Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისგან (სუბროგაცია)
(სუსგ. N-ას-581-549-2011)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, დაზღვეული ტვირთის ტრანსპორტირების პროცესში დაზიანების შედეგად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გამოსათვლელად არასწორად გამოიყენა სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა: მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია არა გადაზიდვის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებების დარღვევის ფაქტზე, არამედ სკ-ის 832-ე მუხლით მოწესრიგებულ, მზღვეველის მიერ რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლების საფუძველზე და, ვინაიდან ეს მუხლი არ ადგენდა მზღვეველის რეგრესული მოთხოვნის ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას, ამიტომ უნდა გამოყენებულიყო სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საერთო ხანდაზმულობის ვადა.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სადავო შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მზღვეველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების გადაცემის გამიჯვნას რეგრესული ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლომ მიუთითა სკ-ის 832-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს არა რეგრესულ ვალდებულებას, არამედ შესაძლებლობას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში.
მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია ე.წ. სუბროგაციის პრინციპის სახით. ამ შემთხვევაში მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. მოთხოვნის დათმობით არ იცვლება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში.
თუ აღმოჩნდება, რომ დამზღვევის მოთხოვნა ზიანის მიმყენებლის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია, მაშინ ხანდაზმული იქნება მზღვეველის მოთხოვნაც. კრედიტორის შეცვლა ვალდებულებაში არ იწვევს ხანდაზმულობის ვადისა და მისი გამოთვლის წესის შეცვლას. საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მსგავს ვითარებაში მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით, რომლებიც არეგულირებენ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებულ ურთიერთობას, კონკრეტულ შემთხვევაში კი, უნდა გამოყენებულიყო გადაზიდვის მარეგულირებელი ნორმები, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო.
BLH
Keymasterსააქციო საზოგადოების კაპიტალი
სააქციო საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად.
აქციას აქვს ორგვარი მნიშვნელობა: 1) სააქციო საზოგადოებაში მონაწილეობის უფლება; 2) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ უფლებას.
1) მატერიალური გაგებით, როგორც საზოგადოებაში მონაწილეობის უფლება, აქცია სააქციო საზოგადოების აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს. თავის მხრივ, მონაწილეობის ეს უფლება გამოიხატება 3 ფორმაში:
ა) მონაწილეობა საზოგადოებიდან მიღებული მოგების განაწილებაში;
ბ) მონაწილეობა საზოგადოების ქონების გაყოფაში მისი ლიკვიდაციის დროს;
გ) მონაწილეობა საზოგადოების საქმეთა მართვაში.
პირველი ორი უფლებამოსილება ქონებრივი ხასიათისაა, მესამე კი პირად ხასიათს ატარებს.
2) ფორმალური გაგებით, აქცია არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მონაწილეობის უფლებას.
აქციის სრულყოფილი დახასიათებისათვის აუცილებელია მისი ძირითადი ნიშნების მიმოხილვა, რომლებიც განასხვავებენ მას როგორც სხვა ფასიანი ქაღალდებისაგან, ისე სხვა სამეწარმეო საზოგადოებათა წილებისაგან.
ა) უპირველეს ყოვლისა, აქცია გამოხატავს სს-ის საწესდებო კაპიტალის წილს, რომელიც გამოითვლება გაცემული აქციების საერთო რაოდენობის მიხედვით. აქციას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნომინალური ღირებულება. გაცემული აქციების ნომინალურ ღირებულებათა ჯამი უნდა შეადგენდეს საწესდებო კაპიტალის ოდენობას. მაგალითი: სს-ის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 50 000 ლარს. იგი გაყოფილია 10 000 ცალ აქციად. თითოეული აქციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 5 ლარს, ე. ი. 10000×5=50 000 ლარს. აქციათა ნომინალური ღირებულების ჯამი არ შეიძლება აღემატებოდეს ან ნაკლები იყოს საწესდებო კაპიტალის ოდენობაზე. ასეთ შემთხვევაში, სს-ას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე.
აქციის ნომინალური ღირებულება უნდა ჩაიწეროს წესდებაში. იგი ჯერად ციფრს უნდა წარმოადგენდეს.
დაუშვებელია აქციის გაცემა ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასში, ვინაიდან ეს ხელს უშლის საწესდებო კაპიტალის სრულყოფილ ფორმირებას. შეიძლება თუ არა აქცია გაიცეს ნომინალურ ღირებულებაზე მეტ ფასად? კანონი ასეთ აკრძალვას არ ითვალისწინებს, ამიტომ აქციები შეიძლება ნომინალურ ღირებულებაზე მეტ ფასადაც გაიცეს. ეს შედეგად იწვევს სს-ის ქონების გაზრდას. თუ საწესდებო კაპიტალი აქციათა ნომინალური ღირებულებების ჯამს აღემატება, გადაჭარბებული თანხა ჩაიწერება საზოგადოების რეზერვებში. ამის შესახებ გადაწყვეტილება დამფუძნებელთა ან აქციონერთა საერთო კრებამ უნდა მიიღოს. იგივე წესი გამოიყენება არაფულადი შესატანების მიმართ, რომელთა ღირებულება აღემატება აქციის ნომინალურ ღირებულებას.
ბ) აქცია ადასტურებს პირის წევრობას სს-ში და წევრობიდან გამომდინარე, მის უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე დროს, აქციონერი არ არის ვალდებული მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების მართვაში, მის საქმიანობაში აქციონერს შეუძლია მხოლოდ დივიდენდები მიიღოს. როგორც წესი, სს-ის მართვაში აქტიურად მონაწილეობენ ის აქციონერები, რომლებიც ხმათა უმრავლესობას ფლობენ.
სს-ის კაპიტალისტური ბუნება იმაში გამოიხატება, რომ ძველი აქცია წევრობის დამოუკიდებელ უფლებას წარმოშობს. ის, ვინც რამდენიმე აქციას იძენს, იურიდიულად, რამდენჯერმე ხდება აქციონერი, ამ აქციების შერწყმის გარეშე.
როგორც წესი, ყოველი აქცია აქციონერთა კრებაზე უზრუნველყოფს ერთ ხმას, თუ შეღავათიანი (პრივილეგირებული) აქციები არ არის გაცემული.
გ) აქცია არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია სს-ში წევრობის შესახებ. კანონი ითვალისწინებს, რომ აქცია შეიძლება გაიცეს ფასიანი ქაღალდის სახით. ეს აქციის გაცემის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ისინი გაიცემა ბარათების ფორმით. მეწარმეთა შესახებ კანონი უშვებს ასევე აქციის სხვა ფორმით გაცემის შესაძლებლობას. ბარათის სახით აქციების გაცემის ძირითადი მიზანია აქციებით ვაჭრობის გაიოლება. ამ დროს აქციათა გასხვისებისათვის საჭირო არაა მისი სანოტარო წესით დამოწმება.
სააქციო ბარათების გარდა, სააქციო სამართალი იცნობს დროებით მოწმობებს. ეს მოწმობები გაიცემა აქციონერებზე მანამ, სანამ აქციები ბარათების ფორმით დაიბეჭდება. საქართველოში არსებულ სააქციო საზოგადოებათა უმეტეს ნაწილს გაცემული აქვს სწორედ დროებითი მოწმობები სერტიფიკატების, წილის მოწმობების სახით და ა.შ. ისინი აუცილებლად სახელობით ფასიან ქაღალდებად უნდა გაიცეს, მათზე აღნიშნული უნდა იყოს მფლობელის სახელი, გვარი და მოწმობის შეძენის თარიღი. ეს დოკუმენტები განიხილება აქციებად და მათ მფლობელს ყველა ის უფლება ეძლევა, რომელიც ჩვეულებრივ აქციონერს აქვს. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც დროებითი მოწმობები გაიცემა კუპონების სახით, რომლებიც უფლებას აძლევს მფლობელს შეიძინოს სს-ების ის აქციები, რომლებიც მომავალში გაიცემა.
დ) აქცია წარმოადგენს საკუთრების ობიექტს და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. დაუშვებელია აქციის, როგორც საკუთრების შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების საკანონმდებლო წესით გაუქმება. კონსტიტუციის ეს ნორმა ეხება სახელმწიფოს მოვალეობას არ შელახოს საკუთრების უფლება. მისგან უნდა განვასხვავოთ აქციონერებს შორის შეთანხმება, რომლითაც შეიძლება აქციის გასხვისების თავისუფლება შეიზღუდოს. ეს უკანასკნელი კერძოსამართლებრივი აქტია.
საკუთრების კონსტიტუციური დაცვის საგანი, დასახელებულ შემთხვევაში, არის არა წევრების მიერ განხორციელებული შესრულება და მათი უფლებები, არამედ სს-ში წევრობა, რომელიც დასტურდება აქციით. ეს საკორპორაციო სამართალში საკუთრების კონსტიტუციურ დაცვის მნიშვნელოვანი თავისებურებაა. სს მის ბალანსზე არსებული ქონების მესაკუთრეა, ამიტომ კონსტიტუციის 21-ე მუხლი მასზე, როგორც ქონების მესაკუთრეზეც ვრცელდება.
სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის.
აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი.
სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, ვალდებულია აქციათა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
თუ აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომლის აქციათა რეესტრს უნდა აწარმოებდეს დამოუკიდებელი რეგისტრატორი.
სააქციო საზოგადოების აქციონერთა რეესტრი იწარმოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესაბამისი წესების მიხედვით.
BLH
Keymasterსაწესდებო კაპიტალი
საწესდებო კაპიტალი არის კანონით განმტკიცებული და საზოგადოების წესდებით განსაზღვრული ქონება, რომელიც აუცილებელია კაპიტალური ტიპის საწარმოს დაფუძნებისათვის და რომლის შეტანის ვალდებულებასაც პარტნიორები (აქციონერები) წესდებით კისრულობენ. საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის ოდენობა.
საწესდებო კაპიტალი არ არის საზოგადოების ქონების იდენტური ცნება. საწესდებო კაპიტალი არის წესდებაში მყარად განსაზღვრული ფულადი თანხა. იგი დაყოფილია წილებად (შპს-ში), აქციებად (სააქციო საზოგადოებაში) ან პაიებად (კოოპერატივებში).
საწესდებო კაპიტალის ოდენობა ყოველთვის შეადგენს წილთა (აქციათა, პაის) ნომინალური ღირებულებების ჯამს (არც მეტი არც ნაკლები). მათი რეალური საბაზრო ღირებულება კი ყოველთვის ან აღემატება ან ნაკლებია ნომინალურ ღირებულებაზე.
საზოგადოების ქონება (ეკონომიკური გაგებით – ,,საზოგადოების კაპიტალი”) კი არის საზოგადოების საკუთრებაში არსებული ყველა ობიექტის ერთობლიობა. მათ განეკუთვნება ფული, მანქანა-დანადგარები, მიწის ნაკვეთები და ა.შ. საწესდებო კაპიტალისაგან განსხვავებით, საზოგადოების ქონება არ არის ფიქსირებული თანხა, იგი საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად იცვლება და მერყეობს. საზოგადოების ქონება შეიძლება იყოს საწესდებო კაპიტალზე მეტი ან ნაკლები. საზოგადოების ქონება აღემატება საწესდებო კაპიტალს, თუკი საზოგადოების საქმიანობა რენტაბელურია და პირიქით, როცა საზოგადოების საქმიანობა წამგებიანია, ქონება შეიძლება საწესდებო კაპიტალზე ნაკლები იყოს.
BLH
Keymasterსააქციო საზოგადოების ცნება (სს)
სააქციო საზოგადოება არის კაპიტალური ტიპის საზოგადოება, შპს-სგან განსხვავებით, აუცილებელია სს-ს გააჩნდეს საწესდებო კაპიტალი, რომელიც სს-ს დაფუძნებისას შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.
სს-ში საწესდებო კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. საწესდებო კაპიტალი შეიძლება შეივსოს, როგორც ფულადი შენატანებით, ისე არაფულადი შენატანებით.
საწესდებო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება საზოგადოების წესდებით და მისი შეცვლა დასაშვებია მხოლოდ წესდებაში ცვლილებების შეტანისა და მათი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციით გზით.
საწესდებო კაპიტალი იმ მიზნით იქმნება, რომ საწარმოს საქმიანობის დაწყებისას გააჩნდეს სახსრები ძირითადი საშუალებების, ნედლეულის, ხელფასებისა და სხვა ხარჯების გასაწევად.
სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის.
BLH
Keymasterსასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება № ას-446-1139-03
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1969წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად სარჩოს გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ს. მ–ს მიენიჭა უფლება, მოითხოვოს მოპასუხისაგან ყოველთვიური სარჩოს გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.
ვინაიდან მდგომარეობა არ შეცვლილა მოსარჩელეს აღნიშნული უფლება არ დაუკარგავს. მას სკ–ს 129-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 142-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს, მოითხოვოს მოპასუხისაგან გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შესრულება, თუ იმ მომენტიდან, როდესაც მოპასუხეს უნდა შეესრულებინა მოქმედება, სარჩელის შეტანამდე არ გასულა სამ წელზე მეტი.
ს. მ–მა სასამართლოს სარჩელით მიმართა 2001წ. 14 აგვისტოს. მას უნდა აუნაზღაურდეს ერთდროულად 1998წ. შესაბამისი თვიდან 2004წ. 1 იანვრამდე, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 53 ლარის გათვალისწინებით, 3392 ლარი, ხოლო 2004წ. იანვრიდან — ყოველთვიურად 53 ლარი.
BLH
Keymasterდამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
(სუსგ. № ას-1254-1392-04)
აღნიშნული საქმე ეხება უძრავ ნივთზე დადებული იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ სს „ბანკ კ–სა“ და მ. წ–ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 27000 აშშ დოლარზე ყოველთვიური 7%-ის დარიცხვით, რომელიც დამოწმებულ იქნა ნოტარიუს ც.ბ–ის მიერ 1997წ. 13 ოქტომბერს. იმავე დღეს 1997წ. 13 ოქტომბერს სს ბანკ „კ–სა“ და მ. წ–ეს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულ იქნა ასევე ნოტარიუს ც.ბ–ის მიერ.
მოსარჩელე მ.წ–ემ მოითხოვა ნოტარიუსისათვის საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულებების დამოწმების საფასურის — 1036,16 ლარისა დაკისრება და ნოტარიუსის მიერ 1997წ. 13 ოქტომბერს შესრულებული სანოტარო მოქმედებების (რეგ. 112-1150 და 2-1151) გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ნოტარიუსმა არასწორად გადაახდევინა ხელშეკრულებების დამოწმების საფასური და სანოტარო მოქმედებები კანონის დარღვევით შეასრულა;
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ივნისის განჩინებით მ. წ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დელიქტთან საქმე არა გვაქვს და ნოტარიუსის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ზიანს საფუძვლად უდევს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს სკ–ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რადგან სახელშეკრულებო მოთხოვნები დაკავშირებულია უძრავ ნივთებთან.
საქმის მასალების მიხედვით, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებები 1997წ. 13 ოქტომბერს დამოწმდა. სკ–ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის თავისი უფლებების დარღვევის ფაქტი ცნობილი უნდა ყოფილიყო 1997წ. 13 ოქტომბერს, ხელშეკრულებების გაფორმების დღეს მ.წ–ემ კი სასამართლოს სარჩელით 2003წ. 1 აპრილს, ე.ი. სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მიმართა. პალატა ასევე თვლის, რომ სკ–ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით შესრულებული სანოტარო მოქმედებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია და არა ექვსი წელი.
ნოტარიუსის მიერ დამოწმებულია სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებები. სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, ხოლო გირავნობის ხელშეკრულების — ექვსი. განსახილველ შემთხვევაში გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის დამატებითი მოთხოვნა დაკავშირებულია სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ძირითად მოთხოვნასთან. სკ–ის 145-ე მუხლის მიხედვით კი მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. ამდენად, მოთხოვნა სანოტარო მოქმედებების ბათილად ცნობის შესახებ ხანდაზმულია.
BLH
Keymasterდამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
BLH
Keymasterსახელშეკრულებო წესების გამოყენება არასახელშეკრულებო ურთიერთობებზე
სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის მიხედვით:
„ვალდებულებათა მიმართ წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.“
ასეთ წესებს განეკუთვნება: წესები ზიანის ანაზღაურების, ვალდებულებათა შესრულების, ფულადი ვალდებულებების შესრულების შესახებ და ა.შ.
სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის საფუძველზე, კონკრეტული სახელშეკრულებო ნორმების, არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ გამოყენების თაობაზე საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.
მაგალითად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე (N- ას-81-71-2011) :
„სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის დაკისრებისას უნდა გამოირიცხოს დაზარალებულის ბრალიც. დელიქტური ვალდებულებების მომწესრიგებელი ნორმები სამოქალაქო კოდექსი 992-1008-ე მუხლები არ ითვალისწინებს შემხვედრი ბრალის საკითხს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.“
BLH
Keymasterვალდებულების ჯეროვნად შესრულება (სკ-ის 361-ე მუხლი)
(სუსგ. N-ბს-1775-1743 (კ-11))
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული სააპელაციო საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სკ-ის 361-ე მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ საქმის მასალებით არ არის დადგენილი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება, ასევე არაა დადგენილი ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის მოთხოვნის უფლების არსებობა.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო პალატამ განმარტა, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზე იყო მომსახურების ხელშეკრულება (ნარდობა), რა დროსაც, როგორც წესი, ჯერ ხდება სამუშაოს შესრულება, ხოლო შემდგომ _ გადახდა. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებული იყო, დაამტკიცოს, რომ მისი ქმედება არ იყო ხელშეკრულების შესრულების დამაბრკოლებელი გარემოება და ხელშეკრულების შესრულება დამოკიდებული არ იყო მის აქტიურობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.
BLH
Keymasterვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას
ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.
იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.
-
AuthorPosts
