის ყველასთვის ცნობილი აღიარების წესი, რომელშიც გარკვეული ცვლილებები შევიდა. აქამდე მას არეგულირებდა პრეზიდენტის ბრძანებულება და შესაბამისად, ახლა უკვე მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამარტივდა გარკვეული მიმართულებები, ასევე გაფართოვდა იმ საბუთების ჩამონათვალი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ უკვე აღიარების კომისიას. ასევე შეიცვალა  კომისიის ადგილიც – თუ ისინი აქამდე იყვნენ საკრებულოებში, ახლა გადავლენ გამგეობებსა და მერიებში. კომისიაში, რა თქმა უნდა, საკრებულოს წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები. გარკვეულ ადგილებში დაემატა ასევე სახელმწიფოს ზედამხედველობა და მონაწილეობა. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეებს უნდა მისცეს მეტი კერძო საკუთრება“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

    დადგენილების მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესს დაემატა გარკვეული პუნქტები, რომლის მიხედვით მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუადვილდებათ აღიარების გზით ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება. დამატებულ პუნქტებს შორის შეიძლება აღინიშნოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამონათვალში დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი ცნობა-დახასიათების შინაარსის დაზუსტება, კერძოდ: აღიარების კომისიაში წარსადგენ დოკუმენტებს შორის შესაძლებელი იქნება   წარმოდგენილ იქნეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა დახასიათება. ასევე ერთ-ერთ დოკუმენტად დამატებულ იქნა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

    გარდა ამისა, ახლებურად განისაზღვრა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ფორმირების წესი. კერძოდ, კომისია შედგება მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მერიის თანამდებობის პირებისგან. (აქამდე კომისია შედგებოდა საკრებულოს არაუმეტეს 3 წევრის, მერიის/გამგეობის და ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან, ხოლო თბილისში დამატებით მერიის სსიპებისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებისგან). კომისიის წევრად ასევე შესაძლებელი იქნება დაინიშნოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები (მათი თანხმობით), რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს ასევე ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

    კომისია წელიწადში ორჯერ მოამზადებს საქმიანობის ანგარიშს, რომელიც გაეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას.

    BLH
    Keymaster

    ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას

    თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან. ამის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.

    ადმინისტრაციული აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:

    ა) გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების გაზრდას;

    ბ) წარმოადგენს პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;

    გ) გამოცემულია საგანგებო ან საომარ მდგომარეობაში შესაბამისი კანონის საფუძველზე;

    დ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უშიშროებას.

    ასეთ შემთხვევებში, გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის მოქმედების გაგრძელების შესახებ იღებს ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ან მისი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    ამავდროულად, თუ ადმინისტრაციული აქტის მოქმედება ჩერდება, შესაბამის დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს სასამართლოს შეჩერებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების გაგრძელება.

    BLH
    Keymaster

    ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმა

    ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ:

    ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

    ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

    გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე;

    დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;

    ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

    ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

    ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.

    ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.

    BLH
    Keymaster

    ადმინისტრაციულ აქტის გასაჩივრების ვადა

    ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ.

    ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.

    BLH
    Keymaster

    ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა

    ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში.

    ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი სახით და უნდა შეიცავდეს შემდეგ საკითხებს:

    ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი;

    ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;

    გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება;

    დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება;

    ე) მოთხოვნა;

    ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;

    ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.

    თუ ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ საჩივარს დაერთვება მისი ასლი.

    ადმინიტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო

    თუ კანონმდებლობით, სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

    იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

    თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

    თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნისას დაუშვებელია რაიმე მოსაზრების წარდგენა განცხადებაში დასმული საკითხების გადაწყვეტის შესახებ.

    განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.

    in reply to: იპოთეკა & გირავნობა #34939
    BLH
    Keymaster

    იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობის მითითება

    საქმე № ას-285-269-2011 3 ოქტომბერი, 2011 წელი, ქ. თბილისი

    განმარტების საგანი: იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობის მითითება აუცილებლობა საკასაციო პალატის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობის (მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების ღირებულება) მითითებას, სამართლებრივი დატვირთვა აქვს როგორც მესაკუთრისათვის, ასევე მესამე პირებისათვის, რომლებთან მიმართებაშიც მოქმედებს საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

    ვინაიდან იპოთეკა ძირითადი ვალდებულების შესრულებას ემსახურება, მხარეთა შეთანხმება უზრუნველყოფის მოცულობაზე გაგებულ უნდა იქნეს იმგვარდ, რომ ამ მოცულობის ფარგლებში უნდა მოხდეს სანივთო უფლების გამოყენება და მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევა. ამგვარი განმარტება გამომდინარეობს თვით იპოთეკის ნორმატიული ბუნებიდან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ანუ თანამდევი მოთხოვნები, ისეთი როგორიცაა მაგალითად ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამზიანის ანაზღაურება არ შეიძლება დაკმაყოფილდეს იპოთეკიდან, თუ მხარეებმა წინასწარ განსაზღვრეს უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა და იპოთეკის შინაარსი ამგვარ დათქმას არ ითვალისწინებდა.

    რაც შეეხება იპოთეკით დატვირთული უძრავის ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლების მიქცევას სხვა ხარჯებზე, როგორიცაა აღსრულებისა და სასამართლო ხარჯები, ამაზე პასუხს იძლევა სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი რიგითობით: პირველ რიგში ხარჯები, ხოლო შემდეგ კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით. თუ ამონაგები თანხით სრულად არ იფარება ხარჯები, განსხვავების გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს.

    მოცემული ნორმის ანალიზიდან ცალსახად შეიძლება დავასკვნათ, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები იფარება სასამართლო და სააღსრულებო ხარჯების დაფარვის შემდეგ, ხოლო თუ მხარეებმა გარიგებაში მიუთითეს უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, მოთხოვნა იფარება მხოლოდ ამ ოდენობის გათვალისწინებით.

    in reply to: შრომის სამართალი #34898
    BLH
    Keymaster

    შრომითი ხელშეკრულების ვადა, როგორც არსებითი პირობა

    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2ბ/1152-15

    მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.

    ამავდროულად, შრომის კოდექსი ადგენს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში სამართლის ნორმათა გამოყენების პრინციპს, კერძოდ, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

    შრომითი ხელშეკრულების, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების წარმოშობასთან, შეცვლასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის ურთიერთობები მთლიანად წესრიგდება სამოქალაქო კოდექსით.

    სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განმარტებულია, თუ რა ჩაითვლება არსებით პირობად. ასეთია ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება.

    შრომის ხელშეკრულების ვადა წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში შეთანხმებული უნდა იყოს მხარეებს შორის.

    მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში აღიარებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელმაც ნორმატიული ასახვა ჰპოვა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში _ „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. შესაბამისად, მხარეებს სრული თავისუფლება აქვთ, შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების ვადებზე. ისინი ამით საკუთარი ნებით განსაზღვრავენ ვალდებულების შესრულების დროს. როდესაც ხელშეკრულებით რაიმე მოვლენის დადგომის მომენტი მკაფიოდაა განსაზღვრული, სახეზეა განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება. საწინააღმდეგო შემთხვევაში, ივარაუდება, რომ სახეზეა განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება.

Viewing 10 posts - 41 through 50 (of 606 total)