გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა

5495d1dad1dcfგადასახადის გადამხდელად აღრიცხვა

საგადასახადო ვალდებულების  შესრულების უზრუნველყოფისათვის, უმნიშვნელოვანესია გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის ვალდებულება, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ორგანოები ადგენენ გადასახადის გადამხდელი პირების შესახებ ზოგად ინფორმაციას, რომელიც ფიქსირდება ერთიან ელექტრონულ ბაზაში.

გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საკითხი დარეგულირებულია საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლითა და ფინანსთა მინისტრის N-996-ე ბრძანების შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის ვალდებულება არ აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან (მაგ: ხელფასის სახით შემოსავლის მიმღები პირები) ან რომელთა შემოსავალიც გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან (მაგ: პირველი რიგის მემკვიდრე, რომელიც მემკვიდრეობით ღებულობს სამკვიდრო ქონებას).

რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც ღებულობენ შემოსავალს ისინი ვალდებულნი არიან მიმართონ საგადასახადო ორგანოს და მოითხოვონ საგადასახადო რეგისტრაცია. (მიიღონ გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი).

გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას) ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, გარდა იმ პირებისა, რომელთა რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

მაგ: ინდ. მეწარმის რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რაც მოიცავს საგადასახადო რეგისტრაციასაც, ხოლო ფიზიკური პირის (რომელსაც არ აქვს ინდ. მეწარმის სტატუსი) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია ხორციელდება შემოსავლების სამსახურში.

საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდ. მეწარმეს) საიდენტიფიკაციო ნომრად მიენიჭება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი.

საიდენტიფიკაციო ნომერი მუდმივია და მისი შეცვლა ან განმეორება აკრძალულია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა) ხორციელდება იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირისა – მის მიერ განცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.

გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი მიუთითოს საგადასახადო დეკლარაციაში, საგადასახადო ორგანოსთან მიმოწერისას და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სხვა დოკუმენტებში.

გადასახადის გადამხდელს საქმიანობის აქტივობის შეფასების მიზნით ენიჭება ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:

•   აქტიური გადამხდელი

•   პასიური გადამხდელი

•   ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელი

აქტიური/პასიური გადამხდელის სტატუსი ენიჭება პირს, მის მიერ დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისა და გადასახადის გადახდის ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე.

ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელის სტატუსი ენიჭება

•   გარდაცვლილ ფიზიკურ პირს

•   ლიკვიდირებულ ან რეორგანიზაციის (შერწყმა/გაყოფა) შედეგად გაუქმებულ იურიდიულ ან სხვა პირს.

საგადასახადო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ კომპანია BLH_ის საგადასახადო სამართლის ფორუმზე.