Viewing 10 posts - 11 through 20 (of 163 total)
  • Author
    Posts
  • #1924

    @Edika

    სამოქალაქო კოდექსის 1423-ე მუხლის მიხედვით „სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.“

    სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, ანუ სამკვიდროს მიღებისათვის საკმარისია უფლებამოსილი მემკვიდრის ნების გამოვლენა, რომელიც ორი ფორმით შეიძლება გამოვლინდეს: ნოტარიუსისთვის მიმართვის გზით და ფაქტობრივი ფლობით.

    შესაბამისად სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება შესაძლებელია, მაგ: წარმომადგენელს ავალებ მემკვიდრეობით დატოვებული ბინის გაქირავებას, ან მის მოვლას და ა.შ.

    #1937

    სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება

     

    (უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-386-737-07)

     

    “სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის ორი მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა განისაზღვროს:

    1. თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე;

    2. თუ მემკვიდრემ ვადა რაიმე საპატიო საფუძვლით გაუშვა და მან სასამართლოს ვადის აღდგენის თაობაზე აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიმართა.

    საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ წარმომადგენლის მიერ მოქმედებათა შეუსრულებლობა თავისთავად არ წარმოადგენს ვადის გაშვების საპატიო მიზეზს. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვადის გაშვების საპატიოობაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კანონიერი წარმომადგენლის დამოკიდებულება არასრულწლოვანთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიმართ. კანონიერი წარმომადგენლის მიერ თავის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება ან უფლებამოსილების უკანონო გამოყენება შეიძლება გახდეს არასრულწლოვანის მიერ გაშვებული სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის საფუძველი.”

    #1948
    Edika
    Participant

    მემკვიდრეობის მიღების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-477-451-2011, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ საპატიო მიზეზის აღმოფხვრისთანავე უნდა იქნას მიმართული დაუყონებლივ სასამართლოსთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

     

    #1951

    საინტერესო გადაწყვეტილებაა, იმ ფონზე, რომ ამ  საკითხთან დაკავშირებით ასევე არსებობს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვალი განმარტება, საქმეზე ას- 177-167-2011:

    “საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმის დასადგენად, საპატიო მიზეზით გადააცილა თუ არა მხარემ კანონით დადგენილ ვადას, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ დროში სანოტარო ორგანოსთვის მიმართვის ან ქონების დაუფლების შეუძლებლობის ფაქტი, არამედ იმ ვადის საპატიოობაც, რომლითაც მან გადააცილა ამ მოქმედებათა განხორციელების ვადას.”

     

    #1955
    BLH
    Keymaster

    სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება

    (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-1229-1474-05)

    მემკვიდრეება მოითხოვეს სამკვიდროს ვადის გაგრძელება და არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა, შემდეგ კი განაცხადეს, რომ “სამკვიდროს ვადის გაშვება გამოწვეული იქნა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ისინი არ იცნობდნენ კანონმდებლობას და ნაცვლად ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღებისა მოითხოვეს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება”

    უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველიო, რადგან :

    “სამოქალაქო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი, ამ ნორმის დათქმიდან გამომდინარე, არ შეიძლება პირი უთითებდეს კანონის არცოდნაზე ან მის არასათანადო გაგებაზე კანონის უცოდინრობის გამო, ვინაიდან კანონის ცოდნის პრეზუმფცია ყველასა და თითოეულზე ვრცელდება.”

    #2663
    Edika
    Participant

    სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საპატიო საფუძვლები

     

    უზენაესი სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილებები ეხება სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების საპატიო მიზეზებს: ას-851-800-2010; ას-89-79-2011; ას-1294-1139-2011; ას-392-372-2011; ას-477-451-2011.

    #2672
    Edika
    Participant

    სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილება

     

    (სუსგ. ას-36-36-2012)

     

    უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე რომ მემკვიდრე უნდა ეცადოს წარმომადგენლის მეშვეობით მაინც მიიღოს სამკვიდრო თორე არასაპატიოდ ჩაითვლება სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილებაო.

    #31405
    BLH
    Keymaster

    სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების შედეგები

     

    (სუსგ. ას-203-196-2012)

    სააპელაციო სასამართლოს განმარტება:

    სამკვიდროს მიღება ცალმხრივი სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა. გარიგება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ პირის ნების ობიექტურად არსებობას გარკვეული სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ აუცილებელია, რომ აღნიშნული ნება გამოვლენილ იქნეს. გარკვეულ შემთხვევებში, ნების გამოვლენის ავტონომია კანონისმიერ ჩარჩოებშია მოქცეული. მოცემულ შემთხვევაში, კანონი განამტკიცებს პირის უფლებას, მიიღოს ან არ მიიღოს სამკვიდრო, თუმცა, აწესებს აღნიშნული ნების გამოვლენის ვადასა და წესს.

    სამკვიდროს მიღების ნების არსებობის შემთხვევაში, ნება გამოვლენილ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსადმი მიმართვით ან ფაქტობრივი დაუფლებით. აღნიშნულ ვადაში სამკვიდროს მიღების ნების გამოუხატველობა ქმნის სამკვიდროს მიღებაზე ნების არარსებობის პრეზუმფციას, შესაბამისად, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ  ქარწყლდება მემკვიდრის უფლება, სხვა მემკვიდრეების თანხმობის გარეშე მიიღოს სამკვიდრო.

    სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრის უფლება, მიიღოს წილი სამკვიდროდან, დამოკიდებულია ამ სამკვიდროზე უფლებამოსილი მემკვიდრეების ნებართვაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – კანონით განსაზღვრულ ვადაში სამკვიდროს მიღების შეუძლებლობის საპატიო მიზეზის არსებობის სასამართლოს მიერ ცნობაზე.

    სამკვიდროს მისაღებად კანონით გათვალისწინებული ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში მემკვიდრის  ნების არსებობაზე აპელირება, არამედ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ფორმალური საფუძველი – აღნიშნული ნების გამოვლენის შეუძლებლობის  დადასტურება.

    სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლები უნდა არსებობდეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში და სამკვიდროს მიღებისათვის კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადის ამოწურვიდან ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის თარიღამდე.

    დასკვნა:  ამდენად, ნების არ გამოვლენა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის მანძილზე (ნოტარიუსისთვის მიმართვა, ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს დაუფლება) ქმნის კონკრეტულ სამართლებრივ პრეზუმფციას, რომ პირს არ ჰქონია სამკვიდროს მიღების ნება და ასეთ შემთხვევაში იგი კარგავს სამკვიდროზე უფლებას, ხოლო ამ უფლების აღდგენა შესაძლებელია ორ გამონაკლის შემთხვევაში:

    1) სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება სასამართლოს მიერ.

    2) სხვა მემკვიდრეთა თანხმობა ასეთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს უფლების აღდგენის შესახებ.

    #2677
    Edika
    Participant

    არასრულწლოვანი მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილება

     

    (სუსგ. ას-1224-1076-2010)

     

    მოსარჩელემ ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად მიუთითა ის გარემოება რომ როცა მამკვიდრებელი გარდაიცვალა იყო მცირეწლოვანი, ხოლო დედა ფსიქიურად დაავადებული. ხოლო როცა სრულწლოვანი გახდა ბაჟის გადასახდელად არ გააჩნდა თანხა რომ სასამართლოს მეშვეობით გაეგრძელებინა ვადა. სასამართლომ კანონიერი წარმომადგენლის ფსიქიური პრობლემა მიიჩნია ვადის გაშვების საპატიო მიზეზად. იქნებოდა თუ არა საპატიო საფუძველი როცა დედა ფსიქიურად არანაირი პრობლემა არ ააქვს და უბრალოდ თავს არიდებს მოვალეობებს ბოროტად?

    #2679

    კი, შესაძლებელია აღნიშნული ყოფილიყო საპატიო საფუძველი, როცა არასრულწლოვანია მემკვიდრე და კანონიერი წარმომადგენელი ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას და არ იღებს სამკვიდროს, მაგრამ მეორე მხრივ ამ არასრულწლოვანსაც აქვს თავისი უფლების დაცვის საშუალება მსგავს შემთხვევაში, ამიტომაც კარგად უნდა გაირკვეს ფაქტობრივი გარემოებები ასეთ შემთხვევაში.

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 163 total)
  • You must be logged in to reply to this topic.