Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterსასარჩელო მოთხოვნის ცვლილება მთავარ სხდომაზე
(სუსგ N-ას-690-651-2011)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად გამოიყენა სსკ-ის 83-ე მუხლი. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის, თანხის დაკისრების საფუძვლად თავდაპირველად სესხის ხელშეკრულებაზე მიუთითა, სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი, სესხის ხელშეკრულების ნაცვლად, მოძრავი ნივთების გადაცემის შედეგად წარმოშობილი გარიგება დაასახელა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელემ სარჩელის საფუძველი მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეცვალა, რის შესახებაც მოპასუხეს თანხმობა არ განუცხადებია, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა შეცვლილ სასარჩელო მოთხოვნაზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 178-ე და 185-ე მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ავალდებულებს მხარეს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. იგი არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი უნდა განსაზღვროს სასამართლომ და არა მხარემ.
მოცემულ შემთხვევაში მხარის მითითება, რომ მეორე მხარეს აქვს მისი ვალი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას, საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად განსაზღვროს და სამართლებრივად შეაფასოს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა. პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მოსარჩელისაგან განსხავავებული სამართლებრივ ნორმების საფუძველზე შეფასება სარჩელის საფუძვლის შეცვლას არაფრით უკავშირდება, როგორც ამას უთითებს სააპელაციო სასამართლო. მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.
BLH
Keymasterვინ არის დ.ღ.გ-ს გადამხდელი სუბიექტი?
დ.ღ.გ-ს გადამხდელი სუბიექტები ამომწურავად არის განსაზღვრული საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლში. დ.ღ.გ-ს გადამხდელად ითვლება:
ა) პირი, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად;
ბ) პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად;
გ) პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს ან დროებით შემოტანას საქართველოში, მხოლოდ ამ იმპორტზე ან დროებით შემოტანაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე;
დ) არარეზიდენტი (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა), რომელიც ეწევა მომსახურებას საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების გარეშე, მხოლოდ ამ მომსახურებაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას;
ე) პირი, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ახორციელებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორის საკუთრებაში გადაცემას მხოლოდ ამ ოპერაციაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე;
ვ) პირი, რომლის საქონლის რეალიზაციაც ხდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით, აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე;
ზ) პირი, რომლის სამეურვეო ქონების რეალიზაციაც ხდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე.
დეტალურად დ.ღ.გ-ს სუბიექტების შესახებ ვისაუბრებთ შემდეგ პოსტებში.
BLH
Keymasterრას ნიშნავს საჯარო მოხელის ატესტაცია?
მოხელის ატესტაციის დანიშნულებაა მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შემოწმება მის მიერ დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან. (იხ. სტატია)
BLH
Keymasterპირის დანიშვნის პროცედურა საჯარო სამსახურში?
პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა საჯარო სამსახურის შესახებ 30-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. (იხ. სტატია).
BLH
Keymasterროგორ ხდება საჯარო სამსახურში მიღება?
მოხელე სამსახურში მიიღება თანამდებობაზე დანიშვნით ან არჩევით. იხ. სტატია.
BLH
Keymasterრა არის საჯარო სამსახური და ვინ არიან საჯარო მოხელეები?
საჯარო სამასახური წარმოადგენს ისეთ საქმიანობას, რომელიც ხორციელდება საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.საბიუჯეტო დაწესებულება არის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანაა საჯარო ხელისუფლების განხორციელება. საჯარო სამსახური ორი სახისაა: 1) სახელმწიფო სამსახური; 2) სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაში. (იხ. სტატია სრულიად).
BLH
Keymasterხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტი
სუსგ. N- ას-1164-1309-08
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველი ნორმის თანახმად, ყურადღება უნდა მივაქციოთ ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ და/ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ, თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ელემენტის არსებობა (როდესაც არსებობს ფაქტები, რომლებიც პრდაპირ მიუთითებს მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე) გამორიცხავს მეორე ელემენტზე აპელირების გაკეთების საშუალებას (უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ).
ის ფაქტი, რომ კ. ბ-ავას 2002 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულება ჩაჰბარდა დადების დღეს, შეიძლება მიუთითებდეს არა იმაზე, რომ მისთვის ცნობილი იყო თავისი უფლების დარღვევაზე, არამედ იმაზე, რომ მას უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. მაგრამ აღნიშნული შეიძლება დავასკვნათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ ფაქტის გამომრიცხავი გარემოებები.
BLH
Keymasterხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტი
ხანდაზმულობის საკითხის გარკვევისას, მნიშვნელოვანია ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება, იმ დღიდან, როცა წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. თუ კანონით ან ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტი დაფიქსირებული, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მაგ: როდესაც სესხის ხელშეკრულების მიხედვით „ა“ ვალდებულია დაუბრუნოს „ბ“-ს სესხი 2015 წლის 10 მაისის ჩათვლით, 2015 წლის 11 მაისიდან „ბ“-ს წარმოეშობა მოთხოვნის უფლება „ა“-ს მიმართ. ამავე მომენტიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
მაგ: სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის 2 წლიანი ვადა, რომელიც აითვლება, მათი განქორწინების მომენტიდან.
მაგ: „ა“-ს ბინიდან წყალი ჩამოდიოდა „ბ“-ს ბინაში, თუმცა აღნიშნული პროცესი ფარულად მიმდინარეობდა. „ბ“-მ მხოლოდ მაშინ გაიგო მისი კედლის დაზიანების შესახებ, როდესაც წყლის ლაქები გამოჩნდა მის კედელზე. მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა აითვლება სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც „ბ“-მ შეიტყო, რომ „ა“-სგან ჩამოსდიოდა წყალი, რამაც დააზიანა მისი ბინის კედლები.
როცა კანონში ან ხელშეკრულებაში მითითებულია მოთხოვნის წარმოშობის მომენტზე, ითვლება, რომ სამართლებრივი ურთ-ს მონაწილესთვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.
როცა პირი ვალდებულია თავი შეიკავოს რაიმე მოქმედებისაგან, ხანდაზმულობის ვადის დენა არ დაიწყება მანამდე, სანამ პირი თავს იკავებს ასეთი მოქმედებისაგან.
როცა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება კრედიტორის რაიმე მოქმედებაზეა დამოკიდებული, სანამ იგი არ შეასრულებს ასეთ მოქმედებას, მოვალისაგან ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება არ წარმოიშობა.
მაგ: ნიკას უნდა გადაეცა ნარდობის საგანი მარიამისათვის ფულის მისთვის გადაცემიდან 1 კვირის განმავლობაში. სანამ მარიამი არ გადასცემს ნიკას ფულს, ხანდაზმულობა არ წარმოიშობა.
BLH
Keymasterწერილობითი მტკიცებულების ნამდვილობის შემოწმება სასამართლოს ინიციატივით
(სუსგ.N-ას-631-592-2011)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, არ გამოიკვლია წერილობითი მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო საქმის წარმოების განახლებას.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: წერილობითი მტკიცებულების საფუძველზე საქმის წარმოების განახლება არ ნიშნავს, რომ ამ საბუთის გამოკვლევა აღარ ხორციელდება. საქმის არსებითი განხილვის დროს ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესწავლა-გამოკვლევა წარმოებს საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთო წესების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებათა ნამდვილობის შემოწმება შესაძლებელია სასამართლოს ინიციატივით. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.
BLH
Keymasterპირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ
(სუსგ. N- ას-921-960-2011)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.
მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს.
ამდენად, პირგასამტეხლოს რაოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა, თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, შეამცირეს ბანკის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, თუმცა მოცემული ტიპის სასესხო ვალდებულების გათვალისწინებით პირგასამტეხლო მაინც შეუსაბამოდ მაღალი გამოდგა. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და საქმეზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
-
AuthorPosts
