პოლიციური პრევენციული ღონისძიებები – პირის ვინაობის დადგენა და გამოკითხვა

admin-ajax.phpპირის ვინაობის დადგენა

პოლიციელი უფლებამოსილია დაადგინოს პირის ვინაობა, ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან. ამ მიზნით შეაჩეროს იგი და გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა.

როგორია პოლიციელის მოქმედების თავისუფლების ფარგლები?

პოლიციელი, პირის ვინაობის დადგენისას მოქმედებს კანონიერების პრინციპის შესაბამისად, მას შეუძლია დაადგინოს პირის ვინაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს კანონში მითითებული რომელიმე გარემოება:

 ა) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;

ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას;

გ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე;

დ) პირს თან აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია;

ე) პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე;

ვ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს.

პირის გამოკითხვა

პირის გამოკითხვა გულისხმობს, გარკვეული ინფორმაციის მიღებას მისგან, პოლიციური ფუნქციების შესასრულებლად.

როგორია პოლიციელის მოქმედების თავისუფლების ფარგლები?

პოლიციელი უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მას აქვს საპოლიციო ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია.

მაგ: არსებობს ვარაუდი, რომ პირს აქვს ინფორმაცია, შესაძლო სამართალდარღვევის განხორციელების შესახებ.

„საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის“ არ არის ზოგადი ცნება, იგი გულისხმობს იმ ფაქტის ან ინფორმაციის არსებობას, რომლის არსებობაც საკმარისი იქნებოდა გადაწყვეტილების მისაღებად ობიექტური დამკვირვებელისთვის (სასამართლოსთვის).

პირის მიერ ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია და მას უნდა განემარტოს ამის შესახებ, ხოლო 14 წლამდე ასაკის პირის მიმართ ამ ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით.