Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterშეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების დაუშვებლობა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 17 თებერვალს მიიღო განჩინება საქმეზე №2ბ/4400-14, რომელშიც იმსჯელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის (პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ) გამოყენებაზე და განმარტებაზე პრაქტიკაში.
სასამართლოს მსჯელობაში აღნიშნულია, რომ 420-ე მუხლი წარმოადგენს იმ იშვიათ გამონაკლისთაგანს, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს.
შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე წარმოდგენილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა.შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება.
BLH
Keymasterსასამართლო შეტყობინების ჩაბარება, როდესაც მოსარჩელე და დირექტორი ერთიდაიგივე პირია
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე №2ბ/6136-15
პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის შემდეგ გარემოებებს: განსახილველ საქმეში,
მოსარჩელეა დ. ხ., ხოლო მოპასუხე შპს „ფ.“ (ს.ფ. 1-14).ამასთან, დ. ხ. შპს „ფ.-ს“ დირექტორია
(ს.ფ. 17), შესაბამისად, წინამდებარე საქმეში მოპასუხისათვის გზავნილის (2015 წლის 14
სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების) ჯეროვანი ჩაბარებისათვის იგი შპს „ფ.-ს“ 50 %
წილის მესაკუთრეს, გ. ბ.-ს უნდა ჩაბარდეს.ამგვარი დასკვნის ფაქტობრივი და
სამართლებრივი საფუძველია გარემოება მასზედ, რომ როდესაც საწარმოს დირექტორი და
მოსარჩელე ერთიდაიგივე პირია, ამ საწარმოს წარმომადგენლობას პარტნიორთა კრება
ახორციელებს, თუ რაღა თქმა უნდა, სახეზე არ არის სამეთვალყურეო საბჭო. ვინაიდან
მოპასუხე საწარმოს 50%-ის მესაკუთრე მოსარჩელე დ. ხ., ამიტომ გზავნილი საწარმოს მეორე
პარტნიორს უნდა ჩაბარებოდა. ნიშანდობლივია, რომ გზავნილის ჩაბარების ვალდებულება
მოსარჩელე, დ. ხ.-მ იკისრა (ს.ფ. 133) და 2015 წლის 20 ოქტომბერს შპს „ფ.-ს“ ბუღალტერს
ჩააბარა (ს.ფ. 135), რაც არ შეიძლება სათანადო ჩაბარებად ჩაითვალოს, რომ არაფერი ითქვას
თვით საფოსტო უფლებამოსილების განხორციელების ნაკლიან ლეგიტიმაციაზე. საქმის
მასალებით დგინდება, რომ გ. ბ.-მ აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2015 წლის 24
ნოემბერს ჩაიბარა (ს.ფ. 137). მის მიერ საჩივარი კი 2015 წლის 30 ნოემბერს იქნა
წარმოდგენილი (ს.ფ. 140). შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მის მიერ დაცულია
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 10 დღიანი ვადა.BLH
Keymasterიურიდიული პირის მისამართი
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე №2ბ/6068-15
“კანონი იურიდიულ პირს რეგისტრაციის დროს ავალდებულებს მიუთითოს სწორი იურიდიული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა და ამ მისამართზე გაგზავნილი კორესპონრესპონდეცია ოფიცილაურად მისთვის ჩაბარებულად ითველება. ხოლო ის გარემოება – ამ მისამართზე ფუნქციონირებს, თუ არა იურიდიული პირი წარმოადგენს ამ უკანასკნელის რისკს და შესაბამისი პასუხისმგებლობის მატარებელიც ეს კონკერტული იურიდიული პირია.”
BLH
Keymasterსტანდარტული ხელშეკრულების ბუნდოვანი პირობები
სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლის მიხედვით: „თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ.“
სტანდარტული პირობების შემთავაზებელი ვალდებულია ნათელი და არაორაზროვანი პირობები შეთავაზოს მეორე მხარეს – ისეთი პირობები, რომლებიც გასაგები იქნება საშუალო დონის მომხმარებლისთვის.
კანონმდებელი არ ენდო დომინანტ მხარეს და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად განსაზღვრა სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლი, რომელიც ზოგადი სკ-ის 337-ე მუხლისგან განსხვავებით, ბუნდოვანი ხელშეკრულების განმარტებისას ცალსახად მეორე მხარის დაცვის ინტერესებს ემსახურება.
რა უნდა ჩაითვალოს მომხმარებლის სასარგებლოდ განმარტებად, კონკრეტული საქმიდან გამომდინარე სასამართლოს გადასაწყვეტია.
BLH
Keymasterსტანდარტული პირობების უჩვეულო დებულებანი
სამოქალაქო კოდექსის 344-ე მუხლის მიხედვით, „ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ის დებულებანი, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, არ იქცევიან ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად.“
კანონმდებელი არ განმარტავს უჩვეულო პირობის ცნებას, ამდენად სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განმარტოს, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული სტანდარტული პირობა უჩვეულოს.
ამ ნორმის მიზანია, მომხმარებელი დაიცვას ისეთი პირობების თავზე მოხვევისგან, რომლებსაც მხარეები ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად, არ განსაზღვრავდნენ ხელშეკრულებაში, რადგან არ არსებობს ასეთი პირობის განსაზღვრის არანაირი საჭიროება, ასეთი პირობა ემსახურება, მხოლოდ პირობების შემთავაზებელი სუბიექტის ინტერესებს, მეორე მხარის ინტერესების საზიანოდ.
უჩვეულო სტანდარტულ პირობად შეიძლება ჩაითვალოს, ისეთი პირობა, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის გათვალისწინებით, მოულოდნელია და საშუალო დონის მომხმარებელი ვერ წარმოიდგენდა და უჩვეულოდ მიიჩნევდა ასეთი პირობის განსაზღვრას, ამ ურთიერთობის მოსაწერსიგებლად. ასეთი პირობა მეორე მხარეს აკისრებს დამატებით ვალდებულებას, ზღუდავს მის უფლებებს და სხვაგვარად აზიანებს მის ინტერესებს.
მაგ: პირობა, რომლის მიხედვითაც ავტოსალონში ნაყიდი ავტომობილის გარანტია მხოლოდ მაშინ იმოქმედებს, თუ მყიდველი ყოველთვიურად ისარგებლებს ავტოსალონის ტექნიკური დახმარებით და იყიდის ყველა საჭირო ნაწილს მხოლოდ მათგან.
მაგ: პირობა, რომლის მიხედვითაც ახალ აშენებულ კორპუსში ბინის შეძენის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ისარგებლოს ბინის დალაგების ყოველწლიური მომსახურებით, კომპანია „A”-სგან, რომლის მომსახურებაც საბაზრო ღირებულებაზე 10-ჯერ მეტია.
სტანდარტული ხელშეკრულების უჩვეულო დებულებები ბათილია, ხელშეკრულების დადებიდანვე, შესაბამისად ისინი არ წარმოშობენ სამართლებრივ შედეგს. ამის მიუხედავად, ასეთი პირობის ბათილობამ, შესაძლოა არ გამოიწვიოს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობა, თუ აღნიშნული პირობა არსებით გავლენას არ ახდენს მთლიანი ხელშეკრულების არსზე.
BLH
Keymasterსტანდარტული პირობების ფორმალური მოთხოვნები
სამოქალაქო კოდექსის 343-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როდესაც:
ა ) შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე.
და
ბ) ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები.
ამ ორი ელემენტის ერთობლივად არსებობაა აუცილებელი, რათა სტანდარტულმა პირობებმა შეიძინოს იურიდიული ძალა.
ამდენად, მხოლოდ იმის მითითება, რომ ჩვენთან მოქმედებს ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, არ არის საკმარისი. მხარისთვის უნდა თვალსაჩინო და ხელმისავწდომი იყოს თვით ამ პირობების შინაარსი და ტექსტი.მომხმარებელს უნდა ჰქონდეს, როგორც ამ პირობების გაცნობის, ისე აღქმის საშუალება.
მაგ: მაღაზიაში თვალსაჩინო ადგილას არის გამოკრული წარწერა: „გაყიდული საქონელი უკან აღარ მიიღება“.
მაგ: რესტორნის მენიუს დიდი ასოებით აწერია, რომ მომსახურების საკომისიო არის 20%.
მაგ: ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციის ვებ გვერდზე წერია, რომ სესხის გაცემისთვის საკომისიო შეადგენს სესხის თანხის 1%-ს.
სამოქალაქო კოდექსის 343 მუხლი ეხება ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გარეგნულ ფორმას და არა მის შინაარსს.
თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის მეწარმე, ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობები ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად იქცევა მაშინ, როცა მას საქმიან ურთიერთობებში აუცილებელი გულისხმიერების გამოჩენისას ეს უნდა გაეთვალისწინებინა.
ჩვეულებრივი მომხმარებლისგან განსხვავებით მეწარმეებს უფრო მეტი წინდახედულება მართებთ გარიგებების დადებისას. ამიტომ კანონი მათგან უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს სტანდარტული პირობების გამოყენებით ხელშეკრულების დადებისას.
მაგ: ელექტროენერგიის მომხმარებელი საწარმოები უფრო მეტად უნდა ერკვეოდნენ ენერგიის მიწოდების პირობებში, ვიდრე რიგითი მომხმარებელი.
BLH
Keymasterმხარეთა შეთანხმებული პირობების უპირატესობა სტანდარტული პირობების მიმართ
თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ მოლაპარაკების შედეგად დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ აღარ არსებობს სტანდარტული პირობების ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა „წინასწარ განსაზღვრულობა“ „მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულობა“ და ასევე ცალმხრივად პირობების დადგენა, რადგან ინდივიდუალური მოლაპარაკების შედეგად მხარეები ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად, მათი ინდივიდუალური ინტერესების შესაბამისად, ერთი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებზე თანხმდებიან.
მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით, ეს იმას ნიშნავს, რომ დავის შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობების მოსაწესრიგებელად გამოყენებული უნდა იქნეს არა სტანდარტული პირობების წესები, არამედ ის წესები, რომლებზეც მხარეები ხელშეკრულებაში შეთანხმდნენ. (სკ. 342.3-ე მუხლი)
BLH
Keymasterხელშეკრულების სტანდარტული პირობების ცნება
„ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.“ (სკ. 242.1-ე მუხლი).
სტანდარტული ხელშეკრულების პირობები გამოიყენება ყველგან, სადაც ხორციელდება მრავალრიცხოვან მომხმარებელთან ურთიერთობა, მაგ: საბანკო ხელშეკრულებები, სადაზღვევო კომპანიის ხელშეკრულებები, კომუნალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებები და სხვა.
ამდენად, სტანდარტული ხელშეკრულების პირობების გამოყენების სფერო არის ძალიან ფართო, შესაბამისად აქტუალურია მასთან დაკავშირებული სპეციალური სამართლებრივი რეგულაციები, რომელიც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 342-348-ე მუხლებში.
სტანდარტული ხელშეკრულებების სპეციალური რეგულაციის მიზანია, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, დაიცვას სახელშეკრულებო ურთიერთობის ის მხარე, რომლის მიმართაც ხორციელდება სტანდარტული პირობების შეთავაზება.
სტანდარტული პირობების მარეგულირებელი ნორმების საფუძვლად შეგვიძლია განვიხილოთ სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლი, რომელიც ადგენს სამართლიანობის მოთხოვნას, როდესაც ერთ-ერთი მხარის მიერ ხდება ცალმხრივად გარკვეული პირობის/პირობების დადგენა. სტანდარტული ხელშეკრულების შემთხვევაში, როგორც წესი მთლიანად სახელშეკრულებო პირობების დადგენა ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ, ამდენად ჩნდება მეორე მხარის ინტერესების დაცვის საგანგენოდ მოწესრიგების აუცილებლობა.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები გვაქვს მაშინ, როდესაც სახეზეა შემდეგი ელემენტების ერთობლიობა:
1.სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული და მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები– ერთ-ერთი მხარის მიერ წინასწარ მომზადებულია პირობები, რომლებიც განკუთვნილი არ არის რომელიმე კონკრეტულ სუბიექტთან სამართლებრივი ურთიერთობის დასამყარებლად, არამედ ასეთი პირობები განუსაზღვრელ სუბიექტებთან ხელშეკრულების დასადებად არის გამიზნული.
მაგ: ბანკის სტანდარტული პირობები, სადაზღვევო კომპანიის სტანდარტული პირობები, მობილური ოპერატორის სტანდარტული პირობები და ა.შ.
სტანდარტულ პირობებში მოცემულია თითქმის ყველა სახელშეკრულებო პირობა, გარდა კონკრეტული სუბიექტის მონაცემებისა, რომლებიც ივსება ინდივიდუალურად, ან შესაძლოა ასეთი მონაცემების შევსების საჭიროებაც არ დადგეს.
მაგ: სუპერმარკეტში კედელზე გაკრული წესი, რომ საქონელი ჩეკის გარეშე უკან არ მიიღება.
მაგ: რესტორნის მენიუზე არსებული წესი, რომ მომსახურების საკომისიო შეადგენს 10%-ს.
2.სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე(შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს – წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები მხოლოდ მაშინ ჩაითვლება სტანდატრულ პირობებად, როდესაც ამ პირობებით ხელშეკრულების დადების ნება მიუვა მეორე მხარეს.
მაგ: რესტორანში მენიუს გაცნობისას, მომხმარებელი ეცნობა რესტორნის სტანდარტულ პირობებს, მათ შორის მომსახურების საკომისიოს ოდენობას.
მაგ: სუპერმარკეტში გაკრული წარწერები, რომლებიც ყველასთვის დასანახ ადგილზეა განთავსებული, ჩაითვლება გაცნობილად მყიდველისთვის, სუპერმარკეტში შესვლისთანავე.
3.სტანდარტული პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან ან მათი შემვსები წესების დადგენა –სტანდარტული პირობები,ჩვეულებივ ისეთ წესებს შეიცავენ, რომლებიც ხშირად არ არის კანონში გათვალისწინებული და შემთავაზებლის საქმიანობის სპეციფიკას გამოხატავენ.
როცა ლაპარაკია კანონის ნორმებისგან განსხვავებული წესების დადგენაზე, ლაპარაკია დისპოზიციურ ნორმებზე, ხოლო იმპერატიული ნორმების შეცვლა დაუშვებელია. ამდენად სასამართლო კონტროლის დროს უნდა შემოწმდეს, რამდენად შეესაბამება ეს პირობები კანონის იმპერატიულ ნორმებს.
BLH
Keymasterპირგასამტეხლოს მიმართება ზიანის ანაზღაურებასთან
პირგასამტეხლო (ასევე 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი) წარმოადგენს მინიმალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, რაც ნიშნავს, იმას, რომ თუ ფაქტობრივად დამდგარი ზიანი უფრო მეტი ოდენობისაა, მაშინ გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მთლიანი ზიანის ანაზღაურება, თუმცა იგი ვეღარ მოითხოვს ამავდროულად პირგასამტეხლოს გადახდასაც. ან მას შეუძლია მოითხოვოს პირგასამტეხლო და მას დამატებული ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით რამდენითაც აღემატება პირგასამტეხლოს.
მაგ: სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებამ გამოიწვია ზიანი 1000 ლარის ოდენობით, ამავდროულად 300 ლარის პირგასამტეხლო დაერიცხა სესხს. ასეთ შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს 1000 ლარის ანაზღაურება, იგი ვერ მოითხოვს 1300 ლარის ანაზღაურებას.
იურიდიულ ლიტერატურაში გვხვდება სხვადასხვა ტიპის პირგასამტეხლო:
ჩასათვლელი – როცა პირგასამტეხლო ითვლება ზიანის ანგარიშში.
საჯარომო- როცა კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს როგორც ზიანის ანაზღაურება ასევე პირგასამტეხლო.
ალტერნატიული – კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ან ხელშეკრულების შესრულება, ან ზიანის ანაზღაურება, ან პირგასამტეხლო.
ექსკლუზიური – კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოსს მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდა.
საქართველოს კანონმდებლობა ცნობს მხოლოდ ჩასათვლელ და ალტერნატიულ პირგასამტეხლოს, ხოლო საჯარიმოს და ექსკლუზიურს არ იცნობს. ამ საკითხს ეხება უზენასი სასამართლოს გადაწყვეტილება (N-3კ-422-03):
“დაუშვებელია, ერთდროულად მოვალისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდევინება, რამეთუ, როგორც პირგასამტეხლო, ისე გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტი წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების თანხას და არ შეიძლება ერთისა და იმავე დარღვევისათვის მოვალეს დაეკისროს გადახდა გაორმაგებული სტანდარტით, მითუმეტეს მაშინ, როცა სკ–ს 403-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, ვადის გადაცილების გამო კანონით გათვალისწინებული პროცენტი მოვალეს დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, მას უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.”
ამ შემთხვევაში მართალია საკითხი ეხებოდა ისეთ შემთხვევას, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ერთდროულად პირგასამტეხლოც და 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტიც, თუმცა ანალოგიური მიდგომაა, როცა საქმე ეხება პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურებას ზოგადი საფუძვლებით (408-415 მუხლები), ან 403-ე მუხლსა და ზიანის ანაზღაურებას ზოგადი საფუძვლებით.
პირგასამტეხლოდან გამომდინარე პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ ვალდბულების დარღვევისთვის მოვალეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება საერთო საფუძვლებით.
მაგ: სესხის დაბრუნების ვადის გადაცილება განპირობებული იყო დაუძლეველი ძალით. ამ შემთხვევაში მსესხებელს არ დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ მან გადააცილა სესხის დაბრუნების ვადას.
BLH
Keymasterპირგასამტეხლოს დარიცხვის დაწყება და მისი შეწყვეტა
საინტერესო განმარტება გააკეთა სააპელაციო სასამართლომ, (იხ. 2ბ/5911-13) პირგასამტეხლოს დარიცხვის დაწყებასა და მის შეწყვეტასთან დაკავშირებით:
„პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
ამდენად, ვინაიდან მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში არ დაფიქსირებულა პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტის კონკრეტული ვადა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა გაგრძელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე.
პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება იქამდე, სანამ ვალდებულება სრულად არ შესრულდება. პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტას ვალდებულების შესრულება განაპირობებს, შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გაკეთებული დათქმა მასზედ, რომ „პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს აღსრულებამდე“ მომდინარეობს პირგასამტეხლოს არსიდან და შეესაბამება კანონს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მითითებულ კონტექსტში „აღსრულება“ გულისხმობს ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება ვალდებულების შესრულებით, იქნება ეს ნებაყოფლობითი შესრულება, თუ იძულების წესით აღსრულება. პირგასამტეხლოს დარიცხვის შემოფარგვლა გარკვეული დროით შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. “
-
AuthorPosts
