შრომის ანაზღაურების სამართლებრივი საკითხები
შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს თვეში ერთხელ, ხოლო ანაზღაურების ყოველი დაყოვნებული დღისათვის დამსაქმებელი ვალდებულია გადაუხადოს დასაქმებულს გადასახადელი თანხის 0.07 პროცენტი.
მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ, როგორც ანაზღაურების გაცემის პერიოდულობა, ისე ხელფასის დაყოვნებისათვის გადასახდელი პროცენტის (პირგასამტეხლოს) ოდენობა, თუმცა პირგასამტეხლოს ოდენობა არ შეიძლება იყოს 0.07 პროცენტზე ნაკლები.
როგორ განისაზღვრება შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის დროს?
თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
მაგ: შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ მოშლისას, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა და იგი ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების პროპორციულად.
დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება.
დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან
დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.
შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს.
მაგ: დასაქმებულმა დააზიანა სამსახურის კომპიუტერი, ავტომობილი და ა.შ.
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
შრომის სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის შრომის სამართლის ფორუმზე.