მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › იპოთეკა & გირავნობა › ზოგადი ინფორმაცია გირავნობის შესახებ
ზოგადი ინფორმაცია გირავნობის შესახებ
იპოთეკის მსგავსად, გირავნობის უფლების დანიშნულებაა, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფა. იპოთეკასა და გირავნობას შორის ძირითადი განსხვავება მდგომარეობს მათ საგანში, კერძოდ იპოთეკის საგანია უძრავი ნივთები, ხოლო გირავნობის საგანია მოძრავი ნივთები და არამატერიალური სიკეთე.
გირავნობის უფლება საშუალებას აძლევს კრედიტორს, თავისი მოთხოვნა, სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს, გირავნობის საგნიდან.
მაგ: „A”-მ ისესხა ფული ორი პიროვნებისგან, „B” და „C”-სგან. ამავდროულად “B”-სთან გააფორმა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, „B”-ს თავისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად „A”-ს ავტომობილზე წარმოეშვა გირავნობის უფლება. „B”-ს უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად მოვალის გადახდისუნარიანობისა, „C”-სთან შედარებით უპირატესად, შეუძლია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს, აღნიშნული ავტომობილიდან.
მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის უზრუნველყოფა გირაოთი შეუძლია სხვა მესამე პირსაც, თავისი მოძრავი ნივთით ან არამატერიალურ ქონებრივი სიკეთით.
გირავნობის უფლება, ისევე, როგორც იპოთეკის უფლება დამოკიდებულია ძირითად ვალდებულებით ურთიერთობაზე
მაგ: „A”-მ ისესხა “B”-სგან 10.000 ლარი, „B”-ს მოთხოვნა უზრუნველყოფილ იქნა „A”-ს კუთვნილი ავტომობილით. თუ „A” დაუბრუნებს „B”-ს ვალს და სესხის ხელშეკრულება შეწყდება, მაშინ გირავნობასაც იგივე ბედი ეწევა.
გირავნობა შეიძლება იყოს ორი სახის: მფლობელობითი და რეგისტრირებული.
ამავდროულად გირავნობის წყარო შეიძლება იყოს: კანონისმიერი, სახელშეკრულებო და ყადაღისმიერი.
აღნიშნულ და სხვა საკითხებს დეტალურად განვიხილავთ შემდეგ პოსტებში.
ხშირად ტერმინი “გირავნობა” გამოიყენება სხვა შინაარსით, ე.წ. “ბინის გირავნობის” ცნება, არაიურიდიული ტერმინია, იგი საზოგადოების წიახშია შექმნილი და შინაარსობრივად განსხვავდება იურიდიული ტერმინი- გირავნობისგან. აღნიშნულის შესახებ იხ. სტატია.