სტაიანშიკების პრობლემა და მოგვარების გზები

d84e07c2ee79 “სტაიანშიკების” პრობლემა და მოგვარების გზები

ხშირად გვწერენ ადამიანები, რომლებიც განრისხებულები არიან ე.წ. სტაიანშიკების ქცევით, კერძოდ მათ მიერ თბილისის ცენტრალურ და ზოგიერთ შემთხვევაში არაცენტრაულ ქუჩებზე პარკირების კონტროლით, რაც გამოიხატება საჯარო ადგილებში, მათ შორის სითი პარკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მანქანის დაყენებისთვის  პრობლემების შექმნაში და ფულის მოთხოვნაში.

ამ სტატიაში ჩვენ გვინდა პასუხი გავცეთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს:

1.  უფლებამოსილია თუ არა ე.წ. სტაიანშიკი აკონტროლოს საჯარო ადგილებში პარკირება?

საჯარო პარკინგის ადგილებზე მანქანათა პარკირების ექსკლუზიურ კონტროლს ახორციელებს კომპანია „სითი-პარკი“, რომელსაც მერიისგან აქვს დელეგირებული საჯარო ადგილებში პარკინგის კონტროლისა და მოწესრიგების ეკსკლუზიური უფლება-მოვალეობანი. ამდენად, სტაიანშიკი არ არის უფლებამოსილი აკონტროლის საჯარო ადგილებში პარკირება.

თუმცა ამავდროულად იგი არ არის შეზღუდული დაეხმაროს მძღოლებს ავტომობილის პარკინგში, თუ მძღოლები ამას  ისურვებენ.

2. ვალდებულია თუ არა საჯარო პარკინგით მოსარგებლე მძღოლი გადაუხადოს ფული სტაიანშიკს?

იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო ადგილებზე პარკინგის კონტროლს ეკსკლუზიურად ახორციელებს სითი-პარკი,  პირი, რომელსაც სითი-პარკისგან აქვს ნაყიდი შესაბამისი ნებართვა, რომელიც მას აძლევს უფლებას ისარგებლოს თბილისის ტერიტორიაზე არსებული საჯარო პარკინგით, უფლებამოსილია არ ისარგებლოს სტაიანშიკის დახმარებით და შესაბამისად არ გადაუხადოს მას ანაზღაურება აღნიშნული დახმარებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ სტაიანშიკი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ანაზღაურება საჯარო პარკინგით სარგებლობისათვის, მას შეუძლია ანაზღაურება მოითხოვოს მხოლოდ მის მიერ გაწეული დახმარებისათვის, ხოლო აღნიშნული დახმარების გაწევა დამოკიდებულია მძღოლის ნებაზე.

3. როგორ დავიცვათ თავი სტაიანშიკისაგან, რა უფლებები გვაქვს, როცა იგი პრობლემას გვიქმნის პარკირებისას?

თუ მანქანას აყენებთ საჯარო პარკინგის ზონაში (ე.წ. სითი-პარკისზონაში), ხოლო სტაიანშიკი უფლებას არ გაძლევთ დააყენოთ თქვენი მანქანა, ან მას ულაგია ბარიერები, ლენტები ან სხვა წინაღობები, მაშინ თქვენ შეგიძლიათ გამოუძახოთ საპატრულო პოლიციას და მოსთხოვოთ შესაბამისი ღონისძიების გატარება საზოგადოებრივი ადგილით სარგებლობის თვითნებურად შეზღუდვისათვის.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 152(2)-ე მუხლის მიხედვით

საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა, გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით.

ხოლო, დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, – გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას – 4000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული წესი მოქმედებს არა მხოლოდ სტაიანშიკებთან დაკავშირებით, არამედ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როცა ხდება საჯარო პარკინგის ან სხვა საჯარო ადგილებზე გაადგილებისათვის ხელის შეშლა.