მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სადაზღვევო სამართალი › Reply To: სადაზღვევო სამართალი
სუბროგაცია და რეგრესი
სადაზღვევო თანხის ანაზღაურების შემდეგ მზღვეველს გააჩნია სუბროგაციის უფლება, რაზეც წინა პოსტში უკვე ვისაუბრეთ. ბევრს სუბროგაცია რეგრესში ეშლება, თუმცა ამ ორ ცნებას შორის არსებითი განსხვავებებია იურიდიული თვალსაზრისით.
რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება. რეგრესის დროს ერთი ვალდებულება ცვლის მეორეს, ხოლო, სუბროგაციის შემთხვევაში, ვალდებულებაში იცვლება მხოლოდ კრედიტორი, თვით ვალდებულება კი უცვლელი რჩება.
სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან. სწორედ, ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას. ეს არსობრივი ნიშანი განასხვავებს სუბროგაციას რეგრესული ვალდებულებისაგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ვალდებულების შესრულების (შეწყვეტის) შედეგად და ამით ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების ხასიათს იძენს. ამდენად, სუბროგაციის დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით, კერძოდ, მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2ბ/234-16).
