უკანონო მშენებლობა და პასუხისმგებლობა

უკანონო მშენებლობა და პასუხისმგებლობა

ამ სტატიაში განვიხილავთ პასუხისმგებლობის საკითხებს, უკანონო მშენებლობისთვის.

ასევე განვასხვავებთ უკანონო მშენებლობასა და მშენებლობის ნებართვის დარღვევის ცნებას და პასუხისმგებლობას.

რა არის უკანონო მშენებლობა?

უკანონო მშენებლობა არის ისეთი მშენებლბა, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (ნებართვა).

ასევე უკანონო მშენებლობად მიიჩნევა ისეთი მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც არსებითად დარღვეულია კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ იცვლება შენობა-ნაგებობის ფუნქცია ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება;

როგორი პასუხისმგებლობა დგება უკანონო მშენებლობისთვის?

უნებართვო მშენებლობისთვის პასუხისმგებლობა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ ფაქტობრივად რომელ ტერიოტიაზე ხდება ასეთი მშენებლობა.

მაგალითად: ქალაქ თბილისში, II კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობის განხორციელება, კერძო ტერიტორიაზე, ჯარიმდება 8000 ლარით.

რას ნიშნავს მშენებლობის ნებართვის დარღვევა ?

სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სამშენებლო/ სანებართვო პირობების დარღვევა, რომელიც სცილდება კანონით განსაზღვრულ დაშვებულ კორექციის ფარგლებს.

უნებართვო მშენებლობისგან იმით განსხვავდება, რომ ამ შემთხვევაში მშენებლობას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი – ნებართვა, თუმცა არსებითად ირღვევა ამ ნებართვით გათვალისწინებული პირობები.

რა პასუხისმგებლობა დგება მშენებლობის ნებართვის დარღვევისათვის?

პასუხისმგებლობის მოცულობა ამ შემთხვევაშიც განსხვავებულია, ტერიტორიის მიხედვით.

მაგალითად: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას:

I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 2 000 ლარის ოდენობით;

II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 4 000 ლარის ოდენობით;

III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 10 000 ლარის ოდენობით;

IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 15 000 ლარის ოდენობით;

პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მშენებლობის ნებართვის დარღვევისთვის

I და II კლასის შენობა-ნაგებობისთვის არსებობს გამონაკლისი რეგულაცია, რომელიც საშუალებას იძლევა გათავისუფლდეთ პასუხისმგებლობისგან, თუ სამშენებლო დოკუმენტაციის დარღვევით განახორციელეთ მშენებლობა, კერძოდ დამრღვევს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ:

  • სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე შეიტანს საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებას;
  • სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე განუსაზღვრავს დამრღვევს 45-დღიან ვადას საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილების შესატანად ან დარღვევის გამოსასწორებლად.
  • ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით, თუ დამრღვევმა აღნიშნული ვადის განმავლობაში წარადგინა განცხადება საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შესახებ და მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება.

აღნიშნული რეგულაცია არ მოქმედებს კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლისა და კომერციული დანიშნულების ობიექტებზე.