საკუთრების უფლების წარმოშობა სამკვიდრო ქონებაზე

Business man hand signing on document at deskსაკუთრების უფლების წარმოშობა სამკვიდრო ქონებაზე

მოცემულ სტატიაში განვიხილავთ საკუთრების უფლების წარმოშობის საკითხს სამკვიდროში შემავალ უძრავ ქონებაზე.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მემკვიდრეს, რომელმაც მიიღო სამკვიდრო, საკუთრების უფლება წარმოეშობა სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, ანუ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტიდან.

მაგ: გარდაიცვალა „ა“ 2010 წლის 10 იანვარს, მისმა ერთადერთმა პირველი რიგის მემკვიდრემ „ბ“-მ მიიღო სამკვიდრო, რომელშიც შედიოდა ბინა, 2010 წლის 20 მარტს ფაქტობრივი ფლობით, ხოლო საკუთრების უფლება დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში 2025 წლის 10 მარტს.

მოცემულ შემთხვევაში „ბ“ ჩაითვლება სამკვიდროში შემავალ ბინაზე მესაკუთრედ 2010 წლის 10 იანვრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება დაირეგისტრირა სამკვიდროს გახსნიდან 15 წელიწადში.

აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესოა სასამართლო პრაქტიკა. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ  საკუთრების უფლება ჩნდება კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, როგორც რეგისტრაცია სავალდებულო უფლება, მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. შესაბამისად, მემკვიდრეს წარმოეშობა მიღებული უძრავი  ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მან არ მიიღო ეს ქონება. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება. შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება.“ (სუსგ. ას-662-629-2013)

დასკვნა: მემკვიდრეობით უძრავი ქონების მიღების შემთხვევაში, სამკვიდროში შემავალი უძრავი ქონება ითვლება მემკვიდრის საკუთრებად, სამკვიდროს გახსნის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, თუ როდის დაირეგისტრირებს იგი საკუთრების უფლებას ამ უძრავ ქონებაზე.

მემკვიდრეობით სამართალთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ჩვენს ფორუმზე, მემკვიდრეობითი სამართლის თემაში.