Viewing 6 posts - 1 through 6 (of 6 total)
  • Author
    Posts
  • #34440
    BLH
    Keymaster

    ამ თემაში ვისაუბრებთ  ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე.

    #34484
    BLH
    Keymaster

    ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ცნება

    „ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.“ (სკ. 242.1-ე მუხლი).

    სტანდარტული ხელშეკრულების პირობები გამოიყენება ყველგან, სადაც ხორციელდება მრავალრიცხოვან მომხმარებელთან ურთიერთობა, მაგ: საბანკო ხელშეკრულებები, სადაზღვევო კომპანიის ხელშეკრულებები, კომუნალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებები და სხვა.

    ამდენად, სტანდარტული ხელშეკრულების პირობების გამოყენების სფერო არის ძალიან ფართო, შესაბამისად აქტუალურია მასთან დაკავშირებული სპეციალური სამართლებრივი რეგულაციები, რომელიც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 342-348-ე მუხლებში.

    სტანდარტული ხელშეკრულებების სპეციალური რეგულაციის მიზანია, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, დაიცვას სახელშეკრულებო ურთიერთობის ის მხარე, რომლის მიმართაც ხორციელდება სტანდარტული პირობების შეთავაზება.

    სტანდარტული პირობების მარეგულირებელი ნორმების საფუძვლად შეგვიძლია განვიხილოთ სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლი, რომელიც ადგენს სამართლიანობის მოთხოვნას, როდესაც ერთ-ერთი მხარის მიერ ხდება ცალმხრივად გარკვეული პირობის/პირობების დადგენა. სტანდარტული ხელშეკრულების შემთხვევაში, როგორც წესი მთლიანად სახელშეკრულებო პირობების დადგენა ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ, ამდენად ჩნდება მეორე მხარის ინტერესების დაცვის საგანგენოდ მოწესრიგების აუცილებლობა.

    ხელშეკრულების სტანდარტული პირობები გვაქვს მაშინ, როდესაც სახეზეა შემდეგი ელემენტების ერთობლიობა:

    1.სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული და მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები– ერთ-ერთი მხარის მიერ წინასწარ მომზადებულია პირობები, რომლებიც განკუთვნილი არ არის რომელიმე კონკრეტულ სუბიექტთან სამართლებრივი ურთიერთობის დასამყარებლად, არამედ ასეთი პირობები განუსაზღვრელ სუბიექტებთან ხელშეკრულების დასადებად არის გამიზნული.

    მაგ: ბანკის სტანდარტული პირობები, სადაზღვევო კომპანიის სტანდარტული პირობები, მობილური ოპერატორის სტანდარტული პირობები და ა.შ.

    სტანდარტულ პირობებში მოცემულია თითქმის ყველა სახელშეკრულებო პირობა, გარდა კონკრეტული სუბიექტის მონაცემებისა, რომლებიც ივსება ინდივიდუალურად, ან შესაძლოა ასეთი მონაცემების შევსების საჭიროებაც არ დადგეს.

    მაგ: სუპერმარკეტში კედელზე გაკრული წესი, რომ საქონელი ჩეკის გარეშე უკან არ მიიღება.

    მაგ: რესტორნის მენიუზე არსებული წესი, რომ მომსახურების საკომისიო შეადგენს 10%-ს.

    2.სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე(შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს – წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები მხოლოდ მაშინ ჩაითვლება სტანდატრულ პირობებად, როდესაც ამ პირობებით ხელშეკრულების დადების ნება მიუვა მეორე მხარეს.

    მაგ: რესტორანში მენიუს გაცნობისას, მომხმარებელი ეცნობა რესტორნის სტანდარტულ პირობებს, მათ შორის მომსახურების საკომისიოს ოდენობას.

    მაგ: სუპერმარკეტში გაკრული წარწერები, რომლებიც ყველასთვის დასანახ ადგილზეა განთავსებული, ჩაითვლება გაცნობილად მყიდველისთვის, სუპერმარკეტში შესვლისთანავე.

    3.სტანდარტული პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან ან მათი შემვსები წესების დადგენა –სტანდარტული პირობები,ჩვეულებივ ისეთ წესებს შეიცავენ, რომლებიც ხშირად არ არის კანონში გათვალისწინებული და შემთავაზებლის საქმიანობის სპეციფიკას გამოხატავენ.

    როცა ლაპარაკია კანონის ნორმებისგან განსხვავებული წესების დადგენაზე, ლაპარაკია დისპოზიციურ ნორმებზე, ხოლო იმპერატიული ნორმების შეცვლა დაუშვებელია. ამდენად სასამართლო კონტროლის დროს უნდა შემოწმდეს, რამდენად შეესაბამება ეს პირობები კანონის იმპერატიულ ნორმებს.

    #34487
    BLH
    Keymaster

    მხარეთა შეთანხმებული პირობების უპირატესობა სტანდარტული პირობების მიმართ

    თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ მოლაპარაკების შედეგად დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ აღარ არსებობს სტანდარტული პირობების ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა „წინასწარ განსაზღვრულობა“  „მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულობა“ და ასევე ცალმხრივად პირობების დადგენა, რადგან ინდივიდუალური მოლაპარაკების შედეგად მხარეები ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად, მათი ინდივიდუალური ინტერესების შესაბამისად, ერთი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებზე თანხმდებიან.

    მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით, ეს იმას ნიშნავს, რომ დავის შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობების მოსაწესრიგებელად გამოყენებული უნდა იქნეს  არა სტანდარტული პირობების წესები, არამედ ის წესები, რომლებზეც მხარეები ხელშეკრულებაში შეთანხმდნენ. (სკ. 342.3-ე მუხლი)

    #34491
    BLH
    Keymaster

    სტანდარტული პირობების ფორმალური მოთხოვნები

    სამოქალაქო კოდექსის 343-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როდესაც:

    ა ) შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე.

    და

    ბ) ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები.

    ამ ორი ელემენტის ერთობლივად არსებობაა აუცილებელი, რათა სტანდარტულმა პირობებმა შეიძინოს იურიდიული ძალა.

    ამდენად, მხოლოდ იმის მითითება, რომ ჩვენთან მოქმედებს ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, არ არის საკმარისი. მხარისთვის უნდა თვალსაჩინო და ხელმისავწდომი იყოს თვით ამ პირობების შინაარსი და ტექსტი.მომხმარებელს უნდა ჰქონდეს, როგორც ამ პირობების გაცნობის, ისე აღქმის საშუალება.

    მაგ: მაღაზიაში თვალსაჩინო ადგილას არის გამოკრული წარწერა: „გაყიდული საქონელი უკან აღარ მიიღება“.

    მაგ: რესტორნის მენიუს დიდი ასოებით აწერია, რომ მომსახურების საკომისიო არის 20%.

    მაგ: ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციის ვებ გვერდზე წერია, რომ სესხის გაცემისთვის საკომისიო შეადგენს სესხის თანხის 1%-ს.

    სამოქალაქო კოდექსის 343 მუხლი ეხება ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გარეგნულ ფორმას და არა მის შინაარსს.

    თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის მეწარმე, ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობები ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად იქცევა მაშინ, როცა მას საქმიან ურთიერთობებში აუცილებელი გულისხმიერების გამოჩენისას ეს უნდა გაეთვალისწინებინა.

    ჩვეულებრივი მომხმარებლისგან განსხვავებით მეწარმეებს უფრო მეტი წინდახედულება მართებთ გარიგებების დადებისას. ამიტომ კანონი მათგან უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს  სტანდარტული პირობების გამოყენებით ხელშეკრულების დადებისას.

    მაგ: ელექტროენერგიის მომხმარებელი საწარმოები უფრო მეტად უნდა ერკვეოდნენ ენერგიის მიწოდების პირობებში, ვიდრე რიგითი მომხმარებელი.

    #34507
    BLH
    Keymaster

    სტანდარტული პირობების უჩვეულო დებულებანი

    სამოქალაქო კოდექსის 344-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ის დებულებანი, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, არ იქცევიან ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად.

    კანონმდებელი არ განმარტავს უჩვეულო პირობის ცნებას, ამდენად სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განმარტოს, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული სტანდარტული პირობა უჩვეულოს.

    ამ ნორმის მიზანია, მომხმარებელი დაიცვას ისეთი პირობების თავზე მოხვევისგან, რომლებსაც მხარეები ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად, არ განსაზღვრავდნენ ხელშეკრულებაში, რადგან არ არსებობს ასეთი პირობის განსაზღვრის არანაირი საჭიროება, ასეთი პირობა ემსახურება, მხოლოდ პირობების შემთავაზებელი სუბიექტის ინტერესებს, მეორე მხარის ინტერესების საზიანოდ.

    უჩვეულო სტანდარტულ პირობად შეიძლება ჩაითვალოს, ისეთი პირობა, რომელიც  სახელშეკრულებო ურთიერთობის გათვალისწინებით, მოულოდნელია და საშუალო დონის მომხმარებელი ვერ წარმოიდგენდა და უჩვეულოდ მიიჩნევდა ასეთი პირობის განსაზღვრას, ამ ურთიერთობის მოსაწერსიგებლად. ასეთი პირობა მეორე მხარეს აკისრებს დამატებით ვალდებულებას, ზღუდავს მის უფლებებს და სხვაგვარად აზიანებს მის ინტერესებს.

    მაგ: პირობა, რომლის მიხედვითაც ავტოსალონში ნაყიდი ავტომობილის გარანტია მხოლოდ მაშინ იმოქმედებს, თუ მყიდველი ყოველთვიურად ისარგებლებს ავტოსალონის ტექნიკური დახმარებით და იყიდის ყველა საჭირო ნაწილს მხოლოდ მათგან.

    მაგ: პირობა, რომლის მიხედვითაც ახალ აშენებულ კორპუსში ბინის შეძენის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ისარგებლოს ბინის დალაგების ყოველწლიური მომსახურებით, კომპანია „A”-სგან, რომლის მომსახურებაც საბაზრო ღირებულებაზე 10-ჯერ მეტია.

    სტანდარტული ხელშეკრულების უჩვეულო დებულებები ბათილია, ხელშეკრულების დადებიდანვე, შესაბამისად ისინი არ წარმოშობენ სამართლებრივ შედეგს. ამის მიუხედავად, ასეთი პირობის ბათილობამ, შესაძლოა არ გამოიწვიოს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობა, თუ აღნიშნული პირობა არსებით გავლენას არ ახდენს მთლიანი ხელშეკრულების არსზე.

    #34511
    BLH
    Keymaster

    სტანდარტული ხელშეკრულების ბუნდოვანი პირობები

    სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლის მიხედვით: „თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ.“

    სტანდარტული პირობების შემთავაზებელი ვალდებულია ნათელი და არაორაზროვანი პირობები შეთავაზოს მეორე მხარეს – ისეთი პირობები, რომლებიც გასაგები იქნება საშუალო დონის მომხმარებლისთვის.

    კანონმდებელი არ ენდო დომინანტ მხარეს და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად  განსაზღვრა სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლი, რომელიც ზოგადი სკ-ის 337-ე მუხლისგან განსხვავებით,  ბუნდოვანი ხელშეკრულების განმარტებისას ცალსახად მეორე მხარის დაცვის ინტერესებს ემსახურება.

    რა უნდა ჩაითვალოს მომხმარებლის სასარგებლოდ განმარტებად, კონკრეტული საქმიდან გამომდინარე სასამართლოს გადასაწყვეტია.

Viewing 6 posts - 1 through 6 (of 6 total)
  • You must be logged in to reply to this topic.