საპენსიო რეფორმა და პასუხისმგებლობა

საპენსიო რეფორმა და პასუხისმგებლობა

საპენსიო რეფორმა აქტუალური საკითხია ნებისმიერი ბიზნესისთვის. მართალია კანონმდებლობა დასახვეწია, თუმცა სანამ ეს მოხდება, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ არსებული რეგულაციები, იმისათვის, რომ ავირიდოთ თავიდან ზედმეტი პრობლემები.

წინა სტატიაში ჩვენ უკვე განვიხილეთ საპენსიო სქემის სუბიექტები და საგადასახადო აგენტები, ხოლო ამ სტატიაში გვსურს ვისაუბროთ პასუხისმგებლობის თემაზე, საპენსიო შენატანის შეუტანლობის ან დეკლარაციის წარუდგენლობის გამო.

საპენსიო რეფორმა

რომელი კანონი არეგულირებს საპენსიო პასუხისმგებლობის საკითხებს?

საპენსიო პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, რომლის 165 (11) მუხლი განსაზღვრავს ამომწურავად სამართარლდარღვევის არსს და პასუხისმგებლობას.

სხვა პასუხისმგებლობის საფუძველი ამ ეტაპზე, საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული.

რომელი ქმედება არის დასჯადი?

  1. დამსაქმებლის/თვითდასქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა.
  2. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა განმეორებით.

საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ცნება ბუნდოვანია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მასში იგულისხმება, როგორც შესაბამისი ოდენობით თანხის გადარიცხვა, ასევე სწორი დეკლარირება.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე არ არის კანონით გათვალისწინებული ვადები, თუ როდის უნდა მოხდეს თანხის შეტანა / დეკლარირება, ამიტომაც ამ კუთხით პასუხისმგებლობა 1-2 დღით დაგვიანების გამო ვერ დადგება. (იქამდე, სანამ ეს საკითხი განისაზღვრება ნორმატიული აქტით).

სხვა დასჯადი ქმედება კანონით არ არის განსაზღვრული, ამიტომაც კანონიერების პრინციპის გათვალისწინებით, საპენსიო სქემასთაბ დაკავშირებული სხვა ქმედებისთვის პასუხისმგებლობა არ დაგეკისრებათ.

როგორია პასუხისმგებლობა ?

ზემოთ აღნიშნული სამართალდარღვევის პირველად განხორციელების გამო პასუხისმგებლობა 500 ლარია ხოლო 1000 ლარი განმეორებითობის დროს.

განმეორბითობაში იგულისხმბა ისეთი შემთხვევა, როდესაც უკვე ერთხელ დაჯარიმებული სუბიექტი, მეორეჯერ ახდენს ვალდებულების დაღვევას.

მაგალითად: დამსაქმებელმა არ განახორციელა იანვრის, თებერვლის და მარტის შენატანი, ქმედება გამოვლინდა და დაჯარიმდა მარტის თვეში, ამიტომაც იგი მხოლოდ 500 ლარით დაჯარიმდება, სამივე თვეში განხორციელებული სამართალდარღვევის გამო.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სუბიექტის დაჯარიმება მოხდა იანვრის თვეში და ამის შემდგომ თებერვალში იგი გაიმეორებდა იგივე ქმედებას, მას დაეკისრება 1000 ლარიანი პასუხისმგებლობა, სამართალდარღვევის განმეორების გამო.

ხანდაზმულობის ვადები

დამსაქმებელს / თვიდასაქმებულს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან.

მაგალითად: დასაქმებელმა არ შეიტანა იანვრის თვის საპენსიო შენატანი, აღნიშნული ქმედებისთვის ჯარიმის დაკისრება, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მხოლოდ 2 თვის განმავლობაში, აპრილში ქმედება უკვე იქნება ხანდაზმული.