Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterსაწარმოს ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
(საქმე №-ას-671-952-05)
სკ-ის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ფილიალები არ არიან იურიდიული პირები. სკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ“.
განსახილველი ნორმის თანახმად, იურიდიული პირი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „იურიდიული პირის ფილიალი — განცალკავებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ, მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს ან ახორციელებს მის ფუნქციებს“.
აღნიშნული ნორმა მიუთითებს იმაზე, რომ ფილიალი არის იურიდიული პირის ნაწილი, რომელიც ტერიტორიულად სხვა ადგილას მდებარეობს და რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებს მის ფუნქციებს. კონკრეტულ შემთხვევაში ამ უფლებამოსილების შესახებ უნდა იქნეს მითითებული ფილიალის საქმიანობისა და მისი ხელმძღვანელის უფლებამოსილების თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტების თანახმად. იმისათვის, რომ სასამართლოში მონაწილეობდეს ფილიალის ხელმძღვანელი, აუცილებელია ამ ფილიალის იურიდიული პირის უფლებამოსილება. ამ უფლებამოსილების არარსებობის შემთხვევაში სასამართლო დავებში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ძირითადი საწარმო.
არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სს „ს.ს.ე-ს“ ტყიბულის სამმართველოს (ფილიალის) დებულების მე-4 მუხლის 4.2 და 4.3 პუნქტების შესაბამისად, ლ. გ-ძეს გააჩნდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, სს „ს.ს.ე-ს“ სახელით მონაწილეობა მიეღო სასამართლოში.
იურიდიული პირის ფილიალი საქმიანობას ეწევა იურიდიული პირის მიერ დამტკიცებული აქტის საფუძველზე (სკ-ის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილი). კონკრეტულ შემთხვევაში, საქმიანობაში იგულისხმება იურიდიული პირის მიერ ფილიალისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რაც უკავშირდება მისი სამეწარმეო მიზნების განხორციელებას. ამ შემთხვევაში არ უნდა ვიგულისხმოთ სასამართლოში მონაწილეობის უფლებაც, რაც იურიდიული პირის და არა ფილიალის დეფინიციის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა, სსკ-ის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება ფილიალის ადგილსამყოფელის მიხედვით.“ აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის თანახმად, თუ ურთიერთობა ეხება იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობას, მაშინ სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, სადაც მდებარეობს ეს ფილიალი, მაგრამ ძირითადი საწარმოს წინააღმდეგ.
ამდენად, თუ ამ იურიდიული პირის ფილიალს არ ექნება უფლებამოსილება სასამართლოში მონაწილეობის შესახებ, მაშინ სასამართლოში მხარედ მონაწილეობის უფლება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იურიდიულ პირს.
ამრიგად, ფილიალი არ არის იურიდიული პირი, იგი არც თავისი სახელით გამოდის ურთიერთობებში და არც დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა ეკისრება.
BLH
Keymasterსუსგ. ას-286-272-2013 ამ გადაწყვეტილებაში, მოსარჩელეს ჰქონდა მოთხოვნის უფლება შპს-ს მიერ და ითხოვდა შპს-ს ვალდებულებისთვის მისი 100% მესაკუთრის პასუხისმგებლობის დაყენებას, ანუ მისი პოზიცია იყო, რომ სახეზე იყო პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმების ბოროტად გამოყენება შპს-ს მფლობელის მიერ.
სასამართლომ განმარტა ის წინაპირობები, რომლებიც უნდა არსებობდეს ე.წ კორპორატიული საფარველის ჩამოხსნისათვის და აღნიშნულ საქმეში პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი საფუძვლების არარსებობის მოტივით არ დააკმაყოფილა სარჩელი.
BLH
Keymasterპასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმების ბოროტად გამოყენება
საქმე № ას-448-690-08
პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი საბუღალტრო წიგნების ისეთი წარმოება, საიდანაც ცალსახად გამომდინარეობს თუ რომელი ქონება ეკუთვნის და რა ვალდებულებები აკისრია საზოგადოებას და რომელი არა.
აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმების გამოყენება დაკავშირებულია საზოგადოების ქონებისა და პარტნიორთა შესატანის აღრევასთან.
მოცემულ შემთხვევაში მხარე პასუხისმგებლობის შეზღუდვის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საზოგადოების საბუღალტრო წიგნები ვერ იქნა მოძიებული და საერთოდ უცნობია ხდებოდა თუ არა საბუღალტრო წარმოება საზოგადოებაში. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება დაკავშირებულია საზოგადოებაში პარტნიორის მიერ შესატანის შეტანასთან და ამ შესატანის არასწორად აღრიცხვასთან საბუღალტრო წიგნებში.
ზოგადი წესის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა შემოისაზღვრება კრედიტორების წინაშე საზოგადოების მთელი ქონებით და იგი არ შეიძლება გავრცელდეს პარტნიორის საკუთრებაში არსებული მთელ ქონებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორმა საზოგადოებაში შეიტანა ქონება, მაგრამ იგი არ აღირიცხა საზოგადოების ქონებად და დარჩა პარტნიორის საკუთრებაში, (თუნდაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით) ეს ჩაითვლება სადავო ნორმაში მითითებული შეზღუდვის ბოროტად გამოყენებად და ასეთ შემთხვევაში ვალდებულების შესრულება შეიძლება მოხდეს საზოგადოებაში შეტანილი, მაგრამ საზოგადოების საკუთრებად არ აღრიცხული ქონებიდანაც.
BLH
Keymasterწილზე საკუთრების წარმოშობა
საქმე № ას-974-1209-04
პალატა განმარტავს, რომ სამეწარმეო რეესტრი არის საჯარო (სახელმწიფო) ნუსხა იმ ფაქტებისა, რომელთაც ეკონომიკურ ურთიერთობებში სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, რაც შეეხება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტს, იგი არ წარმოადგენს პარტნიორისათვის საწარმოში წილზე საკუთრების წარმომშობ გარემოებას (მაგალითად, როგორც ეს უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის აუცილებელი პირობაა). „მეწარმეთა შესახებ“ კანონმა წილის მესაკუთრეთა საჯარო რეესტრში დაფიქსირება სავალდებულო გახადა მარტოოდენ იმ მოსაზრებით, რომ იგი უზრუნველყოფს სტაბილურ და საიმედო წინაპირობებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. შპს-ში წილის შეძენის სამართლებრივ წანამძღვრებს ადგენს მეწარმეთა კანონის 46-ე მუხლი.
BLH
Keymasterსაქმე № ას-311-293-10 30
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი–შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება
პალატა მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის განმარტებისას დაცული უნდა იქნას როგორც დასაქმებულთა, ასევე დამსაქმებელთა ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში სამუშაოს შესრულება, რომელსაც მოსარჩელეები ასრულებდნენ, საწარმოს აღარ ესაჭიროება. ასეთ მდგომარეობა საწარმოში არაერთი ობიექტური გარემოებით შეიძლება იყოს განპირობებული, მაგალითად ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, ფინანსური სიძნელეებით, ან სულაც იმ ობიექტის გასხვისებით, სადაც მსახურობს დასაქმებული.
ასეთ შემთხვევაში მუშაკის გათავისუფლების შეუძლებლობის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტს ექმნება ფინანსური სიძნელეები, რამაც სერიოზულ პრობლემებამდე შეიძლება მიიყვანოს საწარმო და იმავდროულად იქ დასაქმებული სხვა თანამშრომლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული ნორმაში არ შეიძლება მოვიაზროთ მხოლოდ ის პირები, რომლებიც გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით არიან დასაქმებული, არამედ განუსაზღვრელი ვადით დასაქმებულნიც, თუ საწარმოს აღარ ესაჭიროება იმ კონკრეტული სამუშაოს შესრულება, რომელსაც ასრულებს განთავისუფლებული პირი.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სამუშაოდან განთავისუფლება განპირობებული უნდა იყოს საწარმოს საქმიანობიდან გამომდინარე აუცილებელი წინაპირობებით. მოცემულ შემთხვევეაში, როდესაც გასხვისებულია ობიექტი, სადაც მუშაობდნენ მოსარჩელეები და რეალურად აღარ არსებობს ამ პირთა მიერ შესასრულებელი სამუშაო, პალატა თვლის, რომ ამ პირთა სამსახურიდან განთავისუფლება მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
BLH
Keymasterდამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა
სუსგ. № ას-1429-1444-2011
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ფართოდ უნდა განიმარტოს. ჩვეულებრივ, „დამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ იძულებით მოცდენად“ განიხილება იმგვარი ვითარება, როდესაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გარეშე დამსაქმებელი დასაქმებულს შრომითი მოვალეობების შესრულების საშუალებას არ აძლევს, მაგალითად, არ უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაოთი, სამუშაო ადგილით და ა. შ. გარდა ამისა, მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ასევე არსებობს დასაქმებულის ნება განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი ქმედების შედეგად საპასუხო შესრულების გარეშე რჩება.
ამ პირობებში შრომის ხელშეკრულების მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დასაქმებულის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.
BLH
Keymasterვალდებულების შესრულების მიღების ფაქტის მტკიცება
(სუსგ. N-ას-1323-1343-2011)
სააპელაციო სასამართლომ, გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, კრედიტორის წერილი, რომელიც უდასტურებს მოვალეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის კრედიტორის ანგარიშზე ორ ტრანშად ჩარიცხვის ფაქტს, გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ მიიჩნია. სასამართლოს შეფასებით, წერილის შინაარსი ბუნდოვანი იყო და სადავო თანხის გადარიცხვის დასადასტურებლად დამატებით საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: განსახილველი წერილი წარმოადგენს სკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესრულების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც მოვალის მოთხოვნით გასცა კრედიტორმა და, რომელიც ადასტურებს მოვალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტს. აქედან გამომდინარე, მოვალე არაა ვალდებული, დამატებით წარმოადგინოს საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აბსოლუტური საფუძველი.
BLH
Keymasterვალდებულების შესრულების მიღება (სკ-ის 429-ე მუხლი)
(სუსგ. N-ას-988-1021-2011)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი არასწორად მიიჩნია დადასტურებულად წინასწარი გამოძიების შესახებ დადგენილების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, ხელწერილით, თანხის გადარიცხვის დოკუმენტით და სხვა. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და საქმეზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება
დეკემბერი 6, 2015 at 18:03 in reply to: სახელმწიფოს პასუხისმგებლობა – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა #3293BLH
Keymasterსახელმწიფო მოხელის მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა
DCFR-ის რეგულაცია, რომელიც N-3248 პოსტში დავწერე ვრცელდება ყველა დასაქმებულზე და იურიდიულ პირზე, მათ შორის სახელმწიფო და საჯარო სუბიექტებზე. თუმცა აქვე არსებობს დათქმა, რომლის მიხედვითაც თუ სუბიექტი ახორციელებს საჯარო მმართველობით ფუნქციებს და სწორედ საჯარო მმართველობითი ფუნქციების განხორციელებისას ადგება მესამე პირს ზიანი, მაშინ არ გამოიყენება აღნიშნული რეგულაციები. (VI.–7:103DCFR)
ანუ DCFR-ის მიხედვით, როცა საჯარო სამართლის სუბიექტი ახორციელებს საჯარო სამმართლებრივ ფუნქციებს და მის ფარგლებში ხდება ზიანის მიყენება, დგება ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა და არა კერძო-სამართლებრივი. სახელმწიფო მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს სამოქალაქო წესით, როცა იგი არ ახორციელებს საჯარო ფუნქციებს.
ამ კუთხით საინტერესოა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს სამოქალაქო წესით, როცა სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საკითხი არ წესრიგდება საჯარო სამართლით.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ როცა საჯარო მოხელეს ქმედების შედეგად დადგება ზიანი, DCFR-ის მიხედვით განსჯადობის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, ქმედება წარმოადგენდა თუ არა საჯარო მმართველობის განხორციელებას.
მაგ: როცა შსს-ს მინისტრის მძღოლი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას ბრალეულად დაეჯახება “ჭ”-ის და მიაყენებს ზიანს, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დადგება სამოქალაქო წესით, ხოლო როცა ადმ. ორგანო თავისი ბათილი აქტით მიაყენებს “ჭ”-ის ზიანს,ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართლით მოხდება პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა.
შემდეგი პოსტებში განვიხილავთ უკვე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით აღნიშნულ საკითხზე არსებულ რეგულაციებს.
BLH
Keymasterსაქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის შესახებ #ბს-854-836 (კ-12)
“ადმინისტრაციული აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, ვის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი – წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით. აქტის ძალაში შესვლის განსაზღვრა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დასაცავად. სწორედ აქტის ძალაში შესვლის, ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადების ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა, შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა.”
-
AuthorPosts
