• This topic has 71 replies, 6 voices, and was last updated 6 years ago by BLH.
Viewing 10 posts - 51 through 60 (of 72 total)
  • Author
    Posts
  • #29559
    Crassus
    Participant

     აღიარება (სსკ-ის 131-ე მუხლი)  

     

    (სუსგ. Nას-960-903-2010)    

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად გამოიყენა სსკ-ის 131-ე მუხლი, კერძოდ, პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ერთ-ერთი მოპასუხის მიერ აღიარებული ვალდებულება, თუმცა მისი შესრულება მეორე მოპასუხეს დააკისრა.    

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: მითითებული ნორმით გათვალისწინებული ფაქტის აღიარება სამოქალაქო საპროცესო სამართლით უტყუარ მტკიცებულებადაა მიჩნეული, რადგან იგი ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არის განხორციელებული, თუმცა, სსკ-ის 131-ე მუხლით, აღიარების ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დამდგენ და უდავო მტკიცებულებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი იმ მხარემ განახორციელოს, რომელთან მიმართებითაც შემდგომში იქნება გამოყენებული. ამდენად, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლადააბრუნა იმავე სასამართლოში.

    #29561
    BLH
    Keymaster

    არასათანადო მოპასუხის შეცვლა

     

    (სუსგ. N-ას-1004-942-2010)

     

    სადავოა უძრავ ქონებაზე უფლების საკითხი. საქმეში მხარედ ჩაბმული არიან სადავო ქონების პირდაპირი მფლობელები, დამქირავებლები, რომლებიც ამ შემთხვევაში არასათანადო მხარეს წარმოადგენენ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას ზემოაღნიშნული ფაქტი შეუფასებელი დატოვა და დავის გადასაწყვეტად სკ-ის 172-ე მუხლით იხელძღვანელა.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: მართალია სკ-ის 172-ე მუხლიდან გამომდინარე, მესაკუთრეს ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა შეუძლია, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მფლობელის წინააღმდეგ, თუმცა არაპირდაპირი მფლობელის ჩაბმა განსაკუთრებით აუცილებელია ისეთ შემთხვევაში, როდესაც სადავოა ნივთზე უფლების საკითხი. სსკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს უნდა შეეთავაზებინა საქმეში სათანადო მოპასუხის ჩაბმა, რაც არც ერთ ინსტანციაში არ განხორციელებულა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ,განსახილველ შემთხვევაში, სათანადო მოპასუხის მონაწილეობის გარეშე დავის განხილვამ არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ვინაიდან ვერ დადგინდა, თუ ვინ წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთის რეალურ მესაკუთრეს. საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.

    #29563
    BLH
    Keymaster

    სათანადო მოპასუხის ჩაბმა (სსკ-ის 85-ე მუხლი)

     

    (სუსგ. N-ას-881-829-2010)

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ იყო ჩაბმული სათანადო მოპასუხე, თუმცა შემდგომ სათანადო მოპასუხის პოზიცია არ გაითვალისწინა.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: თუ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით, მაშინ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საკითხის გადაწყვეტისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სათანადო მოპასუხის პოზიციაც, კერძოდ, როგორია მისი შესაგებელი, ხომ არ ცნობს სარჩელს, თანახმაა თუ არა, რომ საქმე განიხილოს სააპელაციო სასამართლომ და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ განაცხადა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს, არ აქვს ინტერესი და თავს აპელანტად არ მიიჩნევს. სათანადო მოპასუხედ ჩაბმული მხარის ამ განმარტებების მოსმენის შემდეგ, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გამოერკვია, ხომ არ ცნობდა იგი სარჩელს ან სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, ხომ არ არსებობდა სააპელაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.

    #29564
    BLH
    Keymaster

    არასათანადო მოპასუხის შეცვლა

     

    (სუსგ. N-ას-168-162-2011)

     

    საქმეში მოპასუხედ ჩაბმულია არასათანადო მხარე. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას მხარის (ფინანსთა სამინისტროს) შუამდგომლობა სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, არასათანადო მხარედ ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა, რითაც უგულებელყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18(1)მუხლი.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 85-ე მუხლი ავალებს სასამართლოს, გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი, რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს. აღნიშნული ნორმის მიზანია, დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან რაიმე კავშირი არ გააჩნია. ისეთი გადაწყვეტილების აღსრულებისას, სადაც კრედიტორ მხარედ მითითებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სახელმწიფო დაწესებულებით უნდა იქნეს იგი წარმოდგენილი აღსრულების პროცესში.

     

    ასეთია: 1. აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამომტანი სახელმწიფო ორგანო ან პირი; 2. სასამართლოსათვის აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ავტორი. საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე სათანადო მოპასუხის დადგენის მიზნით ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს

     

    #29565
    Crassus
    Participant

    საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები

     

    (განჩინება #ას-811-760-2010 13.01.11)

     

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, არასწორად განმარტა სსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. საქმის მასალების თანახმად, არბიტრაჟმა განიხილა საქმე, რაც მის კომპეტენციაში არ შედიოდა. ამასთან დაკავშირებით არბიტრის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ, რის თაობაზეც მასალა დაიბეჭდა პრესაში და გადაიცა ტელევიზიით. სააპელაციო პალატამ ზემოთ მითითებული გარემოება მიიჩნია საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად და საფუძვლად დაუდო მიღებულ გადაწყვეტილებას.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სასამართლოს მიერ ყველა ფაქტობრივი გარემოება დგინდება მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებებიდან. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს სსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები. მითითებული ფაქტები, განსხვავებით ამავე მუხლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებისაგან საერთოდ არ საჭიროებენ რაიმე დოკუმენტის თუ მტკიცებულების წარდგენას გარკვეული გარემოების დასადგენად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მითითებული ფაქტის საყოველთაოდ ცნობილად მიჩნევისთვის, უკიდურეს შემთხვევაში, არბიტრი პოპულარული, მოსახლეობის ყველა ფენისათვის ცნობილი უნდა იყოს და მისი ცხოვრება საყოველთაო ინტერესს იწვევდეს. შესაძლებელია, მისი დაკავება იყოს ისეთი მნიშვნელოვანი მისი არაორდინალურობის ან სხვა გარემოებათა გამო, რომ მან მთელ მოსახლეობაში გამოიწვიოს ინტერესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 412-ემუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.

    #29662
    Crassus
    Participant

    საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი

    (სუსგ. N-ას-1320-1246-2012)

    სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სსკ-ის 106-ე მუხლის `ა~ ქვეპუნქტი, როდესაც მესტიის ცენტრის რეაბილიტაცია საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიიჩნია.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: ხსენებული მუხლის მიზნებისათვის ფაქტის „საყოველთაოდ ცნობილობა“ სუბიექტური შეფასების საგანი არაა. ფაქტი საყოველთაოდ ცნობილად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ, ობიექტური გარემოებების შედეგად, მის შესახებ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა ინფორმირებული. როგორც ცნობილია, ადამიანებს, თავიანთი ასაკის, სოციალური თუ სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით, განსხვავებული ინტერესები გააჩნიათ და განსხვავებულ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ კონკრეტული ფაქტი საყოველთაოდ ცნობილად ჩაითვალოს, უნდა შეფასდეს მისი გავრცელების ფორმა, არეალი და მნიშვნელობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საყოველთაოდ ცნობილად ისეთი ფაქტი შეიძლება მივიჩნიოთ, რომელზეც ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს ერთნაირად მიუწვდება ხელი და თითოეულ მათგანს ერთნაირად შეიძლება, მოეთხოვოს მისი ცოდნა, ასაკისა თუ სტატუსის მიუხედავად. საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

    #29661
    Crassus
    Participant

    შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები

    საქმე #ას-664-635-2016 (დიდი პალატის გადაწყვეტილება)

    პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან.

    აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

    (სუსგ. N-ას-1453-1371-2012)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად გამოიყენა სსკ-ის 2321-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სავალდებულოა სასამართლო შეტყობინების ჩაბარების წესის განუხრელი დაცვა და იმის უტყუარად დადგენა, მხარე იყო თუ არა სათანადოდ ინფორმირებული საპროცესო მოქმედების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პირველი წინაპირობა  მხარეს დადგენილი წესით არ ეცნობა საქმის გარემოებები და ის სათანადოდ არ იყო ინფორმირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რაც საკმარისია ამ გადაწყვეტილების გაუქმებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

    (სუსგ. N-ას-1532-1435-2012)

    სააპელაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარდგენის გარეშე.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: შესაგებლის შეტანა მხარის დისპოზიციურ უფლებათაგან ერთ-ერთია, მაგრამ მისი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუტანლობა საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, სსკ-ის 2321-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და შეეფასებინა, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა თუ არა. ამდენად, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

    #29678

    სასამართლო ხარჯების განაწილება, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას

    (სუსგ. N-ას-728-684-2012)

    სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საქმის განხილვისას არასწორად გაანაწილა სახელმწიფო ბაჟი მხარეთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხარეების მიერ გაწეული საპროცესო ხარჯი სრულად დააკისრა ერთ მხარეს.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

    იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

    სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

    #29681

    გადაწყვეტილების შინაარსი

     

    სუსგ. N-ას-1323-1343-2011

     

    ანალოგიურია საქმე N-ას-1363-1381-2011

    სააპელაცო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას სადავო ურთიერთობა სამართლებრივად არ შეაფასა, კერძოდ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არა არის მოცემული მხარეთა შორის არსებული დავის იურიდიული შეფასება (გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას იმ კანონებზე, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა).

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: ეს გარემოება გამორიცხავს, სსკ-ის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამოტივაციო ნაწილი წარმოადგენს გადაწყვეტილების იურიდიულ დასაბუთებას. სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველს უნდა დაემყაროს ან უნდა მიუთითოს იმ მატერიალურ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ფასდება.

    #29683
    BLH
    Keymaster

    სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსი

     

    (სუსგ. ას-1579-1578-2011)

    სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 390-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მხოლოდ მათზე მითითებით შემოიფარგლა.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ, თუმცა, ამგვარი დასაბუთებით არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსი. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს, ეს შეფასებები და დასკვნები შეიძლება, არ გაიმეოროს, მაგრამ დასაბუთება უნდა შეიცვალოს თითოეულ მათგანზე მითითებით. სასამართლო ვალდებულია, დაასაბუთოს, თუ რატომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მათ სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით. ამდენად, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.

    ანალოგიურია საქმე N-ას-656-617-2012  

     

Viewing 10 posts - 51 through 60 (of 72 total)
  • You must be logged in to reply to this topic.