#3610
BLH
Keymaster

ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობა

აღნიშნულ საკითხს ეხება, სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლი

„(1 ნაწილი) თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა.“

„ეს მუხლი ადგენს სხვადასხვა საფუძვლებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების რიგითობას და არა ერთი სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულების ოდენობის დადგენისა და გაანგარიშების წესს. მოცემული მუხლი არეგულირებს იმ შემთხვევას, როცა სხვადასხვა ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა.“(სუსგ. 3კ/321-02)

მაგ: ეს მუხლი არ ეხება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის დაბრუნებისა და პროცენტის გადახდის ვალდებულების რიგითობას. არამედ ეხება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებისა და ვთქვათ ნასყიდობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების რიგითობას.

აქ ის შემთხვევაა, როდესაც რამდენიმე მსგავსი შესრულებიდან ის, რაც შესრულდა არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს.

მაგ: მოვალეს კრედიტორისთვის უნდა გადაეხადა 100 ლარი სესხის ვალი და 200 ლარი ბინის ქირა. მოვალის ეს ორი შესრულება ერთმანეთს მსგავსი შესრულებაა და 387–ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს მათი შესრულების თანმიმდევრობა, თუ მოვალე მხოლოდ 150 ლარს იხდის 300-დან.

შესრულების არჩევნის პრიორიტეტ მინიჭებული აქვს მოვალეს, რადგან მოვალემ ყველაზე უკეთ იცის რომელი ვალია მისთვის ყველაზე მძიმე და რომელი მათგანის გასტუმრების შემთხვევაში იქნება იგი დაზღვეული დამატებითი ხარჯებისგან.

„(2 ნაწილი) თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა.“

თუკი მოვალე არ გამოიყენებს 387.1. მინიჭებულ უფლებას, მაშინ შესრულების რიგითობა განისაზღვრება კანონის ობიექტური ნებით, კერძოდ, დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. ამდენად თუ ბინის ქირის გადახდის ვალდებულება წინ უსწრებს სასესხო ვალდებულებას, მაშინ პირველად დაიფარება ბინის ქირა.

387.2. შესრულების რიგითობის იმ შემთხვევას აკანონებს, როცა მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დგება. ვთქვათ ერთ დღესა დასაფარი, როგორც სესხის ვალი ისე ბინის ქირა. ამ შემთხვევეში თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალისთვის შესასრულებლად უფრო მძიმეა. ბუნებრივია 200 ლარი ამ შემთხვევაში ბინის ქირა უფრო მძიმეა.. სიმძიმე მხოლოდ ფულადი ნიშნების რაოდენობაში არ გამოიხატება, მხედველობაში მისაღებია ის არასასრუველი შედეგები, რომლებიც შეიძლება მოყვეს შესრულების დაუფარავნობას.

„(3 ნაწილი) თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი.“

თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა მოვალისთვის მაშინ 387.3. მიხედვით დაიფარება ჯერ ის ვალდებულება, რომელსაც უზრუნველყოფა აქვს ნაკლები. მაგ: სესხიც და ბინის ქირაც 100–100 ლარი თუა და სესხი უზრუნველყოფილია გირაოთი, ამ შემთხვევაში ჯერ დაიფარება ბინის ქირა.

ჩდება კითხვა, შეუძლიათ თუ არა სესხის ხელშეკრულების მხარეებს, სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლში განსაზღვრული რეგულაციისგან განსხვავებულ წესზე შეთანხმება. ასევე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ფულადი ვალდებულებების გადახდის რიგითობაზე?