მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ადმინისტრაციული სამართალი › ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები
Tagged: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ადმინისტრაციული, აქტი, აქტის, ინდ. აქტის, ინდივიდუალური აქტი, ნორმატიული აქტი, რეალაქტი
- This topic has 54 replies, 5 voices, and was last updated 8 years, 5 months ago by BLH.
-
AuthorPosts
-
ოქტომბერი 27, 2014 at 01:35 #29357BLHKeymaster
კანონიერი ინდივიდუალური აქტი
ინდივიდუალური აქტი კანონიერია, როდესაც მისი გამოცემის დროს დაცულია ინდივიდუალური აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება.
ოქტომბერი 27, 2014 at 04:37 #29358BLHKeymasterინდ. აქტის ფორმალური კანონიერება
ინდ. აქტის ფორმალური კანონიერება შედგება ხუთი ელემენტისგან
1.უფლებამოსილება- ინდ. აქტი უნდა გამოიცეს საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
საგნობრივი უფლებამოსილება დაკავშირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებათან მოაწესრიგოს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა ინდ. აქტის გამოცემის გზით.
მაგ: მერია შესაბამისი უწყება უფლებამოსილია გასცეს სამშენებლო ნებართვები, თუმცა იგი არ არის უფლებამოსილი დააჯარიმოს საგზაო მოძრაობის დამრღვევი.
ტერიტორიული უფლებამოსილება გულისხმობს, კონკრეტულ ტერიტორიაზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების უფლებამოსილებას ინდ. აქტის მეშვეობით.
მაგ: თბილისის მერია არ არის უფლებამოსილი ნებართვა გასცეს ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ მშენებლობასთან დაკავშირებით.
2. ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე – ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას, რომელიც მიმართულია ინდ. აქტის მომზადებისა, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ინდ. აქტის კანონიერებისათვის აუცილებელია დაცული იქნეს ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები: წარმოების ფორმა, წარმოების დაწყების საფუძვლები, კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების აკრძალვა და ა.შ.
3. ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის ფორმა- ინდ. აქტის ფორმის საკითხს შევეხეთ ზემო პოსტებში, იგი შეიძლება გამოიცეს, როგორც წერილობითი სახით, ისე ზეპირი სახით, ასევე სხვა ფორმითაც
4. რეკვიზიტები– ინდ. აქტში განსაზღვრული უნდა იყოს კანონით განსაზღვრული რეკვიზიტები. სხვადასხვა რეკვიზიტის მიუთითებლობა სხვადასხვა შედეგში შეიძლება იწვევდეს, რის შესახებაც ზემო პოსტებში უკვე ვისაუბრეთ.
5. დასაბუთება– დასაბუთების შესახებ ვისაუბრეთ ზემო პოსტებში.
ოქტომბერი 27, 2014 at 05:02 #33654BLHKeymasterადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება
სუსგ. № ბს-1718-1674(კ-10)
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი მატერიალური კანონიერების გარდა უნდა აკმაყოფილებდეს ფორმალური კანონიერების მოთხოვნებს, რაც ვლინდება იმაში, რომ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით.
საქმიანობის სწორი სამართლებრივი ფორმის შერჩევის გარდა მნიშვნელოვანია, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახისა და აქტის გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით იყოს გამოცემული.
ოქტომბერი 27, 2014 at 09:01 #29365BLHKeymasterინდ. აქტის მატერიალური კანონიერება
ინდ. აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია მის შინაარსთან, რამდენად შეესაბამება ინდ. აქტი მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
ა) კანონიერების პრინციპი– უმნიშვნელოვანესი ელემენტია ინდ. აქტის მატერიალური კანონიერებისა, იგი შედგება ორი ელემენტისგან კანონიერი დათქმის პრინციპისა და კანონის უზენაესობის პრინციპისაგან, რომელთა მიხედვით ინდ. აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას.
ბ) უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძველი– აუცილებელია დადგინდეს ინდ. აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ნორმატიულ აქტში არის მოცემული. ინდ. აქტის ფუნქციაა მოახდინოს ნორმატიულ აქტებში განსაზღვრული უფლების კონკრეტული შემთხვევებისათვის რეალიზაცია.
გ) დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერება:
დისკრეციული უფლებამოსილება ანიჭებს პოლიციელს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შეცდომასთან გვაქვს საქმე :
1.როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო;
2.როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სცილდება მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს (მაგ.; ის კონკრეტული ადმინისტრაციული გადაცდომისათვის ადგენს ჯარიმას 60 ლარის ოდენობით, როდესაც კანონი ამ კონკრეტული სამართალდარღვევისათვის ითვალისწინებს დაჯარიმებას 10-დან 50 ლარამდე) და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.
3.როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო, ასეთ შემთხვევაში ასევე სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.
დ) თანაზომიერების პრინციპი
თანაზომიერების პრინციპის შემოწმებისას მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებისა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება. საშუალებასა და მიზანს შორის თანაზომიერების შემოწმება ხდება შემდეგი ნაბიჯების გავლით :
პირველი ნაბიჯი: მიზნის დადგენა- უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისაღწევი მიზანი. რამდენადაც მმართველობა გულისხმობს კანონის აღსრულებას, ის კანონი, რომლის აღსრულებასაც ემსახურება ღონისძიება, გვაძლევს ინფორმაციას მისაღწევ მიზანზე.
მეორე ნაბიჯი: შესაფერისობის დადგენა- უნდა შემოწმდეს მიზნისა და საშუალების შესაფერისობა. შერჩეული საშუალება არის შესაფერისი, როდესაც ის, ზოგადად, მისაღწევ მიზანს ემსახურება, ე.ი., როდესაც ის შესაძლებელს ხდის მიზნის მიღწევას.
მესამე ნაბიჯი: აუცილებლობის დადგენა– უნდა შემოწმდეს შესაფერისი ღონისძიების აუცილებლობა. ღონისძიება არის აუცილებელი, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს სხვა საშუალება, რომელიც მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც საზოგადოებას, ისე – ღონისძიების ადრესატს.
ე) კონკრეტულობის პრინციპი– ინდ. აქტის შინაარსი უნდა იგოს ნათელი და გასაგები, რათა ინდ. აქტის ადრესატს ჰქონდეს საშუალება ნათლად გაიგოს ადმინისტრაციული ორგანოს ნება.
ოქტომბერი 27, 2014 at 11:40 #29373BLHKeymasterუკანონო ინდივიდუალური აქტი
ინდ. აქტი უკანონოა, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს. კანონთან წინააღმდეგობა მაშინ გვაქვს, როდესაც ინდ. აქტი არ აკმაყოფილებს კანონიერების მოთხოვნებს, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, კერძოდ თუ ინდ. აქტი არ აკმაყოფილებს კანონიერების ფორმალურ და მატერიალურ მხარეს.
არარა აქტიც უკანონო აქტის ნაირსახეობა, თუმცა არაარა ინდ.აქტი სახეზეა უკანონობის ოთხ განსაკუთრებულ შემთხვევაში, რაზეც შემდგომ პოსტებში ვისაუბრებთ. აღნიშნული საფუძვლების არსებობა განაპირობებს სხვაგვარ იურიდიულ შედეგს, ვიდრე ეს გვაქვს სხვა უკანონო ინდივიდუალური აქტების შემთხვევაში.
ოქტომბერი 27, 2014 at 13:42 #29374CrassusParticipantუკანონო ინდივიდუალური აქტის ფორმები
უკანონო ინდივიდუალური აქტი შეიძლება არსებობდეს სამი ფორმით:
1. მოქმედი (კანონიერ ძალაში შესული)– მიუხედავად იმისა, ინდ. აქტი არის კანონიერი თუ უკანონო, იგი მაინც მოქმედი ხდება, ანუ შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე, მისი გაცნობისთანავე.
მაგ: მერიამ გასცა მშენებლობის ნებართვა კანონის არსებითი დარღვვებით. ასეთ შემთხვევაში მართალია ინდ. აქტი არის უკანონო, თუმცა იგი მაინც მოქმედი იქნება და ისეთივე შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე, როგორც კანონიერი ინდ. აქტი.
2. ბათილი– თუ ინდ. აქტი შინაარსობრივად უკანონოა, და შესაბამისად არსებობს მისი ბათილობის საფუძველი, იგი შეიძლება ბათილად ცნოს მისმა გამომცემა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომა ადმინისტრაციულმა ორგანომ ან სასამართლომ.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდ. აქტის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდ. აქტს და მასზე ვრცელდება ინდ. აქტის გამოცემასთან დაკავშირებული რეგულაციები.
3. არარა ინდ. აქტი– ეს ისეთი აქტია, რომელიც არ წარმოშობს არანაირ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად მისი შესრულების ვალდებულება პირს არ გააჩნია.
ოქტომბერი 27, 2014 at 14:01 #29857BLHKeymasterინდივიდულური აქტის გაუქმება
როგორც კანონიერი, ისე უკანონო ინდ. აქტი (გარდა არარა აქტისა) ხდება ნამდვილი და შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელი, როდესაც გავა საჩივრისა და სარჩელის შეტანის ვადები. ასეთ შემთხვევაში ინდ. აქტის გაუქმება მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია.
ინდივიდუალური აქტის გაუქმების ცნება მოიცავს, როგორც აქტის ბათილად ცნობას, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. ორივე შემთხვევაში აქტი წყვეტს მოქმედებას, თუმცა მათ შორის არის არსებითი განსხვავება: ბათილად ცნობის ობიექტია უკანონო ინდ. აქტი, ხოლო ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ კანონიერი ინდ. აქტი.
ამდენად, თუ ინდ. აქტი უკანონოა, მისი ბათილად ცნობა შეუძლია მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს.
ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ინდ. აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ინდ. აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ინდ.აქტის მოქმედების შეწყვეტა:
ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან;
გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.
რაც შეეხება ინდ. აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების, ამის უფლება აქვს მხოლოდ ინდ.აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ინდ. აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ინდ. აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.
თუმცა არსებობს გამონაკლისი, კერძოდ ზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის გათვალისწინებული საფუძვლით ინდ. აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელია განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდ. აქტის გაუქმება ხორციელდება ინდ. აქტის გამოცემის გზით.
ოქტომბერი 27, 2014 at 14:05 #30521BLHKeymasterაღმჭურველი ინდ. აქტის გაუქმება
ზოგადი წესის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
ამავდროულად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, გარდა ზაკ-ის 61-ე მუხლით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.
ამდენად აღმჭურველი ინდ. აქტის გაუქმების დროს დაინტერესებულ პირს შეუძლია კანონიერი ნდობის პრინციპიდან გამომდინარე შეეწინააღმდეგობის ინდ. აქტის გაუქმებას.
აღსანიშნავია, რომ გასაჩივრების ვადებში აღმჭურველი ინდ. აქტის გაუქმების საკითხის დაყენების შემთხვევაში, ამ აქტის მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენება მისი გაუქმების საწინააღმდეგოდ დაუშვებელია. აღნიშნული შეიძლება მოხდეს მხოლოდ გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
მაგ: თუ გამოიცა კანონის დარღვევის მშენებლობის ნებართვა, რომელიც გასაჩივრების ვადებში გაასაჩივრეს დაინტერესებულმა პირებმა, მშენებელი ვერ მიუთითებს კანონიერი ნდობის პრინციპზე და ვერ შეეწინააღმდეგება ასეთი ნებართვის გაუქმებას. სხვა ვითარება იქნება, როდესაც გასულია ნებართვის გასაჩივრების ვადები და ნებართვის გამომცემი ადმ. ორგანო გადაწყვეტს მის გაუქმებას, ბათილად გამოცხადების სახით. ასეთ შემთხვევაში სამშენებლო კომპანია უფლებამოსილია შეეწინააღმდეგოს ნებართვის ბათილობას, სწორედ კანონიერი ნდობის პრინციპიდან გამომდინარე.
აღმჭურველი ინდ. აქტის ბათილად გამოცხადებისკენ „მოუწოდებს“ კანონიერების პრინციპი, რომელიც მოითხოვს კანონიერების დაცვას და შესაბამისად უკანონო ინდ. აქტის გაუქმებას. ამ პრინციპს უპირისპირდება კანონიერი ნდობის პრინციპი. ამ ორ პრინციპს შორის უნდა გადაწყდეს, რომელი სარგებლობს უპირატესობით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხოლო ამის გასარკვევად სახელმძღვანელო პრინციპია თანაზომიერების პრინციპი.
აღმჭურველი ინდ. აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების დროს, აღმჭურველი ინდ. აქტის გამოცემა ხდება მართლია კანონიერად, თუმცა მოგვიანებით წარმოიშობა კანონში (ზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილში) განსაზღვრული რომელიმე საფუძველი, რაც კანონიერ საფუძველს აძლევს ადმ. ორგანოს გააუქმოს ინდ. აქტი, თუმცა მან ეს უნდა გააკეთოს თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, ასევე დაინტერესებულ პირთა კანონიერი ნდობის პრინციპის გათვალისწინებით.
ოქტომბერი 27, 2014 at 14:07 #29830BLHKeymasterაღმჭურველი ინდ. აქტის ბათილობა
(გადაწყვეტილება N-ბს-699-685(კ-12))
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული სააპელაციო საჩივრის განხილვისას ისე გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია გასაჩივრებული აქტების კანონიერებაზე, რომ არ გაითვალისწინა ამ აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობა, არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისი ქმედებით გასცდა კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებს და ფაქტობრივად მოსარჩელეს წაართვა საკუთრება მთლიან ფართზე მაშინ, როდესაც მხარეები მხოლოდ 8 კვ.მ-ზე დაობდნენ.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპი უშუალოდ უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს წერილობით დაპირებას – აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ზაკ-ის მე-60(1) მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უდავოდ მიიჩნია აღნიშნული აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში გასარკვევია, უფლებამოსილი იყო თუ არა ადმინისტრაციული ორგანო, ბათილად ეცნო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიმართაც მოსარჩელეს გააჩნდა კანონიერი ნდობა და მისი ბათილად ცნობით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ზაკ-ის მე-60(1) მუხლის პირველი ნაწილითა და ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მატერიალურ-საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ახალი აქტის გამოცემა.
ოქტომბერი 27, 2014 at 15:45 #29342BLHKeymasterარარა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი
ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, ანუ არ არსებულად და შესაბამისად მისი შესრულების ვალდებულება არ წარმოიშობა, მხოლოდ ზაკ-ის მე-60 მუხლში განსაზღვრული ოთხი გარემოების არსებობისას:
ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;
ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;
დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის ზაკ-ით დადგენილი ვადები.
ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.