საავტორო უფლებების დაცვის პრობლემა ქართულ ბაზარზე

header-copyსაავტორო უფლებების დაცვა საქართველოში  

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის აღსრულებას პრობლემები აქვს. საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციას ჯარიმების დაკისრების ბერკეტი არ გააჩნია, მსგავსი უფლებების მქონე უწყებები კი საკუთარ მოვალეობას არ ასრულებენ.

შედეგად, საავტორო უფლებების დაცვას ავტორები სასამართლოს გზით ცდილობენ. ამის პარალელურად ირკვევა, რომ დღეს რესტორნებსა და კაფე-ბარებში გამოყენებული მუსიკის დიდი ნაწილი ლიცენზირებულია და ოფიციალურად შესყიდულია დაწესებულებების მეპატრონეების მიერ.

რა ხდება დღეს ქართულ ბაზარზე და რა პრობლემები აქვთ ავტორებს „კომერსანტს“ საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობახიძე ესაუბრება.

– რა სიტუაციაა დღეს ქართულ ბაზარზე საავტორო უფლებების დაცვის კუთხით?

– მეტნაკლებად სრულდება. წინა წლებთან შედარებით სიტუაცია გაუმჯობესებულია, აქ არის ორი მომენტი, ერთი შეეხება ჰონორარების შეგროვებას და გადანაწილებას, ეს ნაწილი გაუმჯობესებულია და დღეს წინა წლებთან შედარებით რამდენჯერმე მეტი ჰონორარი გროვდება და ნაწილდება ავტორებზე, მეორე ნაწილი არის კანონის აღსრულება, ანუ იმ საჯარიმო სანქციების დაკისრება, რომელიც დარღვევების შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული. ამ შემთხვევაში უარესად არის სიტუაცია, რადგან ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ამაში უნდა ჩაერიონ შესაბამისი სამსახურები- პოლიცია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, შემოსავლების სამსახური. თუმცა, ამ მხრივაც მიდის მუშაობა, რომ ეს პროეცსი დაიწყოს.

–  როგორია ასოციაციაში განცხადება-საჩივარის შემოტანის პროცედურა? თავად გიკავშირდებიან ავტორები თუ თქვენ ატარებთ მონიტორინგს?

-პროცედურა არის ორივენაირი, ერთი ის, რომ თავად გვიკავშრდებიან ავტორები და გვეუბნებიან, რომ დაირღვა მათი საავტორო უფლებები, შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს და ხშირ შემთხვევაში მოლაპარეკებებით ვამთავრებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ერთადერთი ბერკეტი, წავიდეთ სასამართლოში და მისი ძალით მოვითხოვოთ კომპენსაცია. ეს არ არის ეფექტური მექანიზმი, რადგან სასამართლო იწელება ძალიან თვეების განმავლობაში, ამიტომ ჯობია, რომ ამოქმედდეს ის სანქციები, რომლებიც გვაქვს კანონის მიხედვით.

– კანონში რა სანქციებია გათვალისწინებული?

– კანონში არის ჯარიმები, საავტორო უფლების დარღვევისთვის არის ჯარიმა 500-დან 3 ათას ლარამდე პირველ შემთხვევაში, განმეორებით დარღვევის ჩადენის შემთხევაში არის 3 ათასიდან – 5 ათას ლარამდე და რიგ შემთხვევებში არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

– დღეს რატომ არ ხდება ჯარიმების გამოწერა და რატომ მიდის საქმე სასამართლომდე?

– სასამართლომდე მიგვყავს საქმე ჩვენ, რადგან ჩვენ მხოლოდ ეს მექანიზმი გვაქვს,  არ გვაქვს უფლება, რომ დავაჯარიმოთ ვინმე. ამასთან, ჩვენთან მომართვა არ არის სავალდებულო. თუ ავტორი მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დაირღვა, შეუძლია მიმართოს პოლიციას და ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს.

–  წელიწადში რამდენი სასამართლო იმართება თქვენი სარჩელის საფუძველზე?

– ასე ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, საკმაოდ ხშირია. ბევრი იყო წარსულში, თანდათან შემცირდა, რადგან ერთ სასამართლოს, რომელიც გაიმართება ერთ კონკრეტულ დავაზე, აქვს პრევენციული ხასიათი და მოქმედებს სხვაზეც, იმისთვის, რომ სხვამ აღარ ჩაიდინოს იგივე დანაშაული. რაც დრო გადის უფრო კლებულობს დარღვევათა რაოდენობა, რაც დრო გადის უფროდაუფრო მეტ ადამიანს მიეწოდება ინფორმაცია, რომ საავტორო უფლებები ექვემდებარება დაცვას და მისი გამოყენებისთვის საჭიროა ჰონორარის გადახდა.

 –   როგორ ხდება საავტორო უფლების მოპოვება, რა პროცედურებია ამისთვის საჭირო?

–  საავტორო უფლებას არ სჭირდება არანაირი ფორმალობის დაცვა, კანონით არის გაწერილი, რომ მას შემდეგ, რაც შეიქმნება ნაწარმოები საავტორო უფლება წარმოიშვება და მასზე არანაირი რეგისტრაცია არ ვრცელდება.

–  ძირითადად რა სფეროებში გხვდებათ დარღვევები?

–  ძირითადად დარღვევები არის მუსიკაში, ეს შედარებით დიდი სფეროა და პროცენტული რაოდენობით დარღვევათა 60%-65% მაინც მუსიკაზე მოდის. ასევე არის დარღვევები ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, დიზაინის კუთხით.

– ვის მიერ ირღვევა საავტორო უფლებები ყველაზე ხშირად – მსხვილი კომპანიების თუ კერძო პირების მიერ?

–  ასე ვერ გამოვყოფ, ხდება საავტორო უფლების დარღვევა კომპანიების მიერაც და კერძო პირების მიერაც.

–  ასოციაცია იცავს მხოლოდ ქართველი ავტორების უფლებებს თუ უცხოელი ავტორების უფლებებსაც?

–  ჩვნე  უკვე 1000-ზე მეტი წევრი გვყავს. გარდა ამისა ჩვენ ვიცავთ მსოფლიო მასშტაბით ყველა უცხოელი ავტორის უფლებას საქართველოში. გვაქვს კონტაქტი მთელს მსოფლიოში არსებულ ჩვენი ტიპის ორგანიზაციებთან – დადებული გვაქვს ხელშეკრულება და ამით ვალდებულებას ვიღებთ, რომ დავიცავთ მათს უფლებებს საქართველოს მასშტაბით და მათაც აქვთ ვალდებულება, რომ დაიცავენ ქართველი ავტორების საავტორო უფლებებს მათს ქვეყნებში.

–  ქართულ სარეკლამო სივრცეში ხშირად გამოიყენება მსოფლიო ჰიტები, ამ შემთხვევაშიც ხდება შეთანხმება უცხოელ ავტორებთან და კომპანიებთან?

– ხშირ შემთხვევაში გამოყენება უკვე შეთანხმებულია, შემდეგ ასეთი მუსიკის გადაცემა ტელევიზიით ან რადიოთი, ლიცენზირდება ჩვენთან.

–   დღეს რადიოებსა და ტელევიზიებში გამოყენებული მუსიკა  ლიცენზირებულია?

–  დიახ, რადიოებსაც და ტელევიზიებსაც აქვთ შესაბამისი ლიცენზიები. ისინი იხდიან შესაბამის ჰონორარს და შემდეგ ჩვენ ვუნაწილებთ ავტორებს.

–  რაც შეეხება რესტორნებს, დღეს ასეთ დაწესებულენენში გამოყენებული მუსიკა თუ არის ლიცენზირებული?

– რესტორნები დღეს თითქმის ყველა ლიცენზირებულია თბილისში, მათ აქვთ უფლება გამოიყენონ მუსიკა და ამისთვის იხდიან ჰონორარს. ისინი ერთ კონკრეტულ მუსიკაში არ იხდიან საფასურს, ყიდულობენ ე.წ. ბლანკეტურ ლიცენზიას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ იხდიან ფიქსირებულ თანხას ყოველთვიურად და ამით ენიჭებათ უფლება შეასრულონ შეუზღუდავი რაოდენობის მუსიკა მათი გემოვნებით. ბლანკეტური ლიცენზია ყველა რეესტორნისთვის არის სხვადასხვა, განისაზღვრება დასაჯდომი ადგილების მიხედვით, რაც უფრო მეტია დასაჯდომი ადგილი, მით მეტია გადასახადი. მინიმალური ფასი არის 25 ლარი და ზევით.

– ბლანკეტური პაკეტის შემთხვევაში როგორ ხდება იმ ავტორების არჩევა, ვისაც ფულს ურიცხავთ?

–  მოსარგებლეებს აქვთ ვალდებულება იმ ნაწარმოებების შესახებ მოგვაწოდონ ინფორმაცია, რომელსაც ასრულებენ და ჩვენც შესაბამის ავტორებს ვურიცხავთ თანხას.

– რა არის დღეს, თქვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ამ სფეროში?

–  ეს არის იმ სანქციების რეალურ ცხოვრებაში გატარება, რაც კანონში გვაქვს. გარდა იმისა, რომ ეს ვალდებულება კანონით გვაქვს აღებული, საავტორო უფლებების დაცვას გვავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც. რატომ არ ხდება ამ კანონის ცხოვრებაში გატარება, ვერ გეტყვით, მე არც პოლიციაში ვმუშაობ და არც ფინანსთა სამინისტროში. კანონი არსებობს და არის შესაბამისობაში ევროსამართალთან, მაგრამ უნდა დაიწყოს მისი აღსრულება.

– ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კანონის აღსრულებისთვის უნდა იყოს კონკრეტული ორგანო? როგორია საერთაშორისო გამოცდილება?

– ერთი კონკრეტული უწყება ვერ იქნება აღმასრულებელი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა განაწილებული აქვთ პოლიციას და სხვადასხვა უწყებებს.

– დაახლოებით რამდენია ავტორებისთვის განკუთვნილი ჰონორარი?

–   ავტორებს საავტორო უფლებების დაცვით აქვთ რეალური შემოსავალი, თუმცა, ყველა სეგმენტისთვის არის სხვადასხვა გადასახადი, სულ არის 36 სეგმენტი და თითოეულ მათგანზე სხვადასხვა ტარიფია დადგენილი. კანონით ყველანაირი მუსიკა, ხარისხიანიც და უხარისხოც, ფასდება ერთი კონკრეტული თანხით. გადახდის მეთოდი არსებობს სხვადასხვა- მაგალითად ტელევიზიებისთვის სხვა, კაფე-ბარებისთვის სხვა, კონცერტებისთვის სხვა. რთული და კომპლექსური ტარიფის დათვლის სისტემაა.

–  წარმოადგენს თუ არა პრობლემას ის ფაქტი, რომ თავად ავტორებს არ აქვთ ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ?

–  ეს პრობლემა იყო და დღემდე დგას, თუმცა, ნაკლებად. დღეს თითქმის ყველა ავტორი ინფორმირებულია, იცის საკუთარი უფლებები და იცის ისიც, რომ საავტორო უფლების დაცვით შეუძლია მან მიიღოს შემოსავალი. ეს პრობლემა თანდათან უკანა პლაზე გადადის.

წყარო: commersant.ge