სამოქალაქო სარჩელის შეტანა (ნაწილი II)

ery-300x160-300x160სარჩელის შეტანა (ნაწილი II)

იხ. ასევე სარჩელის შეტანა (ნაწილი I)

სარჩელის კანცელარიაში რეგისტრაციის შემდგომ, იგი გადაეცემა მოსამართლეს, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის განსახილველად მიღებისა ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ 5 დღის ვადაში.

სასამართლო მიიღებს სარჩელს განსახილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სარჩელი  აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებს.  

დაკავშირებული სტატიები:

სარჩელის შინაარსობრივი მოთხოვნები  

დასაშვებობის სხვა მოთხოვნები  

სარჩელის განსახილველად მიღების თაობაზე საჩივარი არ მიიღება.

სარჩელის განსახილველად მიღების შემდეგ მოსამართლის თანაშემწე უკავშირდება  მოსარჩელეს ან წარმომადგენელს, ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ატყობინებს  სარჩელის მიღების შესახებ. ამავდროულად განუმარტავს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში 2 თვის ვადაში წარმოდგენის ვალდებულების შესახებ.

მოსარჩელის ინფორმირების შესახებ ადგენს აქტს, რომელიც საქმეს დაერთვის.   თუ შეუძლებელია მხარესთან (წარმომადგენელთან) მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელ–ფოსტის მისამართზე დაკავშირება, დგება შესაბამისი აქტი. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს (წარმომადგენელს) შეუძლია მიიღოს სათანადო ინფორმაცია სასამართლოში გამოცხადებით.   თუ სარჩელი  არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

მოსარჩელის (წარმომადგენლის) ინფორმირება სარჩელის მიღებასა და მიღებაზე უარის  თქმის შესახებ:  

•   მოსამართლისათვის საქმის გადაცემიდან 5-14 დღის ვადაში;

•   მოსამართლისათვის საქმის გადაცემიდან 5 დღის გასვლამდეც (შესაძლებელია).

•   თუ მოსამართლისათვის საქმის  გადაცემიდან 5 დღის განმავლობაში მოსარჩელესთან დაკავშირება შეუძლებელია, მასთან  დამატებით  კიდევ უნდა მოხდეს დაკავშირება მოსამართლისათვის საქმის  გადაცემიდან  5-14 დღის ვადაში.

•   თუ დამატებითი მცდელობის მიუხედავად  მოსარჩელესთან   დაკავშირება შეუძლებელია, შესაბამისი აქტი უნდა შედგეს 5–დან 14 დღის შუალედში, ვინაიდან სარჩელის მიღებასა, თუ მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების  მოლოდინი მხარეს აქვს 5-დან 14 დღემდე.

•   სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრების ვადა აითვლება:

•   მოსარჩელის (წარმომადგენლის) 5-14 დღემდე სასამართლო შენობაში გამოცხადების შემთხვევაში – განჩინების ჩაბარებიდან;

•   მოსარჩელის (წარმომადგენლის) 5-14 დღემდე სასამართლო შენობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში – სარჩელის მოსამართლისათვის გადაცემიდან მე-15 დღეს.

სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოსარჩელისათვის დაბრუნება

სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების დედნები (მათ შორის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი)  მოსარჩელეს უბრუნდება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების დედნების ნაცვლად საქმეში რჩება:

•   სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი, დაბრუნებული დოკუმენტაციის დასახელებისა და ფურცლების რაოდენობის მითითებით,

•   მოსარჩელის ხელწერილი დოკუმენტაციის ჩაბარების შესახებ,

•   სარჩელის ასლი.

მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენისა და წარუდგენლობის შედეგები:

•   მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გზავნილი ჰბარდება ფოსტის, სასამართლო კურიერის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

•   მოპასუხისათვის გზავნილის ხელზე ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაძლებელია კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად ჩაითვალოს, თუ უტყუარად დგინდება, რომ გზავნილი მოპასუხეს ჩაჰბარდა (მაგ: დაფიქსირებულია მოპასუხის ბეჭედი).

•   მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენის ვადაა 2 თვე.   შენიშვნა:

•   თუ სარჩელის მოსამართლისათვის  გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღის ვადაში, სასამართლოს შესაბამისი მოხელე დაუკავშირდება მოსარჩელეს სარჩელში  მითითებულ ტელეფონის ნომერზე  და აცნობებს სარჩელის მიღების შესახებ, მაშინ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების 2 თვიანი ვადა აითვლება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღიდან.

•   თუ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტიდან არ დგინდება გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარება (გზავნილი არ არის ჩაბარებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით) და ამასთან, გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარების 2 – თვიანი ვადა არ არის გასული:

•   მოსარჩელეს უნდა ეცნობოს, რომ გზავნილი მოპასუხეს არ ჩაჰბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით;

•   მოსარჩელეს უნდა განემარტოს, რომ იგი ვალდებულია, უზრუნველყოს გზავნილის მოპასუხისათვის დადგენილი წესით ჩაბარება;

•   მოსარჩელის ინფორმირების შესახებ შედგება აქტი, რომელიც დაერთვება საქმეს

•   თუ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტიდან არ დგინდება გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარება (გზავნილი არ არის ჩაბარებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით) ან/და მოსარჩელე შუამდგომლობს მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარებას და არ არსებობს საჯარო შეტყობინების განხორციელების საფუძვლები და ამასთან, გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარების 2 – თვიანი ვადა არ არის გასული:

•   მოსარჩელეს უნდა ეცნობოს, რომ გზავნილი მოპასუხეს არ ჩაჰბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით;

•   მოსარჩელეს უნდა განემარტოს, რომ არ არსებობს საჯარო შეტყობინების განხორციელების საფუძვლები და იგი ვალდებულია, უზრუნველყოს გზავნილის მოპასუხისათვის დადგენილი წესით ჩაბარება;

•   მოსარჩელის ინფორმირების შესახებ შედგება აქტი, რომელიც დაერთვება საქმეს, ხოლო მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია, მიეთითოს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაში.

•   2 თვის ვადაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში სარჩელი დარჩება განუხილველად.