Viewing 10 posts - 1 through 10 (of 163 total)
  • Author
    Posts
  • #1458
    Crassus
    Participant

    მემკვიდრეობითი სამართალი

    ამ თემაში განიხილება მემკვიდრეობითი სამართალი, კერძოდ ისეთი საკითხები, როგორიცაა კანონისმიერი და ანდერძისმიერი მემკვიდრეობა, სამკვიდროს მიღება/არ მიღება, სამკვიდროს გაყოფა, სავალდებულო წილის მიღება და ა.შ.

    სარჩევი:

    მემკვიდრეობის ზოგადი საკითხები

    1) კანონით მემკვიდრეობა

    კანონისმიერი მემკვიდრეობა და მემკვიდრეთა რიგითობა

    2) ანდერძით მემკვიდრეობა

    ანდერძის ფორმა და შედგენის წესი

    შინაურული ანდერძი

    ანდერძის ბათილობის მოთხოვნის ხანდაზმულობა

    ანდერძით მემკვიდრეების უარი სამკვიდროზე

    მემკვიდრეობის ჩამორთმევა ანდერძით 

    3) სავალდებულო წილი

    სავალდებულო წილის უფლება

    4) სამკვიდროს მიღება

    სამკვიდროს მიღება

    სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით

    საკუთრების უფლების წარმოშობა სამკვიდროს მიღებისას

    სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილება  

    სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების შედეგები

    არასრულწლოვანის მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილება

    5) სამკვიდრო ქონება

    დაურეგისტრირებელი უძრავი ქონების მემკვიდრეობით გადაცემა

    უძრავი ქონების მიღება მემკვიდრეობით 

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და მემკვიდრეობა

    6) სამკვიდროს გაყოფა

    სამკვიდროს გაყოფა (1452-ე მუხლი)

    7) სამკვიდრო მოწმობა

    სამკვიდრო მოწმობის ბათილობა

    8) მამკვიდრებლის კრედიტორები

    კრედიტორის მოთხოვნის ვადები მოვალის გარდაცვალებისას

    9) სხვა საკითხები

    #1542
    BLH
    Keymaster

    ზოგადი ინფორმაცია მემკვიდრეობის შესახებ

    გარდაცვლილი პირის ქონება მემკვიდრეებზე გადადის ორი საფუძვლით: 1) კანონით მემკვიდრეობით. 2) ანდერძით.

    შესაძლოა ასევე ერთად, ორივე საფუძვლით გადავიდეს, მაგ: როცა ანდერძით გათვალისწინებულია სამკვიდროს მხოლოდ ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილზე გავრცელდება კანონით მემკვიდრეობა.

    კანონით მემკვიდრეობით სამკვიდრო გადადის მხოლოდ მაშინ თუ: ა) არ არსებობს ანდერძი. ბ) ანდერძი სამკვიდროს მხოლოდ ნაწილს ფარავს. გ) ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად გამოცხადდა.

    სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების მომენტიდან, ან მაშინ, როცა იგი გარდაცვლილად გამოცხადდა სასამართლოს მიერ- სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.

    აღსანიშნავია, რომ სამკვიდრო ქონება შეიცავს, როგორც მამკვიდრებლის ქონებრივ უფლებებს (სამკვიდრო აქტივებს), ისე მოვალეობებს (სამკვიდრო პასივებს), რაც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

    მაგ: თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტისათვის ჰქონდა ბინა, მანქანა და 10.000 დოლარი ბანკის ვალი, მაშინ მის მემკვიდრეზე,რომელმაც სამკვიდრო მიიღო საკუთრებაში გადავა, როგორც ბინა და მანქანა ასევე 10.000 დოლარის ბანკის ვალიც.

    სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით.

    მაგ: პენსიის მიღების უფლება, ალიმენტის მიღების უფლება და ა.შ.

    სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა საგვარეული წიგნები (ან ჩანაწერები), ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენებელი და სხვა საკულტო საგნები და საფლავი.

    ეს საგნები გადაეცემა მემკვიდრეს საკუთრების უფლებით ოჯახში დამკვიდრებული ჩვეულების მიხედვით. ხოლო დოკუმენტები, რომლებიც ეხება მამკვიდრებლის პიროვნებას, მის ოჯახს ან მთელ სამკვიდროს, რჩება საერთო ქონებად.

    #1584

    კანონით მემკვიდრეობა და მემკვიდრეთა რიგითობა

    როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდაცვილი პირის – მამკვიდრებლის ქონება (მემკვიდრეობა) გადადის სხვა პირებზე – მემკვიდრეებზე. მემკვიდრეობის მემკვიდრეებზე გადასვლის ორი საფუძველი არსებობს: ა) კანონისმიერი საფუძველი. ბ) ანდერძისმიერი საფუძველი. ასევე შესაძლებელია ქონების მემკვიდრეებზე გადასვლა ორივე ამ საფუძვლით. (მაგ: როცა მემკვიდრეობის მხოლოდ ნაწილზეა დაწერილი ანდერძი).

    კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს:

    ა) თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი. ბ) თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს. გ)თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი.

    კანონით მემკვიდრეობა გულისხმობს მამკვიდრების ქონების გადასვლას მხოლოდ კანონში მითითებულ პირებზე. კანონით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ- პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ. ასეთ პირთა წრე და რიგითობა ამომწურავად არის განსაზღვრული კანონმდებლობით.

    რა არის კანონით მემკვიდრეთა რიგითობა?

    არსებობს კანონით მემკვიდრეთა 5 რიგი. წინა რიგის ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობაც კი გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

    მაგ: თუ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხალია პირველი რიგის მემკვიდრე და იგი ღებულობს მემკვიდრეობას, მაშინ მეორე რიგის მემკვიდრეები ვერ მიიღებენ სამკვიდოს. ან თუ პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები არ არსებობენ და არსებობს მესამე რიგის ერთი მემკვიდრე მაინც, მაშინ მეოთხე რიგის მემკვიდრე ვერ მიიღებს სამკვიდროს.

    I რიგის მემკვიდრეები: შვილები (მათ შორის გარდაცვალების შემდგომ დაბადებული), მეუღლე, მშობლები.

    II რიგის მემკვიდრეები: და-ძმა

    III რიგის მემკვიდრეები: ბებია-პაპა

    IV რიგის მემკვიდრეები: ბიძნები, დეიდები და მამიდები

    V რიგის მემკვიდრეები: ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი

    ერთ რიგში შემავალ მემკვიდრეებს გააჩნიათ თანაბარი უფლება სამკვიდროს მიღებაზე.

    მაგ: თუ პირი გარდაიცვალა და მემკვიდრეები არიან მისი ორი შვილი, ცოლი და დედა, მაშინ სამკვიდრო გაიყოფა 4 ნაწილად და შეხვდება ყველა მემკვიდრეს თანაბრად.

    იმ შემთხვევაში თუ არც ერთი რიგის მემკვიდრე არ არსებობს, სამკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

     

    #1594
    BLH
    Keymaster

    სამკვიდროს მიღება

    კანონით ან ანდერძით მემკვიდრე, რომელსაც ეკუთვნის სამკვიდრო ან მისი ნაწილი, უფლებამოსილია მიიღოს სამკვიდრო 6 თვის განმავლობაში, სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. (იხ. სტატია სრულიად).

     

    #1964
    Edika
    Participant

    სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით

    კაზუსი: მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის,თუმცა იხდიდა სამკვიდროში შემავალ ბინასთან დაკავშირებულ კომუნალურ ხარჯებს. ჩაითვლება თუ არა სამკვიდრო მიღებულად, ფაქტობრივი ფლობით?

    (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ას- 1066-1333-09)

    უზენაესი სასამართლოს განმარტება: სამკვიდროს ფლობაში ან მართვაში იგულისხმება მემკვიდრის მიერ ისეთი მოქმედებების განხორციელება, რომლებიც მიუთითებენ სამკვიდროს მიღების სურვილზე, რომლითაც ვლინდება მისი ნება, გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. კონკლუდენტური მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ იმაზე, რომ მემკვიდრემ ფაქტობრივად უკვე დაიწყო თავისი უფლების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში უნდა განვასხვავოთ სამკვიდროს ფლობა და მართვა ერთმანეთისაგან.

    საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ფაქტობრივი ფლობის (მამკვიდრებლის სახლში ცხოვრების) ფაქტს. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტი, რომელიც უნდა არსებობდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის მანძილზე და , რომლითაც დასტურდება მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება, საკმარისია, რომ სამკვიდრო ჩაითვალოს მიღებულად. ისეთ კონკლუდენტურ მოქმედებებს, რომლებიც მიუთითებენ სამკვიდროს მართვაზე, შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს იმ შემთხვევებში, როდესაც მემკვიდრე, მართალია, არ ფლობს მამკვიდრებლის ქონებას, მაგრამ მისი მოქმედებებიდან, კერძოდ, (იხდის კომუნალურ გადასახადებს, განკარგავს ამ ქონებიდან მიღებულ შემოსავალს და ა.შ.) ირკვევა, რომ ამ ქონებას იგი თავისად მიიჩნევს.

    #29875
    BLH
    Keymaster

    სამკვიდროს მიღება ფაქტობრიფი ფლობით

    მინდა გავაკეთო კომენტარი ზემოთ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით. სწორედ განმარტა უზენაესმა სასამართლომ, რომ  კომუნალური გადასხადების გადახდა სამკვიდროს მართვად ითვლება, ხოლო მართვა წარმოადგენს სამკვიდროს მიღების საფუძველს, თუმცა თუ პირი მართავს სამკვიდროს იმ განზრახვის გარეშე, რომ მიიღოს სამკვიდრო, მაშინ ასეთი მართვა არ ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.

    მაგ: მემკვიდრე მართავს სამკვიდროში შემავალ ბინას, თუმცა ღიად აცხადებს, რომ მას არ სურს სამკვიდროს მიღება და იგი ახორციელებას ამას ოჯახის სხვა წევრების ინტერესების შესაბამისად, ან გარდაცვლილი პირის პატივსაცემად.

    ამდენად, განზრახვა დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ მემკვიდრე კომუნალურ გადასახადებს იხდის იმ სურვილის გარეშე და იმ შეგრძნების გარეშე, რომ დაეუფლოს აღნიშნულ ქონებას, მაშინ ასეთი ქმედება ვერ ჩაითვლება სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით ან მართვით მიღებად, შეიძლება ასეთი ქმედება სხვა მოტივებით იყოს განპირობებული.

    მე ვფიქრობ მოსამართლეების დიდი ნაწილი განზრახვას არ მიაქცევს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ სამკვიდრო ყველა შემთხვევაში მიღებულია ფაქტობრივი ფლობით, მაგრამ ჩემი აზრით არ იქნება სწორი, რადგან ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს დაუფლება არის ნებელობითი აქტი, რომელიც მიმართულია კონკრეტული იურიდიული შედეგის დადგომისაკენ- სამკვიდროს დაუფლებისაკენ, ხოლო ასეთ შემთხვევაში ასეთი ნება არ გამოუვლენია სამკვიდროს მიღებაზე უფლებამოსილ პირს, ამიტომაც არ უნდა ჩაითვალოს მიღებულა

    #31371
    BLH
    Keymaster

    საკუთრების უფლების წარმოშობა და ხანდაზმულობა სამკვიდროს მიღებისას

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-662-629-2013

    სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მემკვიდრის მიერ სადავო უძრავი ქონების მიღება ფაქტობრივი ფლობით ან მართვით, აყენებს მას განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში. ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმდებით) მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. ამ მომენტიდან ის ითვლება მამკვიდრებლის ურთიერთობების კრედიტორად და მოვალედ.

    სამოქალაქო სამართლის 1433-ე მუხლით განსაზღვრული დანაწესის თანახმად, საკუთრების უფლება ჩნდება კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, როგორც რეგისტრაცია სავალდებულო უფლება, მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. შესაბამისად, მემკვიდრეს წარმოეშობა მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მან არ მიიღო ეს ქონება.

    სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება. შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება.

    დასკვნა, როცა ფაქტობრივი ფლობით იღებს სამკვიდროს პირი, მას შეუძლია ნებისმიერ დროს დაირეგისტრიროს, მისი საკუთრების უფლება, რომელიც უკვე მას ეკუთნვის სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

    #1962
    Edika
    Participant

    მიღებული, მაგრამ დაურეგისტრირებელი სამკვიდრო ქონების დაცვა

     

    წინა პოსტთან დაკავშირებული შემთხვევა განვიხილოთ, ვთქვათ, მამკვიდრებელი გარდაიცვალა, ორივე მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით. 6 თვის გასვლის შემდეგ ერთ-ერთი მემკვიდრე მივიდა ნოტარიუსთან, დაუმალა მეორე მემკვიდრის არსებობის შესახებ და მთლიან სამკვიდროზე აიღო სამკვიდრო. მივიდა რეესტრში დაირეგისტრირა მთლიანად მის სახელზე ისე რომ თანამემკვიდრემ არაფერი იცის.  ადრე თუ გვიან გაიგო ამის შესახებ მემკვიდრემ, მაგრამ სარჩელით თავისი უფლებების დასაცავათ მიმართა შეტყობინებიდან 11-ე წელს?  ამ შემთხვევაში რა ხდება? ვრცელდება თუ არა ხანდაზმულობა და რატომ?

    #1961

     

    ზუსტად მაგ საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო (N-ას-483-794-09) განმარტავს, რომ

    საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენის შემთხვევაში მიღებული სამკვიდრო ითვლება მემკვიდრის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, . ნამდვილ მესაკუთრეს შეუძლია გამოითხოვს უკვე სხვის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ხანდაზმულობის საერთო ვადის ფარგლებში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128- მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს.”

    ჩნდება კითხვა, რომ თუ სამკვიდრო ქონება მემკვიდრის საკუთრებად ითვლება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან და საკუთრების უფლება, როგოროც აბსოლუტური უფლების დაცვა არ ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადებს,  მაშინ რას ეყდნობა მოცემული გადაწყვეტილება?

    საქმე იმაშია, რომ მართალია მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს უძრავი ქონების დაუფლება წარმოშობს მის საკუთრების უფლებას ამ უძრავ ქონებაზე, თუმცა, როდესაც აღნიშნული უძრავი ქონება სხვა არაუფლებამოსილი მემკვიდრის მიერ საკუთრების უფლებით აღირიცხება საჯარო რეესტრში, უფლებამოსილი მემკვიდრე, როგორც ნამდვილი მესაკუთრე უფლებამოსილია მოითხოვოს ვინდიკაციური სარჩელით მისი უძრავი ქონების გამოთხოვა, რაზეც ვრცელდება უკვე ხანდაზმულობის ვადა.

    #1923
    Edika
    Participant

    სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება წარმომადგენლის მეშვეობით

    შეიძლება თუ არა სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით წარმომედგენლის მეშვეობით?

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 163 total)
  • You must be logged in to reply to this topic.