მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები
Tagged: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ადმინისტრაციული, აქტი, აქტის, ინდ. აქტის, ინდივიდუალური აქტი, ნორმატიული აქტი, რეალაქტი
- This topic has 54 replies, 5 voices, and was last updated 8 years, 3 months ago by BLH.
-
AuthorPosts
-
ოქტომბერი 6, 2014 at 20:10 #2830ივერიელიParticipant
ამ თემაში განვიხილავთ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო მმართველობის განხორციელებისას გამოყენებულ სამართლებრივ ფორმებთან (ნორმატიული/ინდივიდუალური აქტი და რეალაქტი) დაკავშირებულ საკითხებს.
სარჩევი:
1.ზოგადი საკითხები:
საჯარო მმართველობის ფორმები
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კლასიფიკაცია2. ინდივიდუალური აქტი:
ინდივიდუალური აქტის ცნება
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახეები
ინდივიდუალური აქტის რეკვიზიტები
ინდივიდუალური აქტის დასაბუთება
ინდივიდუალური აქტის ძალაში შესვლა
შეცდომის გასწორება ინდ. აქტში
კანონიერი ინდივიდუალური აქტი
ინდივიდუალური აქტის ფორმალური კანონიერება
ინდივიდუალური აქტის მატერიალური კანონიერება
უკანონო ინდივიდუალური აქტი
ინდივიდუალური აქტის გაუქმება
აღმჭურველი ინდივიდუალური აქტის გაუქმება
არარა ინდივიდუალური აქტიოქტომბერი 15, 2014 at 15:45 #2938ივერიელიParticipantსაჯარო მმართველობის ფორმები
ნორმატიული აქტი– წარმოადგენს პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართულ, მრავალჯერადად გამოყენებისათვის განკუთვნილ წესთა კრებულს, რომელსაც გამოსცემს ადმინისტრაციული ორგანო კანონმდებლობის საფუძველზე… ნორმატიული აქტები წარმოადგენენ კანონქვემდებარე აქტებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი კანონის საფუძველზე მიიღება და არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მათ.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის გამოცემა, წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დელეგიურებულ უფლებამოსილების განხორციელებას..
ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი- ეს ისეთი აქტია, რომელიც ზოგად (აბსტრაქტულ) კანონისმიერი დანაწესის დაკონკრეტების საშუალებას და შესაბამისად კანონის დანაწესის აღსრულების შესაძლებლობას იძლევა. მაგ: სამშენებლო ნებართვის გაცემის შესახებ კანონმდებლობა აფუძნებს კონკრეტული უფლების მინიჭების შესაძლებლობას, ხოლო ნებართვის გაცემა “ა”-სთვის, რაც წარმოადგენს ინდ. აქტს, იძლევა საშუალებას აღსრულდეს კანონში განსაზღვრული აბსტრაქტული დებულებები).
ინდ. სამართლებრივი აქტი განკუთვნილია პირთა განსაზღვრული წრისადმი, რაც განასხვავებს მას ნორმატიული აქტისგან.
რეალაქტი – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ. (მაგ: მოსახლეობის ინფორმირება, პატრულის მიერ განხორციელებული პატრულირება და ა.შ.)
ოქტომბერი 15, 2014 at 20:04 #28400CrassusParticipantადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კლასიფიკაცია
სამართლებრივი აქტის ინდ. აქტად მიჩნევისთვის უნდა მოხდეს ორი სტრუქტურლი ელემენტის ანალიზი ეს არის ადრესატთა წრე (გენერალური ან ინდივიდუალური) და ობიექტი (კონკრეტული ან აბსტრაქტული).
ამ ელემენტების გათვალისწინებით, შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ტიპის აქტი:
აბსტრაქტულ-გენერალური
აბსტრაქტული ელემენტი გულისხმობს აქტის გავრცელებას განუსაზღვრელ შემთვევებზე, ხოლო გენერალურობის ელემენტი გულისხმობს მის გავრცელებას პირთა განუსაზღვრელი ოდენობის მიმართ. ასეთი ტიპის აქტი იქნება ნორმატიული.
მაგ: ცენტრალურ პარკში ალკოჰოლური სასმელის დალევის აკრძალვა, გზის კონკრეტულ პერიმეტრზე მძიმე გაბარიტიანი მანქანების გადაადგილების შეზღუდვა და ა.შ.
კონკრეტულ-ინდივიდუალური
კონკრეტული ელემენტი გულისხმობს აქტის გავრცელებას განსაზღვრულ, კონკრეტულ შემთხვევაზე, ხოლო ინდივიდუალურობის ელემენტი გულისხმობს მის გავრცელეაბს პირთა განსაზღვრული წრის მიმართ. შეიძლება პირები ზუსტად არ იყვნენ განსაზღვრული, თუმცა იყოს ობიექტური კრიტერიუმი, რითაც განისაზღვრებიან კონკრეტული პირები. ასეთი ტიპის აქტი იქნება ინდ. აქტი.
მაგ: ავარიის შედეგად დაზიანდა „ა“ კორპუსი, რომლის მაცხოვრებლებს მერის ბრძანებით მერიისგან გადაეცათ მილიონი ლარი კომპენსაციის სახით.
აბსტრაქტულ- ინდივიდუალური
სახეზეა აბსტრაქტული ელემენტი- არ არის განსაზღვრული კონკრეტული ურთიერთობა, თუმცა გვაქვს ინდივიდუალურობის ელემენტი, რომლითაც განისაზღრება ის პირები, ვიზეც ვრცელდება აქტი. ასეთი ტიპის აქტი იქნება ინდ. აქტი.
მაგ: „ა“ ქუჩა არის ცალმხრივი გზის მქონე, თუმცა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით „ა“ ქუჩის მცხოვრებლები უფლებამოსილნი არიან საწინააღმდეგო მიმართულებით იმოძრაონ, მათი საჭიროებისამებრ.
კონკრეტულ-გენერალური
კონკრეტულობის ელემენტი- აქტი ეხება კონკრეტულ შემთხვევას, ხოლო გენერალურობის ელემენტი- იგი ეხება პირთა განუსაზღვრელ ოდენობას. ეს იქნება ინდ. აქტი.
მაგ: რამდენიმე საათით პირთა გადაადგილების შეზღუდვა პარკში, ან ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვა სანამ გაივლის პრეზიდენტის კორტეჟი და ა.შ.
ოქტომბერი 17, 2014 at 19:16 #28382BLHKeymasterინდივიდუალური აქტის საკანონმდებლო განმარტება
ინდ. აქტის განმარტება მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (ზაკ-ის) მე-2 მუხლში:
“ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.”
ამდენად, შეგვიძლია გამოვყოთ ინდ. აქტის შემდეგი ელემენტები:
(1) ადმინისტრაციული ორგანო – (განმარტებულია ზაკ-ის მე-2 მუხლის “ა” პუნქტით)
ადმინისტრაციული ორგანოს ორი ტიპი შეგვიძლია გამოვყოთ:
ორგანიზაციული გაგებით არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც ახორციელებს მმართველობით უფლებამოსილებას.
ფუნქიცონალური გაგებით – ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც რეალურად ახორცილებენ საჯარო მმართველობით ხასიათის ფუნქციებს.
მაგ: სითი პარკი, რომელიც შპს-ია, თუმცა ახორციელებს საჯარო მმართველობას – პარკირების მოწესრიგების კუთხით და შესაბამისად ამ საქმიანობის განხორციელების ფარგლებში იგი ადმინიტრაციულ ორგანოდ მოიაზრება.
(2) ადმინისტრაციული კანონმდებლობა – ინდივიდუალური აქტი უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
მაგ: მშენებლობის ნებართვა, ლიცენზიის მინიჭება, მართვის მოწმობის გაცემა და ა.შ.
მაგ: სამკვიდრო მოწმობის გაცემა არ ჩაითვლება ინდ. აქტად იმის მიუხედავად, რომ მას გამოსცემს ადმინისტრაციული ორგანო- ნოტარიუსის სახით, რადგან სამკვიდროს მოწმობის გაცემა გამომდინარეობს კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან და ემსახურება კერძო სამართლებრივ მიზნებს და შესაბამისად იგი არ წარმოადგენს საჯარო მმართველოს განხორციელებას.
(3) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – ინდ. აქტი გვაქვს მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისკენ. ანუ აქტის გამოცემისას განსაზღვრული უნდა იყოს თუ ვის ეხება ის ან უნდა შეეხებოდეს კონკრეტულ შემთხვევებს.
მაგ: როდესაც ადმ. ორგანო გასცემს კონკრეტულ პიროვნებაზე მშენებლობის ნებართვას, ინდ. აქტი (მშენებლობის ნებართვა) მიმართულია ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის- მშენებლისკენ.
მაგ: “A” ქალაქში სტიქიამ დააზიანა სახლები, მუნიციპალიტეტმა გამოსცა აქტი, რომლის მიხედვითაც ყველა დაზარალებული პირი უფლებამოსილი იყო მიეღო დახმარება, დროებითი საცხოვრისის სახით 6 თვის განმავლობაში.
(4) აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს – ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების საფუძველზე წარმოიშობა სამართლებრივი შედეგი, არაა საჭირო სხვა პირის ნების გამოვლენა, იმისათვის, რომ წარმოიშვას სამართლებრივი შედეგი, რომელიც გულისხმობს გარკვეული უფლება-მოვალეობების წარმოშობას პირებისათვის.
ოქტომბერი 18, 2014 at 19:35 #28416BLHKeymasterინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახეები
1. გამოცემის ფორმის მიხედვით
ინდივიდუალური აქტი შეიძლება გამოიცეს: წერილობითი ან ზეპირი ფორმით (ზაკ. 51.1).
ამავდროულად ინდ. აქტის გამოცემა შესაძლებელია სხვა ფორმითაც, მათ შორის დუმილით, უმოქმედობით და სხვა საშუალებებით.
მაგ: პირმა მოითხოვა სამშენებლო ნებართვის გაცემა, ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილ ვადაში არ გამოსცა აქტი, არც ნებართვის მიცემის შესახებ და არც უარის განცხადების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა ჩაითვლება ინდ. აქტის გამოცემად, ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
მაგ: შუქნიშნის ფუნქციონირებისას ინდ. აქტი გამოიცემა მაშუქი სიგნალის ანთებით (მწვანე, წითელი და ყვითელი შუქის ანთება წარმოადგენს ინდ. აქტს).
მაგ: პოლიციელის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების დროს, კონკრეტული მიმართულებით სვლის აკრძალვა წარმოადგენს ამკრძალავ ინდ. აქტს.
2. ურთიერთობის შინაარსის მიხედვით
ა. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დამდგენი- აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას. მაგ: ლიცენზიის გაცემა, ნებართვის გაცემა, ფულადი დახმარების გაცემა.
ბ. პირის უფლების დამდგენი- ადგენს პირის უფლებებს ან საგნის სამართლებრივად მნიშვნელოვან თვისებებს. მაგ: პირის დევნილად ცნობა და პენსიის დანიშნვა, უნარ შეზღუდულად ცნობა, სოციალურად დაუცველად ცნობა და ა.შ.
გ. მავალდებულებელი აქტი- ადგენს გარკვეულ წესს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა. მაგ: პოლიციელის მიერ პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, კონკრეტულ ადგილზე პირის არ შეშვება ან ნივთის/ავტომობილის სარგებლობის დროებით შეზღუდვა.
3. ადრესატზე ზემოქმედების მიხედვით
ა. აღმჭურველი – ინდ. აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს გარკვეულ უფლებას ან/და სარგებელს (ზაკ 2.1.“ვ“)
მაგ: ნებართვა, ლიცენზია, პენსია, ფულადი კომპენსაცია და ა.შ.
ბ. შემზღუდველი(ამკრძალავი)- ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, გარკვეული ქმედების აკრძალვის ან ქმედების განხორციელების დავალდებულების გზით.
მაგ: აქციის-მანიფესტის ჩატარების აკრძალვა, გარკვეულ ადგილზე გადაადგილების შეზღუდვა და ა.შ.
გ. ორმაგი ზემოქმედების მქონე- ინდ. აქტი შეიძლება ერთდროულად იყოს, როგორც შემზღუდველი ერთი პირისათვის, ისე აღმჭურველი – მეორე პირისათვის.
მაგ: როცა ხორციელდება პოლიციელის მხრიდან პირების ბინიდან გამოსახლება. ასეთ შემთხვევაში ბინიდან გამოსახლების შესახებ ინდ. აქტი წარმოადგენს სარგებლის მომტანს მესაკუთრისათვის, ხოლო იმ პირებისათვის, ვისი გამოსახლებაც ხორციელდება ეს აქტი იქნება შემზღუდველი.
ოქტომბერი 20, 2014 at 12:44 #3840ივერიელიParticipantინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები
მოდი ახლა განვიხილოთ წერილობითი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ რა სამართლებრივი შედეგი დადგება მაშინ თუ თითოეული მათგანის გარეშე მოხდება ინდ. აქტის გამოცემა.
ზაკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით:
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში უნდა განისაზღვროს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის სახე;
ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის სათაური;
დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირიის გვარი, სახელი და ხელმოწერა;
ე) გამოცემის დრო და ადგილი;
ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი.
წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტზე საკუთარი გერბის არსებობის შემთხვევაში გამოისახება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი, ხოლო საკუთარი გერბის არარსებობის შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი (ცენტრში).
ოქტომბერი 20, 2014 at 13:10 #3841EdikaParticipantზოგიერთი რეკვიზიტის არარსებობა ინდ. აქტის არარად გამოცხადების საფუძველია. მაგალითად, როცა ინდ. აქტიდან შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა.
“ა”,”გ”,”ე” და “ვ” პუნქტები განსაზღვრავს ჩემი აზრით აქტის კანონიერება/უკანონობას. “ბ” და “დ” რეკვიზიტების არარსებობის შემთხვევაში აქტი არის არარა. მეორე ნაწილი ფორმალური კანონიერების განმსაზღვრელია, მაგრამ ამისთვის აქტის ბათილად გამოცხადება არამგონია სწორი იყოს. ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ ბათილად კი არ ცნო აქტი ასეთ შემტხვევაში, არამედ ანალოგიით გამოიყენა ადმ. საპროცესო კოდექსის 12-ე მუხლი. (თუმცა რამდენად სამართლებრივად სწორია ეს ამბავი, სხვა საკითხია).
ოქტომბერი 22, 2014 at 10:44 #3857ივერიელიParticipantმე მგონია, რომ ზაკ-ის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტში განსაზღვრული რეკვიზიტის არ არსებობამ შეიძლება განაპირობის ინდ. აქტის არარად ყოფნა, თუმცა არა ყველა შემთხვევაში:
მაგ: ინდ. აქტი არარაა თუ არ არის მითითებული ინდ. აქტის გამომცემი ორგანო და ასევე შეუძლებელია აქტის გამომცემი ორგანოს იდენტიფიკაცია. (მაგრამ ინდ. აქტი არ იქნება ბათილი, თუ არ არის მითითებული ინდ. აქტის გამომცემი ორგანო, მაგრამ ამის დადგენა შესაძლებელია).
რაც შეეხება ზაკ-ის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტს, ამ შემთხვევაში არარა ვერ იქნება ინდ. აქტი, რადგან თუ ორგანოა მითითებული, რომელმაც გამოსცა აქტი და დრო, საკმარისად იდენტიფიცირებადია ეს ინდ. აქტი და ვერ მოხვდება იგი ზაკ-ის 60-ე მუხლში განსაზღვრულ კატეგორიაში.
ოქტომბერი 22, 2014 at 14:41 #3858EdikaParticipantგეთანხმები ბ-ს შემთხვევაში და პრინციპში დ-ს შემთხვევაშიც მართალს ამბობ. ყველა დანარჩენი შემთხვევა რა შეიძლება იყოს მაგალითად?
ოქტომბერი 23, 2014 at 05:58 #3860kakhaMember52-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტი და არარად ცნობას მასე ვერ დავაკავშირებთ. არარად ცნობის დროს არსებითი ისაა, რომ დაუდგენელი იყოს ვინ გამოსცა და არა ის შეიცავს თუ არა რეკვიზიტს. ასეთ შემთხვევის დროს შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი შედეგები მივიღოთ. რეკვიზიტის არ არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ გამომცემი ორგანოს დადგენა შეუძლებელია.
საინტერესოა აგრეთვე ის, თუ ვისთვის უნდა იყოს მისი გამომცემი ორგანოს დადგენა შეუძლებელი. ანუ, ეს ”შეუძლებლობა” ობიექტური მასშტაბებით ფასდება, თუ აქტის ადრესატის სუბიექტრი აღქმის შესაძლებლობებით? მიუხედავად იმისა, რომ ინდ. აქტი განსაზღვრული წრისკენ არის მიმართული, მე ვფიფრობ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს, ის თუ რომელი სტანდარტით შეფასდეს გამომცემი ორგანოს დადგენის შეუძლებლობა, ობიექტური თუ სუბიექტურით…
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.