მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი ადმინისტრაციული სამართალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 55 total)
  • Author
    Posts
  • #3862

    მე ვფიქრობ მანდ ობიექტური სუბიექტიზმის სტანდარტი უნდა გამოვიყენოთ, ანუ ინდ. აქტის ადრესატს რამდენად შეეძლო ობიექტურად დაედგინა ინდ. აქტის გამომცემი ორგანო და სხვა საშუალო-გონების მქონე პირი მის ადგილას რამდენად მივიდოდა იმავე დასკვნამდე.

    #3865

    სამივე ვთანხმდებით იმ საკითხზე, რომ ზაკ-ის 52-ე მუხლში განსაზღვრული რომელიმე რეკვიზიტის არ არსებობა არ წარმოშობს ინდ. აქტის არარად ცნობის საფუძველს, თუ ამავდროულად არ გვაქვს ზაკ-ის 60-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევა.

    ახლა მე მაინტერესბს რას ფიქრობთ, რომელიმე რეკვიზიტის არ არსებობის შემთხვევაში შეიძლება თუ არა ინდ. აქტი მაინც ნამდვილი იყოს, მაგ: არ გვაქვს მითითებული ინდ. აქტის გამოცემის ადგილი ან არ გვაქვს მითითიებული ინდ. აქტის სათაური.

    რომელი რეკვიზიტების არ არსებობა შეიძლება არ ჩაითვალოს ბათილობის საფუძვლად, რას ფიქრობთ?

    #3873
    kakha
    Member

    მაგალითად სათაური, რომელიც არაა ისეთი დარღვევა რამაც შეიძლება ადრესატისათვის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თეორიულად შესაძლებელია, თუ ძალიან მოვიდომებთ სათაურის გარეშე რაიმე არსებითი უარყოფითი შედეგები იქონიოს ადრესატის მდგომარეობაზე, მაგრამ პრაქტიკაში….

    #29321
    Crassus
    Participant

    ინდივიდუალური აქტის დასაბუთება

    წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

    ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდ. აქტი.

    თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდ. აქტის გამოცემისას.

    ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

    თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობა ითვალისწინებს საექსპერტო დასკვნის არსებობას, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი.

    #29323
    BLH
    Keymaster

    ინდ. აქტის დასაბუთება (სუსგ. ბს-1342-1284)

     საკასაციო სასამართლოს განმარტება:

    ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქ­ციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკ­რეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღ­ვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმი­ნისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფ­ლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად სა­ხელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ‑ერთი უმთავრესი ნიშანია.

    გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ად­რესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძ­ლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწო­ნილობის გადამოწმების პროცესს.

    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

    საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება და გამოცემა საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად არის რეგლამენტირებული და ყოველ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია საჯარო ვალდებულება ზედმიწევნით დაიცვას იგი, თავის მხრივ, აღნიშნული ვალდებულება განაპირობებს დაინტერესებულ პირთა კანონიერ მოლოდინს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

    განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი არ შეიცავს რა რაიმე მითითებას მისი გამოცემის სამართლებ­რივი საფუძვლის თაობაზე, პრაქტიკულად ქვემდგომმა სასამართლოებმა თავად მოახდინეს აქტით მოწეს­რიგებული ღონისძიების (სახლის დაკანონება) სამართლებრივი კვალიფიკაცია, მოპასუხის განმარტების სა­ფუძველზე.

    საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი კუთ­ხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე გამორიცხავს აქტის გასაჩივრებისას შემდეგ სამართლებრივი კვალიფიკაციის მოხდენის შესაძლებლობას, ვინაიდან სწორედ საკითხის ფაქტობრივი გარემოებების დადგე­ნა, დადგენილი გარემოებებისათვის სამართლის ნორმის შეფარდება უნდა განაპირობებდეს აქტის სამართ­ლებრივ შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტის კანონიერების შემოწმებისას ადმინისტრაციული ორგანოს ასეთივე წარმატებით შეუძლია მიუთითოს ნებისმიერი სხვა ნორმატიული აქტი, რომლითაც შეიძლება გაამარ­თლოს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. სწორედ, ამგვარი სამომავლო ინტერპრეტაცი­ების თავიდან არიდებას ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ, მიღებისას საკითხის გადაწყვეტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება.

    საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ორგანოების პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს სრული სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების საქმიანობაზე, მათი გადაწყვეტილებების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უკომპრომისო შემოწმების მეშვე­ობით, რაც თავის მხრივ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ ფუნქციას და ემსახუ­რება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური – ხელისუფლების დანაწილების და ურთიერთგაწონასწორების პრინციპის რეალიზაციას.

    #29324
    BLH
    Keymaster

    წერილობითი ინდ. აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ:

    ა) ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს;

    ბ) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი;

    გ) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას.

    გადაუდებელი აუცილებლობით წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემის შემთხვევაში წერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში.

    #29333
    BLH
    Keymaster

    ინდივიდუალური აქტის ძალაში შესვლა

    თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

    კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს.

     ინდივიდუალური აქტის გაცნობის სახეები

    1. დაინტერესებული მხარისათვის გადაცემა – თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

    2. ფოსტის მეშვეობით გაგზავნა- დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ  სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არ მიუღია.

    ინდივიდუალური ადმინისტრაციულ  სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს.

    ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მისი ასლი მიიღოს ადმინისტრაციულ ორგანოში.

    ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ასლის გაცემისათვის რაიმე გადასახდელი არ გადაიხდევინება.

    3. გამოქვეყნება ბეჭვდით ორგანოში- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

    თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ეხება 50-ზე მეტ პირს, მისი ოფიციალური გაცნობა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გასაცნობად გადაეცემა მხოლოდ განმცხადებელს, ხოლო თუ განცხადებას ხელს აწერს რამდენიმე პირი – პირს, რომლის ხელმოწერაც განცხადებაში პირველია.

    4.საჯარო გამოცხადება- საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას. აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი საჯაროდ გამოცხადდება აგრეთვე სხვა საჯარო ადგილას.

    #29336
    BLH
    Keymaster

    ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა

    სუსგ. № ბს-220-212 (2-13)

    საკასაციო სასამართლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ინსტიტუტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტის ადრესატისათვის გაცნობის ფორმების გამოყენება დაკავშირებულია ადმინისტრაციული წარმოების ფორმებთან და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატთა რაოდენობას­თან, ასევე მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის მნიშვნელობის ხარისხთან.

    ოფიციალურო­ბის თვალსაზრისით ეს სამივე ფორმა თანაბარი სამართლებრივი ძალის მატარებელია და თანაბარ სა­მართლებრივ შედეგებს იწვევს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიული ნორმა. კო­დექსის ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იქედან, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრი­ვი აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისათვის გაცნობა არის ფინალი ადმინისტრაციული წარმოებისა და მისი შედეგი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით ((სზაკ‑ის 54‑ე მუხლი); ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ კანონმდებლობით შესაძლებელია მისი ძალაში შესვლის სხვა ვადები იყოს დადგენილი).

    ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ზუსტი დროის განსაზღვრა მნიშვნელოვანია აქტის მიმართ სა­ჩივრის და სარჩელის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადების დასაცავად. სწორედ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე იწყება მისი გასაჩივრების (სარჩელის შეტანის) ვადების ათვლა.

    საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტის ოფიციალური გაცნობა წარმოადგენს არა მარტო აქტის კანონიერების კრიტერიუმს, არამედ მისი არ­სებობის წინაპირობას. როგორც საკანონმდებლო აქტი მისი ოფიციალური გამოქვეყნებით შედის ძალაში, ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას მისი ადრესატისათვის ოფიციალური გაცნობით.

    თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიმართულია რამდენიმე ადრესატის მიმართ, აუცილებელია თითოეული მათგანისათვის მისი ოფიციალური გაცნობა. აქიდან გამომდინარე შე­საძლებელია თითოეული პირის მიმართ ძალაში შესვლის სხვადასხვა ვადები გვქონდეს სახეზე. ამან შეიძ­ლება კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული პრობლემები წარმოშვას, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეუძლე­ბელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებას ემსახურება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55‑ე მუხლში მოცემული მოწესრიგება. თუმცა ეს მუხლი გამოიყენება მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება 50‑ზე მეტ პირს.

    ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის პროცესში ყუ­რადღება უნდა მიექცეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55‑ე – 58‑ე მუხლების და სპეციალურ კანო­ნებში მოცემული დანაწესების თავისებურებებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქ­ტის მხარისათვის გადაცემის კანონით განსაზღვრული ფორმის დაუცველობა ყოველთვის არ აბრკოლებს მის ძალაში შესვლას, არამედ აქტს ხდის უკანონოს. ასე, მაგ., თუ წერილობითი ინდივიდუალური ადმინის­ტრაციულსამართლებრივი აქტის მხარისათვის ზეპირი ფორმით გაცნობა მოხდა, ასეთი აქტი მისი მხარი­სათვის გაცნობის კანონით დადგენილი წესის დარღვევის გამო არის უკანონო, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენადაც მოხდა ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობა, ის შეიძენს შესასრულებლად სავალდე­ბულო ძალას. მაგრამ, თუ კანონით გათვალისწინებული აქტის მხარისათვის ინდივიდუალური გადაცემის მიუხედავად (სზაკის 58‑ მუხლის შესაბამისად) მოხდება მისი საჯაროდ გამოცხადების გზით გაცნობა, ამ შემთხვევაში თვითონ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის ფორმა არის უკანონო და ამდენად ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი არ შედის ძალაში, ანუ აქტი მხარისათვის შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელი არ არის.

    ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის გაცნობის პროცესში არსე­ბითია შემდეგი გარემოება:

    მხარისათვის მისი გაცნობა უნდა ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს, ანუ კონკრეტულად უნდა იყოს ადრესატი მითითებული, რამდენადაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობა ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისეთი ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც საჭიროებს მეორე მხარის მიერ მიღებას, შესაბამისად მოქმედებს სამოქალაქო სამართლის ნორმები მისი ნამდვილობის დასადგენად.

    საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტის ძალაში შესვლის ინსტიტუტი პირდაპირ კავშირშია აქტის აღსრულების ინსტიტუტთან, ვინაიდან ინდი­ვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება არის ადმინისტრაციული წარმოების მნიშვნელოვანი სტადია. ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შედე­გები ვლინდება მის აღსრულებაში. აღსრულების ცნების ქვეშ მოიაზრება მოქალაქის ან სხვა სამართლის სუბიექტების საჯარო-სამართლებრივი ვალდებულებების იძულების წესით განხორციელების შესაძლებ­ლობა. კანონით მკაცრად განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, დაუშვებელია ინდივიდუ­ალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყება, თუ იგი ადრესატს არ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და შესაბამისი სახდელის შეფარდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით ხორციელდება და მისი გაცნობა ადრე­სატისათვის განეკუთვნება ნორმატიულად გარანტირებულ უფლებას – გააჩნდეს კანონიერი მოლოდინი აქტის აღსრულების სტადიაში გადაზრდამდე დაკისრებული ვალდებულების გაცნობისა და გასაჩივრების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით.

    #29337
    Crassus
    Participant

    ინდ. აქტის გაცნობა სუსგ. ბს392-387(3-14)

    საკასაციო სასამართლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის ინსტიტუტთან დაკავშირებით სზაკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება:

    1. აქტის გასაჩივრების ვადის გასვლას;
    1. აქტის გასაჩივრების შემთხვევაში მის უცვლელად დატოვებას.

    განსახილველ საქმეში  სადავო დადგენილება გამოქვეყნდა ადგილობრივ პრესაში სზაკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, დადგენილია, რომ აქტი არავის არ გაგზავნია.

    საკასაციო სასამართლო სზაკ-ის 55-58-ე მუხლების დანაწესების საფუძველზე განმარტავს, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის ხელმისაწვდომობის და მისი გაცნობის სტანდარტს, წესსა და პირობებს.

    საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე  №ბს-1580-1509(კ-09)  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო, მოპასუხის, ა. -ის მიმართ, ჩამოყალიბებულ განმარტებაში,  საკასაციო სასამართლომ აღნიშნა:

    „ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლას არაორაზროვნად და მკაფიოდ უკავშირებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობას, რაც ნიშნავს, რომ აქტით განსაზღვრული მოწესრიგება, სამართლებრივი შედეგი შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მხოლოდ ადრესატისათვის აქტისგადაცემის შემთხვევაში. ამდენად, სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს ადრესატისაქტის გამოცემის თარიღის შემდგომი სამართლებრივი მდგომარეობა (უფლება-მოვალეობების დადასტურება, დაწესება, შეცვლა, შეწყვეტა)“.

    საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აქტის ოფიციალური გაცნობის კანონით დადგენილი წესი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა ცნობილია აქტის ადრესატი/ადრესატთა წრე, აგრეთვე დაინტერესებული პირები.

    გასაჩივრებული დადგენილების შინაარსი ცხადყოფს, რომ აქტის სამართლებრივი შედეგი არ ზემოქმედებს  უშუალო ადრესატის ან მესამე პირთა კანონიერ ინტერესებზე, რამდენადაც ტექინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით ქ. ბათუმის მერიის სახელზე აღრიცხული ფართის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების მოთხოვნით საჯარო რეესტრისადმი მიმართვის უფლებას ეხება, ამდენად, აქტის ოფიციალური გაცნობის წესის გამოყენების ვალდებულება ადრესატის გარეშე ალოგიკური, შესაბამისად, არაკანონიერია.

    საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარ ვითარებაში, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება ერთადერთი ლეგიტიმური საშუალებაა მისი საზოგადოების წევრებისათვის გაცნობის უზრუნველსაყოფად, რაც სავსებით ლოგიკურად და კანონიერად გამოიყენა მოპასუხე ქ. ბათუმის მერიამ, რაც გულისხმობს ამ აქტის სზაკ-ის 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნების დღეს ძალაში შესვლას.

    აღნიშნულ გარემოებათა გამო,  გასაჩივრებული დადგენილება გამოქვეყნდა რა გაზეთ ,,…“ 2006 წლის 1 სექტემბრის ნომერში, აქტი ძალაში შევიდა გამოქვეყნების დღესვე, საიდანაც უნდა აითვალოს მისი გასაჩივრების ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.

    ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით შეტანის თაობაზე არ გამომდინარეობს  სზაკ-ის 55-58-ე მუხლების სწორი, კანონშესაბამისი გაგება-განმარტებიდან.

    #29340
    Crassus
    Participant

    შეცდომის გასწორება ინდ. აქტში

    ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში გაასწოროს შეცდომები.

    მნიშვნელოვანია გაირკვეს შეცდომა არსებითია, თუ არარსებითი, რადგან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას.

    შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 55 total)
  • You must be logged in to reply to this topic.