Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterგანქორწინება და მისი სამართლებრივი ბუნება
ქორწინება წყდება ორ შემთხვევაში: 1) ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება ან გარდაცვლილად გამოცხადება. 2) განქორწინება.
განქორწინება თავის მხრივ ორი სახისაა: ა) ნებაყოფლობითი. ბ) სასამართლოს მეშვეობით, მეუღლეებს შორის დავის არსებობისას
განქორწინება ხდება სასამართლო წესით თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა რაიმე საკითხთან დაკავშირებით (იხ. ქვემოთ). დავის არ არსებობის შემთხვევაში განქორწინება ხდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.
ნებაყოფლობით განქორწინების საფუძველია ორივე მეუღლის (ან მათი წარმომადგენლების) განცხადება განქორწინების შესახებ. მეუღლეები განქორწინებულად ითვლებიან განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან, რაც ხორციელდება მეუღლეთა განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში.
თუ ერთ-ერთი მეუღლე არ არის თანახმა განქორწინდეს, მაშინ მეორე მეუღლეს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს განქორწინება. განქორწინებასთან ერთად აღნიშნული პროცესის ფარგლებში შეიძლება განხილულ იქნეს განქორწინებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები, როგორიცაა:
ა) შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;
ბ) საალიმენტო ურთიერთობები;
გ) მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა;
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განქორწინების თაობაზე არ ახდენს ავტომატურად ქორწინების შეწყვეტას. ამისათვის საჭიროა აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე დაინტერესებულმა მეუღლემ მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განქორწინების მოთხოვნით.
აქვე აღსანიშნავია, რომ ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.
BLH
Keymasterქორწინების სამართლებრივი ბუნება
ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში (იუსტიციის სახლში).
რეგისტრაციის გარეშე ქორწინება არ წარმოიშობა. ჯვრისწერა ან სხვა მსგავს ღონისძიებებს სამართლებრივი ძალა არ გააჩნიათ.
რა პირობებია აუცილებელი ქორწინებისათვის?
ორი პირობაა აუცილებელი:
1)დასაქორწინებელი წყვილის თანხმობა, რომელსაც ისინი ხელმოწერით ადასტურებენ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.
2)მათი ასაკი- ქორწინება დაიშვება 18 წელს მიღწეულ პირებს შორის. (თუმცა არსებობს გამონაკლისი, როცა 16 წელს მიღწეულ პირებს შორის ხდება ქორწინება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მშობლის/მზრუნველის წინასწარი თანხმობა, ხოლო მისი მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება).
რა არის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები?
1) დაუშვებელია ქორწინება ისეთ პირებს შორის, რომლებიც სხვა პირთან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. (მათ შეუძლიათ განქორწინდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაქორწინდნენ სხვა პირთან)
2)დაუშვებელია ქორწინება პირდაპირ აღმავალ/დაღმავალ ნათესავებს შორის. (მაგ: პირდაპირი აღმავალი ნათესავები: მამა-ბაბუა-ბაბუის მამა და ა.შ.; პირდაპირი დაღმავალი ნათესავები: შვილი-შვილიშვილი-შვილთაშვილი).
3) ბიოლოგიური და-ძმასა და არაბიოლოგიური და-ძმას შორის.
4)მშვილებელსა და ნაშვილებს შორის.
5) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ გამოცხადებულ პირთან.
BLH
Keymasterგირავნობის საგანი
გირავნობის საგანი შეიძლება იყოს: მოძრავი ნივთები და არამატერიალურ ქონებრივი სიკეთე, რომელიც არ არის მოქცეული უძრავი ქონების რეგულაციის რეჟიმში. ასევე სამომავლო ქონება.
მოძრავი ნივთები: გირავნობის საგანია ყველა მოძრავი ნივთი, რომლის გასხვისება და სარგებლობა არის შესაძლებელი (მაგ: ავტომობილი, საათი, ავეჯი და ა.შ.), თუმცა არსებობს გამონაკლისი, კერძოდ გირავნობის საგანი ვერ იქნება ის მოძრავი ნივთები,რომლებიც იურიდიული ფიქციის წყალობით სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული არიან, როგორც უძრავი ნივთები (მაგ: გემი, თვითფრინავი).
გირავნობის უფლება შესაძლებელია გავრცელდეს: მოძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე, ნივთთა ერთობლიობაზე ან მათ ნაწილზე, ასევე მთელ მოძრავ ქონებაზე.
დაუშვებელია გირავნობა მარტოოდენ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე, თუმცა მისი გამოცალკევების შემდეგ თუ მისი სარგებლობა შესაძლებელია, მაშინ შესაძლებელია ამ ნივთის გირავნობა. მაგ: ავტომობილის ძრავი გირავნობის საგანი მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს, თუ მისი ამოღება ხდება ავტომობილიდან და მისი დამოუკიდებელი ნივთის სახით განკარგვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილის ძრავი ვერ დაიტვირთება გირავნობით.
სხვის მიწაზე აშენებული მიწის ნაგებობა შეიძლება იყოს გირავნობის საგანი, თუკი იგი გარდამავალი, დროებითი მიზნებისთვისაა განკუთვნილი და არ წარმოადგენს ამ ნაკვეთის არსებით შეამდგენელ ნაწილს. მაგ: ჯიხური, რომელიც დროებით დგას მეიჯარეს ნაკვეთზე.
ნივთის საკუთვნებელი შეიძლება იყოს გირავნობის საგანი. საკუთვნებელზე გირავნობა არ იწვევს მთავარ ნივთზე გირავნობას, მაშინ როცა ამ უკანასკნელის გირავნობა ნიშნავს, რომ საკუთვნებელიც დაგირავებულია. საკუთვნებელის დაგირავება, მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როდესაც იგი გამოცალკევებულია მთავარი ნივთისგან, მაგრამ უნდა გააჩდეს დამოუკიდებელი ღირებულება. მაგ: საკუთვნებლია მანქანის გასაღები, მაგრამ მანქანისგან გამოცალკავების შემდეგ იგი არ არის ღირებული.
არამატერიალური ქონება: გირავნობის საგანი შეიძლება იყოს არამატერიალური სიკეთე, სკ-ის 152–ე მუხლის მიხედვით არამატერიალური სიკეთი “არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე“. მაგ: ფულადი თანხის მოთხოვნის უფლება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები და ა.შ.
სამომავლო ქონება: მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლებსაც დამგირავებელი შეიძენს მომავალში.
სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლება წარმოიშობა დამგირავებლის მიერ მისი შეძენის, ან ამ ქონების წარმოშობისთანავე.
სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად.
BLH
Keymasterიპოთეკის საგანი
იპოთეკის საგანია უძრავი ნივთები და მათთან დაკავშირებული უფლებები. მაგ: აღნაგობა, უზუფრუქტი.
იპოთეკის საგანია ისეთი მოძრავი ნივთებიც, რომლებიც სამოქალაქო ბრუნვაში მოიაზრება, როგორც უძრავი ნივთები. მაგ: გემები და თვითმფრინავები.
უძრავი ნივთების იპოთეკით დატვირთვა არ არის დაკავშირებული, ნივთზე მფლობელობის გადაცემასთან, რაც აძლევს მოვალეს შესაძლებლობას გააგრძელოს საგნით სარგებლობა, თუმცა მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, იპოთეკის საგნის, იპოთეკარის მფლობელობაში გადაცემის შესახებ.
იპოთეკის საგანი, ისევე, როგორც გირავნობის შემთხვევაში, შეიძლება იპოთეკარის მოვალის ან ნებისმიერი სხვა მესამე პირის საკუთრებაში იყოს.
იპოთეკის უფლება ვრცელდება საგნის არსებით შემადგენელ ნაწილზეც, თუმცა იგი არ ვცელდება მის ნაყოფზე, თუ მხარეები საწინააღმდეგოზე არ შეთანხმდნენ იპოთეკის ხელშეკრულებაში.
BLH
Keymasterზოგადი ინფორმაცია გირავნობის შესახებ
იპოთეკის მსგავსად, გირავნობის უფლების დანიშნულებაა, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფა. იპოთეკასა და გირავნობას შორის ძირითადი განსხვავება მდგომარეობს მათ საგანში, კერძოდ იპოთეკის საგანია უძრავი ნივთები, ხოლო გირავნობის საგანია მოძრავი ნივთები და არამატერიალური სიკეთე.
გირავნობის უფლება საშუალებას აძლევს კრედიტორს, თავისი მოთხოვნა, სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს, გირავნობის საგნიდან.
მაგ: „A”-მ ისესხა ფული ორი პიროვნებისგან, „B” და „C”-სგან. ამავდროულად “B”-სთან გააფორმა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, „B”-ს თავისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად „A”-ს ავტომობილზე წარმოეშვა გირავნობის უფლება. „B”-ს უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად მოვალის გადახდისუნარიანობისა, „C”-სთან შედარებით უპირატესად, შეუძლია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს, აღნიშნული ავტომობილიდან.
მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის უზრუნველყოფა გირაოთი შეუძლია სხვა მესამე პირსაც, თავისი მოძრავი ნივთით ან არამატერიალურ ქონებრივი სიკეთით.
გირავნობის უფლება, ისევე, როგორც იპოთეკის უფლება დამოკიდებულია ძირითად ვალდებულებით ურთიერთობაზე
მაგ: „A”-მ ისესხა “B”-სგან 10.000 ლარი, „B”-ს მოთხოვნა უზრუნველყოფილ იქნა „A”-ს კუთვნილი ავტომობილით. თუ „A” დაუბრუნებს „B”-ს ვალს და სესხის ხელშეკრულება შეწყდება, მაშინ გირავნობასაც იგივე ბედი ეწევა.
გირავნობა შეიძლება იყოს ორი სახის: მფლობელობითი და რეგისტრირებული.
ამავდროულად გირავნობის წყარო შეიძლება იყოს: კანონისმიერი, სახელშეკრულებო და ყადაღისმიერი.
აღნიშნულ და სხვა საკითხებს დეტალურად განვიხილავთ შემდეგ პოსტებში.
ხშირად ტერმინი “გირავნობა” გამოიყენება სხვა შინაარსით, ე.წ. “ბინის გირავნობის” ცნება, არაიურიდიული ტერმინია, იგი საზოგადოების წიახშია შექმნილი და შინაარსობრივად განსხვავდება იურიდიული ტერმინი- გირავნობისგან. აღნიშნულის შესახებ იხ. სტატია.
BLH
Keymasterზოგადი ინფორმაცია იპოთეკის შესახებ
მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა იპოთეკა, რომელიც გირავნობის მსგავსად ანიჭებს კრედიტორს უფლებას დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა იპოთეკის საგნიდან, სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად.
იპოთეკარის მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვის ხელშიც არ უნდა იყოს ეს უძრავი ქონება, როგორც არ უნდა განიკარგოს იგი, სანამ იპოთეკარი არ დაიმაყოფილების თავის მოთხოვნას, მისი იპოთეკის უფლება იქნება ხელშეუხებელი, მათ შორის სხვა კრედიტორების მხრიდანაც.
მაგ: „ა“-ს აქვს „ბ“-სა და „გ“-ს მიმართ ვალი. ამავდროულად მას საკუთრებაში გააჩნია მხოლოდ ერთი ბინა, რომელიც „გ“-ს სასარგებლოდ არის დატვირთული იპოთეკით.
თუ ვთქვათ „ბ“-ს წარმოეშვა იძულებითი აღსრულების უფლებამოსილება და იგი განახორციელებს იძულებით აღსრულებას ამ ბინაზე, მაშინ ბინის რეალიზაციის შედეგად შემძენი იძენს „გ“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ბინას და „გ“-ს ექნება ნებისმიერ შემთხვევაში თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა ამ ბინიდან. განსხვავებით „ბ“-სგან, რომელსაც ასეთი შესაძლებლობა არ ექნებოდა, იმ შემთხვევაში, თუ „გ“ მოახდენდა იძულებით აღსრულებას აღნიშნულ ბინაზე.
აღსანიშნავია, რომ გირავნობა და იპოთეკა ორივე ერთნაირი ფუნქციის მქონე სანივთო უფლებებია, მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გირავნობისაგან განსხვავებით იპოთეკის საგანი უძრავი ნივთია და მასთან დაკავშირებული უფლებები, ხოლო გირავნობის საგანია მოძრავი ნივთი და უფლებები, რომლებიც დაკავშირებული არ არის უძრავ ნივთთან.
იპოთეკის დროს არსებობს ორი სახის სამართლებრივი ურთიერთობა, რომლებიც მკაცრად განსხვავდებიან.
1)სანივთო–სამართლებრივი ურთიერთობა იპოთეკარსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შორის- იპოთეკის საგნის მესაკუთრესა და იპოთეკარს შორის დადებულია იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობს იპოთეკის უფლებას.
2)ვალდებულებით–სამართლებრივი ურთიერთობა იპოთეკარს(კრედიტორსა) და მოთხოვნის პირად მოვალეს შორის- იპოთეკარსა და მოვალეს შორის დადებული ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება (მაგ: სესხი, ნასყიდობა, ნარდობა და ა.შ.), რომლიდან გამომდინარე იპოთეკარის მოთხოვნის უზრუნველყოფის ფუნქციას ასრულებს იპოთეკის ხელშეკრულება.
აღსანიშნავია, რომ არ არის აუცილებელი მოვალე და იპოთეკის საგნის მესაკუთრე იყოს ერთიდაიგივე პიროვნება. მაგ: „A“-ს აქვს „B“-ს ვალი და „B“-ს მოთხოვნა უზრუნველყოფია „C“-ს ბინით.
ამ შემთხვევაში „B“-სა და „C“-ს შორის არსებობს სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობა, ისინი არიან იპოთეკარი და იპოთეკარის საგნის მესაკუთრე, ხოლო „A“-სა და „B“-ს შორის არსებობს ვალდებლებით-სამართლებრივი ურთიერთობა (სესხის ხელშეკრულების საფუძველზე).
იპოთეკის უფლება ორგანულად დაკავშირებულია ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, მისი საფუძვლების (ხელშეკრულების) ბათილად ცნობა, განაპირობებს ავტომატურად სანივთო ურთიერთობის შეწყვეტასაც.
და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ იპოთეკა, როგორც სანივთო უფლება ძალაში შედის მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაციისათვის საჭიროა წერილობითი ფორმით დადებული იპოთეკის ხელშეკრულების წარდგენა საჯარო რეესტრში. (ფიზიკურ პირებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკა საჭიროებს ნოტარიულ დამოწმებას).
-
AuthorPosts