Viewing 3 posts - 31 through 33 (of 33 total)
  • Author
    Posts
  • #29110
    BLH
    Keymaster

    ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობა

    ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გარკვეულ მოთხოვნებზე დადგენილია ხანდაზმულობის სპეციალური ვადები, კერძოდ:

    გამქირავებლის მიერ გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გააჩნია 6 თვიანი ხანდაზმულობის ვადა.

    იგივე 6 თვიანი ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს დამქირავების მოთხოვნის უფლებაზე, ქირავნობის საგანზე  გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.

    ზიანის ანაზღაურების გამო გამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადისა- ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან.

    #38077
    BLH
    Keymaster

    იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების დარღვევა

    სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო პრეტენზია და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 1 აპრილსა და 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები ბათილ გარიგებას არ წარმოადგენს.

    „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების დანაწესიდან გამომდინარე, კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით ერთ წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

    სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის განმარტებისას, რომელიც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში საკანონმდებლო ცვლილების სახით 2010 წლის 7 დეკემბერს იქნა შეტანილი, გათვალისწინებული უნდა იქნას კანონმდებლის რეალური მიზანი, რასაც მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენდა უძრავ ნივთებთან მიმართებით უფლებათა საჯაროობის უზრუნველყოფა და მესამე პირთა ინტერესების დაცვა.

    სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, უძრავ ნივთებზე გარიგების დადებისათვის ამ გარიგების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო პირობაა, თუმცა ამგვარი რეგისტრაციის არარსებობა ხელშეკრულებას ავტომატურად იურიდიულ ძალას არ უკარგავს.

    იგი მოქმედებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის, მაგრამ ძალა ვერ ექნება მესამე პირებთან ურთიერთობაში, თუ, რა თქმა უნდა, მათთვის ცნობილი არ არის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში დავა მიმდინარეობს უშუალოდ ხელშემკვრელ მხარეებს შორის, სწორედ ამიტომ სადავო ხელშეკრულებები, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებული არ არის კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ ბოჭავს მოსარჩელეს, წარადგინოს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმე №ას-343-326-2013).

    #38080

    დამქირავებლის მიერ ნივთობრივად უნაკლო ნივთის ჩაბარება

    სსკ-ის 535-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დამქირავებლის მიერ ნივთის მიღებისა და პრეტენზიის განუცხადებლობის შემთხვევაში ივარაუდება, რომ დამქირავებელს გადაეცა ნივთობრივად უნაკლო ნივთი.

    შესაბამისად, თუ დამქირავებელი ვერ მიუთითებს იმ ნაკლზე, რომლის თაობაზეც მან იცოდა გამქირავებელთან შეთანხმების საფუძველზე ან ნაკლი აშკარად შესამჩნევი იყო ნივთის გადაცემის მომენტში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიიღო სარგებლობაში, როგორც უნაკლო, ამგვარი მოცემულობის არსებობისას ნაკლის გამოსწორება არ უნდა დაეკისროს გამქირავებელს და იგი უნდა განთავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან.

    ნივთობრივი ნაკლის არარსებობისას, დამქირავებელი ვალდებულია, ჩაატაროს მიმდინარე რემონტი საკუთარი ხარჯებით, ამასთან, გაქირავებული ნივთის ცვლილებების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით, იგი პასუხს არ აგებს (სსკ-ის 547-ე მუხლი). (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმე №ას-444-419-2014)

Viewing 3 posts - 31 through 33 (of 33 total)
  • You must be logged in to reply to this topic.