• This topic has 71 replies, 6 voices, and was last updated 6 years ago by BLH.
Viewing 10 posts - 41 through 50 (of 72 total)
  • Author
    Posts
  • #29515
    BLH
    Keymaster

    წერილობითი მტკიცებულების ნამდვილობის შემოწმება სასამართლოს ინიციატივით

     

    (სუსგ.N-ას-631-592-2011)

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, არ გამოიკვლია წერილობითი მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო საქმის წარმოების განახლებას.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: წერილობითი მტკიცებულების საფუძველზე საქმის წარმოების განახლება არ ნიშნავს, რომ ამ საბუთის გამოკვლევა აღარ ხორციელდება. საქმის არსებითი განხილვის დროს ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესწავლა-გამოკვლევა წარმოებს საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთო წესების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებათა ნამდვილობის შემოწმება შესაძლებელია სასამართლოს ინიციატივით. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.

    #29548
    Crassus
    Participant

    წერილობითი მტკიცებულების დედნის წარდგენის ვალდებულება

     

    (სუსგ. N-ას-967-1246-09)

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, ასლებს მტკიცებულების ძალა მიანიჭა, მიუხედავად იმისა, რომ დედნების წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 135-ე მუხლის ანალიზით, მტკიცებულების ძალა გააჩნია დოკუმენტის დედანს. დოკუმენტის ასლი სასამართლოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეუძლია მტკიცებულებად მიიჩნიოს. ამისთვის მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად და ნათლად უნდა დაადასტუროს, რომ დოკუმენტის დედანი არსებობს ან არსებობდა, მაგრამ მას, ობიექტური მიზეზების გამო, არ შეუძლია მისი წარმოდგენა. განსახილველ შემთხვევაში ასეთი გარემოება არ დასტურდება. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

     

    #29544
    Crassus
    Participant

    მისამართის შეცვლა საქმის წარმოების დროს

     

    (სუსგ. N-ას-380-353-2010)

     

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, არასწორად გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: როგორც საქმის მასალებით დასტურდება, უწყება ორჯერ გაეგზავნა მხარეს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე და არ ჩაჰბარდა, რადგანაც მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა. საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარემ სასამართლოს მისამართის ცვლილების შესახებ შეატყობინა, შესაბამისად, სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს სრული საფუძველი ჰქონდა იმისათვის, რომ უწყება მხარისათვის ჩაბარებულად მიეჩნია. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ფოსტიდან დაბრუნებულ გზავნილზე არსებული აღნიშვნის თანახმად, მხარე გადასული იყო ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს მისამართი არასრულია, გარდა ამისა, არ ირკვევა, ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობა, ამასთან, სსკ-ის 76-ე მუხლი ითვალისწინებს თავად მხარის ვალდებულებას, რომ სასამართლოს ახალი მისამართი აცნობოს.

    #29546
    Crassus
    Participant

    დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა სარჩელების გაერთიანებისას

     

    (სუსგ. ას-1378-1215-2010)

     

    განსახილველ შემთხვევაში რამდენიმე ერთგვაროვანი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, დავის საგნის ღირებულება განსაზღვრა მოპასუხე მხარეთათვის თითოეულის შესაბამისი დავის საგნის ღირებულებათა შეკრების საფუძველზე, შემდგომ კი, საერთო ღირებულებიდან გამოითვალა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილით სარჩელების გაერთიანება გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიურობის პრინციპით, რომელიც, უპირველესად, მოდავე მხარეთა ინტერესია. ამავდროულად, ის გავლენას ვერ მოახდენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრაზე, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გაერთიანებულია რამდენიმე სხვადასხვა სარჩელი, რომლებზედაც დამოუკიდებელი სამოქალაქო წარმოება მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს სარჩელები ცალ-ცალკე უნდა შეფასდეს და დავის საგნის ღირებულებაც არა მოთხოვნების შეჯამებული ფასით, არამედ თითოეული სარჩელის დამოუკიდებელი ღირებულებით განისაზღვროს. ზემოაღნიშნული საფუძვლით, საკასაციო სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.

    #29547
    BLH
    Keymaster

    სასარჩელო მოთხოვნის ცვლილება მთავარ სხდომაზე

     

    (სუსგ N-ას-690-651-2011)

     

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად გამოიყენა სსკ-ის 83-ე მუხლი. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის, თანხის დაკისრების საფუძვლად თავდაპირველად სესხის ხელშეკრულებაზე მიუთითა, სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი, სესხის ხელშეკრულების ნაცვლად, მოძრავი ნივთების გადაცემის შედეგად წარმოშობილი გარიგება დაასახელა.

     

    სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელემ სარჩელის საფუძველი მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეცვალა, რის შესახებაც მოპასუხეს თანხმობა არ განუცხადებია, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა შეცვლილ სასარჩელო მოთხოვნაზე.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 178-ე და 185-ე მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ავალდებულებს მხარეს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. იგი არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი უნდა განსაზღვროს სასამართლომ და არა მხარემ.

     

    მოცემულ შემთხვევაში მხარის მითითება, რომ მეორე მხარეს აქვს მისი ვალი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას, საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად განსაზღვროს და სამართლებრივად შეაფასოს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა. პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მოსარჩელისაგან განსხავავებული სამართლებრივ ნორმების საფუძველზე შეფასება სარჩელის საფუძვლის შეცვლას არაფრით უკავშირდება, როგორც ამას უთითებს სააპელაციო სასამართლო. მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.

     

    #29552
    BLH
    Keymaster

    სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის

     

    (სუსგ.N-ას-640-601-2011)

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 53-ე მუხლი, რომელიც სასამართლო ხარჯების განაწილების წესს ადგენს, კერძოდ, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნდა, სააპელაციო პალატამ კი მოსარჩელეს დააკისრა მოპასუხის მიერ გაწეული სახელმწიფო ბაჟის ხარჯების ანაზღაურება.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: იმის განსაზღვრა, თუ რომელ მხარეს რამდენი სახელმწიფო ბაჟი ან სხვა სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს, მხოლოდ დავის არსებითად გადაწყვეტის შემთხვევაშია შესაძლებელი. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ეტაპზე დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების კანონიერების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ასეთ დროს სასამართლოს არ გააჩნია ის მონაცემები, რაც აუცილებელია სახელმწიფო ბაჟის ოდენობის დადგენისა თუ სხვა სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი გულისხმობს, რომ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში გაუქმებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასამართლო ხარჯების განაწილება ძალას კარგავს და აღნიშნული ხელახლა უნდა გადანაწილდეს დავის არსებითად გადაწყვეტის დროს. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე სასამართლო ხარჯების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს გადანაწილების თაობაზე.

     

    #35070
    Crassus
    Participant

    სასამართლო ხარჯების ანაზღაურება

    სუსგ. №ას-789-754-2014

    „მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორემხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა. მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცესის ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარისმოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.”

    #29553
    BLH
    Keymaster

    ექსპერტის დასკვნის შეფასება  

     

    (სუსგ. N-ას-336-320-2011)  

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დააფუძნა ექსპერტის დასკვნას, რომელიც სასამართლოს მიერ ყოველგვარი კრიტიკისა და შეფასების გარეშე მტკიცებულებად იქნა მიჩნეული.  

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: მართალია, ექსპერტიზა ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც დავის არსიდან გამომდინარე სადავო საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, თუმცა ექსპერტის დასკვნა, სსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და უნდა შეფასდეს სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, ყოველმხრივ, სრულად და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 412-ე მუხლით, გადაწყვეტილება დააბრუნა იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

     

    ანალოგიურია საქმეებია: #ას-1009-946-2011  და #ას-1019-1050-2011.

    #29567
    BLH
    Keymaster

    ექსპერტის დასკვნის შემოწმება

     

    (სუსგ. N- ას-689-650-2011)

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, არ გაიზიარა ექსპერტის დასკვნა, იმ მიზეზით, რომ მისი დასკვნითი ნაწილი წინააღმდეგობრივია.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასა-მართლოს შეფასებას, რომ სადავო ექსპერტის დასკვნა არც თუ ნათლად ადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, თუმცა, როდესაც არსებობს სადავო საკითხის გამოსაკვლევად ჩატარებული ექსპერტიზის ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები ან სასამართლო დასკვნას არასწორად, ან დაუსაბუთებლად მიიჩნევს, კანონმდებლობა ითვალისწინებს განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას (მაშინ, თუ მის გარეშე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენა შუძლებელია) ან, თუ თვით ექსპერტის დასკვნა განმარტებას მოითხოვს, სასამართლოს შეუძლია, მოიწვიოს ექსპერტი. თუკი სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა წინააღმდეგობრივად მიიჩნია, მას შეეძლო, ერთ-ერთი ზემოაღნიშნული მეთოდით (ექსპერტის განმარტებით ან განმეორებითი ექსპერტიზით) გაერკვია სპეციალისტის აზრი სადავო საკითხთან მიმართებით.

     

    #29558
    BLH
    Keymaster

    სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა

     

    (სუსგ. N-ას-1253-1101-10)

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, მიიჩნია, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით მოპასუხეს მხოლოდ შესაგებლის წარდგენის ვადა განუსაზღვრა და ამავე განჩინებით იგი არ გააფრთხილა სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, არსებობდა სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება, ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით კი, სასამართლო უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომის თარიღი მხარეს ზემოხსენებული კანონის დანაწესის შესაბამისად, სასამართლოს შენობაში ეცნობა და განემარტა საქმის განხილვაზე მისი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც დასტურდება სასამართლო უწყებაზე მხარის წარმომადგენლის ხელმოწერით. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხე სასამართლოს მიერ დადგენილ დროს საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი აცნობა სასამართლოს. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

Viewing 10 posts - 41 through 50 (of 72 total)
  • You must be logged in to reply to this topic.