Forum Replies Created

Viewing 10 posts - 211 through 220 (of 606 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: მიწის ლეგალიზაცია #29440
    BLH
    Keymaster

    მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ორგანო

     

    მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

     

    მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების რეგისტრაციით.

    BLH
    Keymaster

    საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება

     

    საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოიცავს საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, საქმის განხილვის, სანქციის შეფარდების, გადაწყვეტილების მიღების და მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის პროცედურებს.

     

    საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების საკითხები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის N-994-ე ბრძნებისა და საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლების მიხედვით.

     

    საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს შესაბამისი საგადასახადო ორგანო ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.

     

    საგადასახადო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყების საფუძველია საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენა, რაც ფიქსირდება ფინანსთა მინისტრის N-994-ე ბრძანებაში განსზღვრული №30, №301 ან №303 დანართის შესაბამისი ოქმით ან საგადასახადო შემოწმების აქტით.

    BLH
    Keymaster

    დაუძლეველი ძალა

    პირს არ დაეკისრება საგადასახადო სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად.

    დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:

    ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);

    ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;

    გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.

    BLH
    Keymaster

    მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით

     

    საქმებს-1635-1589(-08)

     

    ფაქტობრივი გარემოებები: სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში, საპატრულო პოლიციის ინსპექტორსა და მძღოლს – ნ. პ-შვილს შორის.

     

    2007 წლის 18 მარტს 11.20 საათზე თბილისი-ბაკურციხე‑ლაგოდეხის გზის მე‑7 კ.მ‑ზე მოსარჩელის მიერ ავტომანქანით მოძრაობისას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს პატრულ‑ინსპექტორ – ვ. გ-ძის მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი- ღვედის გამოუყენლობის გამო და საჯა­რიმო ქვითრის საფუძველზე, ადმინისტრაციული სახდელის სახით ნ. პ-შვილს განესაზღვრა ჯარიმა 20 ლარის ოდენობით. ოქმის მიხედვით ნ. პ-შვილმა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე.

     

    ნ. პ-შვილმა სადავოდ გახადა სამართალდარღვევის საერთოდ ჩადენის ფაქტი, მიიჩნია რა, რომ სამართალდარღვევის არსებობის პირობებშიც იმ მანძილიდან, სადაც იმყოფებოდა პატრულ‑ინსპექტორი ვერ შეამჩნევდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ანუ სახეზე იყო შეცდომა. ამასთან, პატრულ‑ინსპექტორის შემთხვევის ადგილზე არ მომხდარა საქმის გარემოებების გამოკვლევა. ასევე, სადავო გახადა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების მართებულობა და მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის გამოყენება.

     

    საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენ­დეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველ­ზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

     

    ადმინისტრაციული სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპი – ოფიციალობის პრინციპი განსაზღვრავს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების როლს. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხ­ვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან სასამართლო პროცესუალური აქტივობის ცენტრში იმყოფე­ბა, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში სასამართლოს აკისრებს საპროცესო სამართალურთიერთობა­ში მხარეთა საპროცესო უფლებებში ბალანსის მიღწევისთვის აუცილებელ საპროცესო მოქმედებების შეს­რულებას.

     

    ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103‑ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

     

    საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სავ­სებით უგულებელყო ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი, საჯარო ინტერესის უზრუნ­ველმყოფი უფლებამოსილება (მით უფრო იმ ვითარებაში, როცა პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა გადაწყვიტა მოსარჩელის სასარგებლოდ). კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია ზომები, დამატე­ბითი მტკიცებულებების, ინფორმაციის მოსაპოვებლად, მაშინ, როცა ისედაც მოცემული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა წრე უკიდურესად შეზღუდულია.

     

    საკასაციო სასამართლომ გაიზიარა ზემო პოსტში მითითებული მსჯელობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლთან დაკავშირებით – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების დროს მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე‑17 მუხლის გამოყენე­ბასთან დაკავშირებით არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ სასამართლო აღარ იკვლევს საქმის ფაქ­ტობრივ გარემოებებს საკუთარი ინიციატივით. სადავო ფაქტთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთის მხარე­თა შორის პროპორციული გადანაწილების ფორმულა სრულებით არ გამორიცხავს სასამართლოს უფლება­მოსილებას. პირიქით, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლომ ყველა შესაძლებელი ფაქტობრივი გარემოება უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს.

     

    განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ ერთი წერილობითი ხასიათის მტკიცებულება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება, მტკიცებულება იმდენად, რამდენადაც მასშია აღწერილი გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტი, პირობები, დამრღვევი სუბიექტი. ამავდროულად, აღნიშნული დადგენილება წარმოადგენს დავის საგანს, რამდენადაც მოსარჩელე სადავოდ ხდის მის კანონიერებას, აქტში აღწერილი იურიდიული ფაქტის ნამდვილობის კონტექსტით ანუ სწორედ ერთერთ წერილობით მტკიცებულე­ბაში აღწერილი, გადმოცემული ფაქტი წარმოადგენს სადავოს და მტკიცების საგანს.

     

    მტკიცებულებათა ამგვარი სიმწირის პირობებში სასამართლო ვალდებულია თავისი ინიციატი­ვით გამოიკვლიოს არსებობს თუ არა სადავოდ გამხდარი გარემოების სხვა უშუალო მტკიცებულებე­ბი, მაშინ, როცა სასამართლომ არ შეაფასა თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტება, არ დაკითხა მოწმე­ებად თავად პატრულ‑ინსპექტორი, მოსარჩელის ავტომანქანაში მყოფი თანამგზავრი, არ გამოიკვლია პატრულ‑ინსპექტორის მიუკერძოებლობის, ობიექტურობის, სათანადო უნარ-ჩვევების დამამტკიცებელი გა­რემოება /პოლიციის მოხელის პირადი საქმე/, არ მოუწვევია სპეციალისტი, რათა გაერკვია, რამდენად შე­საძლებელი იყო პოლიციელს მაქსიმალურად ზუსტად აღექვა სამართალდარღვევის ფაქტი, იმ მანძილიდან, მიმართულებიდან, როგორც ეს აღწერა /რასაც სადავოდ ხდის მოსარჩელე/.

     

    ამდენად, სააპელაციო სასამართლომ წერილობითი სახის მტკიცებულებათა პრაქტიკულად არარსებობის პირობებში უნდა მოიპოვოს ზეპირი სახის მტკიცებულებები და სსსკ‑ის 105‑ე მუხლის დანაწესის მიხედვით ობიექტური შეფასება უნდა მისცეს მათ.

    BLH
    Keymaster

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა

     

     საქმებს-585-575(-12)

     

    საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კო­დექსის 240‑ე მუხლით სამართალდარღვევის ოქმისთვის დადგენილი რეკვიზიტებიდან და თავად სამართალ­დარღვევის ოქმის, როგორც იურიდიული დოკუმენტის მნიშვნელობიდან, გამომდინარეობს, რომ მისი შედგენა აუცილებელია სწორედ სამართალდარღვევის ადგილზე.

     

    სამართალდარღვევის ოქმით ფიქსირდება სამარ­თალდარღვევის ფაქტი, გარემოებები, მონაწილე პირები და იმავდროულად იგი წარმოადგენს ერთ‑ერთ და სარწმუნო მტკიცებულებას სამართალდარღვევის მოცემულ დროსა და ადგილას, მოცემულ ვითარებაში გამოვ­ლენის და ამ ფაქტის მონაწილე პირების შესახებ. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის არა სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე შედგენა წარმოადგენს პროცედურის არსებით დარღვევას.

    BLH
    Keymaster

    ოქმის არსი და მისი შედგენა

     

    ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას.

     

    ისეთ შემთხვევაში, როდესაც ადგილზევე ხდება საჯარიმო ქვითრის გამოწერა, ოქმი არ დგება. ასეთი შემთხვევები ამომწურავადაა განსაზღვრული ასკ-ის 242-ე მუხლში.

     

    თუ საჯარიმო ქვითარი არ დგება ადგილზე, მაშინ უნდა შედგეს ოქმი. ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები განსაზღვრულია ასკ-ის 239-ე მუხლში.

     

    ოქმის შედგენის  შემდგომ ხდება ამ ოქმის საფუძველზე საქმის განხილვა და დადგენილების გამოცემა, რომელიც საჩივრდება, როგორც ინდ. აქტი.

     

    ჩდება შეკითხვა, შეიძლება თუ არა ოქმის გასაჩივრება, სანამ მოხდება დადგენილების გამოცემა?  ოქმის გასაჩივრება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ იგი წარმოადგენს ზაკ-ით დადგენილ ინდ. აქტს. სხვა შემთხვევაში ოქმი არ საჩივრდება.

     

    მაგ: ოქმი გასაჩივრდება, თუ იგი აყადაღებს სუბიექტის ქონებას.

     

    ოქმი შეიძლება შედგეს ერთობლივი გზით (ერთობლივი ოქმი), ექსკლუზიური (ერთი ორგანო ადგენს), კონკურენტული (რომელიც მოასწრებს).

    BLH
    Keymaster

    მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევები

     

    თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

     

    მაგ: “ა”-მ დაცულ ტერიტორიაზე მოტეხა რამდენიმე პატარა ტოტი, რითიც მცირედი ზიანი მიაყენა ბუნებას. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული სამართალდარღვევა უმნიშვნელოს და თუ წარმოადგენს, მაშინ მან არ უნდა დააჯარიმოს “ა”.

     

    ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად თუ სამართალდაღვევა წარმოადგენს უმნიშვნელოს და იგი მაინც დააჯარიმებს “ა”-ს, ეს იქნება შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და ასეთი ჯარიმა უნდა ჩაითვალოს უკანონოდ.

    BLH
    Keymaster

    გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო

     

    ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.

    მაგ: ექიმმა იცის, რომ მკურნალობისთვის საკმარისია მცირე ღირებულის მქონე პროცედურების განხორციელება, თუმცა იგი ძვირადღირებულ ოპერაციას ურჩევს თავის პაციენტს.

    მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი

    ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

    მაგ: „ა“ ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცემს თავის ნათესავს მის საკუთრებაში არსებულ ბინას, იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს იძულებით ღონისძიებები მისი კრედიტორი- ბანკისგან, რომლის მიმართ მას გააჩნია სასესხო დავალიანება.

    თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

    მაგ: „ა“-ს სურს „ბ“-ს აჩუქოს ბინა, თუმცა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, „ბ“-ს დაეკისრება საშემოსავლო გადასახადის გადახადა, ნაჩუქარი ბინის საბაზრო ღირებულების 20%-ის ოდენობით, ამიტომაც მხარეებმა გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება.

    გარიგების ბათილობა ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო

    ბათილია ნების გამოვლენა, რომელიც გაკეთებულია არასერიოზულად (ხუმრობით) იმ ვარაუდით, რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა.

    მაგ: მთვრალმა მამაკაცმა ქალბატონს აჩუქა თავისი ავტომობილი, გადასცა გასაღები, თუმცა აშკარა იყო, რომ იგი ამას არ გააკეთებდა ფხიზელი რომ ყოფილიყო.

    ნების მიმღებს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ნების გამოვლენის სერიოზულობას, თუკი მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ.

    in reply to: სასაქონლო ნიშნები #29286
    BLH
    Keymaster

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები

    სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი:

    ა) იმავე საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია;

    ბ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ხოლო საქონელი – იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

    გ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

    დ) რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;

    ე) საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების იდენტურია, მსგავსია, შეიცავს მას ან ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა, და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის, ანდა ასეთი სასაქონლო ნიშნით სარგებლობით მოხდება დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების რეპუტაციის გამოყენება. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული მისი გამოყენების უფლების მქონე პირის სასაქონლო ნიშანში; (მაგ: ბორჯომი, ბახმარო, მუკუზანი და ა.შ.)

    ვ) საქართველოში დაცული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სამრეწველო ნიმუშის იდენტურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ითხოვს ამ სამრეწველო ნიმუშზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი;

    ზ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია, და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა; (მაგ: სამშენებლო კომპანია „კოკა-კოლა“, სასტუმრო „ნესტლე“ და ა.შ.).

    თ) შეიცავს რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს, პორტრეტს – ამ პიროვნებასთან ან მის მემკვიდრეებთან შეუთანხმებლად, ხოლო თუ ისინი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებას წარმოადგენს – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე; (მაგ: სასაქონლო ნიშანი, რომელიც შეიცავს სახელს „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, „დავით აღმაშენებელი“, „შოთა რუსთაველი“ და ა.შ. ასევე მათ გამოსახულებებს.)

    ი) შეიცავს საქართველოს ისტორიული ძეგლების დასახელებას ან გამოსახულებას – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე. (მაგ: სასაქონლო ნიშანი, რომელიც შეიცავს დასახელება „ნარიყარა“, „სვეტიცხოველი“, „გელათი“ და ა.შ.).

    in reply to: სასაქონლო ნიშნები #29285
    BLH
    Keymaster

    სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება ისეთი მოცულობითი ნიშანი, რომლის ფორმაც:

    ა) განპირობებულია მხოლოდ საქონლის თვისებებით;

    ბ) აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად.

    ზემოთ მითითებული „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ საფუძვლები არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად, ეს ნიშანი განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა განაცხადში მითითებული საქონლის მიმართ.

    აღნიშნულის მტკიცებულა ევროპული სასამართლოს (ECJ_ის) განმარტებით, შეიძლება იყოს:

    a. ბაზრის წილი, რაც აღნიშნულ ნიშანს უკავია

    b. როგორია ამ ნიშნის გამოყენების ინტენსიურობა, გეოგრაფიული არეალი, გამოყენების ხანგრძლივობა.

    c. ნიშნის გაპიარებისათვის გაღებული ინვენსტიციების მოცულობა

    d. მომხმარებელთა ოდენობა, რომლებიც ამ ნიშნით განასხვავებენ საქონელს, როგორც კონკრეტული კომპანიისა.

Viewing 10 posts - 211 through 220 (of 606 total)