რა უნდა გავაკეთოთ თუ მეზობელმა წყალი ჩამოგვიშვა?

Apartment-in-Gothenburg-22რა უნდა ვქნათ მეზობლისგან წყლის ჩამოსვლისას?

სამეზობლო დავების დიდი ნაწილი დაკავშირებულია მეზობლის ბინიდან მეორე მეზობლის ბინაში წყლის ჩაშვებასთან. წინამდებარე სტატიაში იურიდიულად შევაფასებთ ამ საკითხს და მოგცემთ რჩევებს თუ რა უნდა გააკეთოთ თუ მეზობელმა წყალი ჩამოგიშვათ.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უძრავი ქონების მესაკუთრეები (მეზობლები) ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. ისინი ვალდებულები არიან ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნონ და იმგვარად გამოიყენონ თავიანთი ინდივიდუალური საკუთრება, რომ ამით მათ მეზობლებს არ მიადგეთ ზიანი.

აღნიშნული ნიშნავს, იმას, რომ ბინის მეპატრონემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ წყალი არ ჩავიდეს მისი მეზობლის ბინაში, მათ შორის განახორციელოს მილების პრევენციული შემოწმება, გამოცვლა, შეკეთება. ასევე გამოიჩინოს მაქსიმალური გულისხმიერება და არ დაუშვას მისი ბინიდან რაიმე დაუდევრობის შედეგად წყლის ჩაშვება.

რა უნდა გაკეთდეს წყლის ჩამოსვლისას?

წყლის ჩამოსვლისას, აუცილებელია დაფიქსირდეს წყლის ჩამოსვლის ფაქტი, ამისათვის შესაძლებელია პოლიციის გამოძახება, რომელიც შეადგენს ოქმს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სასამართლოში.

თუმცა საუკეთესო საშუალებას წყლის ჩამოსვლის დაფიქსირებისთვის წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისის- ფაქტის კონსტანტაციის გამოყენება, რომლის ფარგლებშიც, აღსრულების ბიუროს თანამშრომელი ქმნის დოკუმენტს, რომელიც აფიქსირებს წყლის ჩამოსვლის ფაქტს, სურათებისა და ოქმის საშუალებით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სასამართლოზე.

რისი უფლება აქვს დაზარალებულ მეზობელს?

დაზარალებული პირი უფლებამოსილია სასამართოში მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ ბინის მესაკუთრისგან, რომლისაგანაც ჩამოვიდა წყალი. ასეთი მოთხოვნის დაყენება პირს შეუძლია, შემდეგი პირობების არსებობისას:

ა) უნდა არსებობდეს კონკრეტული ზიანი- დაზარალებულმა პირმა უნდა წარადგინოს ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულება- ექსპერტიზის დასკვნა.

ბ) ზიანი უნდა გამომდინარეობდეს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად. – თუ სახეზეა მეზობლის ბინიდან ჩასული წყლის ფაქტი, წყლის ჩამშვებმა მეზობლემა უნდა დაამტკიცოს, რომ წყლის ჩაშვება არ მომხდარა მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად.

გ) უნდა არსებობდეს ზიანის მიმყენებლის ბრალი- ბრალის არ არსებობის საკითხის მტკიცების ტვირთიც წყლის ჩამშვებ მეზობელზეა, სწორედ მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ბინიდან წყლის ჩაშვებაში მას ბრალი არ მიუძღვის.

დ) ზიანსა და პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავიშრი- დაზარებულმა პირმა უნდა წარადგინოს მტკიცებულება, რომ ზიანი დამდგარია მეზობლის ბინიდნა წყლის ჩამოსვლის შედეგად.

ამდენად, თუ დაზარალებული პირი დაამტკიცებს, მის ბინაში წყლის ჩამოსვლის ფაქტს, მეზობლის ბინიდან, ხოლო ამ ბინის მესაკუთრე ვერ დაამტკიცებს, რომ წყალი მისი ბინიდან არ ჩასულა ან მისი ბრალი არ არის წყლის ჩასვლაში, მაშინ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ანუ უნდა აღადგინოს დაზარალებული იმ ქონებრივ მდგომარეობაში, რაშიც იგი იმყოფებოდა სანამ წყალი ჩავიდოდა მასთან.