Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterსალიცენზიო ხელშეკრულება
სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება მისმა მფლობელმა (ლიცენზიარმა) შეიძლება მიანიჭოს სხვა პირს (ლიცენზიატს) სალიცენზიო ხელშეკრულებით. სალიცენზიო ხელშეკრულება იდება როგორც საქონლის მთლიანი ჩამონათვალის, ისე მისი ნაწილის მიმართ.
ლიცენზია არის განსაკუთრებული ან მარტივი.
თუ ხელშეკრულებიდან არ ჩანს ლიცენზიის ხასიათი, იგულისხმება მარტივი ლიცენზია. ამ შემთხვევაში ლიცენზიარის უფლებაა თვითონაც გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი და დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულება.
განსაკუთრებული ლიცენზია არ აძლევს ლიცენზიარს უფლებას დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულება და გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსაკუთრებული ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები ძალაშია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის
მოქმედების ვადის განმავლობაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ლიცენზიატს ეკრძალება სალიცენზიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ან ქველიცენზიის გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან.
სალიცენზიო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული თავისი განსაკუთრებული უფლებები ლიცენზიატის მიმართ, თუ დარღვევა ეხება ხელშეკრულების ვადას, სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფორმას, იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც გაიცა ლიცენზია, ტერიტორიას, სადაც სასაქონლო ნიშანი შეიძლება იქნეს გამოყენებული,
საქონლის ხარისხს.
სასაქონლო ნიშანზე სალიცენზიო ხელშეკრულების დადების ფაქტის რეგისტრაცია წარმოებს „საქპატენტში“ და შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება ბიულეტენში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.
სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიატი აღძრავს სარჩელს მხოლოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით.
ლიცენზიატს უფლება აქვს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ჩაერთოს სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის შესახებ გამართულ სასამართლო პროცესში.
BLH
Keymasterსასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები შეიძლება გადაეცეს სხვა პირს.
სასაქონლო ნიშანი გადაეცემა სხვა პირს საწარმოსთან ერთად ან მის გარეშე.
საწარმოს გადაცემა გულისხმობს სასაქონლო ნიშნის გადაცემასაც, თუ გადაცემის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ ფორმდება წერილობით. წერილობითი ფორმის დაუცველობა იწვევს ხელშეკრულების ბათილობას.
სასაქონლო ნიშნის გადაცემისას სათანადო ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.
სასაქონლო ნიშნის ახალ მფლობელს არ შეუძლია გამოიყენოს რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები მესამე პირის წინააღმდეგ, ვიდრე რეესტრში არ შეიტანება სათანადო ცვლილებები სასაქონლო ნიშნის გადაცემასთან დაკავშირებით.
თუ „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ წარდგენილი საბუთების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნის გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას იმ საქონლის თვისებების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის, მწარმოებლის ან სხვა მახასიათებლების შესახებ, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, „საქპატენტი“ რეესტრში არ შეიტანს ცნობას გადაცემის შესახებ, ვიდრე არ მიიღებს უფლებამონაცვლის თანხმობას ჩამონათვლიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე.
BLH
Keymasterმართლსაწინააღმდეგო ქმედება
მართლსაწინააღმდეგობა
მართლსაწინააღმდეგო ქმედება არის ისეთ ქმედება, რომელიც არღვევს მართლწერსიგს.
მართლწესრიგი ძალიან ფართო ცნებაა, იგი მოიცავს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემას, რომელიც წესრიგდება არა მხოლოდ საქართელოს კანონმდებლობით, არამედ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით.
ამდენად, როდესაც ვსაუბრობთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, საუბარია არა მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე, რაც თავის მხრივ მართლწინააღმდეგობის ერთ-ერთი კატეგორია, არამედ საუბარია მართლწესრიგის დარღვევის უფრო ფართო ცნებაზე, რომელიც ზემოთ იქნა განსაზღვრული.
ქმედება
სამოქალაქო პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია პირის ქმედება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რაზეც ვისაუბრებთ შემდეგ პოსტებში. ქმედება მოიცავს, როგორც მოქმედებას, ისე უმოქმედობას.
მოქმედება არის დამრღვევის სხეულით განხორციელებული აქტიურობა (მაგ: ქონების დაზიანება, ჯანმრთელობის დაზიანება და ა.შ.).
უმოქმედობის გამო პასუხისმგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს, როდესაც პირს გააჩნდა მოქმედების ვალდებულება და მან ვერ უზრუნელყო მოქმედების ჯეროვნად შესრულება.
BLH
Keymasterსასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით და აითვლება „საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 10 წლით, გაგრძელების ჯერადობის შეუზღუდავად. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადას აგრძელებს „საქპატენტი“ ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ „საქპატენტში“ წარდგენილი განცხადების საფუძველზე.
განცხადების „საქპატენტში“ წარდგენა და შესაბამისი საფასურის გადახდა წარმოებს რეგისტრაციის მოქმედების ბოლო წლის განმავლობაში.
BLH
Keymasterზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი
სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის მიხედვით „ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.“
ვალდებულების ერთ-ერთი სახეა ზიანის ანაზღაურება, რომლის შესახებ ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ზოგად საფუძველს.
„მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.“
აღნიშნული ნორმა ვრცელდება, როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება,თუ არსებობს ზიანის ანაზღაურების შემდეგი საფუძვლები:
- მართლსაწინააღმდეგო ქმედება
- ზიანი
- მიზეზობრივი კავშირი
- ბრალი
სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ზიანის ანაზღაურებისთვის არ არის აუცილებელი ბრალისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა, ასეთია ცალკეული დელიქტები, როგორიცაა სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ზიანის ანაზღაურება, რადიაციული ნივთიერების, შენობებისა და სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე ზიანის დადგომის შემთხვევები.
მოვალეს არ ეკისრება ზიანის ანაზღაურება ვალდებულების დარღვევისთვის, როდესაც სახეზე არ არის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელი ყველა ელემენტი.
მაგ: „A”-ს უნდა მიეწოდებინა “B”-ისთვის 100 ტონა ხორბალი 2016 წლის 10 მაისამდე. მან ვალდებულების ჯეროვნად შესრულება შეძლო მხოლოდ 2016 წლის 25 მაისს. ვადის დარღვევა განპირობებული იყო დაუძლეველი ძალით. „B”-ს მიადგა 3000 ლარის ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში, სკ-ის 394.1-ე და 401-ე მუხლების საფუძველზე, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ზიანის ანაზღაურებისთვის.
მაგ: „A”-მ იყიდა 10 ტონა მანდარინი „B”-სგან, რომელიც მას უნდა წაეღო „A”-ს საწყობიდან 2015 წლის 20 მაისს, მიუხედავად “B”-ს არაერთი მოთხოვნისა, მას არ წაუღია საქონელი 2015 წლის 10 აპრილამდე, როდესაც მოხდა მიწისძვრა და განადგურდა საწყობში არსებული მანდარინი. ასეთ შემთხვევაში „B” ვერ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას მისი საქონლის დაზიანებისთვის.
BLH
Keymasterსაქპატენტის გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზის შემდეგ
„საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე არსობრივი ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში აქვეყნებს განაცხადის მონაცემებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში.
ბიულეტენში ქვეყნდება სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, ცნობები მფლობელის შესახებ და მისამართი, საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი.
თუ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში სააპელაციო პალატაში არ იქნება შეტანილი სააპელაციო საჩივარი, ან მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, „საქპატენტი“
ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში.
რეესტრში შეტანილი იქნება სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, ცნობები მისი მფლობელის შესახებ, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღი, საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს „საქპატენტში“ სათანადო განცხადების წარდგენის შემდეგ გაეცნოს რეესტრის მონაცემებს და მოითხოვოს დამოწმებული ამონაწერი.
მოწმობა სასაქონლო ნიშანზე
სასაქონლო ნიშნის რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ „საქპატენტი“ გასცემს მოწმობას სასაქონლო ნიშანზე.
მოწმობით დასტურდება სიმბოლოს რეგისტრაცია სასაქონლო ნიშნად, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, მფლობელის განსაკუთრებული უფლება აღნიშნულ სასაქონლო ნიშანზე და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა.
BLH
Keymasterექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში
განმცხადებელს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.
განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.
განაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სააპელაციო პალატაში გაასაჩივროს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მოტივით, რომ დარღვეულია კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნები. ამასთანავე, დაუშვებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში იმავე საფუძვლით.
სააპელაციო პალატა საჩივარს იხილავს მისი შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
BLH
Keymasterგანაცხადის ექსპერტიზა
სასაქონლო ნიშნის განაცხადზე „საქპატენტი“ ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას და არსობრივ ექსპერტიზას.
ფორმალური ექსპერტიზა
განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან 2 თვის ვადაში,ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ადგენს, არის თუ არა განაცხადი გაფორმებული სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის შესაბამისად. (შემდგომში კანონი).
თუ განაცხადი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, განმცხადებლის სახელზე გაიცემა ცნობა განაცხადის შეტანის თარიღის დადგენის შესახებ საკანცელარიო
ნომრისა და შეტანილი საბუთების ჩამონათვალის მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება განაცხადის მასალის მიღებაზე დასაბუთებული უარი.
ამდენად, ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე „საქპატენტი“ გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განსახილველად მიღებისა და პრიორიტეტის დადგენის, ან განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და აცნობებს განმცხადებელს.
არსობრივი ექსპერტიზა
არსობრივი ექსპერტიზა ტარდება განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დამთავრებიდან 6 თვის ვადაში.
არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს, არსებობს თუ არა კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.
არსობრივი ექპერტიზის საფუძველზე განმცხადებელს ეგზავნება გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ.
BLH
Keymasterგანაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე
განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე წარედგინება „საქპატენტს“ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ.
განაცხადი ივსება დადგენილი წესით, ქართულ ენაზე. განაცხადი ეხება მხოლოდ ერთ სასაქონლო ნიშანს.
განაცხადი შეიცავს:
ა) თხოვნას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ;
ბ) განმცხადებლის სრულ სახელს (სახელწოდებას) და იურიდიულ მისამართს;
გ) სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას;
დ) იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.
ე) წარმომადგენლის ვინაობას და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ;
ვ) განმცხადებლის ან წარმომადგენლის ხელმოწერას განაცხადზე.
განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღად ითვლება „საქპატენტში“ მისი ჩაბარების დღე.
BLH
Keymasterგანსაკუთრებული უფლების ფარგლები
სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს:
ა) საკუთარი სახელი ან მისამართი, თუ ისინი ემთხვევა განსაკუთრებული უფლების მქონე პირის სასაქონლო ნიშანს;
ბ) სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებს;
სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე. ეს წესი არ მოქმედებს, თუ საქონლის თვისებები შეიცვალა, ხარისხი გაუარესდა ან არსებობს ამ აკრძალვისათვის სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი.
-
AuthorPosts
